
ახალი ევროპელები
ლტოლვილები ჩამოდიან კონტინენტზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს იმიგრანტთა ერთი მესამედის სახლად იქცა
ევროპაში ყველაზე მეტი ლტოლვილი გერმანიამ მიიღო – და მეტადაც განიცადა მათი გავლენა საკუთარ კულტურაზე.
თუ ევროპელი ხართ, განსაკუთრებით კი – გერმანელი, მაშინ თქვენ მთელი წელია გადაუწყვეტელი საზოგადოებრივი დებატების გარემოცვაში ცხოვრობთ; რას ნიშნავს ევროპული იდენტობა? როგორ ერგებიან მას სხვაგან დაბადებული ადამიანები? 2015 წლის აგვისტოს ბოლოს, ახლო და შუა აღმოსავლეთიდან მომავალი ლტოლვილების ნაკადის გამო, დაძაბულობა ძლიერ გამწვავდა. ადამიანებით მოვაჭრეების მიერ მიტოვებული 71 გარდაცვლილი იპოვეს ავსტრიაში, ჩაკეტილ სატვირთო მანქანაში. ნეონაცისტი ხულიგნები თავს დაესხნენ პოლიციას დრეზდენთან ახლოს, ჰაიდენაუში მდებარე თავშესაფართან. როდესაც გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ლტოლვილების მხარდასაჭერად ამ თავშესაფარში მივიდა, გაბრაზებული დემონსტრანტები შეძახილით შეხვდნენ: „ჩვენ ვართ ხალხი!“ უწოდეს „კახპა“, „სულელი ბოზი“, გაისმა ნაცისტური პერიოდის გამონათქვამიც – „Volksverräter“ – „ერის მოღალატე“.
ხუთი დღის შემდეგ, 31 აგვისტოს მერკელმა ყოველწლიური საზაფხულო პრესკონფერენცია გამართა ბერლინში. სწორედ იმ დროს, სირიელი ლტოლვილები გერმანიისკენ მიმავალ მატარებლებს აწყდებოდნენ ბუდაპეშტში. კანცლერი, როგორც ყოველთვის, სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მისი თქმით, მთავრობა 2015 წელს 800 000 ლტოლვილის ჩამოსვლას ვარაუდობდა (ამ ციფრმა საბოლოოდ მილიონს გადააჭარბა). აუღელვებლად შეახსენა პრესას, რომ გერმანიის კონსტიტუცია პოლიტიკური თავშესაფრის გარანტიას იძლევა და რომ მის პირველივე თავში წერია: „არ უნდა შეილახოს ადამიანის ღირსება“. მართლაც, უფრო და უფრო მეტი გერმანელი, ქვების სროლისა და შეურაცხყოფის მიყენების ნაცვლად, ეხმარებოდა ლტოლვილებს. „გერმანია ძლიერი ქვეყანაა, – თქვა მერკელმა, – ჩვენ ბევრს მივაღწიეთ. ჩვენ შევძლებთ ამას!“
ოდესმე ეს სიტყვები – „Wir schaffen das!“ („ჩვენ შევძლებთ ამას!“) – შეიძლება, მის ეპიტაფიად იქცეს. მანამდე კი, სწორედ ამგვარი მიდგომით, გერმანია გახდა სცენა, სადაც ყველაზე აქტიურად თამაშდება მსოფლიო დრამა. ათწლეულების განმავლობაში გლობალური მიგრაცია უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე მკვიდრი მოსახლეობა. გაეროს მონაცემებით, 2015 წელს მსოფლიოში 244 მილიონი იმიგრანტი იყო – ადამიანები, რომლებიც იმ ქვეყანაში ცხოვრობენ, სადაც არ დაბადებულან, 21 მილიონი კი, ლტოლვილი – საკუთარი სამშობლოდან გამოდევნილი. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მეცნიერების პროგნოზით, კლიმატური ცვლილებები – გახშირებული გვალვები და ადიდებული ზღვები – კიდევ უფრო გაზრდის ამ ციფრებს. არსებობს მოსაზრებაც, რომ კლიმატურმა ცვლილებებმა ხელი შეუწყო სირიის სამოქალაქო ომს, რომელმაც გამოიწვია ამჟამინდელი მასობრივი მიგრაცია ევროპაში.
ლტოლვილები ჩამოდიან კონტინენტზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს იმიგრანტთა ერთი მესამედის სახლად იქცა. ევროპის დიდი ქვეყნები, რომლებიც ოდესღაც მასობრივად გზავნიდნენ მიგრანტებს შეერთებულ შტატებში, დღეს უცხო წარმოშობის მოსახლეობის რაოდენობით, აშშ-საც ედარებიან. თუმცა მხოლოდ ზოგიერთმა ევროპულმა გონებამ და კიდევ უფრო ცოტა ევროპულმა გულმა მიიღო ეს რეალობა. შეერთებულ შტატებშიც კი, რომელსაც ჯონ ფ. კენედიმ „იმიგრანტთა ნაცია“ უწოდა, იმიგრაცია ყოველთვის იყო და რჩება სადავო საკითხად. 1750-იან წლებში ბენჯამინ ფრანკლინს აშფოთებდა, რომ პენსილვანიაში მეტისმეტად ბევრი გერმანელი ჩადიოდა; წუხდა, „მუქები“ არიანო.
ჰამბურგში შარშან 35 000 ლტოლვილი განასახლეს, რაც აშშ-ის მიერ მთელი მსოფლიოდან მიღებულ ლტოლვილთა ნახევარს უდრის.
გერმანელებს აქვთ ფრანკლინის შიშის გამომხატველი შესაბამისი სიტყვა: „Überfremdung“, ანუ „გაუცხოელება“. შიში, რომ თქვენს სახლს ვეღარ იცნობთ, რადგან იქ მეტისმეტად ბევრი უცხო ადამიანი უცნობ ენებზე ლაპარაკობს და უცნაური წესებით ცხოვრობს. ალბათ, თითქმის ყველას შეგვიძლია ოდნავ მაინც წარმოვიდგინოთ, რას ნიშნავს ეს შეგრძნება. შარშან, ამ შიშმა მძაფრი ემოციების ფონზე იფეთქა გერმანიაში. დრეზდენსა და ერფურტში მემარჯვენეების მიერ მოწყობილ შუაღამის აქციებზე ორატორების მგზნებარე გამოსვლები ისმოდა; ასობით თავდასხმა მოხდა ლტოლვილთა ჯერ კიდევ ცარიელ თავშესაფრებზე; მერკელის პრესკონფერენციამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, თავზეხელაღებულმა ნასვამმა პირებმა „მოლოტოვის კოქტეილი“ შეაგდეს ბავშვის საძინებელში, ჰანოვერის მახლობლად მდებარე თავშესაფარში.
და მაინც: უფრო მშვიდად, მაგრამ არანაკლებ მგზნებარედ გამოჩნდა უბრალო ხალხის კეთილშობილება. 75 წლის წინ გერმანელები აღმოსავლეთით, საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ ებრაელებით სავსე მატარებლებს; ახლა კი, მიუნხენის რკინიგზის სადგურში ისინი საკვებით, წყლით, ფუმფულა სათამაშოებითა და ღიმილით ხვდებოდნენ მატარებლებს, რომლებსაც მუსლიმები უნდა ჩამოეყვანა. ერთ-ერთ გერმანულ პოდკასტში, „Die Zeit“-ის ჟურნალისტი თავის მსმენელებს ეუბნებოდა, რომ ამგვარი ტრანსფორმაციით გამოწვეული სიამოვნებისგან „სიმთვრალე“ ნორმალურია, რაზეც მეორე ჟურნალისტმა მოსწრებული პასუხი გასცა, მეორე დღეს ნაბახუსევიც მოსალოდნელიაო.
„ევროკავშირი ძალზე არასტაბილურ მდგომარეობაშია, – მითხრა აპრილში ევროპის საკითხებ-ში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა მიხაელ როთმა, – იმედი მაქვს, ხალხმა ეს იცის“. გერმანიის წარუმატებლობასთან ერთად, დაერწმუნებინა დანარჩენი კონტინენტი, მაგალითი აეღოთ მისგან, ლტოლვილთა დიდი ტალღა ამ არასტაბილურობის მთავარი მიზეზი იყო – და 23 ივნისს ამ ერთიანობის სიმყიფე მთელმა მსოფლიომ შეიტყო, როცა ბრიტანელებმა ეროვნულ რეფერენდუმზე ხმა მისცეს ევროკავშირის დატოვებას. ლტოლვილთა საკითხი პირდაპირ არ იდგა დღის წესრიგში – ბრიტანეთი თითქმის არც ეხებოდა ამ თემას – მაგრამ ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ „ბრექსიტისთვის“ ხმის მიცემის ძირითადი მოტივი ევროკავშირის შიდა თუ გარე იმიგრაციის შემცირება იყო.
ბრიტანეთის გადაწყვეტილება და იმიგრაციის მიმართ სხვა ქვეყნებში გაზრდილი პოპულისტური წინააღმდეგობები მხოლოდ ზრდის გერმანიაში განვითარებული მოვლენების სხვა ქვეყნებში გადატანის რისკს. შეუძლია გერმანიას მთლიანად გათავისუფლდეს მძიმე წარსულისგან და ჩამოაყალიბოს „Willkommenskultur“ – კულტურა, რომელიც გულთბილად იღებს სხვებს?
