ახალი სიბერე
იაპონია მსოფლიო ლიდერია მოსახლეობის დაბერებასა და შემცირებასთან ადაპტაციის მხრივ.


ახალი სიბერე
იაპონია მსოფლიო ლიდერია მოსახლეობის დაბერებასა და შემცირებასთან ადაპტაციის მხრივ.
ივასეში პირქუში კვირა დილა გათენდა. ეს ჩუმი საპორტო უბანი იაპონიის უდიდეს კუნძულ ჰონშუზე, ტოიამას ყურის კიდეზე მდებარეობს. დათქმულ დრომდე ქუჩები სრულიად ცარიელია.
მოხუცი ქალი სახლის კარიდან თავს ყოფს და მთავარ გზას უყურებს. გზაზე ხის ტრადიციული დაბალი შენობები ჩარიგებულა. პატარა ვიწრო ქუჩაზე მეორე ქალი მოსეირნობს. რამდენიმე წუთში ორი პატარა სატვირთო მანქანა ჩერდება.
აქაურობა უცბად ერთიანად ცოცხლდება. ხუთი სტაფილოსფერუნიფორმიანი მუშა სურსათს პირველი სატვირთოდან მეორეზე აწყობს, ეს ყველაფერი კი პატარა მაღაზიად გარდაიქმნება დასაკეცი თაროებითა და წითელი ტენტებით. მარცხენა მხარეს ჩაციებული საჭმელია – თევზის, ხორცის, იოგურტის, კვერცხისა და სხვა მალფუჭებადი სურსათის ინდივიდუალური ულუფები. მარჯვნივ ბოსტნეული და ხილია, უკან – სასუსნავები. რამდენიმე მყიდველი – სულ ხნიერი ქალები – სატვირთოს გარშემო ბორძიკით ირევიან.
მივაკო კავაკამი, 87 წლის წელში მოხრილი ქალი, თავის ხელჯოხს მუშას აძლევს და პატარა კალათაში აგროვებს სურსათს. კავაკამი მახლობელი ტაძრის უკან მარტო ცხოვრობს. „აქ ბევრი მაღაზია იყო, მაგრამ ყველა გაქრა, – ამბობს იგი, – ბოსტნეულის დახლი, თევზის დახლი – ყველაფერი დაახლოებით ხუთი წლის წინ დაიკეტა“. ქუჩას ბარბაცით კვეთს და 86 წლის მეზობელს ხვდება, რომელიც სურსათის სახლში წაღებაში უნდა დაეხმაროს.

ივასე დაცარიელდა. ახალგაზრდები წავიდნენ, დარჩენილები კი – ბერდებიან. ასეთივე დინამიკაა მთელ იაპონიაში – უკვე ათი წელია, შობადობა იკლებს. ქვეყნის მოსახლეობამ პიკს, 128 მილიონს, 2010 წელს მიაღწია. დღეს ეს რიცხვი 125 მილიონზე ნაკლებია და ვარაუდობენ, რომ მომავალი 40 წლის განმავლობაში კიდევ ეტაპობრივად მოიკლებს. ამასთან, იაპონელები დიდხანს ცოცხლობენ – ქალები საშუალოდ 87,6 წელი, კაცები კი – 81,5. პაწაწინა მონაკოს თუ არ ჩავთვლით, დღეს იაპონიის მოსახლეობა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულია.
ეს თვალშისაცემი რიცხვებიც ვერ გამოხატავს იმას, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს ამ დემოგრაფიულ ცვლილებას ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მოსახლეობაში მოხუცების წილი მატულობს, ახალგაზრდების კი – იკლებს. ეს იაპონიის ცხოვრების თითოეულ ასპექტს ცვლის: გარეგნობით, სოციალური პოლიტიკით თუ ბიზნესსტრატეგიით დაწყებული, შრომითი ბაზრით, საჯარო სივრცეებითა და კერძო სახლებით დამთავრებული. იაპონია ხდება ქვეყანა, რომელიც მოხუცებზეა მორგებული და რომელშიც ისინი დომინირებენ.
იაპონიის მაგალითი გვაჩვენებს, რას უნდა ველოდოთ მსოფლიოს ბევრ კუთხეში. მსგავსი ტრაექტორია აქვთ ჩინეთს, სამხრეთ კორეას, იტალიას, გერმანიასა და აშშ-საც კი, თუმცა ამ უკანასკნელის ტემპი შედარებით ნელია. 5 წლის წინ მსოფლიომ ავბედით ნიშნულს მიაღწია: ისტორიაში პირველად დედამიწაზე იყო უფრო მეტი 65 წელს გადაბიჯებული ადამიანი, ვიდრე ხუთ წლამდე ბავშვი.

