ამ გოჭს თქვენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს მეცნიერები და ქირურგები ორგანოთა დონორების კრიზისულ დეფიციტს ებრძვიან. იქნებ ამ პრობლემის გადაჭრის საშუალება ტალახში გორავს?
ამ გოჭს თქვენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია
ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს მეცნიერები და ქირურგები ორგანოთა დონორების კრიზისულ დეფიციტს ებრძვიან. იქნებ ამ პრობლემის გადაჭრის საშუალება ტალახში გორავს?
ურიგო არ იქნებოდა, შესასვლელში ინსტრუქციის ბროშურა მოეცათ: დარეგისტრირდით დაცვის ქოხში. ფეხსაცმელი კართან გაიხადეთ. მიბრძანდით გასახდელში და მიიღეთ ცხელი შხაპი. ჩაიცვით გრძელი ქირურგიული ხალათი და მუხლამდე რეზინის ჩექმები, შემდეგ კი დამცავი სათვალე მოირგეთ, რომელიც თბილ და ნესტიან ლაბორატორიაში შესვლისას წამში ორთქლით დაიფარება.
„ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის“, – მითხრა ღიმილით ჩემმა მეგზურმა, ბიორნ პეტერსენმა და ხელით მანიშნა, გზა გამეგრძელებინა. „ჩვენ უკიდურესად ფრთხილად უნდა ვიყოთ პათოგენებთან. თქვენ ამას მიეჩვევით, გპირდებით“.

რამდენიმე საათის წინ აშშ-ის შუა დასავლეთის ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში გამეღვიძა. მთხოვეს, რომ მისი სახელი არ გამეთქვა. ახლა პეტერსენს, გერმანიაში დაბადებულ მეცნიერს, საიდუმლო კვლევითი კომპლექსის დერეფნებში მივყვები. „როდესაც ეს ადგილი ვიყიდეთ, მეპატრონეები მას შინაურ ცხოველთა კვლევით დაწესებულებად იყენებდნენ“, – მითხრა მან და იქვე ცხოველების სადგომზე მიმითითა. „აქ მსხვილფეხა რქოსანი საქონელი ჰყავდათ, იქით, მინდორში კი ცხენები იყვნენ. ჩვენ ეს სქემა შევინარჩუნეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზნები სრულიად განსხვავებულია“.
როდესაც სადგომში შევედით, მან კიდევ თქვა რაღაც, მაგრამ ვეღარ გავიგე, რადგან ხმა რაღაცის მომლოდინე ღორების ღრუტუნმა და ცემენტზე ჩლიქების ბაკუნის ხმამ ჩაახშო. ათიოდე ღორმა საკუთარი სადგომის კიდესთან მიირბინა. დინგებს ლითონის გისოსებს აჭერდნენ. „მინდა ვიღაც გაგაცნო“, – მითხრა პეტერსენმა თვალების ხამხამით – მკვეთრი სინათლე თვალს უჭრიდა. ერთ-ერთ ბაკთან შეჩერდა. მის ბინადარს „მარგარიტა“ ერქვა. ის სხეულით ისე მიეალერსა პეტერსენს ხელზე, როგორც უზარმაზარი სახლის კატა – პატრონს. „მარგარიტა ერთ-ერთი პირველია“, – ამაყად თქვა პეტერსენმა და ღორის ყურებს შორის ამოზრდილ შავ ჯაგარზე მოსაფერებლად დაიხარა. „ცხოველების უმეტესობა, რომლებსაც აქ ხედავთ, ერთი და იმავე უჯრედებიდან შეიქმნა, მაგრამ პირველი ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულია. თქვენც ასე არ ფიქრობთ?“

პეტერსენი ფერმაში მიმდინარე სამუშაოებს ხელმძღვანელობს. ის პირუტყვის კლონირებისა და ქსენოტრანსპლანტაციის სპეციალისტია. ქსენოტრანსპლანტაცია უახლესი, მოწინავე სამეცნიერო ტექნოლოგიაა, რომელიც ცხოველის ბიოლოგიური მასალის ადამიანში გადანერგვას გულისხმობს (სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ξένος [ქსენოს], რაც „უცხოს“ ნიშნავს). 2023 წელს, ევროპის სამთავრობო კვლევით ინსტიტუტებში თითქმის 25 წლის განმავლობაში მუშაობის შემდეგ, პეტერსენი, ოჯახთან ერთად, აშშ-ის შუა დასავლეთში დასახლდა ბიოტექნოლოგიურ კომპანია eGenesis-ში სამუშაოდ. ამ კომპანიას ვენჩურულ ინვესტორთა ჯგუფი აფინანსებდა და ეს-ესაა გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელების ადამიანის ორგანიზმში გადანერგვის განსაცვიფრებელ პროექტს იწყებდა. გენის რედაქტირებისა და იმუნოსუპრესიული მედიცინის მიღწევების წყალობით, eGenesis-მა სწრაფად აჩვენა, რომ მისი გადანერგილი ორგანოები დიდხანს ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას საცდელ პრიმატებში, ფილტრავენ სისხლს და წარმოქმნიან შარდს ისეთივე წარმატებით, როგორც „ალოტრანსპლანტატი“ (იმავე სახეობისგან გადანერგილი) თირკმელები.