1970-იანი წლების შუა პერიოდში, ბრიუსელის გერმანული სკოლის დამამთავრებელ კლასებში სოციალურ მეცნიერებებს ფოლკერ დამი მასწავლიდა. მაღალი, საფეთქლებთან ოდნავ შეთხელებული ხუჭუჭა ქერა თმითა და დახვეწილი ნაკვთებით, რომელიც არ შეეფერებოდა მის მტკიცე, გამომხატველობით ქცევას, დამი ერთ-ერთი „მაგარი“ მასწავლებელი იყო. პირველად მის გაკვეთილებზე გავიაზრე ჰოლოკოსტი – მან ერთი გაკვეთილი მიუძღვნა საკონცენტრაციო ბანაკებში მყოფი თვითმხილველის ჩანაწერების ხმამაღლა კითხვას. 1939 წელს დაბადებული დამი, ექვსი წლის იყო, ომი რომ დასრულდა. მამამისიც, სკოლის მასწავლებელი, მაშინ პატარა სოფლის ნაცისტური პარტიის ლიდერი ყოფილა ჰესენის ფედერაციულ მხარეში.
დაახლოებით 40 წელი კონტაქტი არ მქონია, მაგრამ იოლად ვიპოვე ჩემი მასწავლებელი. ადგილობრივი გაზეთი იუწყებოდა დამის მოხალისეობრივ საქმიანობაზე დანაშაულის მსხვერპლთა დასახმარებლად. გავაბით მიმოწერა. შევიტყვე, რომ პენსიაზე მყოფი მოზარდ ლტოლვილებს ასწავლიდა, რომლებიც ათი ათასობით სრულიად მარტო ჩამოსულიყვნენ გერმანიაში. დამმა ფულდას როტენბურგის სანახავად მიმიწვია. ეს ჰესენის პატარა ქალაქია 13 000-იანი მოსახლით, ქვეყნის თითქმის შუაგულში, სადაც მან პედაგოგიური საქმიანობის ძირითადი ნაწილი გაატარა.
შარშან, ზამთრის ერთ წვიმიან დილას მე და დამი ავუყევით მისი ყოფილი მოსწავლის, მაიორ კრისტიან გრუნვალდის სამუშაო ოთახისკენ ამავალ, გაცრეცილ ხის კიბეს, ქალაქის მუნიციპა-ლიტეტის მე-16 საუკუნის შენობაში. როტენბურგი ლამაზი ქალაქია; ძველისძველი, ნახევრად ხის სახლები ბაზრის მოედნის გარშემო და მდინარე ფულდას ნაპირზეა ჩამწკრივებული. პროტესტანტული ეკლესიის ზარებმა ჩვენი პუნქტუალურობა დაამოწმეს – ზუსტად ცხრა საათი იყო. ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ალჰაიმერ-კაზერნეში, სამხედრო ბაზაზე მორიგ დღეს იწყებდა 719 სირიელი, ავღანელი, ერაყელი და სხვა ლტოლვილი.
გრუნვალდი სწრაფად მოლაპარაკე, თხელი აღნაგობის 39 წლის კაცია სასიამოვნო ღიმილით. ის ხუთი წლის წინ აირჩიეს და ბიზნესის სტიმულირებასა და ქალაქის ცარიელი კომერციული ფართების ამუშავებას ცდილობს, თუმცა ლტოლვილების საკითხებზე მუშაობა მის გეგმებში არ შედიოდა. ადგილობრივმა მთავრობამ 2015 წლის ივლისში შეატყობინა, რომ პირველ აგვისტოს ასობით ლტოლვილი ჩამოვიდოდა. „ეს ახალი ამბავი ბომბივით აფეთქდა“ – გვითხრა გრუნვალდმა.
საქალაქო შეკრებისთვის განკუთვნილი კოლეჯის აუდიტორია შვიდასმა კაცმა გაავსო. მთავრობის წარმომადგენლებისგან შეიტყვეს, რომ ალჰაიმერ-კაზერნე, რომლის გარემონტებაზეც არმიამ 40 მილიონი ევრო დახარჯა და შემდეგ დახურა, გახდებოდა „Erstaufnahmeeinrichtung“ – დაწესებულება, სადაც ლტოლვილები შესახლდებოდნენ პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში. აქ დაელოდებოდნენ თავშესაფრისა და მუდმივი საცხოვრებლის მისაღებად განაცხადების პასუხებს. ჩინოვნიკების თქმით, ჰესენის მთავარი თავშესაფარი გისენში უკიდურესად გადატვირთული იყო, ხალხი კარვებში ათევდა ღამეს.
როტენბურგის დარბაზში გაურკვევლობა სუფევდა. ვინ გადაიხდის ფულს? იკითხა ვიღაცამ. ლტოლვილებს ბაზის გარეთ გაუშვებენ? იკითხა სხვამ. გადამდებ დაავადებებს ხომ არ ატარებენ? „ჰაერი შიშით იყო გაჟღენთილი, – გვითხრა გრუნვალდმა. მაგრამ ვერავინ ბედავდა, ამდგარიყო და ეთქვა – მეშინია, მე ეს არ მინდა!“ არავის სურდა „კუთხეში დაეყენებინათ ნაცისტური შეხედულების გამო“, – დასძინა მან სალაპარაკო ენაში პოპულარული ფრაზით.
თომას ბადერს, ავადმყოფთა მოვლის სახელმწიფო სამსახურის უფროსს, ივლისის ბოლოს დაურეკეს ჰესენის სოციალურ საკითხთა სამინისტროდან და ლტოლვილთა ახალი თავშესაფრის ზედამხედველობა სთხოვეს. იგი 29 ივლისს, პარასკევს ჩამოვიდა. ლტოლვილთა პირველ ტალღას ორშაბათს ელოდნენ. ბადერმა გრუნვალდს დაურეკა, რომელმაც ორი კაცი გამოუგზავნა, შემდეგ თავადაც მოვიდა. ერთად მოაწყვეს სასაუზმე, გაწმინდეს მაგიდები და სკამები. „ორ დღეში, გარეთ 600-მა ადამიანმა მოიყარა თავი“, მითხრა ბადერმა.
გასაკვირი ისაა, თუ რამდენმა გერმანელმა შეიტანა პირადი წვლილი ლტოლვილთა დახმარების საქმეში.
ეს ნამდვილ საგიჟეთს ჰგავდა – მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. სხვაგან უფრო რთულად იყო საქმე. „მზად არავინ იყო, არავინ გერმანიაში“, მითხრა ანზელმ შპრანდელმა, ჰამბურგის ლტოლვილთა კოორდინატორმა. ჰამბურგში შარშან 35 000 ლტოლვილის განსახლება მოუწიათ, რაც აშშ-ის მიერ მთელი მსოფლიოდან მიღებულ ლტოლვილთა ნახევარს უდრის. „რეალურად, არ დამდგარა პრობლემა, რომ უამრავ ადამიანს გარეთ მოუწევდა ღამის გათევა. მაგრამ ახლოს კი ვიყავით“. შპრანდელის თანამშრომლებმა ხალხი სარემონტო, გაკოტრებულ სავაჭრო ცენტრებში, გემის კონტეინერებისგან აწყობილ რამდენიმესართულიან სახლებსა და გამათბობლებით აღჭურვილ კარვებში განათავსეს. ბერლინში კი ლტოლვილები სკოლის სპორტულ დარბაზებსა და ტემპელჰოფის აეროპორტის ანგარში შეასახლეს. თითოეულ ოჯახსა თუ ჯგუფს ერთმანეთისგან მხოლოდ პლასტმასის ტიხრები ყოფდა.
ბადერმა ბარაკების დერეფნები შემომატარა, სადაც უწინ ოთახებს ჯარისკაცები იყოფდნენ და ახლა ერთი ოჯახი იკავებდა. მიუხედავად იმისა, რომ ლტოლვილებს ანაწილებენ და შესაბამის თავშესაფრებში გადაჰყავთ – ფედერაციული ვალდებულების განაწილების ფორმულის თანახმად, ჰესენი მათ 7,35890 პროცენტს იღებს – ჩემი ჩასვლის წინა დღეს ექვსსულიანმა ერაყელმა ოჯახმა თავისით გაიკვლია გზა როტენბურგის ბაზამდე. „ხმა გავარდა, სად იყო უკეთესი პირობები“, ამბობს ბადერი.
ლტოლვილები როტენბურგის ქუჩებში უკვე ჩვეულებრივი ამბავია. მათ ნახავთ სამხედრო ბაზისკენ მიმავლებს საბავშვო ეტლებითა და ძველი ველოსიპედებით. თავშესაფრის, საკვების, შემოწირული ტანსაცმლისა და სხვა შემწეობის გარდა, ისინი იღებენ ყოველთვიურ დახმარებას 112 ევრომდე ზრდასრულზე და 63 ევრომდე ბავშვზე. „ფულს ქალაქშივე ხარჯავენ“, მეუბნება ფრანკ ციგენბაინი, სასტუმრო „Landhaus Silbertanne“-ს მეპატრონე. „სხვაგვარად, როტენბურგი გაკოტრდებოდა და დაიცლებოდა“; ცოტა არ იყოს, გაზვიადებული ნათქვამია, თუმცა გრუნვალდიც ფიქრობს, რომ ლტოლვილები ეკონომიკური პლუსიცაა.
ზოგიერთი როტენბურგელი, განსაკუთრებით „ფეისბუქზე“, გამოთქვამს უკმაყოფილებას. გრუნვალდმა სხაპასხუპით ჩამოთვალა, რითი ეწინააღმდეგებიან ლტოლვილები გერმანულ წესრიგს: ისინი პარკში ნაგავს ყრიან, ტროტუარებზე ველოსიპედებით დადიან…
პრობლემაა ჰიგიენის საკითხიც: ბევრი ლტოლვილი მიჩვეულია აზიურ ფეხსადგილს. გრუნვალდი სკამზე აძვრა და ჩაიცუცქა, პრობლემის არსი დამანახა. ჰამბურგის ლტოლვილთა ცენტრში შემხვდნენ თანამშრომლები, რომლებიც წუწუნებდნენ, რომ უნიტაზის საჯდომები მუდმივად ტყდება. როტენბურგის ბაზაზე ვნახე, უსაქმურობისგან თავმობეზრებული ლტოლვილი, რომელიც ტროტუარს გვიდა. სააბაზანოებს მაინც გერმანელი კონტრაქტორები ასუფთავებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ საქმე სწორად კეთდებაო, მითხრა ბადერმა. მე ისიც ვნახე, ერთმა ჯგუფმა როგორ ჩაიცვა ერთჯერადი კაპიუშონიანი ფორმები და ნიღბები აიფარა, საბავშვო ბაღი რომ და-ელაგებინა.