თუკი იაპონიის ტენდენციები სხვაგანაც გამეორდება, მოსახლეობის დაბერება საზოგადოებას მრავალმხრივ შეუცვლის სახეს. გაიზრდება სახელმწიფო ხარჯი. გამოწვევებთან გამკლავება მარტივი არ იქნება, მაგრამ მსგავს მომავალს მხოლოდ ნეგატიური მოვლენები არ ახლავს. იაპონიის გამოცდილება, მისი სახასიათო ყურადღება დეტალებისადმი და დიზაინისადმი გვაფიქრებინებს, რომ უკიდურესმა დაბერებამ – ანუ სამყარომ, რომელშიც მოსახლეობის უფრო და უფრო დიდი ნაწილი ხნიერია – შეიძლება ინოვაციის ხანასაც კი მისცეს გასაქანი.
2020 წელს იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ გახსნა რვა „ცოცხალი ლაბორატორია“, რომელსაც მომვლელი რობოტები უნდა შეექმნა. არადა, გარკვეულწილად, მთელი ქვეყანა ერთი დიდი ლაბორატორიაა, რომელიც სწრაფად დაბერების შედეგებს უმკლავდება. იაპონიის ბიზნესსფეროში, აკადემიურ წრეებსა და უამრავ თემში ულევი ექსპერიმენტი მიმდინარეობს, რომლებიც მიზნად ისახავს, ხნიერები რაც შეიძლება დიდხანს აცოცხლოს, საზოგადოებას კი უხუცესებზე ზრუნვის ტვირთი შეუმციროს.
ოსამუ იამანაკას მისიაა, ადამიანებს სიმარტოვეში სიკვდილი აარიდოს თავიდან. ქალაქ იოკოჰამაში 67 წლის ექიმი კვირაში რამდენიმეჯერ ტოვებს თავის კლინიკას და ჩამოუვლის პენსიონრებს, რომლებიც კოტობუკიჩოში ნგრევის პირას მყოფ ერთოთახიან ბინებში მარტო ცხოვრობენ. ამ არარენტაბელურ უბანში ბინადრობენ მოხუცები, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ და „ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით გაექცნენ საზოგადოებრივ ვალდებულებებს“, – ამბობს იამანაკა. ის გულისხმობს ალკოჰოლიკებს, მენტალურად დაავადებულებს, ყოფილ მსჯავრდებულებს.

ერთ-ერთ შემოვლაზე, იამანაკა 83 წლის სეიჯი იამაძაკის სტუმრობს, ყოფილ მშენებელ მუშას. მისი პაციენტი სამედიცინო საწოლზე წევს, ერთი მუშტი სამუდამოდ შეკრული აქვს. მის პატარა ოთახში ნახავთ პატარა მაცივარს, მიკროტალღურ ღუმელს, „ვინი პუჰების“ კოლექციას და, პრინციპში, მეტს ბევრს ვერაფერს.
„თავბრუ მესხმის“, – ეუბნება ექიმს. „როგორი წნევა მაქვს?“ იამანაკა კაცს უსინჯავს ძირითად სასიცოცხლო მაჩვენებლებს და ჰპირდება, რომ მის წამლებსაც შეამოწმებს და სტუმართა დავთარსაც შეხედავს: აქ ყოველდღე სამედიცინო დამხმარეებიც მოდიან საჭმლის მოსატანად, წამლის მისაცემად და საფენის გამოსაცვლელად.
იაპონიას გრძელვადიანი მოვლის ერთ-ერთი ყველაზე კარგი სადაზღვევო სისტემა აქვს და იამაძაკის საჭიროებებიც უზრუნველყოფილია. სხვა ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებთან შედარებით, იაპონელები ბევრად უფრო მეტ სარგებელს იღებენ გადასახადებთან შეფარდებით. შემოსავლის მიხედვით, ეს პროგრამა მოხუცთა მოვლის ხარჯების 70-100%-ს აფინანსებს. 2000 წლამდე, სანამ სისტემა ამოქმედდებოდა, სნეული მოხუცები საავადმყოფოში მიდიოდნენ და სიკვდილამდე იქ რჩებოდნენ. დღეს ისინი სახლში იხოცებიან. „რაღაც თვალსაზრისით, სამედიცინო კეთილდღეობის მხრივ ჩვენ ყველაზე განვითარებული სოციალისტური ქვეყანა ვართ“, – ამბობს იამანაკა.