ახლა, ორი წლის შემდეგ, პეტერსენი და eGenesis-ი ორგანოთა ტრანსპლანტაციის დარგში მიმდინარე დიდი რევოლუციის ავანგარდში დგანან, რამაც შეიძლება იმოქმედოს დონორთა გლობალური დეფიციტის პრობლემის გადაჭრაზე და ათასობით მძიმე პაციენტის ბედი შეცვალოს, რომლებიც ყოველწლიურად ელიან ახალ თირკმელს. მიღწეული შედეგები უკვე იწვევს განცვიფრებას: პირველ ეტაპზე საცდელი ტრანსპლანტატები გადაუნერგეს პრიმატებს, შემდეგ იმ ადამიანებს, რომელთა ტვინი უკვე ცოცხალი აღარ იყო. და ბოლოს, გასული წლის მარტში, ცოცხალი პაციენტისთვის ორგანოს გადანერგვის ამბავმა მსოფლიო მედია მოიცვა.
ამის შემდეგ, აშშ-ის სურსათისა და წამლების მარეგულირებელმა სააგენტომ (FDA) eGenesis-ს მწვანე შუქი აუნთო სამი პაციენტისთვის კლინიკური კვლევის ჩასატარებლად. ამ გადაწყვეტილებამ, გასული წლის ისტორიული ქსენოტრანსპლანტაციის შემდეგ, კიდევ უფრო გააძლიერა ინტერესი კომპანიის მიმართ. eGenesis-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ კერტისის თქმით, თუ ცდების შედეგები წარმატებული იქნება, კომპანია გაზრდის წარმოების მოცულობას და ფიქრობს, რომ მიმდინარე ათწლეულის ბოლოს ტექნოლოგია უკვე ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის. „გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ სცენარს, როდესაც სახეობათაშორისი ტრანსპლანტაცია მთლიანად ჩაანაცვლებს ალოტრანსპლანტატებს. ჩვენ აღარ დაგვჭირდება დონორი ადამიანები“, – თქვა მან.

ამ მიზნის მიღწევას დასჭირდება ტექნოლოგიის შემდგომი დახვეწა და უფრო მეტი ღორი, როგორიცაა მარგარიტა, აგრეთვე მეცნიერები, როგორიცაა პეტერსენი. ყველაფერზე მეტად კი ეს მოითხოვს ნდობას იმ ადამიანთა მხრიდან, რომლებიც საოპერაციო მაგიდაზე წვანან და ამ უახლეს მეცნიერებასა და მის მიმდევარ ექიმებსა თუ კლინიკებს საკუთარ სიცოცხლეს ანდობენ. გასულ წელს წარმატებულად ჩატარებული ქსენოტრანსპლანტაცია – ოთხსაათიანი ოპერაცია მასაჩუსეტსის მრავალპროფილურ საავადმყოფოში (ბოსტონი), რომელსაც ბრმა რწმენა, გვარიანი დოზით სასოწარკვეთილება და წარმოუდგენელი იღბალი ახლდა თან, ალბათ ამ ახალი მომავლისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო.
ეს ყველაფერი აშშ-ის შუა დასავლეთში, ფერმაში დაიწყო. მარტის სუსხიანი დილა იყო. ფურგონი ჩართული ძრავით იდგა. კარი გაიხსნა. იქ ერთი წლის ღორი შესვეს და მანქანა გორვით დაიძრა. თან მრავალწლიანი სამედიცინო კვლევები, იმედები და ინვესტიციები მიჰყავდა.
