
ახალი სიცოცხლე
ფიროსმანაშვილი ამ სურათზე საოცარი დამაჯერებლობით აღწერს დრამატიზმით სავსე ნადირობის სცენას, რომლის პირველ პლანზე მონადირეებთან ერთად გამოსახულია ვეფხვები, სპილო, დათვი და ტახი და რომელიც, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, არასდროს უნახავს
ნიკო ფიროსმანის ნამუშევართა უმეტესობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული და მათი უმრავლესობა კარგად არის ცნობილი როგორც ქართველი, ისე უცხოელი დამთვალიერებლისთვის, თუმცა წინ კიდევ მრავალი წლის შრომაა, სანამ მისი მემკვიდრეობის ჯეროვნად შესწავლასა და, შესაბამისად, ფიროსმანის მასშტაბის ბოლომდე გააზრებას შევძლებთ.
ხშირად ამბობენ, რომ ფიროსმანი მხოლოდ ნიჭიერი შემოქმედი და თვითნასწავლი არტისტია, რომელიც „ნაივურად“ ხატავს, მე კი ვიტყოდი, რომ ფიროსმანი ძალიან განათლებული, ფართო ხედვის ხელოვანია, რომელიც თვითგამოხატვის საშუალებად საგანგებოდ მიმართავს ე. წ. პრიმიტიულ მხატვრობას. მის ნამუშევრებში კარგად იკითხება ფერწერის ცოდნა, შემოქმედის არაჩვეულებრივი წარმოსახვისა და სისტემურად აზროვნების უნარი. ყოველივე ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია მისი სურათი „ნადირობა ინდოეთში“.
ფიროსმანაშვილი ამ სურათზე საოცარი დამაჯერებლობით აღწერს დრამატიზმით სავსე ნადირობის სცენას, რომლის პირველ პლანზე მონადირეებთან ერთად გამოსახულია ვეფხვები, სპილო, დათვი და ტახი და რომელიც, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, არასდროს უნახავს. ფიროსმანაშვილი, რომლისთვისაც მთელი სამყარო – საქართველოა, შორეული ქვეყნის, ინდოე-თის უძველეს ტრადიციულ გასართობს – მტაცებელ ცხოველებზე რისკიან ნადირობას ისეთივე დინჯი დამაჯერებლობით ხატავს, როგორც სადგურის ქუჩაზე მდებარე რომელიმე დუქნის სარეკლამო აბრას.
ზუსტად არავინ იცის, თუ საიდან აიღო მან ეს სიუჟეტი, მხოლოდ ის ვიცით, რომ ,,ნადირობა ინდოეთში“ 1913 წელს მას უკვე დახატული ჰქონდა და ილია ზდანევიჩმა თავის დღიურში მოლოკნების N23-ში მდებარე სანდრო კოჭლაშვილის დუქან ,,კარდანახში“ ნანახი სურათების ჩამონათვალში, მეცხრე ნომრის გასწვრივ, ჩაწერა: „სპილო, პირები, ტახი და დათვი“ (Слон, пиры, кабан и медведь). ვინაიდან ეს ფიროსმანის ერთადერთი ნამუშევარია, სადაც სპილო, ტახი და დათვი ერთად არიან გამოსახული, უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს არის პირველი აღწერა სურათისა „ნადირობა ინდოეთში“.
სურათი საქართველოს ეროვნულმა გალერეამ 1930 წელს შეიძინა. საინვენტარო წიგნში აღნიშნულია, რომ ის ძალზე დაზიანებული სახით შემოვიდა მუზეუმში. სურათის ზედა ნაწილიდან ამოჭრილი იყო ფრაგმენტი – ჯოხიანი მამაკაცი, რომელიც ბუდესთან მოფრენილ ფრინველს იგერიებს. ზუსტი დრო არაა ცნობილი, თუმცა ფრაგმენტიც მუზეუმმა შეიძინა.
ნამუშევრის ძირითადი ნაწილი, ძლიერი დაზიანების გამო, არ იფინებოდა, თუმცა ჯოხიანი მამაკაცის ამოჭრილი ფრაგმენტი რამდენჯერმე წარუდგინეს დამთვალიერებელს როგორც დამოუკიდებელი ნამუშევარი – ბოლოს 1938 წელს თბილისში, მეტეხის მუზეუმში მოწყობილ გამოფენაზე.
