ახალი ცივი ომი
ყინული, რომელიც არქტიკის რესურსებს და სავაჭრო გზებს ფარავდა, დნება და ქვეყნები ცდილობენ, არქტიკის სიმდიდრე ხელში ჩაიგდონ. ეს არის სტატია იმაზე, თუ როგორ ამზადებს კლიმატის ცვლილება ბრძოლის ველს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის.


ახალი ცივი ომი
ყინული, რომელიც არქტიკის რესურსებს და სავაჭრო გზებს ფარავდა, დნება და ქვეყნები ცდილობენ, არქტიკის სიმდიდრე ხელში ჩაიგდონ. ეს არის სტატია იმაზე, თუ როგორ ამზადებს კლიმატის ცვლილება ბრძოლის ველს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის.
რეინჯერები, კანადელები „ჩრდილოეთის თვალებს და ყურებს“ რომ ეძახიან, ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან პატრულირებენ. ამ ხალხის უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრები იყო; ისინი წლების განმავლობაში მუშაობდნენ მეძებრებად, გადიოდნენ საბრძოლო წვრთნებს და რეგულარული ჯარის დანაყოფებს იგლუების აგებას, ტუნდრაში გზის გაკვლევას და სიცივეში თავის გადარჩენას ასწავლიდნენ. ხალხმა რეინჯერების (და, ზოგადად, შორეული ჩრდილოეთის) შესახებ თითქმის არაფერი იცის. მათი დაფინანსება მოკრძალებულია, ეკიპირება – მეორადი, იარაღი – ძველისძველი: ჯერ კიდევ 1940-იან წლებში დამზადებული შაშხანები, რომელთა კონდახებზე დიდი ბრიტანეთის სამეფო გვირგვინია გამოსახული.

უკანასკნელ ხანებში კანადელი პოლიტიკოსები რეინჯერების წვლილის უკეთ დაფასებაზე ალაპარაკდნენ. არქტიკის ჯერ კიდევ ხელუხლებელმა რესურსებმა და გლობალურ დათბობასთან ბრძოლის აუცილებლობამ ოტავაში ბევრს შეახსენა, რომ რეინჯერები უკეთეს დაფინანსებას იმსახურებენ და მათი რიცხვი უნდა გაიზარდოს. ამასობაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაც დაინტერესდა ალასკაზე მსგავსი პროექტის გაკეთებით.
თითქმის მთელ კაცობრიობის ისტორიაში პოლარულ წრეში მოქცეული სამყარო მსხვილმასშტაბიან სავაჭრო ურთიერთობაში არ მონაწილეობდა. მეცნიერები და მოგზაურები დიდი ხნის წინ ამტკიცებდნენ, რომ არქტიკული თოვლისა და ყინულის ქვეშ ახალი სავაჭრო გზები და რესურსები იმალებოდა, მაგრამ ამ აურაცხელ საგანძურს გაუსაძლისი ყინვა, მომქანცველი სიბნელე და თვალუწვდენელი სივრცე დარაჯობდა.


კანადელი რეინჯერების რეზერვისტები სიუზი ჰიკინიტი(მარცხნივ) და ენდი ისიგაიტოკი (მარჯვნივ) კანადელ სამხედროებს არქტიკის მკაცრ კლიმატში თავის გადარჩენას ასწავლიან და ნადირობის, ნავიგაციის და იგლუების აგების ინტუიტურ ცოდნას უზიარებენ.
არქტიკაში დღეს მეტი სიმწვანეა, მეტი კოღო, ნაკლები კარიბუ და ჩრდილოეთის ირემი და უფრო თბილი ზაფხულები. ყინულის მოდრეიფე კუნძულები, რომლითაც ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე ზაფხულობით არის დაფარული, თავზარდამცემი სისწრაფით დნება.

NASA-ს გამოთვლებით, არქტიკაში ყოველწლიურად ყინულის 54 000 კვადრატული კილომეტრი დნება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2050 წლის ზაფხულისთვის ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში ყინული აღარ იქნება.
რამდენიმე სადავო ტერიტორიის გარდა არქტიკის საზღვაო და სახმელეთო საზღვრები დადგენილია. სახელმწიფოები და კორპორაციები ახალი მიწების ნაცვლად მილიარდობით დოლარის ღირებულების მინერალების – ოქროს, ალმასის, იშვიათი ლითონების – ნავთობის, ბუნებრივი აირის, თევზის და ახალი საზღვაო გზების ხელში ჩაგდებას ცდილობენ.
სრული ვერსია წაიკითხეთ სექტემბრის ნომერში.
აპრილის ნომრისთვის ნილ შეიმ დაწერა სტატია ტოკიოს შესახებ. ფოტოგრაფმა ლუი პალუმ გუგენჰაიმის სტიპენდია მოიპოვა არქტიკის სამხედრო წვრთნების გადასაღებად. ეს მისი პირველი სტატიაა ჩვენს ჟურნალში.