გერმანელები და ლტოლვილები კულტურული უფსკრულის სხვადასხვა მხარეს აწყდებიან და, როგორც წესი, ეს უფსკრული არაა გამთელებული საერთო ენით. „სხვათა გრძნობებისა და ფიქრების გაგების უნარი – ამ საკითხში ჩვენ მხოლოდ დასაწყისში ვართ“, ამბობს გრუნვალდი. თუ უკეთეს კომუნიკაციას შევძლებთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ რაღაც ისტორიულს მივაღწევთ“. მისი თქმით, აქამდე ის არც მერკელის დიდი ქომაგი ყოფილა და არც ამ პრობლემებზე უფიქრია. მაგრამ ახლა საქმეს თავდადებით უძღვება.
რამდენიმე თვალშისაცემ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, გერმანულმა სამოქალაქო სამსახურებმა კრიზისს, როგორც მოსალოდნელ იყო, კარგად უპასუხეს. მაგრამ უფრო გასაკვირი ისაა, თუ რამდენმა გერმანელმა შეიტანა პირადი წვლილი ლტოლვილთა დახმარების საქმეში.
ქვემო საქსონიის ქალაქ დუდერშტადტში შევხვდი მხატვარ-გრაფიკოსსა და დიჯეის, 51 წლის ოლაფ კნაუფტს, რომელმაც შარშან ორი მოზარდი ერიტრიელი ბიჭი შეიფარა. ის ერთ დღეს შემთხვევით შეხვდა ახალგაზრდობის ცენტრში მომუშავე ქალს, რომელმაც მოუყვა, როგორ სჭირდებოდათ დაფინანსება და თავშესაფარი უფროსების გარეშე ჩამოსული არასრულწლოვნებისთვის. კნაუფტის შვილებმა, რომლებსაც ის თინეიჯერობიდან მარტო ზრდიდა, დატოვეს მშობლიური ბუდე. მუხედავად იმისა, რომ ნერვიულობდა იმაზე, თუ როგორ შეძლებდა უცხოელებთან ერთად ცხოვრებას და იმაზეც თუ როგორ გამოჩნდებოდა მარტოხელა მამაკაცის მიერ ბიჭის შეფარება, მაინც გადაწყვიტა, 18 წლის დეზბელი, ერიტრიელი კოპტი ქრისტიანისთვის გაეღო კარი.
ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ. მაისში, მისვლიდან სამ კვირაში, დეზბელმა კნაუფტს გაანდო, რომ მისი 16 წლის ძმა, იოსეფი ლიბიაში ჩარჩა. დეზბელს კავშირი ჰქონდა კონტრაბანდისტებთან, რომლებიც 2500 ევროს საფასურად, იოსეფს გერმანიაში ჩამოიყვანდნენ. კნაუფტმა დეზბელს მისცა თანხა. ივლისში კნაუფტმა და დეზბელმა იოსეფი მიუნხენის ახლოს, გზატკეცილზე იპოვეს, იქ, სადაც კონტრაბანდისტებმა დატოვეს.
ახლა კნაუფტი ორ ახალ თინეიჯერს ზრდის. ხანდახან ჩივის თეფშების დარეცხვასა და უფროს-უმცროსობაზე, მაგრამ არაფერს ნანობს. ბიჭებს „ჩემს შვილებს“ ეძახის. ცოტა ხნის წინ ისიც გაირკვა, რომ იოსეფის ტყუპისცალი ერიტრეის ციხეში იჯდა. კნაუფტმა 1500 ევრო გადაიხადა და ბიჭი ციხიდან დაიხსნა. ის სუდანში ჩაიყვანეს და ახლა საჰარის გადმოკვეთას ელოდა. ეს ნამდვილად ბოლო ძმააო, მითხრა კნაუფტმა.
მე და კნაუფტი კარინ შულტესთან ერთად ვისხედით. პენსიონერი მასწავლებელი კვირაში სამჯერ დეზბელსა და იოსეფს გერმანულში უფასოდ ამეცადინებს. ბიჭები დადიან ტექნიკურ სასწავლებელში, ლტოლვილთათვის განკუთვნილ სპეციალურ კლასში, სკოლის შემდეგ კი შულტეს სამზარეულოში მოდიან. შულტე მათ ყავითა და ნამცხვრებით უმასპინძლდება. დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ, შულტემ ბიჭებს უთხრა, რომ გერმანიაში ყავის ხმამაღლა ხვრეპა უწესობაა. იოსეფმა უპასუხა, ეს ერიტრეაშიც უწესობაა, ამას ბებიაჩემიც ამბობდაო.
როტენბურგში, იაკობ გრიმის სახელობის სკოლის პენსიონერმა მასწავლებლებმა (სადაც დამი ათწლეულების განმავლობაში ასწავლიდა), პირველად გაუწიეს ორგანიზება თავშესაფარში გერმანულის კურსების ჩატარებას. ერთ დილას რამდენიმე საათი გოტფრიდ ვაკერბართთან ერთად გავატარე. რადგან ბაზის მოსახლეობა მუდმივად ახლდება, არ იცოდა, იმ დღეს ვისთვის უნდა ჩაეტარებინა გაკვეთილი. 12-დან 35 წლამდე ასაკის ხუთი ავღანელი გაფაციცებული უცქერდა მასწავლებელს. ვაკერბართი მათ პიქტოგრამების საშუალებით ასწავლიდა – „ბ“ ნიშნავს „ბანანს“, „გ“ – „გერმანიას“…
გვერდით 35 წლის ზარიელი მეჯდა. მალევე გაირკვა, რომ მან წერა-კითხვა მშობლიურ, დარის ენაზეც კი არ იცოდა. ბიჭებმა სწრაფად გადაასწრეს სავარჯიშოებში. ვუყურე, თუ როგორ წვალობდა ასოების ნახატებივით გადმოწერას; ხოლო, როდესაც ერთმა მოსწავლემ დაფაზე დარის ენაზე ბატიფეხურად დაწერა სიტყვა, ზარიელის მაგივრად დავიღალე არა მის მიერ ავღანეთიდან გამოვლილი გრძელი გზის გამო, არამედ ბევრად უფრო ხანგრძლივად სავალი, სწავლის გზის გამო.
ამ კლასში მოსწავლეები პირველად უსინჯავდნენ გემოს გერმანულს და ხვდებოდნენ თანაგრძნობით აღსავსე ადამიანს. „როცა ქალაქში შემთხვევით გადაეყრები, ისინი გესალმებიან: „გამარჯობა, მასწავლებელო!“ და ისე უხარიათ, როცა ცნობ“, მეუბნება ვაკერბართი. ერთ ნაშუადღევს 43 წლის სირიელ კაცს შევხვდი, უკვე ორი წელია გერმანიაში ცხოვრობს და ენის ექვსთვიანი კურსიც გაიარა. მისაღებ ოთახში ვისხედით, მისი ცოლის გამომცხვარ ნამცხვარს მივირთმევდით და არაბი თარჯიმნის დახმარებით ვლაპარაკობდით. მასპინძელმა მოგვიბოდიშა, ჩემს ასაკში ვერ გამოვდექი კარგი მოსწავლეო.
აჰმადი (გვარით არ ვიხსენიებ, რადგან მრავალი ლტოლვილის მსგავსად მასაც ეშინია გვარის გამხელა, რომ სამშობლოში დარჩენილი ნათესავები საფრთხეში არ ჩააგდოს) დამასკოში ელექტრიკოსი იყო. ეგვიპტეში, სადაც მისი ოჯახი გაიქცა, თავი არასასურველ სტუმრებად აგრძნობინეს. გერმანიამ კი მისცა თავშესაფარი, კეთილდღეობა და ეს ბინა როტენბურგის ცენტრში. ის ძა-ლიან მადლიერი იყო. თუმცა ისევ არ ჰქონდა სამსახური, რაც უკვე ძალიან ანერვიულებდა.
„დავდივარ სუპერმარკეტში, ვაჟი სკოლაში მიმყავს, ისე გარეთ არ გავდივარ, რადგან მრცხვენია, ვინმემ არ მკითხოს, რას საქმიანობო. ჩვენი კარის წინ ბევრს ვგვი. რამე ხომ უნდა ვაკეთო“. აინტერესებდა, ჩემი აზრით, ნებას თუ დართავდნენ, ახლომდებარე მოხუცთა თავშესაფარი უფასოდ დაელაგებინა.