2004 წელს გადავწყვიტეთ, რესტავრაცია ჩაგვეტარებინა ფიროსმანის ამ მართლაც უნიკალური სურათისთვის. ეროვნული მუზეუმის რესტავრატორებმა – ნანა მანაგაძემ და ეველინა კარსელმა ჩვეული სიფრთხილითა და პროფესიული პასუხისმგებლობით მოჰკიდეს ხელი „ქირურგიულ“ საქმეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მათ ურთულეს პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან ჯერჯერობით, არ გვაქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარესტავრაციო ლაბორატორია. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მოხდება რესტავრაციისა და კონსერვაციის ცენტრის დასრულება (RCC), რომელიც არამხოლოდ ხელოვნების მუზეუმში დაცულ, არამედ მთლიანად, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების კვლევისა და რესტავრაციის პროცესს უფ-რო უსაფრთხოსა და ხელმისაწვდომს გახდის.
პირველ რიგში, ტექნიკური კვლევები ჩატარდა, რათა ფიროსმანის მიერ გამოყენებული საღებავების ქიმიური შემადგენლობა დადგენილიყო. გაირკვა, რომ ავტორმა გამოიყენა როგორც მზა, ისე ბუნებრივი საღებავების სინთეზი, რამაც გარკვეულწილად ახსნა, მკვლევრებისთვის ასე საინტერესო – ფიროსმანის სრულიად განსხვავებული ფერების საიდუმლო.
ცნობილია, რომ ნამუშევრის დაზიანებას აჩქარებს მტვერი, რომელიც ნივთის ზედაპირს არა მარტო აჭუჭყიანებს, არამედ იერსახესაც უცვლის, ამიტომ, ტექნიკური კვლევების პარალელურად, ზედაპირული გაწმენდა დაიწყო, რომლის დროსაც მტვრისა და სხვა მექანიკური ნადებისგან სრულიად გათავისუფლდა ნამუშევრის ზურგის მხარე და ფერწერული ზედაპირი. ამას მოჰყვა ეგრეთ წოდებული კონსოლიდაცია: ფერწერულ ფენას ჩაუტარდა პროფილაქტიკური დამაგრება და სურათის ზურგის მხრიდან მოიხსნა ძველი საკერებლები, გამაგრდა ჩახევები, გასწორდა უსწორმასწორო კიდეები და აღდგა მუშამბის ძაფების ქსოვის სტრუქტურა.
შემდგომი ეტაპი სტრუქტურულ დამუშავებას მოიცავდა, რომლის დროსაც ნამუშევრის ზურგის მხარე სპეციალურად მომზადდა და დაეკრო სადუბლირებო, სელის ტილოს. შედეგად, ძლიერ ჩახეულმა და დაბზარულმა მუშამბამ საყრდენი მიიღო, დაფიქსირდა და სურათის ქვეჩარჩოზე გადაჭიმვა გახდა შესაძლებელი.
მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა დაკარგული ადგილების აღდგენა – ფრაგმენტი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დამოუკიდებლად იფინებოდა, დაუბრუნდა თავდაპირველ ადგილს, დიდი ზომის დანაკარგები სურათის კიდეების გასწვრივ ტილოს საკერებლებით შეივსო, ხოლო ფერწერული დანაკარგები – სარესტავრაციო გრუნტით.
საბოლოოდ მუშამბა შესაბამისი ფერით დაიფერა და ტონირება გაუკეთდა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ზომის დანაკარგების დაფერვა ნეიტრალური ფერით გადაწყდა, რათა არ დარღვეულიყო კომპოზიციური აღქმა და, ამავე დროს, გარკვეული ყოფილიყო განსხვავება ავტორისეულ ფერწერასა და ტონირებას შორის. ხელუხლებელი დარჩა ფერწერული ფენის მოხეხილი ადგილებიც, რათა მინიმალური ჩარევით, ფერწერაში შეგვენარჩუნებინა ფიროსმანის ორიგინალური მონასმები.
რესტავრაციის ნაწილია ნამუშევრის კონსერვაციაც, ამ შემთხვევაში ფერწერული ზედაპირი ლაქის დამცავი თხელი ფენით დაიფარა, რომელიც სურათს გარემოს არასასურველი ზემოქმედებისგან იცავს, ანიჭებს მას ბზინვარებას, სიღრმესა და ელასტიკურობას.
2015 წლის იანვარში, თითქმის ათწლიანი სარესტავრაციო სამუშაოს დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის სურათი ,,ნადირობა ინდოეთში“ სრული სახით გამოიფინა. პრეზენტაცია რამდენიმე თვალსაზრისით იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი: ეს იყო ახალი სიცოცხლის დასაწყისი ფიროსმანის ნამუშევრისთვის და ამავდროულად, დასრულდა მრავალეტაპიანი, ურთულესი სარესტავრაციო პროცესი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაამახვილა საზოგადოების ყურადღება შესანიშნავ მხატვარზე და მისი მემკვიდრეობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.