ახალი კოსმოსური ეპოქა
თითქოს ათწლეულებია, არსაით მივდივართ, თუმცა, წინ კოსმოსური მოგზაურობის ახალი ეპოქა გველის, რომელშიც კვლევა და შემოსავლისთვის რბოლა ერთმანეთს ერთვის


ახალი კოსმოსური ეპოქა
თითქოს ათწლეულებია, არსაით მივდივართ, თუმცა, წინ კოსმოსური მოგზაურობის ახალი ეპოქა გველის, რომელშიც კვლევა და შემოსავლისთვის რბოლა ერთმანეთს ერთვის
ზუსტად 50 წლის წინ, ივლისში, ადამიანის მიერ მთვარეზე ფეხის დადგმა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისტორიული მომენტი იყო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა სამყაროში ჩვენი პირველი სტუმრობა კაცობრიობის უდიდეს სამეცნიერო მიღწევათა შორის ჩაიწერა ან იმიტომ, რომ მსოფლიოს ორი სუპერსახელმწიფოს რბოლის კულმინაციას წარმოადგენდა.
უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში, NASA-ს მიერ კოსმოსური შატლის გაუქმების შემდეგ, ამერიკელ ასტრონავტებს კოსმოსურ სადგურზე მოხვედრა მათ რუს კოლეგებთან „როსკოსმოსის“ რეისზე დამგზავრებით შეუძლიათ, თანაც თითო ადგილში 82 მილიონი დოლარის ფასად.
ბაიკონურის კოსმოდრომი ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, საიდანაც ადამიანების კოსმოსში გატყორცნას შემიძლია ვუყურო. ერთადერთი ადგილი მთელ სამყაროში, სადაც აქედან გაფრენილ ადამიანებს შეუძლიათ მოხვდნენ, არის საერთაშორისო კოსმოსური სადგური დედამიწიდან სულ რაღაც 400 კილომეტრის მანძილზე – ეს კი მთვარემდე მანძილის თითქმის მეათასედია.

მთვარეზე დაშვებიდან 50 წელიწადში ჩვენ – ადამიანები – შორს არ წავსულვართ, ყოველ შემთხვევაში, 1969 წლის დიადი მოლოდინის საზომით. სულ 12 ადამიანს – მხოლოდ ამერიკელებს, მხოლოდ მამაკაცებს – დაუდგამთ ფეხი მთვარეზე; არც ერთს – 1972 წლის შემდეგ. და, ზოგადად, დედამიწის ორბიტაზე მოძრავი კოსმოსური სადგურების გარდა, სამყაროში სხვაგან აღარსად დაუდგამს ფეხი ადამიანს.
სხვა საზომით კი, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივ სამუშაოებს ვასრულებთ კოსმოსში.

ჩვენი მზის სისტემის ყველა პლანეტის აღსაწერად გაშვებული გვყავს უპილოტო ზონდები, რომლებიც გასაოგნებელი ფოტოებისა და მონაცემების საგანძურს გვაწვდიან. ტყუპ კოსმოსურ ხომალდ „ვოიაჯერს“ მთელი მზის სისტემა აქვს გადაკვეთილი და პირველი ხელოვნური ობიექტია, რომელიც ვარსკვლავთშორის სივრცეში გავიდა. ეს წყვილი 17 მილიარდი კილომეტრით არის ჩვენგან დაშორებული და მაინც ინარჩუნებს კავშირს.
უდავოა, რომ კოსმოსში დიდი ამბები ტრიალებს. ორი ამერიკული კომპანია („სფეის-X“ და „ბოინგი“) სულ უფრო უახლოვდება საკუთარი კოსმოსური ხომალდების მოდელების სერტიფიცირებას და NASA-საც „ცოტა აკლია, რომ ამერიკის მიწიდან ამერიკული ხომალდებით ამერიკელი ასტრონავტები გაუშვას კოსმოსში“ – როგორც ამას NASA-ს ხელმძღვანელი ჯიმ ბრაიდენსტაინი აღნიშნავს.

ამასობაში ორმა სხვა კერძო კომპანიამაც – „ვირჯინ გალაქტიკმა“ და „ბლუ ორიჯინმა“ – გადადგა დიდი ნაბიჯი კოსმოსური ხომალდის აგებით და კიდევ უფრო მიგვაახლოვა კოსმოსური ტურიზმის უახლეს ერას. თავდაპირველად ისინი შეძლებულ კლიენტებს აიყვანენ 90-100 კილომეტრის სიმაღლეზე, კოსმოსის კიდემდე, სადაც უწონადობის შეგრძნებას, სამყაროს წყვდიადში გახედვას და დედამიწის ლაჟვარდოვანი სიმრუდის დანახვას შეძლებენ. დღეს ამ ყველაფერს სულ რაღაც 200 000 დოლარად მიიღებთ, თუმცა ორივე კომპანია აცხადებს, რომ ფასი სწრაფად დაეცემა, რაც უფრო მეტი არჩევანი გაჩნდება.
„მთვარე საცდელი პოლიგონია; მარსი – შორეული მიზანი“, – განაცხადა NASA-ს ხელმძღვანელმა ბრაიდენსტაინმა.
სემ ჰოუ ვერჰოვეკი 1969 წლის 20 ივლისს დიდხანს და დაჟინებით უყურებდა მთვარეს იმ იმედით, რომ „აპოლო 11-ის“ მოდულს დაინახავდა. დენ უინტერსს ბავშვობაში ასტრონავტობა უნდოდა; დღეს იგი კაცობრიობის მიერ კოსმოსის კვლევის დოკუმენტირებით ტკბება. ნადია დრეიკი, რაც თავი ახსოვს, მთვარეზე ცეკვაზე ოცნებობს.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.