ჩუმად გვისმენდნენ აჰმადის 16, 14 და 8 წლის ვაჟები. ისინი უკვე წელიწადნახევარია სწავლობენ გერმანულ სკოლებში; უფროსები იაკობ გრიმის სკოლაში დადიან და გამართულად ლაპა-რაკობენ გერმანულად. 16 წლისას ვიწრო მოკლესახელოიანი მაისური ეცვა წარწერით „პარიზი“, ფრანგულ და არაბულ ენებზე – 2015 წლის ნოემბრის ტერაქტების მსხვერპლთა თანაგრძნობის ნიშნად. პარიკმახერობა უნდა და ამისთვის ქუჩის გაყოლებაზე მდებარე სალონში სტაჟირებასაც გადიოდა. 14 წლის ბიჭი უნივერსიტეტში ფიქრობს სწავლის გაგრძელებას. მასწავლებელს უთქვამს, ბევრ გერმანელზე უკეთ წერო. ის ფეხბურთის გუნდში ცენტრალური თავდამსხმელია.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიამ 50 მილიონამდე იმიგრანტი მიიღო. იქ მცხოვრები რვა ადამიანიდან ერთი სხვა ქვეყანაშია დაბადებული. მიუხედავად ამისა, როცა 2015 წლის პირველ ივნისს ანგელა მერკელმა საჯაროდ განაცხადა, რომ გერმანია არის „Einwanderungsland“ – „იმიგრაციის ქვეყანა“ –„ფრანკფურტ ალგემაინე ცაიტუნგმა“ ამ განცხადებას „ისტორიული“ უწოდა. ათწლეულების განმავლობაში მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU) ამ განსაზღვრებას უარყოფდა და „საოცნებო გერმანიას“ ამჯობინებდა. „ჩვენ წარმოვადგენდით იმიგრაციის ქვეყანას, რომელიც ამ რეალობას უარყოფდა“, მითხრა მარტინ ლაუტერბახმა, „BAMF“-ის – მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერაციული სამსახურის ინტეგრაციის პროგრმის ხელმძღვანელმა.
პირველი ემიგრანტები ეთნიკური გერმანელები იყვნენ, ომის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპიდან გამოდევნილი 12 მილიონამდე ადამიანი. ისინი ჩამოვიდნენ დაბომბილ და გაღარიბებულ ქვეყანაში. გერმანელობის მიუხედავად, ხშირად მათ ძალიან ცუდად ხვდებოდნენ. ბუნდესტაგში CDU-ს წარმომადგენელმა ერიკა შტაინბახმა თავისი ისტორია მიამბო. ის დედამისთან და ჩვილ დასთან ერთად პოლონეთიდან გამოქცეულა. მათ ერთი ფერმისთვის მიუღწევიათ. როცა დედამ ბავშვისთვის რძე მოითხოვა, ფერმერმა ასეთი პასუხი გასცა: „თქვენ ყველანი ტარაკნებზე უარესი ხართ“. „თბილად არავინ დაგვხვედრია“ – მითხრა შტაინბახმა.
უარეს დღეში იყვნენ თურქები. 1950-იან და 60-იან წლებში ეკონომიკა სწრაფად ვითარდებოდა და დასავლეთ გერმანიას მუშები სჭირდებოდა. მუშებს ჯერ იტალიიდან, შემდეგ საბერძნეთიდან და ესპანეთიდან ქირაობდნენ, მაგრამ ყველაზე დიდი რაოდენობით – თურქეთიდან. უმეტესად, მხოლოდ მამაკაცები ჩამოდიოდნენ და მუშაობდნენ ქარხნებსა და მშენებლობებზე, ოთახებს იყოფდნენ ბარაკებსა და საერთო საცხოვრებლებში. თავიდან არც ერთი მხარე ფიქრობდა, რომ ეს ხალხი დარჩებოდა – ისინი „Gastarbeiter“, ანუ „სტუმრად ჩამოსული მუშები“ იყვნენ. ერთი-ორ წელიწადში თავიანთ სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ, დანაზოგი წაეღოთ და სხვა „სტუმრებისთვის“ დაეთმოთ ადგილი.
ასეთი იყო გეგმა, მაგრამ სულ სხვა რეალობა დადგა; დამქირავებლებს აღარ სურდათ დაეკარგათ მათ მიერ გაწვრთნილი მუშები. მარტოხელა მუშებმა ოჯახებიც ჩამოიყვანეს. ფატიჰ ევრენის მამამაც წამოიყვანა ცოლი და სამი შვილი, ფატიჰი კი გერმანიაში დაიბადა. „გარკვეული დროის შემდეგ მამაჩემი აქ დაფუძნდა, – მითხრა ევრენმა, – უხაროდათ, რომ გერმანიაში ფულს კარგად შოულობდნენ“. დღეს ევრენი თურქულ-ისლამური თემის ცენტრისა და 1983 წელს მამამისის დახმარებით დაარსებული მეჩეთის მდივანია ბებრაში, როტენბურგიდან რვა კილომეტრში, მუშათა ქალაქში.
„გასტარბაიტერების“ პროგრამა 1973 წელს შეჩერდა, როცა არაბული ნავთობის ემბარგომ რეცესია გამოიწვია. მაგრამ დღეს დაახლოებით სამ მილიონამდე თურქული წარმომავლობის ადამიანი ცხოვრობს გერმანიაში და მხოლოდ ნახევარია გერმანიის მოქალაქე. ზოგი მათგანი ცნობილი ადამიანიც გახდა. ასეთია ჩემ ოზდემირი, მწვანეთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. მიუხედავად ამისა, ძალიან გამიკვირდა გერმანიისადმი გაორებული დამოკიდებულება, რაც ჩვეულებრივ თურქებთან საუბრისას შევნიშნე.
„ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში „სტუმრად“ ყოფნა – საშინელებაა“ – მითხრა აიშა კოსე კუჩუკმა, სოციალურმა მუშაკმა კროიცბერგიდან. ესაა ბერლინის მეზობლად მდებარე რაიონი, სადაც ბევრი თურქი ცხოვრობს. აიშა ბერლინში 11 წლისა ჩამოვიდა და უკვე 36 წელია აქ ცხოვრობს. მაგრამ ამ საზოგადოების ნაწილად მაინც ვერ აღიქვამს საკუთარ თავს: „ჩემი შვილები, რომელთათვისაც არასდროს მითქვამს – „თქვენ, თურქები ხართ“, მეოთხე კლასიდან ამბობენ: „ჩვენ ვართ თურქები“, რადგან ისინი გარიყეს. ეს ძალიან მტკივნეულია“. თუმცა კროიცბერგი მაინც მისი საყვარელი სახლია.
„ჩვენ ვცხოვრობთ აქ, დავიბადეთ და გავიზარდეთ აქ. მაგრამ ადგილი, რომელსაც გულით შევიგრძნობ, თურქეთია“, ამბობს 34 წლის ალი ტეჩიმენი (უკანა რიგში, ცისფერ ქურთუკში). მისი ბებია და ბაბუა (წინა რიგში) 1970 წელს ჩამოვიდნენ გერმანიაში დროებით მუშებად, როცა დედამისი (მარჯვნივ) ბავშვი იყო. ეს ოჯახი, ტეჩიმენის მეუღლისა (მარცხნივ) და ორი ბავშვის ჩათვლით, ბერლინში ცხოვრობს.
სირიელები გერმანიაში „ასე ვატარე ჩემი ქალიშვილი ჩვენს გზაზე“, ამბობს მუჰამედ ჯუმა, დამასკელი კარისკაცი, რომელიც ფოტოზე 10 წლის ფარასთან ერთადაა. როცა ეს ფოტო გადაიღეს, მისი ცოლი და ვაჟი საბერძნეთში გაიჭედნენ. ჯუმამ „უბრალო და ნორმალური ცხოვრება და ამ კოშმარის დასრულება“ ინატრა.
სირიელები გერმანიაში „აქ ხალხი ნამდვილად თავისუფალია, მე ამას ვხედავ და მიხარია მათ გამო“, ამბობს 53 წლის აკრამ კუჯერი გერმანიის შესახებ. კუჯერმა, ეთნიკურმა ქურთმა, სახლ-კარი და ჯინსის ფაბრიკა მიატოვა სირიაში. ამბობს, ჩემს ოჯახს ემუქრებოდნენო.
სირიელები გერმანიაში „რუსული ავიაცია დღისით უტევს; კოალიცია (აშშ და მოკავშირეები) – ღამით“, ამბობს 36 წლის იასერი; ზურგს აქცევს კამერას, ეშინია, რადგან მათი ნათესავი ISIS-ს შეუერთდა ერ-რაკაში. მისი ოჯახი ბერლინში უსაფრთხოდაა.
ალჟირელები საფრანგეთში „ვგრძნობ, რომ შემიძლია ვიყო 100 პროცენტით ფრანგი და 100 პროცენტით ალჟირელი“, ამბობს 10 წლის მასილ მუზაუი (მარჯვნივ). 8 წლის ძმა ილიასიც კვერს უკრავს. ბავშვები პარიზში ცხოვრობენ.
ალჟირელები საფრანგეთში „პირბადეს მუდმივად არ ვატარებ, ვიკეთებ, როცა უნივერსიტეტს ვტოვებ და მეჩეთში მივდივარ“, ამბობს 23 წლის იკრამ ჩაჰმი-ღეიდენე. ტერორიზმს გამოქცეული მისი ოჯახი პარიზში ჩამოვიდა, როცა ის რვა წლისა იყო. აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობს.
სომალელები შვედეთში „ეს ქვეყანა მომწონს, მისი სტუმართმოყვარეობის გამო. აქაურები ლტოლვილებს კეთილგანწყობით ხვდებიან“, ამბობს 32 წლის მუჰამედ ალი ოსმანი, რომელიც მეუღლეს 2012 წელს შეუერთდა შვედეთში. მაგრამ, ენის ბარიერის გამო, აქ მუშაობა უჭირს.
სომალელები შვედეთში „მე ჩემს თავს სომალელად მივიჩნევ და ვფიქრობ, მუდამ სომალელი ვიქნები. შვედეთში ჩამოვედი, რათა მშვიდობა მეპოვა“, ამბობს 16 წლის ასად აბდიასიზ დაჰირი. მოგადიშოში მას აიძულებდნენ, შეერთებოდა სამხედრო ისლამისტურ დაჯგუფება „აშ-შაბაბს“.
ინდოელები დიდ ბრიტანეთში „მე აქ დავიბადე. მე ნამდვილი ლონდონელი ვარ. აქ თავს ყოველთვის სასურველად ვგრძნობდი“, ამბობს 26 წლის სკოლის მასწავლებელი შარანჯიტ პადა. მას სურს, რომ იმიგრანტები მიიღონ, ასევე, უნდა, მათაც შეითვისონ ბრიტანული კულტურა.