ფურგონი თვრამეტი საათი მიდიოდა აღმოსავლეთისკენ. კერტისს თავში მილიონი აზრი მოსდიოდა. „ამ დროს ზიხარ და ფიქრობ. ფურგონს მანქანა რომ დაეჯახოს?“
ან რა მოხდება, თუ რიკ სლეიმენი გადაიფიქრებს?
ოთახში სიჩუმეს დაესადგურებინა. სხვა არჩევანი აღარ იყო. დროც აღარ ითმენდა. ნეფროლოგი უინფრედ უილიამსი მასაჩუსეტსის მრავალპროფილურ საავადმყოფოში, თავის ოთახში მაგიდასთან იჯდა და შეჰყურებდა კაცს, რომელიც არა მხოლოდ მისი პაციენტი, არამედ მეგობარიც გახდა. შემდეგ მეტად რისკიანი კითხვა დაუსვა და პასუხს დაელოდა.
„ქსენოტრანსპლანტაციის შესახებ თუ გსმენია რამე?“
„მე ასე ვიტყოდი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ ისეთ სცენარს, როდესაც ტრანსპლანტაციისთვის დონორი ადამიანები აღარ დაგვჭირდება“ – მაიკ კერტისი, ბიოტექნოლოგიური კომპანია eGenesis-ის აღმასრულებელი დირექტორი
რიკ სლეიმენმა, რომელსაც თითქმის აღარ შემორჩენოდა დიალიზის გასაკეთებლად ვარგისი სისხლძარღვები, თავი გააქნია. უილიამსს არ გაჰკვირვებია. 2023 წლისთვის ქსენოტრანსპლანტაცია ჯერ კიდევ ის თემა იყო, რომლის შესახებ მხოლოდ სამეცნიერო ჟურნალებში წერდნენ ან ზოგჯერ კანის ან რქოვანას გადანერგვასთან დაკავშირებით მოიხსენიებდნენ საინფორმაციო წყაროებში. ამიტომ ის მაქსიმალურად შეეცადა კარგად აეხსნა, რომ გენების რედაქტირების სფეროს სწრაფი განვითარების ფონზე ექიმები მალე შეძლებენ ადამიანის ორგანიზმში ღორის თირკმლის ტრანსპლანტაციას, გადანერგილი ორგანოს მწვავე და მყისიერი განდევნის რისკის გარეშე. უილიამსს ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა ბიოტექნოლოგიურ კომპანია eGenesis-თან და იცოდა, რომ ამასწინათ მან მიიღო FDA-ის თანხმობა ცდებზე „წვდომის გაფართოებაზე“. ეს არის სპეციალური ნებართვა, რომელიც უფლებას აძლევს, მსგავსი მეთოდით უმკურნალონ პაციენტებს, რომლებსაც სხვა არჩევანი არ აქვთ.
უილიამსს არ სჭირდებოდა ზედმეტი ახსნა სლეიმენისთვის, რომ ის ზუსტად აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნულ კრიტერიუმს. სლეიმენი მთელი ცხოვრება ებრძოდა ჰიპერტენზიას და დიაბეტს, დაავადებებს, რომლებმაც, ერთობლივად, მის შემთხვევაში თირკმლის ტერმინალური უკმარისობა გამოიწვია: თირკმლის ქსოვილის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება და ორივე თირკმლის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება. სლეიმენის შემთხვევას სისხლის შედედების პრობლემაც ერთოდა თან, რაც სულ უფრო ართულებდა დიალიზის დროს სისხლის სტაბილური ნაკადის შენარჩუნებას. ერთი წლის განმავლობაში, თრომბების მოსაშორებლად, მას მრავალი პროცედურის ჩატარება მოუწია საავადმყოფოში.