მაგრამ სისტემა წნეხის ქვეშაა და უკვე დამხმარეთა დეფიციტია. მთავრობის ვარაუდით, 2040 წლისთვის ქვეყანაში 700 000-ით მეტი დამხმარე იქნება საჭირო. შესაძლო გამოსავალია მათი ხელფასის მომატება, პენსიაზე გასული სამედიცინო მუშაკების და მოხალისეების ჩართვა, ექთნობის პოპულარიზაცია, რობოტოტექნიკის გამოყენება და – სხვამ თუ არაფერმა გაჭრა – მეტი უცხოელის ჩამოყვანა. ვიეტნამიდან, ფილიპინებიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ემიგრანტები მოხუცთა სახლებში მუშაობენ, თუმცა კვალიფიცირებულ კადრებზე გაცემული ვიზების რაოდენობა მკაცრად კონტროლდება. იაპონიის კუნძულოვანი მდებარეობის და ენის სწავლის სირთულის გამო სამედიცინო პერსონალის უცხოეთიდან ჩამოყვანა დიდი გამოწვევაა.
ამასობაში მატულობს სახელმწიფო დახმარების ხარჯები. 1990-დან 2022 წლამდე სახელმწიფო ვალით დაფარული სოციალური უზრუნველყოფის (მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გრძელვადიანი დაზღვევა და პენსია) ხარჯები გასამმაგდა. „ჩვენ მიერ შემოღებულ უნივერსალურ სისტემას ბევრი დადებითი მხარე აქვს და ადამიანებიც შეეჩვივნენ ამ პირობებს“, – ამბობს ჰიროტაკა უნამი, პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას უფროსი თანაშემწე. „იმისთვის, რომ ეს პროგრამები შევინარჩუნოთ, უნდა აღვადგინოთ ბალანსი სარგებელსა და ტვირთს შორის“.

მისი თქმით, გამოსავალი ოთხკომპონენტიანია: ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, მეტი ქალისა და მოხუცის წახალისება მუშაობისკენ, სამომხმარებლო გადასახადის გაზრდა და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯის შემცირება.
საკმაოდ რთული სიაა. ეკონომიკურ წინსვლას ასე მარტივად ვერ წაახალისებ. გადასახადების გაზრდას მოსახლეობა დადებითად არ აფასებს. ქვეყანაში 64 წლამდე ქალების 70% უკვე მუშაობს, თუმცა უმეტესად ნახევარ განაკვეთზე. ამის მიზეზი ბავშვთა მოვლის სერვისების სიმცირე და ფინანსური სტიმულების ნაკლებობაა, მათ შორის, მამაკაცებზე დაბალი ანაზღაურება.
მთავრობას უნდა, საპენსიო ასაკი 65 წელს ზემოთ აწიოს. მოქალაქეებიც უფრო დიდი ხანი მუშაობენ. 2021 წელს იაპონური კომპანიების მესამედზე მეტი 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს მუშაობის ნებას რთავდა; 2016 წელს ამას კომპანიების მხოლოდ 21% აკეთებდა. დემოგრაფია ქვეყანას სხვა გზას აღარ უტოვებს: ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის იაპონიის მოსახლეობის თითქმის 38% იქნება 65 წლის და მეტის, რაც სამუშაო ძალას უდიდეს ტვირთად დააწვება.
დღეს იაპონიის მუნიციპალიტეტების ნახევარზე მეტში მოსახლეობა 1980 წლიდან მინიმუმ 30%-ით შემცირდა. ბევრ მუნიციპალიტეტში მოხუცები ერთიანდებიან, რომ თავიანთ თემს ამ ახალ რეალობასთან შეგუებაში დაეხმარონ. სამშენებლო პროექტი იოკოჰამაში, კუნძულ ჰონშუზე, კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ თავიდან ბოლომდე გარდაქმნის სიბერე ქვეყანას.
კამიგო-ნეოპოლისის რაიონის დამრეც ფერდზე 868 განცალკევებული სახლია წამოჭიმული. „დაივა-ჰაუსმა“, იაპონიაში საცხოვრებელი სახლების ერთ-ერთმა უდიდესმა სამშენებლო კომპანიამ, ეს პროექტი 1974 წელს დაიწყო, რათა ომისშემდგომი დემოგრაფიული აფეთქების დროს ახალგაზრდა ოჯახები დაებინავებინა.