ინდოელები დიდ ბრიტანეთში „1970 წელს აქ მეუღლეს ინდოეთიდან ჩამოვყევი. სურდა, რომ განათლება მიეღო და შვილები უკეთ ერჩინა“, ამბობს 92 წლის ნიჩატარ პალი. მას შემდეგ, მისი ლონდონური ოჯახი გაიზარდა და ახლა შვილიშვილი პადაც (მოპირდაპირე მხარეს) ჰყავთ.
თურქები გერმანიაში „მე თურქი ვარ და თურქივით ვცხოვრობ. ჩემთვის, გერმანია უბრალოდ საცხოვრებელი ადგილია. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ხვალვე უკან დავბრუნდებოდი“, ამბობს 72 წლის ალი რიზა დურმუსი, რომელსაც სასურსათო მაღაზია აქვს ბერლინის „მცირე სტამბოლში“.
თურქები გერმანიაში „მე თავს ვგრძნობ თურქადაც, გერმანელადაც, ადამიანადაც და ლესბოსელადაც“, ამბობს დიჯეი იპეკ იპეკჩიოღლუ, რომელიც ბერლინში გაიზარდა. მისი თქმით, გერმანიას ჯერ კიდევ უჭირს თურქი დროებითი მუშების შვილებისა და შვილიშვილების გერმანელებად მიღება.
1960 წლიდან კროიცბერგის რაიონი კარგი ნავსაყუდელია თურქი იმიგრანტებისთვის. მაშინ გერმანია მცირედ გაისარჯა მათ მისაღებად. ახლა კი, იმიგრაციის ამ ახალი ტალღისას, „ვისწავლეთ გაკვეთილი“, ამბობს გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, მიხაელ როთი.
გასულ ზამთარს ახლო აღმოსავლეთიდან დაახლოებით 2000 ლტოლვილს, მათ შორის, 55 წლის სირიელ ქურთს, ზეინაბს, რომელიც ვაჟთან ერთად მოგზაურობდა, მისცეს თავშესაფარი ტემპელჰოფის აეროპორტის ანგარში. ბერლინის ეს აეროპორტი 2008 წელს დაიხურა.
ბერლინში ქორწილის წინა დღეს სერკან ჩავანზე მითხოვებას პატარძალი გიოზდე საკალი აღნიშნავს ტრადიციული თურქული „ინის ღამით“. ამ დროს მეგობრები ცეკვავენ და მღერიან, ხოლო მომავალი დედამთილი ხელისგულებს ინით უღებავს პატარძალს, რაც ქალწულობის დაკარგვას მოასწავებს.
„ჩვენ ვცხოვრობთ აქ, დავიბადეთ და გავიზარდეთ აქ. მაგრამ ადგილი, რომელსაც გულით შევიგრძნობ, თურქეთია“, ამბობს 34 წლის ალი ტეჩიმენი (უკანა რიგში, ცისფერ ქურთუკში). მისი ბებია და ბაბუა (წინა რიგში) 1970 წელს ჩამოვიდნენ გერმანიაში დროებით მუშებად, როცა დედამისი (მარჯვნივ) ბავშვი იყო. ეს ოჯახი, ტეჩიმენის მეუღლისა (მარცხნივ) და ორი ბავშვის ჩათვლით, ბერლინში ცხოვრობს.
სირიელები გერმანიაში „ასე ვატარე ჩემი ქალიშვილი ჩვენს გზაზე“, ამბობს მუჰამედ ჯუმა, დამასკელი კარისკაცი, რომელიც ფოტოზე 10 წლის ფარასთან ერთადაა. როცა ეს ფოტო გადაიღეს, მისი ცოლი და ვაჟი საბერძნეთში გაიჭედნენ. ჯუმამ „უბრალო და ნორმალური ცხოვრება და ამ კოშმარის დასრულება“ ინატრა.
სირიელები გერმანიაში „აქ ხალხი ნამდვილად თავისუფალია, მე ამას ვხედავ და მიხარია მათ გამო“, ამბობს 53 წლის აკრამ კუჯერი გერმანიის შესახებ. კუჯერმა, ეთნიკურმა ქურთმა, სახლ-კარი და ჯინსის ფაბრიკა მიატოვა სირიაში. ამბობს, ჩემს ოჯახს ემუქრებოდნენო.
სირიელები გერმანიაში „რუსული ავიაცია დღისით უტევს; კოალიცია (აშშ და მოკავშირეები) – ღამით“, ამბობს 36 წლის იასერი; ზურგს აქცევს კამერას, ეშინია, რადგან მათი ნათესავი ISIS-ს შეუერთდა ერ-რაკაში. მისი ოჯახი ბერლინში უსაფრთხოდაა.
ალჟირელები საფრანგეთში „ვგრძნობ, რომ შემიძლია ვიყო 100 პროცენტით ფრანგი და 100 პროცენტით ალჟირელი“, ამბობს 10 წლის მასილ მუზაუი (მარჯვნივ). 8 წლის ძმა ილიასიც კვერს უკრავს. ბავშვები პარიზში ცხოვრობენ.
ალჟირელები საფრანგეთში „პირბადეს მუდმივად არ ვატარებ, ვიკეთებ, როცა უნივერსიტეტს ვტოვებ და მეჩეთში მივდივარ“, ამბობს 23 წლის იკრამ ჩაჰმი-ღეიდენე. ტერორიზმს გამოქცეული მისი ოჯახი პარიზში ჩამოვიდა, როცა ის რვა წლისა იყო. აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობს.
სომალელები შვედეთში „ეს ქვეყანა მომწონს, მისი სტუმართმოყვარეობის გამო. აქაურები ლტოლვილებს კეთილგანწყობით ხვდებიან“, ამბობს 32 წლის მუჰამედ ალი ოსმანი, რომელიც მეუღლეს 2012 წელს შეუერთდა შვედეთში. მაგრამ, ენის ბარიერის გამო, აქ მუშაობა უჭირს.
სომალელები შვედეთში „მე ჩემს თავს სომალელად მივიჩნევ და ვფიქრობ, მუდამ სომალელი ვიქნები. შვედეთში ჩამოვედი, რათა მშვიდობა მეპოვა“, ამბობს 16 წლის ასად აბდიასიზ დაჰირი. მოგადიშოში მას აიძულებდნენ, შეერთებოდა სამხედრო ისლამისტურ დაჯგუფება „აშ-შაბაბს“.
ინდოელები დიდ ბრიტანეთში „მე აქ დავიბადე. მე ნამდვილი ლონდონელი ვარ. აქ თავს ყოველთვის სასურველად ვგრძნობდი“, ამბობს 26 წლის სკოლის მასწავლებელი შარანჯიტ პადა. მას სურს, რომ იმიგრანტები მიიღონ, ასევე, უნდა, მათაც შეითვისონ ბრიტანული კულტურა.
ინდოელები დიდ ბრიტანეთში „1970 წელს აქ მეუღლეს ინდოეთიდან ჩამოვყევი. სურდა, რომ განათლება მიეღო და შვილები უკეთ ერჩინა“, ამბობს 92 წლის ნიჩატარ პალი. მას შემდეგ, მისი ლონდონური ოჯახი გაიზარდა და ახლა შვილიშვილი პადაც (მოპირდაპირე მხარეს) ჰყავთ.
თურქები გერმანიაში „მე თურქი ვარ და თურქივით ვცხოვრობ. ჩემთვის, გერმანია უბრალოდ საცხოვრებელი ადგილია. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ხვალვე უკან დავბრუნდებოდი“, ამბობს 72 წლის ალი რიზა დურმუსი, რომელსაც სასურსათო მაღაზია აქვს ბერლინის „მცირე სტამბოლში“.
თურქები გერმანიაში „მე თავს ვგრძნობ თურქადაც, გერმანელადაც, ადამიანადაც და ლესბოსელადაც“, ამბობს დიჯეი იპეკ იპეკჩიოღლუ, რომელიც ბერლინში გაიზარდა. მისი თქმით, გერმანიას ჯერ კიდევ უჭირს თურქი დროებითი მუშების შვილებისა და შვილიშვილების გერმანელებად მიღება.
1960 წლიდან კროიცბერგის რაიონი კარგი ნავსაყუდელია თურქი იმიგრანტებისთვის. მაშინ გერმანია მცირედ გაისარჯა მათ მისაღებად. ახლა კი, იმიგრაციის ამ ახალი ტალღისას, „ვისწავლეთ გაკვეთილი“, ამბობს გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, მიხაელ როთი.
გასულ ზამთარს ახლო აღმოსავლეთიდან დაახლოებით 2000 ლტოლვილს, მათ შორის, 55 წლის სირიელ ქურთს, ზეინაბს, რომელიც ვაჟთან ერთად მოგზაურობდა, მისცეს თავშესაფარი ტემპელჰოფის აეროპორტის ანგარში. ბერლინის ეს აეროპორტი 2008 წელს დაიხურა.
ბერლინში ქორწილის წინა დღეს სერკან ჩავანზე მითხოვებას პატარძალი გიოზდე საკალი აღნიშნავს ტრადიციული თურქული „ინის ღამით“. ამ დროს მეგობრები ცეკვავენ და მღერიან, ხოლო მომავალი დედამთილი ხელისგულებს ინით უღებავს პატარძალს, რაც ქალწულობის დაკარგვას მოასწავებს.