ასეთი მდგომარეობა ნებისმიერისთვის ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით ისეთი ენერგიული ადამიანისთვის, როგორიც სლეიმენია. უილიამსმა ისიც კარგად იცოდა, რომ შორეული პროგნოზი სასტიკი იყო. დიალიზი არ აღადგენს თირკმლის დაზიანებულ ქსოვილს. ის მხოლოდ საშუალებას აძლევს პაციენტს, ცოცხალი დარჩეს. ბოლოს ტრანსპლანტაცია მაინც საჭირო იქნება, თუ შესაფერისი ორგანო მოიძებნა. 2018 წელს, დაახლოებით 95 000 ამერიკელიდან, რომლებიც ახალ თირკმელს ელოდნენ, მხოლოდ 25%-მა შეძლო მისი მიღება.

იმავე წლის დეკემბერში სლეიმენს გაუმართლა და იმ 25%-ს შორის მოხვდა. ოპერაციამ, რომელიც მასაჩუსეტსის მრავალპროფილური საავადმყოფოს გამოცდილმა ქირურგმა ტაცუო კავაიმ ჩაატარა, წარმატებით ჩაიარა და პოსტოპერაციული გართულებებიც მინიმალური იყო. სლეიმენმა შეძლო სამსახურში სრულ განაკვეთზე დაბრუნება, მაგრამ სამი წელიც არ იყო გასული, რომ ნაცნობი სიმპტომები კვლავ გამოჩნდა: შეშუპება და დაღლილობა. კვლევებმა დონორის თირკმელზე ნაწიბურები და რეციდიული დიაბეტის ადრეული ნიშნები გამოავლინა. „ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეს ორგანო დიდხანს ვერ გაძლებდა“, – თქვა უილიამსმა.
სლეიმენი კვლავ დიალიზისა და თრომბის მოცილების დამქანცველმა რუტინამ ჩაითრია. მოგვიანებით ექიმებმა მას ანტიკოაგულანტები დაუნიშნეს და ბარძაყში ახალი ფისტულაც ჩაუდგეს. მაინც არაფერი ეშველა. პირიქით, სულ უფრო შემაშფოთებელი სიმპტომებიც გამოჩნდა, როგორიცაა ჰიპერკალიემია, სისხლში კალიუმის არანორმალურად მაღალი დონე, რის გამოც სლეიმენი გადაუდებელი დახმარების ადგილობრივ განყოფილებაში გადაიყვანეს.
„მას მრავალი პროცედურის გავლა მოუწია ანესთეზიით და დიდი დრო გაატარა საავადმყოფოში. მახსოვს, რომ მითხრა: ექიმო, არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამის გაგრძელებას. სლეიმენი ფიქრობდა, საერთოდ უარი ეთქვა დიალიზზე. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს სასიკვდილო განაჩენი იქნებოდა“, – მითხრა უილიამსმა.
ამან უილიამსი ქსენოტრანსპლანტაციაზე დააფიქრა და იგი დაელაპარაკა eGenesis-ს. უილიამსი ენდობოდა ამ კომპანიაში მოღვაწე მეცნიერებს. ის თავადაც ეწვია კომპანიის ლაბორატორიებს და გაოცებული დარჩა ნანახით, თუმცა ესმოდა, რომ მის პაციენტს შესაძლოა ამ საკითხისთვის ეჭვის თვალით შეეხედა. უილიამსი სლეიმენივით აფროამერიკელია და მის გონებაში უნებურად ტასკიგის სამარცხვინო ექსპერიმენტები ამოტივტივდა, როდესაც აშშ-ის მთავრობამ 40-წლიანი კვლევა ჩაატარა სიფილისით დაავადებულ ასობით შავკანიან მამაკაცზე, ამავდროულად მიზანმიმართულად დამალა მათი დიაგნოზი და არ უმკურნალა პენიცილინით, როდესაც ეს პრეპარატი ხელმისაწვდომი გახდა. „უნდა გესმოდეთ, რომ ტასკიგის ისტორია ღრმადაა ჩაბეჭდილი აშშ-ში მცხოვრები აფროამერიკელების ცნობიერებაში. შიშის მიზეზიც ესაა“, – თქვა უილიამსმა.
მიუხედავად იმისა, რომ თირკმლის ქსენოტრანსპლანტაცია დღეის ინოვაციად მოჩანს, მისი სამეცნიერო საფუძველი ათწლეულების წინ ჩაიყარა.