(მარცხნივ) 89 წლის ჰირომუ ინადა სპორტულ დარბაზში ვარჯიშობს. რაც 70 წელი შეუსრულდა, მას შემდეგ 66 ტრიათლონში მიიღო მონაწილეობა. 2018 წელს გახდა ყველაზე ხნიერი სპორტსმენი, რომელმაც „აირონმენის მსოფლიო ჩემპიონატის“ ფინიშის ხაზს მიაღწია. „როცა რამე შეუძლებლად მეჩვენება, მაინც ვცდი ხოლმე და ყველაფერი შესაძლებელი აღმოჩნდება“.
(მარჯვნივ) 90 წლის ფუმიე ტაკინო (წინ) ტოკიოს მოხუცი „ჩირლიდერების“ ჯგუფის დამფუძნებელი და უხუცესი წევრია. 26 წელია ვარჯიშობს. „მნიშვნელოვანია იყო ის, ვინც ხარ და აკეთო ის, რაც გინდა, ასაკის მიუხედავად“, – ამბობს იგი.
დღეს კამიგოს 2000 მცხოვრებთა ნახევარზე მეტი 65 ან მეტი წლისაა. სკოლები დაკეტილია. მაღაზიები აღარაა. 4 პარკი სარეველებითაა დაფარული. აქაურები ხუმრობენ, რომ „ნეოპოლისი“, რაც „ახალ ქალაქს“ ნიშნავს, ახლა „ძველ ქალაქადაა“ გადაქცეული.
კამიგოს სარკინიგზო სადგურთან, სადაც ნეოპოლისის გორაკიდან ავტობუსი 18 წუთში მიგიყვანთ, სავაჭრო ცენტრი „ეონია“. აქ ნახავთ მთელ რიგ სამედიცინო და პირადი მოვლის საშუალებებს. მაგალითად, წინსაფარს, რომელსაც მოხუცი მშობლის დაბანისას იკეთებენ, ერთჯერად ჩანთებს ზრდასრულთა საფენებისთვის და საწოლთან დასაკიდ ტილოებს სუნის გასაქრობად.
როდესაც კამიგოს მოსახლეობა შემცირდა და დაბერდა, ადგილობრივებმა თავი ფიზიკურად და სოციალურად იზოლირებულად იგრძნეს და შექმნეს ფართო ქსელი, რომლის წევრებიც ერთმანეთს უვლიდნენ. ქსელი გადაიქცა კომიტეტად, სახელად „კამიგო მაჩიძუკური“. ეს ტერმინი იაპონიისთვის დამახასიათებელ, მოქალაქეთა ინიციატივით შექმნილ, თანამშრომლობის თემს ნიშნავს. 2016 წელს კომიტეტმა „დაივა-ჰაუსთან“ მუშაობა დაიწყო სავაჭრო და სოციალიზაციისთვის განკუთვნილი ცენტრალური ზონის შესაქმნელად. შედეგად, გაკეთდა ერთსართულიანი შენობა მაღაზიით, სურსათის დახლით, ხუთი მაგიდით, სკამებით და ვიდეოეკრანით. ცენტრის ტუალეტში ღრმა ნიჟარაცაა, სადაც კოლოსტომის პარკის ნარჩენების გადაყრა შეიძლება. ეს ნიჟარა იაპონიაში უკვე ფართოდაა გავრცელებული და ტუალეტის კარზე მისი აღმნიშვნელი სიმბოლოც კი შეგხვდებათ.
„ვფიქრობთ, საავადმყოფომდე მისასვლელი სატრანსპორტო სისტემაც შევქმნათ ადამიანებისთვის, რომელთაც გადაადგილება არ შეუძლიათ“, – ამბობს ნობუიუკი იოშიი, 74 წლის პენსიონერი და სამი შვილის მამა. ის კამიგოში 40-ზე მეტი წლის წინ გადავიდა, რადგან აქ მარტივად მიუწვდებოდა ხელი სერფინგსა და ჯაზზე, რომელიც იმ დროს ყვაოდა. ათწლეულების მანძილზე არქიტექტორი იოშიი ტოკიოში მუშაობდა და სამსახურში წასასვლელად, დილის 5 საათზე დგებოდა. დღეს იგი „მაჩიძუკურის“ კომიტეტს უძღვება.
კამიგო მხოლოდ ერთი პატარა მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობენ იაპონური თემები იმისთვის, რომ შეძლონ საკუთარ სახლში დაბერება. ტოიამაში, 410 000-იან ქალაქში, რომლის ერთ-ერთი უბანია ივასე, საქალაქო სივრცის განახლების კიდევ უფრო ამბიციური მცდელობა ჰქონდათ. მას დღეს სანიმუშო მაგალითადაც მოიხსენიებენ.