„ჩვენ მუშებად ჩამოვედით და მუშებადაც ვართ ინტეგრირებულები, მაგრამ არა როგორც მეზობლები და თანამოქალაქეები“, ამბობს აჰმედ სოზენი, ბერლინში დაბადებული 44 წლის თურქი. ამიხსნა, რომ არ შეუძლია სრულად ინტეგრირება საზოგადოებაში, რომელსაც მამამისი არ მიეკუთვნება. მეორე მხრივ, ევრენის თქმით, ბებრაში ყველა ერთმანეთს იცნობს და თურქები ქალაქის მოედანზე ყოველწლიურ კულტურულ ფესტივალს მართავენ; ინტეგრაციამ იმუშავა. აჰმედი დაიბადა და გაიზარდა გერმანიაში, გერმანელი მეგობრებიც ჰყავს, მაგრამ მისი სურვილია თურქეთის მიწას მიაბარონ.
გერმანიის შრომის სააგენტოს მონაცემებით, ხუთი წლის შემდეგ ლტოლვილთა ნახევარი კვლავ დაუსაქმებელი იქნება.
გერმანულ საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია არასდროს ყოფილა ადვილი, თვით გერმანელისთვისაც კი. კრისტიან გრუნვალდის დედის მშობლები ლტოლვილები იყვნენ – ეთნიკური გერმანელები ჩრდილოეთ სერბეთიდან, რომლებიც ომის შემდეგ როტენბურგში დასახლდნენ. ალჰაიმერ-კაზერნეში ყოფნისას, გრუნვალდის დედამ ერთი ამბავი მომიყვა; ჩვენ ძველ საყარაულო შენობაში ვიყავით, გარშემორტყმულნი ცხაურიანი საკნებით, რომლებიც სავსე იყო შემოწირული ტანსაცმლითო; გიზელა გრუნვალდი წითელი ჯვრის იმ პროგრამის კოორდინატორია, რომელიც ახლანდელ ლტოლვილებს ტანსაცმლით ამარაგებს.
გიზელას დედა ახლა სამედიცინო მომსახურების მქონე მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს. ის გერმანელია და 65 წელი გაატარა როტენბურგში, მისი შვილიშვილი კი ცნობილი მაიორია. და მაინც, ცოტა ხნის წინ „ვიღაც მივიდა მასთან და უთხრა: „შენ არა ხარ გერმანელი“. როგორც ჩანს, ქალმა სერბეთიდან გამოყოლილი აქცენტი ბოლომდე ვერ მოიშორა.
გერმანიამ ისწავლა თურქებთან და სხვა იმიგრანტებთან მიღებული გამოცდილებით. გასული 16 წლის განმავლობაში მან შეარბილა მოქალაქეობასთან დაკავშირებული კანონები. 2000 წლამდე, ჩვეულებრივ, გერმანული სისხლი უნდა გქონოდათ – ერთი მშობელი მაინც გერმანელი უნდა გყოლოდათ – გერმანიის მოქალაქე რომ გამხდარიყავით. დღეს, თუ ადამიანს რვა წლის განმავლობაში კანონიერად უცხოვრია გერმანიაში ან ასეთ პირს შეეძინა შვილი, შეუძლია ქვეყნის მოქალაქე გახდეს.
მეტიც, 2005 წელს მიღებული კანონის თანახმად, გერმანიის მთავრობა უზრუნველყოფს ინტეგრირების კურსებს – მინიმუმ 600-საათიან ენის სწავლებასა და 60-საათიან წვრთნას გერმანულ ცხოვრების წესთან დაკავშირებით – იმ პირთათვის, ვინც მიიღო ან, სავარაუდოდ, მიიღებს თავშესაფარს. BAMF-ს სამსახურში აჰყავს ათასობით ახალი თანამშრომელი, რათა დაამუშაოს თავშესაფრის მისაღებად შემოტანილი ასობით ათასი განცხადება. ამასთან, ეს სამსახური წელს კი-დევ ნახევარ მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას დებს ინტეგრირების პროგრამებში. სამსახურის გათვლით, 2016 წელს 546 000 ადამიანი გაივლის ამ კურსს.
დღეს გერმანიის ზომიერი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ქვეყანას სჭირდება იმიგრანტები. წელიწადში საშუალოდ 200 000-ით აჭარბებს სიკვდილიანობა შობადობას და ეს მაჩვენებელი თანდათან იზრდება. იმიგრაციის გარეშე კი გაგრძელდებოდა მოსახლეობის რაოდენობის შემცირება. მოსახლეობისა და განვითარების ბერლინის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვარაუდით, შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობის მუდმივად შესანარჩუნებლად – იმ ხალხის, ვინც აფინანსებს პენსიებს პენსიონერთა მზარდი ჯგუფებისთვის – 2050 წლისთვის გერმანიას დასჭირდება სუფთა იმიგრაცია წელიწადში ნახევარი მილიონი კაცის ოდენობით.
პრობლემა ისიცაა, რომ მრავალი ლტოლვილი არ წარმოადგენს იმ კვალიფიციურ სამუშაო ძალას, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ლტოლვილთა დიდი ნაწილი მზადაც კი არაა, რომ გერმანული სწავლების პროგრამები გაიაროს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ლტოლვილთა 15 პროცენტი გაუნათლებელია. ბევრს კი გერმანული სტანდარტებით არ უსწავლია.
ბად-ჰერსფელდში მდებარე პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში მოვინახულე იმიგრანტების ოთხი კლასი. აქ მათ ორი წლის განმავლობაში უნდა შეითვისონ, მე-10 კლასის დიპლომის-თვის საჭირო, ენასთან დაკავშირებული უნარები და ცოდნა. ეს მათ გზას გაუხსნის სასწავლო პროგრამებისკენ. უმრავლესობა საკმაოდ მოზრდილი იყო მე-10 კლასისთვის. მაშინვე ვიცანი მუსტაფა, სევდიანი გამომეტყველების 17 წლის ავღანელი, რომელსაც წინა დღეს შევხვდი ლტოლვილი ბიჭების თავშესაფარში. ამ თავშესაფარში ფოლკერ დამი ასწავლის. მუსტაფამ მითხრა, რომ ბედნიერია გერმანიაში, არა მარტო იმიტომ, რომ უსაფრთხოდაა, არამედ იმიტო-მაც, რომ სკოლაში სიარული შეუძლია.
ბად-ჰერსფელდის სასწავლებლის დირექტორის, დირკ ბოილზსჰაუზენის თქმით, იმიგრანტთა უმეტესობა „მისთვის ბოძებულ სწავლის უფლებას ჯილდოდ აღიქვამს. ბევრი გერმანელი კი სწავლას მოვალეობად თვლის, ხოლო მოვალეობა მუდამ არასასიამოვნოა“. თუმცა სწავლის უდიდესი სურვილის მიუხედავად, არსებობს შესაძლებლობების ზღვარიც. სოციალური მუშაკი იოანა მეცი ფიქრობს, რომ პროგრამაში მონაწილე იმიგრანტთა დაახლოებით ნახევარი ვერ აიღებს დიპლომს: „პრობლემა ისაა, რომ წარმოუდგენლად დიდი მასალის დაძლევა უწევთ. ფაქტობრივად, 48-საათიანი დღე სჭირდებათ“.
ლტოლვილები, რომლებიც საკმარისად ახალგაზრდები არიან სწრაფი ადაპტაციისთვის, მაგალითად, აჰმადის შვილები, შესაძლოა, გერმანიისთვის სუფთა ეკონომიკური პლუსი იყვნენ. ზოგადად კი, ლტოლვილ მოსახლეობაზე რამის თქმა ჯერ ნაადრევია. შრომის ფედერაციული სააგენტოს მონაცემებით, ხუთი წლის შემდეგ ლტოლვილთა ნახევარი კვლავ დაუსაქმებელი იქნება, 12 წლის შემდეგ – მეოთხედი.
თუმცა მათი შეფარების ძირითადი საფუძველი ჰუმანიტარული იყო და არა ეკონომიკური. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ მერყეობს. ის რამდენიმე კაცი, ვინც მზადაა, თავშესაფარს „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინოს ან კანცლერი შეურაცხმყოფელი სიტყვებით შეამკოს, მხოლოდ აისბერგის წვერია, რომლის ქვემოთაც მშვიდობიანი და ჩუმი გერმანელები დგანან და რომელთაც შინაგანად არ სურთ საკუთარ ქვეყანაში ამდენი იმიგრანტის ხილვა, განსაკუთრებით, მუსლიმების.
გერმანელების დიდი უმრავლესობა იმიგრაციასა და ისლამს ინტელექტისა და გონების წყალობით ხვდება კეთილგანწყობით, მაგრამ ემოციურ დონეზე, არც ისე ბევრიო, მითხრა ინტეგრაციისა და მიგრაციის კვლევის ბერლინის ინსტიტუტის პოლიტოლოგმა, ნაიკა ფორუტანმა. 2014 წელს, პარიზისა და ბრიუსელის ტერორისტულ აქტებამდე და ლტოლვილთა დიდი ტალღის მოსვლამდე, ფორუტანის ჯგუფმა გერმანიის 8270 მაცხოვრებელი გამოკითხა. კვლევით გაირკვა, რომ დაახლოებით 40 პროცენტს მიაჩნდა, რომ შეუძლებელია იყო გერმანელი, თუ თავსაფარს ატარებ. 40 პროცენტი შეზღუდავდა ქალაქის ცენტრში მეჩეთების მშენებლობას. 60 პროცენტზე მეტი აკრძალავდა წინადაცვეთას და ბოლოს, 40 პროცენტს სჯეროდა, რომ თუ გერმანელობა გინდა, უაქცენტოდ უნდა ლაპარაკობდე.
