
აჩრდილების სამფლობელოში
არქეოლოგები ირლანდიაში მეფეთა უძველესი სამფლობელოს, რათკროჰანის საიდუმლოს ამოხსნაზე მუშაობენ, სადაც სხვა საოცრებებთან ერთად ქვესკნელის იდუმალი კარიბჭეცაა.
ირლანდიის ერთი მინდვრის შუაგულში ამოზნექილ უზარმაზარ ბორცვზე დღეს ცხვრები უდარდელად ბალახობენ, თუმცა, სავარაუდოდ, რამდენიმე საუკუნის წინ ცხვრები ამავე ადგილას შიშისგან დაზაფრულები იქნებოდნენ – იმ დროს მათ სარიტუალო ტანსაცმელში გამოწყობილი რელიგიის მსახურნი შელოცვისას სწირავდნენ მსხვერპლად მიმდებარე ოვეინაგატის მღვიმის დემონურ სულებს.
ძველი კონახტის სამეფოს სატახტო დასახლება – რათკროჰანი (ირლ. „კრუახანის ფორტი“, იგივე კრუახანი) – ამ ბორცვის ირგვლივ იყო გაშლილი. ამჟამად მისი უდიდესი ნაწილი მიწის ქვეშაა ჩაფლული და ირლანდია UNESCO-ს მოუწოდებს, რომ ძეგლი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში იქნეს შეტანილი.
6 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული კომპლექსი 240 არქეოლოგიურ ველს მოიცავს და 5500 წელს ითვლის. აქ ნახავთ გორასამარხებს, წრიულ ციხე-სიმაგრეებს, ვერტიკალურად აღმართულ ლოდებს, მიწის ხაზოვან კონსტრუქციებს, რკინის ხანის სარიტუალო ტაძარსა და ოვეინაგატს – იგივე ჯოჯოხეთის კარიბჭეს.
2000 წლის წინ, როდესაც ირლანდიის მცხოვრებლები ბუნებასა და თვით მიწას ეთაყვანებოდნენ, სწორედ აქ წარმოიშვა ირლანდიური ახალი წლის, სოუინის ფესტივალის ტრადიცია, რომელიც ემიგრანტებმა შემდგომ თან გაიყოლეს აშშ-ში, სადაც ის ჰელოუინად გარდაიქმნა.
ქრისტიანობამდელი ირლანდიელებისათვის წელიწადი ორად – ზაფხულად და ზამთრად იყო გაყოფილი და მათ ოთხი დღესასწაული ჰქონდათ: პირველ თებერვალს იმბოლკს აღნიშნავდნენ, რაც დოლს ემთხვეოდა. პირველ მაისს მიალტინე ზამთრის დასასრულს ეძღვნებოდა – ხალხი სახეს ნამით იბანდა, პირველ ყვავილებს კრეფდა და მორთულ-მოკაზმული ხის გარშემო ფერხულს ცეკვავდა. პირველ აგვისტოს ლუნასა დგება და მოსავლის ზეიმია, ხოლო 31 ოქტომბერს – სოუინი, რომლითაც სამწყემსო წლის დასასრული და ახალი წლის დასაწყისი აღინიშნებოდა.

ფოტო: ჰამიშ ფენტონი. NGM-ის რუკები
რათკროჰანი ქალაქად არ ითვლებოდა, რადგან ურბანული ცენტრი არ გააჩნდა, მაგრამ დღესასწაულებზე დასასწრებად ხალხი სწორედ ამ სამეფო დასახლებას აწყდებოდა; სოუინის მთავარი ცერემონიები შემაღლებულ, კონახტელი ელიტისთვის განკუთვნილი გორასამარხებით გარშემორტყმულ წმინდა ადგილას იმართებოდა.
ვარაუდობდნენ, რომ ზემოხსენებული ელიტა რათკროჰანშივე ცხოვრობდა, ხოლო დანარჩენი, უფრო დაბალი წოდების კონახტელები მიმდებარედ მიმოფანტულ ფერმებში სახლობდნენ და იქაურობას მხოლოდ ფესტივალის დროს სტუმრობდნენ. ამ ხალხმრავალ შეკრებებზე ხშირი იყო ვაჭრობა, ლხინი, საჩუქრების გაცვლა-გამოცვლა, თამაშები, ქორწილები და ომისა თუ ზავის გამოცხადება.