პორტლენდის (ორეგონის შტატი) და სტრასბურგის (საფრანგეთის) ლიანდაგიანი ტრანსპორტის შთაგონებით ტოიამაში გაიყვანეს ტრამვაის ხაზი, რომელსაც მოხუცები შეღავათიან ფასად იყენებენ და ჩასხდომა საფეხურების გარეშე შეუძლიათ. ხნიერები ადგილობრივ ატრაქციონებზე შვილიშვილებთან ერთად უფასოდ შედიან. ქალაქმა დახურული სკოლა პრევენციული მედიცინის ცენტრად გადააქცია, რომელიც ხანში შესული ადამიანებისთვის ჯანმრთელობის ცენტრის როლსაც ასრულებს. აქ ნახავთ სპორტული დარბაზის ინვენტარს, ჯგუფურ ვარჯიშებსა და წელამდე სიღრმის აუზებს, სასიარულო ბილიკითა და მოაჯირებით.


(მარცხნივ) კიოტოს სიახლოვეს, ქალაქ ოცუს მოხუცებულთა სახლში, სახელად „აქტივა-ბივა“, ბინდი წვება. რობოტი პატრულირებს და ჩუმად აღებს თითოეული მობინადრის ოთახს. თუ რამე უჩვეულოს დაინახავს, თანამშრომლებს ფოტოებს უგზავნის. მოხუცებულთა ბევრი სახლი ცდის ტექნოლოგიებს თანამშრომლების დატვირთვის შესამცირებლად.
(მარჯვნივ) ოსაკას მახლობელ ქალაქ ამაგასაკიში 89 წლის კაძუკო კორი ელაპარაკება „იუმე-პარატიისის“ მოხუცებულთა სახლის „ტელენოიდს“. ამ ანდროიდის მეშვეობით თანამშრომელი მოხუცებს დისტანციურად ელაპარაკება. აღნიშნულ ტექნოლოგიას ცდიან დემენციის მქონე ადამიანებთან სასაუბროდ.
ტოიამას მახლობელ სოფლებში მოსახლეობის თითქმის 40%-ია 65 წელს გადაცილებული. მათ ემსახურება გაწკრიალებული დაწესებულება, რომლის ექთნებიც სახლებში ახორციელებენ ვიზიტებს. „უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ მოხუც დედასთან მცხოვრებ მარტოხელა ვაჟიშვილებს და წყვილებს, რომელთაგანაც ორივეს დემენცია აქვს“, – ამბობს ნაოკო კობაიაში, ცენტრის სამი ექიმიდან ერთ-ერთი. ამ ექიმების მოვალეობა მოხუცი პაციენტებისა და მათი დაღლილი ოჯახების ტანჯვის შემსუბუქებაა. „სიკვდილი არ არის მარტივი“. ქალაქს კიდევ უფრო გაუჭირდა ცარიელი „მოჩვენებათა სახლების“ მიხედვა. ეს საცხოვრებლები, განსაკუთრებით ისინი, რომლებშიც ვინმე სიმარტოვეში გარდაიცვალა, აღარავის უნდა. იაპონიაში რვა მილიონზე მეტი ასეთი სახლია. ტოიამას ხუთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ სულ რაღაც სამი სახლი დაენგრია, ქალაქში კი ჯერაც 7000-ზე მეტი ასეთი შენობაა.
ამაგასაკიში, ოსაკას მახლობლად, ახალთახალი მოხუცებულთა სახლია, „იუმე-პარატიისი“. რობოტს, სახელად „ჰაგი“ (ინგლ. „ჩახუტება“), ფრთხილად მიჰყავს 98 წლის კოტოიო შირაიში ეტლიდან საწოლამდე. 116-მაცხოვრებლიანი დაწესებულების თანამშრომლების თქმით, „ჰაგის“ წყალობით ახლა მოხუცების ასაყვანად და დასასმელად ორის მაგივრად ერთი ექთანიც საკმარისია.