ინფორმირებული თანხმობის მისაღებად მოწყობილი შეხვედრების დროს უილიამსი სლეიმენს მაქსიმალურად გულწრფელად უხსნიდა როგორც აღნიშნული ინოვაციური პროცედურის, ასევე უმოქმედობის რისკებს. ეს არ იქნებოდა ადვილი გადაწყვეტილება და გამბედაობა დასჭირდებოდა, მაგრამ სლეიმენმა თქვა, რომ ყველაფერი კარგად ესმოდა. მოგვიანებით მისი ქალიშვილი პია სლეიმენი იხსენებდა, რომ მამა „დარწმუნებული იყო, ოპერაცია წარმატებით ჩაივლიდა. ამიტომ არაფერი შემეძლო, გარდა მხარდაჭერისა“.
ბოლო შეხვედრა დაგეგმილ ოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე, 2024 წლის დასაწყისში შედგა. უილიამსმა მითხრა, რომ შუა საუბარში სლეიმენს ცრემლები წასკდა. „მე მინდა ამის გაკეთება, მაგრამ მინდა, რომ ამ დროს ჩემ გვერდით იყო და ჩემზე ზრუნავდე“. და მეც დავპირდი. ეს მეტად ამაღელვებელი მომენტი იყო, რადგან ბატონ სლეიმენს სრულიად უცნობ წყლებში უნდა შეეცურა. მე შემეძლო მეგზურობა გამეწია, მაგრამ პირველი მგზავრი ის უნდა ყოფილიყო“.
მიუხედავად იმისა, რომ თირკმლის ქსენოტრანსპლანტაცია დღეის ინოვაციად მოჩანს, ეს ისტორია ათწლეულების წინ დაიწყო და გარკვეულწილად ტულეინის უნივერსიტეტის ნიჭიერი ექიმისა და პროფესორის, კით რიმტსმას საქმიანობიდან იღებს სათავეს. 1960-იანი წლების დასაწყისში რიმტსმამ, კარდიოთორაკალურმა ქირურგმა, ლაბორატორიული შიმპანზეების თირკმლის ადამიანისთვის გადანერგვის ოპერაციათა სერიის დაგეგმვა დაიწყო. ეს იდეა უპრეცედენტო არ ყოფილა. ათწლეულების განმავლობაში მეცნიერები ადამიანებს გადაუსხამდნენ ცხოველის სისხლს და უნერგავდნენ ცხოველის კანს. რეციპიენტისთვის თირკმლის გადანერგვა და იმუნოსუპრესიული თერაპიის გამოყენება მხოლოდ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა სირთულისა და მასშტაბურობის თვალსაზრისით. რამდენიმე წლის შემდეგ რიმტსმას ერთ-ერთმა პაციენტმა დაახლოებით ცხრა თვე იცოცხლა შიმპანზის თირკმლით. ეს შესანიშნავ მიღწევად ჩაითვალა იმ ეპოქაში, როდესაც თირკმლის უკმარისობით დაავადებულთა მდგომარეობა კიდევ უფრო უიმედოდ გამოიყურებოდა დღევანდელთან შედარებით. დიალიზი არ იყო ფართოდ ხელმისაწვდომი და არც თირკმლის დონორთა ეროვნული ბაზა არსებობდა.
მარცხნივ: რიკ სლეიმენი – თირკმლის რეციპიენტი პაციენტი – სლეიმენი, ორი შვილის მამა და მასაჩუსეტსის ტრანსპორტის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, მსოფლიოში პირველი ცოცხალი პაციენტი იყო, რომელსაც ღორის გენმოდიფიცირებული თირკმელი გადაუნერგეს 2024 წლის მარტში. მარჯვნივ: უინფრედ უილიამსი ნეფროლოგ – ტრანსპლანტოლოგი ბოსტონში, მასაჩუსეტსის მრავალპროფილურ საავადმყოფოში. უილიამსი სლეიმენს თირკმლის უკმარისობის ტერმინალურ სტადიაზე მკურნალობდა, რაც ხშირ დიალიზს მოითხოვდა. სლეიმენის ორგანიზმს უკვე განედევნა დონორი ადამიანისგან გადანერგილი თირკმელი. ამიტომ უილიამსი მას ქსენოტრანსპლანტაციის შესაძლო კანდიდატად მოიაზრებდა.