ჯერ კიდევ ტერორისტულ აქტებამდე და ახალი წლის ღამეს კელნის რკინიგზის სადგურთან მომხდარ საშინელ ინციდენტებამდეც (როცა იმიგრანტები, რომელთაგან ნახევარი ჩრდილოეთ აფრიკელი იყო, ასობით ქალს დაესხნენ თავს სექსუალურ ნიადაგზე) მრავალი გერმანელი მუს-ლიმებს საფრთხედ აღიქვამდა. ეს გრძნობა კვებავს პოლიტიკური მემარჯვენე ფრთის გამოცოცხლებას. „არ მჯერა, რომ შესაძლებელია ხალხის ამხელა მასის ინტეგრაცია“, – მითხრა პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ბიორნ ჰოკემ. მარტის არჩევნების შემდეგ, ამ პოპულისტურ პარტიას წარმომადგენლები ჰყავს გერმანიის ფედერაციული საკანონმდებლო ორგანოების 50%-ში. ჰოკე პარტიის წარმომადგენლობას თიურინგიის ფედერაციულ მხარეში ხელმძღვანელობს. მისი აზრით, იმიგრაციამ ძირი გამოუთხარა „ნდობით გამსჭვალულ საზოგადოებას“, რომელიც ოდესღაც არსებობდა გერმანიაში და AfD „ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობის უკანასკნელი შესაძლებლობაა“.
ჰოკე შიშსა და ზიზღს იწვევს ბევრ გერმანელში. „ღმერთო ჩემო!“ წამოიძახა დამმა, როცა გაიგო, რომ ჰოკესთან მივდიოდი. პირად ურთიერთობაში ჰოკე საღად მსჯელობს და თითქმის მშვიდია; რამდენიმე წლის წინ ის ისტორიის მასწავლებელი იყო. მაგრამ როდესაც მისი გამოსვლები ფარული ნაციონალიზმის გამოძახილს იწვევს AfD-ს აქციებზე ერფურტში და მაშინ, როცა ის საკათედრო ტაძრის მოედანზე მიუძღვება ბრბოს, რომელიც მღერის „Wir sind das Volk“ – „ჩვენ ვართ ხალხი“ (რაც ნიშნავს გერმანელ ხალხს, რომლის „მოსპობაც“ ვითომდა სურს მერკელს იმიგრაციის საშუალებით), ბევრს ნაცისტები ახსენდება. „სპორტის სასახლე, 1943 წელი“, მეუბნება კრისტიან გრუნვალდი – იოზეფ გებელსის სამარცხვინო გამოსვლას გულისხმობს.
თუმცა ჰოკეს შეშფოთების ზოგიერთ მიზეზს მრავალი გერმანელი იზიარებს, რასაც ძალიან შეუწყო ხელი გასულ ზაფხულს მოზღვავებულ ლტოლვილთა თავდასხმებმა. შარშან მარტში ჰესენში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში რვიდან ერთმა როტენბურგელმა ამომრჩეველმა AfD-ს მისცა ხმა; საქსონია-ანჰალტის ფედერაციული მხარის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში კი იმავე პარტიას – ყოველმა მეოთხემ. ძნელია ამდენი ხალხის „კუთხეში დაყენება ნაცისტური შეხედულების გამო“. მაინც, რისი ეშინიათ მათ?
ამ კითხვაზე ერთსიტყვიანი პასუხია: „Parallelgesellschaften“ ანუ „პარალელური საზოგადოებები“. „ქალაქების ის ნაწილები, სადაც ვერ მიხვდებით, რომ გერმანიაში ხართ“, როგორც ჰოკე განმარტავს. ეს ტერმინი საფრთხობელაა თვით ზომიერი შეხედულებების მქონე გერმანელებისთვისაც. ამერიკელის აღქმით, ეს ბევრად მიმზიდველი სურათია – „ჩინური კვარტლისა“ თუ „მცირე იტალიის“ მსგავსი. დღეს რატომ ვერ იღებენ გერმანელები იმიგრანტებს ანალოგიურად? ამ კითხვას ვუსვამ ერიკა შტაინბახს, რომელიც, თავადაც ყოფილი ლტოლვილია, მაგრამ მერკელის პოლიტიკის ცხარე კრიტიკოსია CDU-ს მემარჯვენე ფრთიდან.
„მე შტატებთან შეჯიბრება არ მსურს“, მითხრა მან უბრალოდ, – „ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა“. შტაინბახმა საფრთხის არსი კურიოზებით ამიხსნა: მის მდივანს ბერლინის რკინიგზის სადგურში უხერხულ ადგილას წაავლო ხელი მამაკაცმა. ქალმა ჩათვალა, რომ ასე მხოლოდ ლტოლვილი მოიქცეოდა; ფრანკფურტში, დაწყებით სკოლაში, მისი პარიკმახერის შვილის კლასში მხოლოდ ორი ადგილობრივი გერმანელი სწავლობდა; ფრანკფურტის CDU-ს აპარატის თანამშრომელს უთქვამს, რომ იმიგრანტების ბანდები დასეირნობენ მთავარ სავაჭრო ქუჩაზე და სახეში აბოყინებენ ხალხს; „ღმერთო, ჩემო! საით მივდივართ?!“.
შტაინბახს ვუთხარი, რომ მე ვნახე გერმანიის ახალი სახეები: ეს იყო აჰმადი, როტენბურგში თავისი ზღურბლის წინ რომ გვის; ორი ბიჭი მამასთან ერთად ბერლინის თავშესაფარში, რომლებიც დაძინებამდე ტირიან საწოლში, თუკი დამასკოში დედას ვერ დაუკავშირდნენ თუ, შარიფი ალეპოში, რომელიც გერმანიას უკანასკნელ შესაძლებლობად თვლიდა, რადგან 2011 წლის, ბრძოლის დაწყების შემდეგ, მის შვილებს სკოლაში აღარ უვლიათ.
ასევე, ვნახე 20 წლის ორსული ქალი ბერლინის იმავე თავშესაფარში. ჩემთან საუბრისას ტირილი აუვარდა, ძალიან ენატრებოდა სირიაში დარჩენილი ოჯახი, გულს უჩუყებდა გერმანელების სიკეთე. ტიროდა იმიტომაც, რომ ახსენდებოდა იმ საშინელ ღამეს განცდილი შიში, როცა განრისხებული ბრბო მოგროვდა გარეთ. მაშინ უნდოდა ეთქვა იმ გერმანელებისთვის, რომ ის აქ არავის არაფერს წაართმევდა.
სიძულვილი შემაძრწუნებელია, თუმცა მე მესმის იმ მღელვარების, რასაც მრავალი გერმანელი განიცდის. ეს თვით აჰმადსაც ესმის: „გერმანელები მართლები არიან, თავიანთ ქვეყანაზე რომ ნერვიულობენ. გერმანია უსაფრთხოებასა და წესრიგსაა ჩვეული. ხალხს ეშინია, რომ ეს შეიცვლება“. მაგრამ მასთან და სხვა მისნაირებთან შეხვედრამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. შტაინბახს ვკითხე, ლტოლვილებთან პირადი ურთიერთობა თუ ჰქონია.
„არა“, მიპასუხა მან.
იმიგრანტების მიმართ მტრული დამოკიდებულება ყველაზე ძლიერად იქ იგრძნობა, სადაც ყველაზე ნაკლებნი არიან – ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის მხარეებში. ქვეყნის ეს ნაწილი დასავლეთ გერმანიასთან შედარებით, დღემდე ღარიბია. შესაძლოა, ქვეყანაში მდიდრებსა და ღარიბებს შორის მზარდი სხვაობაც უწყობდეს ხელს იმიგრანტთა საწინააღმდეგო განწყობებს – თუმცა ნაიკა ფორუტანის აზრით, ლტოლვილების გამო შეშფოთებას არ გააჩნია მატერიალური საფუძველი. გერმანიის ეკონომიკა ძლიერია, უმუშევრობა – დაბალი, მთავრობამ შარშან დამატებით 19,4 მილიარდი ევრო გამოიმუშავა. გერმანიას შეუძლია ლტოლვილთა ინტეგრირება, თანაც, ყველა გერმანელის საკეთილდღეოდ ინვესტირების ინფრასტრუქტურაში. „ეს ნამდვილი ეკონომიკური პანიკა არ არის, ეს კულტურული პანიკაა“.
44 წლის ფორუტანის დედა გერმანელია, მამა – ირანელი ლტოლვილი. ყველაზე მეტად მას განათლების იმედი აქვს: „შეგიძლიათ განათლება მისცეთ ხალხს და ინტეგრაცია თავისთავად მოხდება“. სწორედ ასე შეძლო გერმანიამ, გარკვეული წარმატებით, ანტისემიტიზმის ამოძირკვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკიდურესი ანტისემიტების თაობა გარდაიცვალა, ხოლო ახალი თაობები გაიზარდნენ იმ ტელევიზიის, სკოლისა და დამის მსგავსი პედაგოგების გარემოცვაში, რომლებიც ასწავლიდნენ, რა ჩაიდინეს ნაცისტებმა. ფორუტანის კვლევის თანახმად, ასეთივე ცვლილებაა მოსალოდნელი იმიგრანტებთან დაკავშირებითაც. ახალგაზრდა გერმანელები, სავარაუდოდ, უფრო ადვილად მიიღებენ წინადაცვეთასა და მეჩეთებს.
