
„ადამიანები ისეთები არიან, როგორებიც არიან“
შერეული რასის წყვილებში არც ისე იშვიათია ტყუპები, რომელთაგან ერთი ერთ მშობელს ემსგავსება, ხოლო მეორე – მეორეს, ამბობს სტატისტიკური გენეტიკის სპეციალისტი ალიშა მარტინი
11 წლის ტყუპების – მარშა და მილისათვის მათ გარეგნობაში სხვაობა არასოდეს ყოფილა პრობლემა.
როდესაც ამანდა უანკლინსა და მაიკლ ბიგსს ერთმანეთი შეუყვარდათ, არც კი უფიქრიათ პრობლემებზე, რომლებიც შეიძლება შეხვედროდათ როგორც განსხვავებული რასობრივი წარმომავლობის წყვილს.
ისინი ინგლისში, ბირმინგემში დასახლდნენ. 2006 წლის 3 ივლისს ამანდამ ტყუპი გოგონები გააჩინა – მილი მარშა მეჯ ბიგსი და მარშა მილი მეჯ ბიგსი.
გოგონებს ბავშვობიდან მსგავსი ნაკვთები, მაგრამ ძალიან განსხვავებული ფერები ჰქონდათ. მარშას მისი ინგლისელი დედის ღია ყავისფერი თმა და თეთრი კანი გამოჰყვა. მილის – წარმოშობით იამაიკელი მამის შავი თმა და ყავისფერი კანი.
ამანდას თქმით, ადამიანებს უკვირდათ, როდესაც იგებდნენ, რომ გოგონები ტყუპები იყვნენ, მაგრამ მტრული განწყობა არ შეუმჩნევია – მხოლოდ ინტერესი.

ტყუპებმა იციან, რა არის რასიზმი. „რასიზმია, როდესაც ვინმე შენ კანის ფერით გაფასებს და არა იმით, თუ ვინ ხარ“, ამბობს მილი. მარშა რასიზმს განსაზღვრავს როგორც „უარყოფით რამეს, რადგანაც ის ადამიანებს გულს სტკენს“. ორივე ამბობს, რომ რასიზმი თავის მიმართ არ შეუმჩნევიათ.
შერეული რასის წყვილებში არც ისე იშვიათია ტყუპები, რომელთაგან ერთი ერთ მშობელს ემსგავსება, ხოლო მეორე – მეორეს, ამბობს სტატისტიკური გენეტიკის სპეციალისტი ალიშა მარტინი. ამის ალბათობა ყველა წყვილისათვის სხვადასხვა იქნებოდა, მათი გენეტიკის გათვალისწინებით.
არაიდენტური ტყუპები დაახლოებით 100-დან ერთხელ იბადებიან. როდესაც შერეული რასის წყვილს არაიდენტური ტყუპები უჩნდება, მარტინის თქმით, ბავშვების ნაკვთები მრავალ ცვლადზეა დამოკიდებული, მათ შორის, მშობლების წინაპრების წარმომავლობასა და რთულ პიგმენტურ გენეტიკაზე.
მაიკლი, რომელსაც მანქანების შეკეთების ბიზნესი აქვს, ამბობს, რომ შეხვედრია მტრულ განწყობას კანის ფერის გამო. მას კარგად ახსოვს ერთი ეპიზოდი ბავშვობიდან, როდესაც ხალხით სავსე მანქანამ მას და მის ძმებს გვერდზე ჩაუქროლა და იქიდან ლანძღვა შემოესმა.
„მაგრამ ახლა სხვა დროა“, ამბობს მაიკლი. არც მას და არც ამანდას შეუმჩნევიათ თავიანთი გოგონების მიმართ რასისტული დამოკიდებულება.
„როდესაც ადამიანები გვხედავენ, უბრალოდ ფიქრობენ, რომ საუკეთესო მეგობრები ვართ“, ამბობს მარშა. „როდესაც ესმით, რომ ტყუპები ვართ, ოცდებიან, რადგანაც ერთი ჩვენგანი თეთრკანიანია და მეორე – შავკანიანი“, მაგრამ როდესაც ტყუპებს მათ განსხვავებაზე ეკითხებიან, ისინი სულ სხვა რამეს ახსენებენ. „მილის გოგონების რაღაცები მოსწონს – ვარდისფერი და ასეთი რამეები“, ამბობს მარშა. „მე ვარდისფერი არ მომწონს, მე უფრო ბიჭური ვარ. ადამიანები ისეთები არიან, როგორებიც არიან“.