ეს ეიფორია დიდხანს არ გაგრძელებულა. 1960-იანი წლებისთვის აშშ-ში თირკმლის დაავადებების მასშტაბმა კრიზისულ ზღვარს მიაღწია. ქსენოტრანსპლანტაციის სრულყოფის შემთხვევაშიც კი საიდან მოიყვანდნენ მეცნიერები საკმარისი რაოდენობის შიმპანზეს? იშვიათ და ძნელად მოსაპოვებელ რესურსს აზრი არ ექნებოდა, ამბობს რობერტ მონტგომერი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის Langone Health-ის ტრანსპლანტაციის სპეციალისტი, რომელსაც თავადაც დონორის გული აქვს. ეს ეთიკური თვალსაზრისითაც გაუმართლებელი იქნებოდა: „ადამიანებმა, როგორიცაა ჯეინ გუდოლი, ბევრი რამ გააკეთეს იმისთვის, რომ გაგვეგო, რამდენად ვგავართ პრიმატებს“, – თქვა მან.
მალევე შიდსიც გამოჩნდა, რომელიც, სავარაუდოდ, ადამიანის მსგავს მაიმუნებში წარმოიშვა. „ევოლუციურად ადამიანებთან უფრო ახლოს მყოფი დონორის გამოყენება ნამდვილად ზრდის წარმატების შანსს, — მითხრა მონტგომერიმ, – მაგრამ იმავე ლოგიკით, ეს მნიშვნელოვნად ზრდის რისკს, რომ ადამიანს პათოგენებიც უფრო მარტივად გადაედება პრიმატისგან“, ვიდრე სხვა ცხოველისგან.
მაგალითად, ღორისგან.
„ბატონი სლეიმენი სრულიად უცნობი სამყაროს საზღვართან იდგა. მე შემეძლო მეგზურობა გამეწია, მაგრამ პირველი მგზავრი ის უნდა ყოფილიყო“. – უინფრედ უილიამსი.
მიუხედავად იმისა, რომ ღორი ფრიად გონიერი არსებაა, ადამიანთა უმეტესობა არცთუ განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობა მას. ერთ-ერთი გამოთვლის მიხედვით, ყოველწლიურად ადამიანები მილიარდზე მეტ ღორს კლავენ და მიირთმევენ. ამასთან, ღორი საოცარი სისწრაფით მრავლდება. ჩვეულებრივ, ღორი წელიწადში ორჯერ და, ზოგჯერ, სამჯერ ყრის გოჭებს და თითო ნაყარი 8-12 გოჭს შეადგენს. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 1990-იანი წლებიდან ქსენოტრანსპლანტაციის სფეროში მოღვაწე მრავალმა მკვლევარმა ხელი აიღო პრიმატების გამოყენების იდეაზე.
მაგრამ ღორთან მიმართებით სხვა ტიპის სირთულეები წარმოიშვა. მათ შორის ყველაზე გამაწბილებელი აღმოჩნდა ღორის ანტიგენი, რომელიც ცნობილია გალაქტოოლიგოსაქარიდის ან, შემოკლებით, ალფა-გალის სახელწოდებით. ეს ანტიგენი აქვს ღორს, მაგრამ არ გააჩნია ადამიანს, ვერ ცნობს მას და იწყებს სისხლის მიმოქცევიდან მის გამოდევნას ანტისხეულების გამომუშავებით, რომლებიც ეკვრიან აღნიშნულ ანტიგენს. ტრანსპლანტაციისას ეს, როგორც წესი, იწვევს გადანერგილი ორგანოს მწვავე განდევნას. ანტიბიოტიკებმა და იმუნოსუპრესანტებმა შეიძლება დროებით ხელი შეუშალოს გადანერგილი ორგანოს განდევნას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი არაეფექტურია. მეცნიერები მიხვდნენ, რომ წარმატების მისაღწევად ღორის თირკმლიდან ამ ანტიგენის მთლიანად მოშორება იქნებოდა საჭირო, რაც შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია.
ამ პრობლემის ეფექტური გადაწყვეტის გზა 2012 წელს გაჩნდა, როდესაც მეცნიერებმა ემანუელ შარპანტიემ და ჯენიფერ ა. დაუდნამ CRISPR-Cas9 ტექნოლოგია დააპატენტეს. ამ ტექნოლოგიას ხშირად „მოლეკულურ მაკრატელს“ ადარებენ. მისი გამოყენებით მკვლევრებს შეუძლიათ ცხოველებისა და ადამიანების გენეტიკურ კოდში „ჭრილების“ გაკეთება, დაავადების გამომწვევი მუტაციების ჩანაცვლება და გენის ექსპრესიის ფუნდამენტურად შეცვლა.