მოხუცებულთა სახლის ინდუსტრია, ცხადია, იაპონური ცოცხალი ლაბორატორიის ეპიცენტრია. „ჰაგი“ ერთ-ერთია იმ 20 ტექნოლოგიიდან, რომელსაც „იუმე-პარატიისი“ გამოცდის – დაწყებული ოთახის მონიტორებით, დამთავრებული საკომუნიკაციო რობოტებით. ამ უკანასკნელს მიეკუთვნება „ტელენოიდი“, რომელსაც კიდურების მაგივრად შვერილები და რეალისტური, თუმცა უემოციო სახე აქვს. რობოტის პირით თანამშრომელი ლაპარაკობს, მანქანა კი დისტანციურად იმართება. „ტელენოიდი“ ნარინჯისფერ-თეთრ კომბინეზონში და ამავე ფერის ქუდში გამოუწყვიათ. თანამშრომლების თქმით, ზოგი მცხოვრები რობოტთან გულახდილობას იჩენს; სხვები დისტანციას იჭერენ. რობოტის შექმნაში მონაწილეობას ჰიდენობუ სუმიოკაც იღებდა კიოტოს მოწინავე სატელეკომუნიკაციო კვლევის ინსტიტუტიდან. სუმიოკას წარმოუდგენია მომავალი, რომელშიც რობოტები განსაკუთრებულ როლს ითამაშებენ მოხუცებულთა თავშესაფრებში: „მინდა, ისინი თემის შესაქმნელად უფრო გამოვიყენო, ისე, როგორც ადამიანები ადრე ცხოვრობდნენ“.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია, რომელიც სიბერეზე კონცენტრირდება, არის „სომპო-ჰოლდინგსი“, იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი სადაზღვეო კომპანია. მან მოხუცთა სახლების შეძენა 2015 წელს დაიწყო და დღეს უკვე 400 დაწესებულებას მოიცავს, რის გამოც ის ასეთი სახლების ერთ-ერთი უდიდესი მმართველია. ეს კომპანია, ასევე, ერთადერთია ბიზნესსფეროდან, რომელიც რვა ცოცხალი ლაბორატორიიდან ერთ-ერთს მართავს; დანარჩენებს კვლევითი ცენტრები კურირებენ.

„სომპოს“ კუთვნილი „მომავლის ზრუნვის ლაბორატორია“ ტოკიოში ორ მბზინვარე სატესტო ოთახს მოიცავს. იატაკისა და კედლის მოძრაობის სენსორები დაცემას აფიქსირებს და მომვლელის ტელეფონს შეტყობინებას უგზავნის. Panasonic-ის წარმოებულ მაღალტექნოლოგიურ საწოლს აქვს მატრასი, რომელიც შუაზე იყოფა, რათა პაციენტი მარტივად გადმოაგორონ კიდეზე, ხოლო თავად კიდე ეტლად იკეცება. ეს სიამოვნება იაფი არ ჯდება – 10 000 დოლარზე მეტი.
აქ ისეთ მოწყობილობებსაც ნახავთ, როგორიცაა აბაზანა, რომელიც თან გიგანტურ კვერცხს მოგაგონებთ და თან – რელაქსაციის კაფსულას. ადამიანს ეტლით მიაგორებენ აბაზანასთან და ღილაკზე ერთი დაჭერით ყველა მხრიდან საპნიან ქაფს ასხამენ, შემდეგ კი – თბილ წყალს. მთელი სხეულით აბაზანაში ჩაწოლა იაპონელებისთვის ძვირფასი რიტუალია და მოხუცთა სახლებიც ცდილობენ, მომხმარებლებს ეს კომფორტი შესთავაზონ. „იუმე-პარატიისს“ ურჩევნია, მოხუცები მოძრავმა სკამმა ნელ-ნელა ჩასვას აბაზანაში. როცა 85 წლის ტაკეო ოკუძონოს წყალში ჩააწვენენ, ზურგზე გადაწვება და თვალებს ხუჭავს. „მეძინება“, ჩაილაპარაკებს იგი.
რობოტოტექნიკას დახმარება ნამდვილად შეუძლია და ამ სფეროს იაპონიის მთავრობაც უწევს სუბსიდირებას, მაგრამ ის პანაცეა არ არის. 2020 წლის გამოკითხვის შედეგებით, იაპონიაში მოხუცებულთა სახლების მხოლოდ მეხუთედი იყენებს რამე სახის რობოტოტექნიკას, ისიც ძირითადად მონიტორინგისა და კომუნიკაციისთვის და არა პაციენტების ასაყვანად, დასაბანად და მათ დასახმარებლად.
ის ინდუსტრიებიც კი, რომლებიც მოხუცთა მოვლაზე არ მუშაობენ, „დაბერებული საზოგადოების“ პრობლემებს ჭრიან. ქვეყნის ფისკალური რეფორმის ნელი ტემპისგან განსხვავებით, იაპონური კომპანიები, დიდი კონგლომერატებიდან სტარტაპებამდე, რიხინ-რიხინით ატარებენ ექსპერიმენტებს.


