
აფრიკიდან დმანისისკენ | დავით ლორთქიფანიძე
1991 წელს თბილისიდან სულ რაღაც 90-იოდე კილომეტრში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ნაშთი, რომელმაც შეცვალა მსოფლიოს წარმოდგენა უძველესი ადამიანის პირველი მიგრაციის შესახებ აფრიკის გარეთ.
როგორ დაიწყო დმანისის თავგადასავალი?
დმანისი საერთაშორისო აღიარებამდე დიდი ხნის განმავლობაში კარგად იყო ცნობილი ქართველი მეცნიერებისთვის. მისი პალეონტოლოგიური იდენტიფიკაცია ისეთმა დიდმა მეცნიერებმა განსაზღვრეს, როგორებიც აბესალომ ვეკუა და ლეო გაბუნია იყვნენ. 1984 წელს არქეოლოგმა ნუგზარ მგელაძემ დმანისში ქვის იარაღები აღმოაჩინა. ექსპედიციის ხელმძღვანელებმა, ბატონებმა ვახტანგ ჯაფარიძემ და ჯუმბერ კოპალიანმა, მოიწვიეს ქვის ხანის სპეციალისტები, დავით თუშაბრამიშვილი, ზაალ ქიქოძე და თენგიზ მეშველიანი. მათ დაადასტურეს, რომ ეს ნამდვილად ადრეული ძეგლი იყო, თუმცა მისი ასაკი მაშინ ზუსტად არ განსაზღვრულა. თანაც, გეოლოგიურად ძეგლი შუა პლეისტოცენით (500 000 წლის წინა პერიოდი) თარიღდებოდა; პალეონტოლოგიური მონაცემები აჩვენებდა, რომ ძეგლი მილიონი წლის მაინც უნდა ყოფილიყო, არქეოლოგიური მასალა კი – ქვის იარაღები – პრიმიტიული იყო. მოკლედ რომ ვთქვათ, არ იყო მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების მონაცემთა თანხვედრა.
თქვენ როდის დაინტერესდით დმანისით?
სიმართლე გითხრათ, დმანისი ყოველთვის მაინტერესებდა. მოსკოვში, ასპირანტურაში სწავლისას, დისერტაციას პირველყოფილ ადამიანებზე ვწერდი, თუმცა დმანისზე უფრო გვიანდელ პერიოდზე ვმუშაობდი. ასპირანტურიდან ერთი სემესტრით გერმანიაში, ქვის ხანის ინსტიტუტში გამიშვეს, სადაც, სწორედ მაშინ, პროფესორ ბოსინსკის ხელმძღვანელობით ძალიან საინტერესო, მულტიდისციპლინარული პროექტი მიმდინარეობდა ვულკანურ რეგიონში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე. ასე რომ, გერმანიაში, გარდა ზოგადი კურსების გავლისა, შესაძლებლობა მომეცა მონაწილეობა მიმეღო ინტერდისციპლინარულ კვლევაში დმანისის მსგავსი პრობლემატიკის ძეგლზე. სწორედ მაშინ დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ კვლევის ასეთი მოდელი შეიძლებოდა დაგვენერგა საქართველოში. ჩემი გერმანელი ხელმძღვანელი პროფესორი ბოსინსკი ჩვენს ქვეყანაში დავპატიჟე და 1990 წელს აქ დაიგეგმა დმანისის საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კვლევა.
გამოდის, რომ ხედვა დმანისის კვლევის შესახებ თავიდანვე გქონდათ.
დიახ, 1989 წლიდან.
დონ ჯოჰანსონი ამბობს, რომ წარმატებას აკადემიური ცოდნა და თავდაუზოგავი შრომა განსაზღვრავს და არა იღბალი…
სხვათა შორის, დონ ჯოჰანსონმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემთვის პროფესიის არჩევისას. მისი წიგნი, „ლუსი“ 1986 წელს თბილისიდან ვანისკენ მიმავალ მატარებელში ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და სწორედ მაშინ ვიგრძენი ამ დარგის ხიბლი. ძალიან ძნელია, გქონდეს პრეისტორიული არქეოლოგიის მიმართ ინტერესი, თუ სურათის წარმოდგენა არ შეგიძლია. სად თვალისმომჭრელი ანტიკური ოქროს ნივთები და სად ქვის იარაღები, რომლებიც მხოლოდ გაწვრთნილი თვალისთვის არის არტეფაქტი. რაც შეეხება იღბალს, მე ნამდვილად საოცრად გამიმართლა, რადგან ხელმძღვანელად მყავდა მართლაც დიდი მეცნიერი, ქვის ხანის არქეოლოგიის ინტერდისციპლინარული კვლევების ერთ-ერთი პიონერი ანდრეი ველიჩკო, ასევე კონსულტანციებს მიწევდა დიდი ანთროპოლოგი ვალერი ალექსეევი, ნამყოფი ვიყავი ძალიან ბევრ არქეოლოგიურ ექსპედიციაში საქართველოში, რუსეთში, შუა აზიასა თუ გერმანიაში. შემდეგ გერმანიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობები გაჩნდა. ჩემი აზრით, ძალიან რთული იყო დმანისის პოტენციალის ვერ დანახვა. ზოგადად ვფიქრობ, რომ მეცნიერებაში ყველაზე მთავარი ყოველთვის არის კომპონენტების ერთობლიობა და არა ცალკე მიმართულება.
ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ სიხარული, რომელიც National Geographic-ს მოაქვს, სხვებისთვის გამეზიარებინა.
როგორ გაერთიანდა კომპონენტები დმანისის შემთხვევაში?
ამისთვის უკვე ყველაფერი მზად იყო. ძეგლზე მუშაობდნენ პალეონტოლოგები აბესალომ ვეკუა და ლეო გაბუნია, არქეოლოგები მედეა ნიორაძე და დავით თუშაბრამიშვილი, გეოლოგები მერაბ თვალჭრელიძე და გივი მაისურაძე. ახალ ექსპედიციაში მათი გაერთიანება მოხდა და დამატებით პროექტში ჩაერთნენ საერთაშორისო პარტნიორები და ახალგაზრდა მეცნიერები. მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ გოჩა კილაძე, თეონა შელია, გიორგი ნიორაძე და დათო ჟვანია; დღეს ისინი ჩემი კოლეგები არიან. მოგვიანებით შემოგვემატნენ მაია ბუხსიანიძე, თეა ჯაშაშვილი, სოფიო ფანჩულიძე, ნიკოლოზ წიქარიძე, ანი მარგველაშვილი, გიორგი ბიძინაშვილი, გიორგი კოპალიანი, ლიკა ნიქაბაძე, ანა მგელაძე, ჯიმშერ ჩხვიმიანი, თინათინ გოცირიძე, სოფო კილაძე და სხვები. მათმა უმრავლესობამ უცხოეთში მიიღო განათლება და იქვე დაიცვა დისერტაციები.
დმანისში, საბოლოოდ, გაერთიანდა ყველა კომპონენტი და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს დაემატა იღბალიც. ჩვენი პირველი, დიდი აღმოჩენა, 20 სმ-ით არის დაშორებული ჭრილს, რომელიც წინა ექსპედიციას ჰქონდა გაკეთებული.
ამჟამად დმანისის კვლევაში, ქართველ მეცნიერებთან ერთად, ყოველწლიურად მუშაობს სხვადასხვა ქვეყნის ათეულობით მეცნიერი თუ სტუდენტი და უკვე რამდენიმე წელია ყოველ სეზონზე ფუნქციონირებს საერთაშორისო საველე სკოლა.
როდის და როგორ დაინტერესდა National Geographic-ი დმანისით?
აღმოჩენა აღიარების რამდენიმე ეტაპს გადის. პირველი და უმთავრესი სამეცნიერო აღიარებაა. დმანისისთვის ეს ეტაპი 1991 წელს დადგა, როდესაც ქვედა ყბა აღმოჩნდა და მსოფლიო მეცნიერების ყურადღება მიიპყრო ფრანკფურტში Homo erectus-ის აღმოჩენის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ზენკენბერგის საერთაშორისო კონფერენციაზე. ამას მცირე, აღწერითი სტატია მოჰყვა ჟურნალ Nature-ში, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ იყვნენ სკეპტიკოსები და დმანისი არ იყო სრულად მიღებული. სწორედ ამ დროს, 1995 წელს დაინტერესდა National Geographic-ი დმანისით. საქართველოში ჩამოვიდა იმ პერიოდის სამეცნიერო რედაქტორი, ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი რიკ გორი და ფოტოგრაფი კენ გარეტი. რიკ გორთან ოთხდღიანი მუშაობა ჩემი პროფესიული ცხოვრების ერთ-ერთი პრინციპული მომენტი იყო. ამდენი კითხვა ჩემთვის არასოდეს არავის არ დაუსვამს. რიკ გორი ყოველდღე ერთსა და იმავე კითხვებს მისვამდა სხვადასხვა ფორმულირებით და თან მოითხოვდა, რომ ყველაფერი მარტივად ამეხსნა. ცალკე ამბავი იყო National Geographic-ის ფოტოგრაფთან მუშაობა. მაშინ ჯერ კიდევ ფირზე იღებდნენ და, წარმოიდგინეთ, ორი კადრისთვის მან 800 ფირი გადაიღო – 800-ჯერ 36 კადრი. ისინი იყვნენ უმაღლესი რანგის პროფესიონალები და მათმა მუშაობამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ჟურნალში კი პატარა სტატია გამოქვეყნდა დმანისის შესახებ სულ ორი ფოტოთი.
2002 წელს დმანისი უკვე National Geographic-ის ყდაზე მოხვდა.