მონტგომერიმ და მისმა გუნდმა 2021 წელს NYU Langone-ში ღორის მოდიფიცირებული თირკმლის მსოფლიოში პირველი ქსენოტრანს-პლანტაცია განახორციელეს. მათ Revivicor-ის – United Therapeutics-ის შვილობილი კომპანიის
მიერ მოწოდებული ორგანო გადაუნერგეს ტვინმკვდარ პაციენტს.
სანამ ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცებენ, აშშ-სა და ევროპაში ნებისმიერი ექსპერიმენტული სამედიცინო პროცედურა ორ ეტაპს გაივლის. პრეკლინიკურ სტადიაზე წამლის ან ქირურგიული ოპერაციის გამოცდა ხდება ლაბორატორიაში. თუ შედეგები დააკმაყოფილებს მარეგულირებელ ორგანოებს, მკვლევრები გადადიან მეორე ეტაპზე – კლინიკურ ცდებს ადამიანებზე ატარებენ.
2017 წელს, რიკ სლეიმენისთვის დონორი ადამიანის თირკმლის გადანერგვამდე ერთი წლით ადრე, eGenesis-ის მეცნიერებმა დაიწყეს პრეკლინიკური ცდების ჩატარება კობორჩხალაჭამია მაკაკებზე. მათ გადაუნერგეს ლაბორატორიულად მოდიფიცირებული ღორის თირკმელები, რომელთაც გენის რედაქტირების გზით მოაშორეს ზემოთ აღნიშნული ანტიგენი. შედეგად, ერთ-ერთმა მაკაკამ თითქმის 300 დღე იცოცხლა.
„ჩვენ შევხვდით FDA-ს. „რა უნდა ნახოთ, რომ მომდევნო ეტაპზე გადასვლის საშუალება გვქონდეს?“ – ეს იყო ჩვენი მთავარი შეკითხვა“, – იხსენებს eGenesis-ის აღმასრულებელი დირექტორი კერტისი. „მათ დაასახელეს დრო. მაიმუნს 12 თვე უნდა ეცოცხლა. მაშინ ვიფიქრე, რომ აშკარად სწორი მიმართულებით მივდიოდით“.
მაგრამ eGenesis-ი არ იყო ერთადერთი კომპანია, რომელიც FDA-ის ნებართვის მოპოვებას ცდილობდა. ღორის მოდიფიცირებულ თირკმელზე მუშაობდა United Therapeutics-ის შვილობილი კომპანია Revivicor-იც. გენეტიკური ინჟინერიის მეთოდები, რომლებსაც eGenesis-ი და United Therapeutics-ი იყენებდნენ, ზოგადი მიდგომით მსგავსი ჩანდა. ორივე კომპანიის მეცნიერებმა დაიწყეს ღორის ემბრიონის უჯრედების რედაქტირება სახიფათო ანტიგენთა ექსპრესიის დასათრგუნად, შემდეგ კი ამ უჯრედების კლონირება მოახდინეს ბირთვის გადანერგვით – ტექნოლოგიის მეშვეობით, რომელიც იდენტური გენების ნაკრების მქონე ემბრიონებს ქმნის. ჯანმრთელი ემბრიონები გადაიტანეს მდედრ ღორებში. შედეგად, მათ მიერ შობილ შთამომავლობას იდენტური რედაქტირებული უჯრედები ჰქონდა.
„ძნელი იყო, ეს ტრანსპლანტაცია სამეცნიერო გარღვევად არ აღგექვათ. აუცილებლად იგრძნობდით ენთუზიაზმს. ეს მეც ვიგრძენი“ – რობერტ მონტგომერი
აქ მიდგომების მსგავსება მთავრდება. United Therapeutics-ი ღორის მხოლოდ ოთხ გენს ამოაგდებს, ამასთან, უპირატესობას ანიჭებს ლანდრასის ჯიშის ღორს მისი ნაყოფიერებისა და დაბადებული გოჭების რაოდენობის გამო. eGenesis-ი კი უჯრედებში გენების რედაქტირების 69 მანიპულაციას ატარებს, რომელთაგან 62 არის გენების ამოგდება, ხოლო 7 – გენების დამატება ადამიანის გენომიდან. გარდა ამისა, უჯრედების წარმოშობაც განსხვავებულია: eGenesis-ი შედარებით მცირე ზომის ჯიშს – იუკატანის ღორს ამჯობინებს, რომლის ორგანოები ზომით უფრო შეესაბამება ადამიანის ორგანოებს.