(მარცხნივ) ტოიამა, ქალაქი იაპონიის ყველაზე დიდ კუნძულ ჰონშუზე, ცდილობს გახდეს მეტად ხელსაყრელი საცხოვრებელი ადგილი მოხუცებისთვის. ერთ-ერთი უმთავრესი ინიციატივაა კადოკავას პრევენციული მოვლის ცენტრი, სადაც სავარჯიშო აუზებს წყალი ჰიდროთერმული წყაროებიდან მიეწოდება. აქ ყოველდღე დაახლოებით 250 ხნიერი ვარჯიშობს.
(მარჯვნივ) ტაირა და იჩი კაცუტა, 89 და 85 წლისანი, ბედნიერი დაქორწინებული წყვილია დემენციით. ისინი ტოკიოს ბინაში მარტო ცხოვრობენ და ხშირად უყვებიან ერთმანეთს ამბებს, რომლებიც მხოლოდ მათ ესმით. იაპონიაში 65 წელს გადაცილებულ ყოველ მეხუთე ადამიანს დემენცია აქვს.
ზოგი დიდი კომპანია მუშაობს სტიმულის შექმნაზე, რათა მოხუცებს აქტიურობისკენ უბიძგონ. ეს როგორც მარკეტინგის, ისე სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების ფარგლებში ხდება. Hitachi-მ, სამთავრობო დაფინანსების მქონე იაპონიის გერონტოლოგიური შეფასების კვლევასთან (JAGES) ერთად, შექმნა „სოციალური ჩართულობის წამახალისებელი“ აპლიკაცია. მისი მიზანია, წაახალისოს აქტიურობა მოხუცებში და ამგვარად შეამციროს მათი მოვლის ხარჯები. აპლიკაცია ზომავს გარე აქტივობებში გატარებულ დროს და მომხმარებელს ანიჭებს სტატუსს, დამწყებიდან ექსპერტამდე. ის, ასევე, რეკომენდაციას უწევს ღონისძიებებს და მომხმარებლებს აცნობს სოციალური ჩართულობის დადებით მხარეებს.
იუჯი კამატა, რომელიც Hitachi-ს აპლიკაციის შემქმნელ გუნდს უძღვება, დასძენს, რომ მონაცემები JAGES-საც გამოადგება – ეს უკანასკნელი ეროვნულ გამოკითხვებს ყოველ სამ წელიწადში ატარებს; ახლა ინფორმაცია უფრო იაფად გაციფრულდება და მონაცემებიც რეალურ დროში მოგროვდება. აპლიკაცია უფასოა. Hitachi იმედოვნებს, რომ ერთ დღეს დეპერსონიფიცირებულ მონაცემებს გაყიდის.
კამიგოს მცხოვრებთა წახალისებით ახალი განყოფილება, სახელად Livness Town Project, „დაივა-ჰაუსმაც“ კი წამოიწყო, რათა თავისი 10 დასახლება მოხუცებს მოარგოს. „ეს შეიძლება არ იყოს შემოსავლიანი“, – ამბობს კოჯი ჰარანო, Livness-ის ხელმძღვანელი – „თუმცა ეს საზოგადოებრივი სიკეთეა და ჩვენს ბრენდსაც ეხმარება“. ის იმედოვნებს, რომ კომპანია სიბერესთან დაკავშირებულ საბინაო გამოცდილებას ოკეანის მიღმაც გაყიდის.
მარტოობაში სიკვდილის მრავალმხრივი ეფექტის შესამცირებლად სხვა სერვისებიც გამოჩნდა. 2020 წელს ტოკიოში 65 წელს გადაცილებული 4200-ზე მეტი ადამიანი სიმარტოვეში გარდაიცვალა. ბინის მფლობელებს არ სურთ, სახლი ხნიერ მდგმურებს მიაქირაონ. ბევრი კომპანია უკვე საცხოვრებლების გამქირავებლებს იმისგანაც კი აზღვევს, რომ მდგმური გარდაიცვლება და მათ დროულად ვერ იპოვიან. დღეს უკვე ათასობით კომპანია ადამიანის სიმარტოვეში გარდაცვალების შემდეგ სახლის დასუფთავებაში სპეციალიზდება. რადგან დღეს იაპონიაში 65 წელს გადაცილებული ყოველი მეოთხე ადამიანი მარტო ცხოვრობს, მსგავსი სიკვდილიც უფრო და უფრო გახშირდება.