სავარაუდოდ, ფესტივალის დამსწრეები სულების მოსამადლიერებლად რიტუალურ მსხვერპლშეწირვებსაც ატარებდნენ. ლეგენდის თანახმად, ქვესკნელში ირლანდიის უკვდავები, ათასი ურჩხული და დემონი ბინადრობდა, სოუინის დროს კი ზოგი ოვეინაგატის გამოქვაბულის გავლით გამოღწევას ახერხებდა.
კონახტელების რწმენით, სოუინის დღესასწაულის განმავლობაში სამყაროთა შორის უხილავი კედელი ქრებოდა, საზარელი ქმნილებები მიმდებარე ლანდშაფტს ესეოდნენ და აჩანაგებდნენ – სწორედ ასე ხდებოდა მიწის ზამთრისთვის შემზადება.
ხალხი სულების ამგვარ სამეურნეო ძალისხმევას აფასებდა, მაგრამ, ამავდროულად, მათი ეშინოდათ და ფიზიკური ზიანისგან თავს ბორცვებსა და მინდვრებზე რიტუალური კოცონების დანთებით იცავდა. გამოქვაბულიდან ქვესკნელში რომ არავის ჩაეთრია, მოსახლეობაც ურჩხულად გადაცმული დადიოდა.
ამ ადგილს, ლეგენდებისა და მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური ნივთის არსებობის მიუხედავად, შესაძლოა ისე ჩაუაროთ, რომ საძოვრების მეტი ვერაფერი შენიშნოთ. ზოგი ექსპერტის თქმით, რათკროჰანი ევროპის უდიდესი გამოუკვლეველი სამეფო კომპლექსია. გარდა იმისა, რომ გათხრები აქ არასოდეს ჩატარებულა, ძეგლი ირლანდიის დამწერლობამდე პერიოდისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეცნიერებმა რათკროჰანის ისტორია არაინვაზიური ტექნოლოგიისა და არტეფაქტების საფუძველზე უნდა აღადგინონ.
ირლანდიელებმა საუკუნეებია იციან, რომ ეს ადგილი რათკროჰანია, თუმცა მკვლევრების ჯგუფმა მიწისქვეშა საიდუმლოების დისტანციური ზონდირებით ამოხსნა 1990-იან წლებში დაიწყო. ეს მიდგომა ბევრი რამის გამორკვევის საშუალებას იძლევა ძეგლების გათხრისა და დაზიანების გარეშე.
რათკროჰანის მთლიანობისა და ავთენტურობის შენარჩუნების პოლიტიკა ტურიზმსაც მოიცავს. მისი მნიშვნელობის მიუხედავად, რათკროჰანი ირლანდიაში ნაკლებად პოპულარულ სანახაობად ითვლება – წლიურად სულ რაღაც 22 ათასამდე ტურისტს იზიდავს. „UNESCO-ს სიაში თუ მოხვდა, რათკროჰანი მეტ ყურადღებას მიიპყრობს, რაც შესანიშნავი იქნებოდა, რადგან ძეგლის მისახედად მეტი დაფინანსება გამოიყოფა“, – ამბობს არქეოლოგი დენიელ კერლი, – „თუმცა ჩვენ მდგრადი ტურიზმი გვინდა და არა – ჰელოუინის მოდას აყოლილი ხალხი“.
მნახველებს ხშირად უჭირთ ოვეინაგატის მღვიმის მიგნება, ვინაიდან ის შეღობილ საძოვარში, ხეებს უკან დამალული ჩიხის ბოლოს, ტაძრის ბორცვიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში მდებარეობს. ვინც ღობეს გადაახტება და მდელოს გადაკვეთს, შეძლებს, ვიწრო მღვიმეს ჩააცქერდეს, რაც ირლანდიურ რკინის ხანაში, სოუინის დროს, უზომოდ სახიფათო საქციელად ჩაითვლებოდა, რადგან ხალხი (საზარელ კოსტიუმში გამოწყობილიც კი) არ იყო ბოროტი სულების თავდასხმისგან დაზღვეული.
ორი ათასწლეულის თავზე, ჰელოუინზე კანფეტების მოსაპოვებლად გადაცმული ადამიანების უმრავლესობამ სულაც არ იცის, რომ პრეისტორიულ ტრადიციას ჰბაძავენ – ტრადიციას, რომლის მიხედვითაც ამ დღეს ტკბილეულზე ბევრად უფრო სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი წყდებოდა.
რონან ო’კონელი პერთში მოსახლე ირლანდიელ-ავსტრალიელი ჟურნალისტი და ფოტოგრაფია.