დიახ, ასეა, თუმცა მანამდე, 1997 წელს, დმანისი იყო ვრცელი სტატიის ნაწილი, 1999 წელს კი, როდესაც ჩვენ ორი ახალი თავის ქალა აღმოვაჩინეთ, National Geographic Society-ს კვლევითი გრანტი მივიღე; 2000 წელს კიდევ ერთი პატარა რუბრიკა მიეძღვნა დმანისს და ამის შემდეგ უკვე დაიბეჭდა 2002 წლის აგვისტოს ნომერი დმანისელი ჰომინინის რეკონსტრუქციით ყდაზე.
როგორ დაიგეგმა ეს ნომერი?
ამერიკაში, ჰარვარდის უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში ვიყავი ფულბრაიტის პროგრამით მიწვეული პროფესორი. ლექციებს ვკითხულობდი და, ბუნებრივია, თან მქონდა ზეზვას და მზიას თავის ქალების ასლები. ვაშინგტონში, სმითსონის ბუნებისმეტყველების მუზეუმში მიმიწვიეს ლექციის წასაკითხად და რადგან National Geographic-ის ოფისიც ვაშინგტონშია, ჩემი ჩასვლის ამბავი მათაც გავაგებინე. მთხოვეს ლექციამდე National Geographic-ში შემევლო. საერთო დარბაზში შემიყვანეს და უცებ – რას ვხედავ – მთელი რედაქცია დარბაზში ზის. ჩემი ისტორია მომაყოლეს და კითხვას კითხვაზე მისვამდნენ. შეხვედრა იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ კინაღამ ლექციაზე დამაგვიანდა. მთხოვეს, ლექციის შემდეგ იქნებ ისევ აქ მობრუნდეთო. ლექციაზე მისულს, ცნობილმა ანთროპოლოგმა რიკ პოტსმა მითხრა, რომ წინა დღით დაურეკავთ და სულ ჩემზე ეკითხებოდნენ – ხომ არ იცი, რა ხდებაო? საკმაოდ დაბნეული მივბრუნდი ლექციის შემდეგ National Geographic-ში, სადაც მითხრეს, რომ გადაწყდა, ჩვენი აღმოჩენის შესახებ რიკ გორის ავტორობით მთავარი სტატია დაწერილიყო. ავტორი კვლავ რიკ გორი იყო. ორი დღე ვიმუშავეთ და საქართველოში დავბრუნდი. ეს ყველაფერი აპრილში მოხდა, აგვისტოში კი სტატია დაიბეჭდა. სასიამოვნოა, რომ სტატიის ფოტოების ავტორი გურამ წიბახაშვილია.
National Geographic-მა მას შემდეგ კიდევ არაერთხელ დაწერა დმანისზე როგორც ჟურნალში, ასევე მის ციფრულ პლატფორმებზე და დააფინანსა დმანისის გათხრები.
რიკ გორი ყოველდღე ერთსა და იმავე კითხვებს მისვამდა სხვადასხვა ფორმულირებით და თან მოითხოვდა, რომ ყველაფერი მარტივად ამეხსნა.
ახალ წიგნში მსოფლიოს 100 ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ დმანისია შესული. ჟურნალის ეს ნომერიც სწორედ ამ აღმოჩენებს ეძღვნება.
დიახ, National Geographic-ი ჩემთვის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა მას შემდეგ, რაც პირველად ჯერ კიდევ გეოგრაფიის ინსტიტუტში მუშაობისას შევეხე. ეს ის იშვიათი ადგილი იყო, რომელსაც გამოწერილი ჰქონდა National Geographic Magazine-ი. იქ ვკითხულობდი ამ არაჩვეულებრივ ჟურნალს და მაშინ ძნელად თუ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე National Geographic-თან ასე მჭიდროდ ვითანამშრომლებდი. ამ ორგანიზაციას თითქმის 135-წლიანი ისტორია აქვს და უკვე საუკუნეზე მეტია, რაც ხელს უწყობს ჩვენი სამყაროს საოცრებების აღმოჩენასა და პოპულარიზაციას. ის ამდიდრებს კაცობრიობას ახალი ცოდნით. ყოველთვის მინდოდა, რომ სიხარული, რომელიც National Geographic-ს მოაქვს, სხვებისთვის გამეზიარებინა და ძალიან გამიხარდა, როდესაც 2012 წელს გიორგი რამიშვილის ინიციატივითა და დაფინანსებით შესაძლებელი გახდა ამ ბრენდის საქართველოში შემოტანა. იმ წელს National Geographic-ის 125 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ ვაშინგტონში და გიორგი და მე იქ ვიყავით. მე მოხსენება მქონდა საიუბილეო კონფერენციაზე. გამოვიდა წიგნიც, რომელშიც დმანისი 125 მნიშვნელოვან მოვლენას შორის იყო დასახელებული. როდესაც კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი, ძალიან ამაღელვებელი იყო იმის გააზრება, რომ National Geographic-ის დიდ ოჯახს უკვე საქართველოც შეუერთდა.