იაპონიის ეკონომიკურ ოსტატობასა და ინდუსტრიულ ინოვაციას მთელი მსოფლიო შურით უყურებდა, სანამ „დაკარგული ათი წელი“ დადგებოდა – სტაგნაციის პერიოდი, რომელიც 1990-იან წლებში დაიწყო. ქვეყანა ციფრულ სამყაროში დღესაც მოიკოჭლებს, მაგრამ ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო ბერდება, იაპონიის მიერ ხნიერთა დასახმარებლად გატარებული შემოქმედებითი ღონისძიებები, ალბათ, შთაგონების წყარო გახდება.


(მარცხნივ) მოსახლეობისგან დაცლილ სოფელ ნაგოროში, კუნძულ შიკოკუზე, 79 წლის შინობუ ოგურა ასუფთავებს დაცარიელებულ სკოლას. ბოლო მოსწავლეები ასეთ თოჯინებს კერავდნენ; 72 წლის ცუკიმი აიანომ ასობით თოჯინით მოამარაგა ნაგორო, სადაც დღეს მხოლოდ 25 ადამიანი ცხოვრობს.
(მარჯვნივ) ტადაო ინოუეს ქალაქ ნასუში (ცენტრალური იაპონია) 50 ძროხა ჰყავდა; დღეს მხოლოდ ერთი დარჩა. ასაკთან ერთად საქონლის მოვლა გაუჭირდა, მაგრამ ამბობს, რომ ერთი ძროხაც ეხმარება ფორმის შენარჩუნებაში. თუმცა 84 წლის ინოუემ გადაწყვიტა, მუშაობას მალე შეეშვას.
„მომავალი თაობა სიბერეს უყურებს, როგორც შესაძლებლობას“, – ამბობს ჯინ მონტესანო, სააბაზანოსა და სახლის სხვა პროდუქციის მწარმოებელი ბრენდის Lixil უფროსი აღმასრულებელი დირექტორი. Lixil-ის ერთ-ერთი უახლესი პროდუქტია საშხაპე, რომელიც ქაფს ორი სვეტიდან გამოყოფს. სვეტები შეგიძლიათ ეტლის სიმაღლემდე დაწიოთ. კომპანია უფრო და უფრო მეტად კონცენტრირდება ხნიერ მომხმარებლებზე.
„ასაკოვანთა ტექნოლოგიას“ იაპონური სტარტაპებიც შესაძლებლობად აღიქვამენ. სტარტაპები, ასევე, მოხუცების მოვლის ყველაზე ინტიმურ ასპექტზეც ზრუნავენ. იოშიმი უიმ, 33 წლის ინჟინერმა, შექმნა Helppad-ი, მატრასის სუნის სენსორი, რომელიც აფიქსირებს განავალს და სანიტარიულ მოვლას უფრო ეფექტურს ხდის. უი თავის კოპმანიას (Aba) ტოკიოს მახლობლად მდებარე ორსართულიანი სახლიდან მართავს. ბავშვობაში უის სახლში სნეული ბებია ჰყავდა მძიმე დეპრესიით და მისი ყურება სევდას გვრიდა. ამან უის მოტივაცია მისცა, ინჟინერიის გამოცდილება და საზოგადოებრივი სიკეთე გაეერთიანებინა. მისი თქმით, Helppad-ი, რომელსაც „მომავლის ზრუნვის ლაბორატორიაში“ გამოცდიან, დღეს უკვე ასობით იაპონურ დაწესებულებაში გამოიყენება.
კომპანიები პროდუქციის სხვა ქვეყნებში გაყიდვაზე ფიქრობენ. Aba-ს, რომლის ვებგვერდზეც წაიკითხავთ სიტყვებს „იცხოვრე კარგად, მოკვდი კარგად, ააშენე მომავალი“, უკვე სამხრეთ კორეიდან, ტაივანიდან და სინგაპურიდან უკავშირდებიან.
იაპონიის დღევანდელი გამოწვევები ჩვენი კოლექტიური მომავალია. უის თქმით, არავის უნდა სიბერეზე ფიქრი და ადამიანთა უმეტესობა არც მოხუცებზე ზრუნვას გეგმავს, სანამ მშობელი არ დაუსნეულდება და ტვირთი თავად არ დააწვება. უის უნდა, მენტალიტეტი შეცვალოს. მისი ხედვაა, „სამყარო გახდეს ისეთი, სადაც მოხუცები ზრუნვასა და დახმარებას ყველგან მიიღებენ“.
სარა ლაბმენი სწავლობდა იაპონურ ლიტერატურას, ცხოვრობდა იაპონიაში და უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ქვეყანას რეგულარულად სტუმრობდა. ნორიკო ჰაიაში სოციალური პრობლემების დოკუმენტირებაზე ფოკუსირდება. ის ტოკიოში ცხოვრობს.