თუმცა ლტოლვილები ჩამოვიდნენ იმ ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ ხელის ცეცებით ეძებს საკუთარ ახალ იდენტობას – „ახალ გერმანულ ცნებას „ჩვენ“, როგორც პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა უწოდა თავის 2014 წლის სიტყვაში. ფორუტანის თქმით, ეს საკუთარ თავში უფრო ყოვლისმომცველი „ჩვენ“ იმის ნაწილია, რაც გერმანიისთვის თანამედროვეობას გულისხმობს: გახსნილობა მსოფლიოსა და ცვლილებებისთვის. თუმცა, არც მრავალი მუსლიმი იმიგრანტია მთლიანად გახსნილი და თანამედროვე. 2013 წლის კვლევის თანახმად, მათი დაახლოებით 30 პროცენტი ფუნდამენტალისტია: სწამთ, რომ ისლამი უნდა დაუბრუნდეს თავის ფესვებს; საერო კანონებთან შედარებით, უპირატესობაც მის კანონებს უნდა მიენიჭოს. კროიცბერგში, მევლანას მეჩეთში შევხვდი ახალგაზრდა წვერიან მასწავლებელს, სერკან ოზალპაის, რომელიც სხვა მუსლიმებივით საუბრობდა გერმანელებისგან მომდინარე მტრულ დამოკიდებულებაზე. ოზალპაიმ გამაოცა, როცა AfD-ის მსგავსი პათოსით დაიწყო ლაპარაკი: „ლტოლვილები აქაურობას არ ეკუთვნიან. მუსლიმები ამ ქვეყანას არ ეკუთვნიან“. ის თავის მრევლს თურქეთში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, შეაგონებს, რომ ძნელია გერმანიაში ყურანის მიხედვით ცხოვრება.
კიდევ ერთი რამ, რასაც ტრადიციული მუსლიმი მამაკაცები კონფლიქტში შეჰყავს გერმანელებ-თან, ქვეყნის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი, ქალების თანაბარი უფლებებია. მუსლიმს ქა-ლისთვის ხელის ჩამორთმევაც ეკრძალება. კიდევ ერთი პრობლემა ჰომოსექსუალების შეუწყნარებლობაა. ოზალპაისთან შეხვედრიდან მეორე დღეს, ნოიკელნში ერთ სტუდიაში ხელი ჩამოვართვი განსხვავებულ მუსლიმს, ლესბოსელ დიჯეის, იპეკ იპეკჩიოღლუს. ის იმ ბერლინში გაიზარდა, რომელიც ოზალპაის უღმერთოდ მიაჩნია, მას კი უყვარს.
მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. საშუალო სკოლა რომ დაამთავრა, ენას კარგად ვერ ფლობდა და ქვეყანასთანაც არ ჰქონდა ემოციური კავშირი. მან მოსამსახურის ადგილი იპოვა ლონდონში და არც ფიქრობდა გერმანიაში დაბრუნებას. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს თაროდან გოეთეს პოემები გადმოიღო.
ეს დასავლეთ-აღმოსავლეთის ლიტერატურული კრებული იყო, რომელშიც ცნობილი პოეტი – ასევე ცნობილი თავისი „Weltoffenheit“-ით, მსოფლიოსადმი გახსნილობით – ხოტბას ასხამს ისლამს. პოემებმა იპეკჩიოღლუს სული შეძრა. „შეხედეთ ერთი“, ის საკუთარ განცდებს იხსენებს, „გერმანული მართლა ლამაზი ენა ყოფილა“. იპეკი დაბრუნდა ბერლინში. დღეს, გარდა იმისა, რომ მთელ მსოფლიოში უკრავს კლუბებში, საზღვარგარეთ გოეთეს ინსტიტუტისთვის გამოდის ხოლმე სიტყვით – როგორც ახალი გერმანიის წარმომადგენელი.
იპეკჩიოღლუს თქმით, ძველ გერმანიას მრავალი დადებითი მხარე აქვს – მაგალითად, გოეთე, მაგრამ ჯერ კიდევ „ფუნდამენტური პრობლემა ბორკავს, რომ თქვას – გავხსნი ჩემს კულტურას და მას ცვლილების საშუალებას მივცემო“. ერთხელ, იპეკჩიოღლუ ლაიფციგში ანატოლიურ „ჰაუზ“ მუსიკას უკრავდა; საცეკვაო მოედანი გადავსებული იყო. ვიღაც ტიპი ავიდა მასთან და „გერმანული“ მუსიკის დაკვრა მოსთხოვა. პასუხად, იპეკჩიოღლუმ კიდევ უფრო გამალებით განაგრძო ეთნომუსიკის შესრულება.
მას სურდა, რომ ამ ტიპსა და მთელ გერმანიას მიეღოთ გზავნილი: „ჩვენ აქ ვართ. ჩვენ არსად წავალთ. ჩვენ ვაპირებთ, ქალაქი საკუთარ მოთხოვნებს მოვარგოთ“.
„განსხვავებულის შიში ისეთი რამაა, რაც ყველას გვახასიათებს“, მითხრა იპეკჩიოღლუმ. „ეს მხოლოდ გერმანელებს არ სჭირთ“. მაგრამ გერმანელებმა, არც ისე დიდი ხნის წინ, ეს შიში მის ყველაზე საშინელ უკიდურესობამდე – ჰოლოკოსტამდე – მიიყვანეს. შედეგად, ბევრი გერმანე-ლი გრძნობს მის გამოძახილს – საკუთარი თავის შიშს.
„იმ პერიოდში საკმარისად დიდი რომ ვყოფილიყავი, დარწმუნებული ვარ, „SS“-ში ვიქნებოდი“, მითხრა დამმა, „უბრალოდ, იმედი მაქვს, საკონცენტრაციო ბანაკის მცველად არ ვიმუშავებდი“.
„ყინული თხელია“, მითხრა პოლიტ-ანალიტიკოსმა გერდ როზენკრანცმა ბერლინში. ის გულისხმობდა მემარჯვენე ფრთის მიერ გერმანულ პოლიტიკაში უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას. „ჯერ კიდევ შეიძლება ჩაგვიტყდეს. ყინულქვეშ კი, ძველი დროა“.
1939 წლის 9 ნოემბერს „ბროლის ღამე“ ანუ „დამსხვრეული ვიტრინების ღამე“ დადგა მთელ გერმანიაში. მაგრამ ის ჯერ კიდევ ორი დღით ადრე მოსულიყო როტენბურგსა და ბებრაში, სადაც ბრბომ ებრაელებს ფანჯრები ჩაუმსხვრია და სახლები დაურბია. თვით გებელსმა შეაქო რეგიონიო, მითხრა ჰაინრიხ ნუნმა, ისტორიის ყოფილმა მასწავლებელმა და დამის კოლეგამ. ნუნი როტენბურგში დაკარგული ებრაელებისადმი მიძღვნილ პატარა მუზეუმს ინახავს, მდინარე ფულდას პირას მდებარე სახლში, რომელიც ადრე ქალთა მიკვას, სარიტუალო განბანვის ად-გილს წარმოადგენდა.
ერთ ნაშუადღევს მე და დამი ბებრას მუნიციპალიტეტში მივედით, შევუარეთ ული რათმანს, 56 წლის დაკუნთულ მოკლეთმიან კაცს, რომელიც ქალაქის საბავშვო ბაღებისა და ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელია. რათმანი ახლომდებარე სოფელში გაიზარდა, სადაც არასდროს უნახავს იმიგრანტი – „პარალელური საზოგადოება“, როგორც ის ახლა უწოდებს. მას შემდეგ, რაც ბებრაში სოციალური მუშაკი გახდა, ის მუდმივად მუშაობს იმიგრანტებთან. ახლა ფიქრობს, რომ ბებრა 90 პროცენტით უცხოურიც რომ გამხდარიყო, მისთვის პრობლემა არ იქნებოდა.
შეხვედრის დასასრულს რათმანმა ფანჯარასთან მიმიყვანა და აგურის ნახევრადწრიული კედელი დამანახა, რომელიც ქალაქის მოედანს შუაზე ყოფდა; მიმითითა ბრინჯაოს დაფაზე, რომელზეც საკონცენტრაციო ბანაკებში დახოცილი, ბებრაში მცხოვრები 82 ებრაელის სახელი ეწერა. უფრო პატარა დაფა კი გამქრალი სინაგოგის ხსოვნას აღნიშნავდა.
„გერმანიაში ამაღელვებელი დრო დადგა“, მითხრა მან, როცა ლტოლვილების თემას მივუბრუნდით. „უნდა გითხრათ, რომ განცვიფრებული ვიყავი დახმარების იმ გასაოცარი სურვილით, რაც გერმანელებმა გამოავლინეს და ეს ჯერ კიდევ არ განელებულა“.
დამი, რომელიც აქამდე ჩუმად გვისმენდა, საუბარში ჩაგვერია: „ჩემს ცხოვრებაში პირველად …“ შემდეგ შეჩერდა და ბოდიში მოგვიხადა, საუბარში რომ შემოგვეჭრა. ჩემს ძველ მასწავლებელს თვალები აცრემლებოდა: „ცხოვრებაში პირველად, შემიძლია ვთქვა, რომ ვამაყობ გერმანიით“.
ისევ გავხედე რათმანს. მასაც უბრწყინავდა ცრემლიანი თვალები. კარგა ხანია, გერმანელებს უჭირთ ჯანსაღი ეროვნული სიამაყის განცდა. ისეთის, რომელიც გასცდებოდა ფეხბურთის მსოფლიო თასს და გათავისუფლდებოდა თანმდევი ქედმაღლობისა და ხიფათის შეგრძნებებისგან. რათმანის თქმით, გერმანელებს შეუძლიათ იამაყონ, ლტოლვილები რომ შეიფარეს. შესაძლოა, ეს სიამაყე „ცოცხალი დემოკრატიიდან“ მოდის: „ეს ჩემი ქვეყანაა და ამიტომ ერთი ადგილი უნდა გავანძრიო და მისთვის რაიმე სასარგებლო გავაკეთო“. შემდეგ რათმანი კომპიუ-ტერს მიუბრუნდა და ერთი ნომერი იპოვა – მისი აზრით, ამ ადამიანს უნდა გავსაუბრებოდი. თურმე ეს კაცი ახალგაზრდობის ახალ ცენტრში იატაკის დაგებაში დაეხმარა. ის ფატიჰ ევრენი აღმოჩნდა, მე რომ მეჩეთთან შევხვდი.
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.