2021 წლის სექტემბერში NYU Langone-მა მიიღო თანხმობა, რომ United Therapeutics-ის მიერ მოდიფიცირებული ღორის თირკმელი გადაენერგა პაციენტისთვის, რომლის ტვინი დადასტურებულად მკვდარი იყო. ასეთი პაციენტი იურიდიულად გარდაცვლილად ითვლება და მისი ორგანიზმის ფუნქციონირებას ხელოვნური სუნთქვის აპარატით უზრუნველყოფენ. ოპერაციის ჩატარება რობერტ მონტგომერის დაევალა.
2021 წლის ოქტომბერში NYU Langone-მა ახალი ამბები გაავრცელა: გადანერგილი ღორის თირკმელი სისხლძარღვების ქსელით პაციენტის ბარძაყის სისხლძარღვს დაუკავშირდა, მაშინვე დაიწყო ფუნქციონირება და თითქმის სამი დღის განმავლობაში წარმოქმნიდა შარდს.
მხოლოდ ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი რჩებოდა: გამოცდა ცოცხალ პაციენტზე.
უინფრედ უილიამსის ოფისში ინფორმირებული თანხმობის მისაღები უკანასკნელი შეხვედრიდან სულ რაღაც რამდენიმე საათის შემდეგ, eGenesis-ში სერიოზული მზადება დაიწყო ოპერაციისთვის. ბიორნ პეტერსენის თვალწინ პატარა ღორი ჩასვეს ფურგონში, რომელიც გზას გაუყვა და ავტოსტრადაზე გავიდა.
ღამით აღმოსავლეთის მიმართულებით მოგზაურობის შემდეგ, ღორი დასავლეთ მასაჩუსეტსში, ვეტერინარულ ცენტრში ჩაიყვანეს. იქ ქირურგთა ჯგუფმა, რომელიც რიკ სლეიმენის საოპერაციოდ ემზადებოდა, ცხოველს ორივე თირკმელი ამოაცალა. ორგანოების ამოღების შემდეგ ღორს ევთანაზია ჩაუტარდა. შუადღისთვის თირკმელები მაცივარ-კონტეინერში ჩააწყვეს და ბოსტონისკენ მიმავალ სხვა სატვირთო მანქანაში მოათავსეს. მასაჩუსეტსის მრავალპროფილურ საავადმყოფოში სლეიმენს, რომელსაც უკვე უტარდებოდა თერაპიული კურსი მძლავრი იმუნოსუპრესანტებით, ანესთეზია გაუკეთეს და ოპერაციისთვის მოამზადეს. 16 მარტს 13:00 საათზე ოპერაცია დაიწყო.
საოპერაციო ოთახში უილიამსი თვალს ადევნებდა ოპერაციის მსვლელობას, რომელსაც მისი კოლეგები ატარებდნენ: ლეონარდო რიელა – მასაჩუსეტსის მრავალპროფილური საავადმყოფოს თირკმლის გადანერგვის პროგრამის სამედიცინო დირექტორი, ტაცუო კავაი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ სლეიმენს პირველად გადაუნერგა თირკმელი და რიელასთან ერთად კოორდინაციას უწევდა FDA-ისგან ნებართვის მიღებას და ნაჰელ ელიასი, თირკმლის ტრანსპლანტაციის ქირურგიული დირექტორი. თითოეულმა მათგანმა იცოდა, რა სირთულეებს შეუქმნიდა ოპერაციის მიმდინარეობას თირკმლის დაავადებასა და ჰიპერტენზიასთან სლეიმენის მრავალწლიანი ბრძოლა. „მისი სისხლძარღვების ანატომია მთლიანად შეიცვალა. ძლიერ კალციფიცირებული და გამაგრებული სისხლძარღვები ნებისმიერ ადგილას ვერ გაიხსნებოდა, ამიტომ საჭირო იყო შესაფერისი ანატომიური სტრუქტურის სისხლძარღვის პოვნა“, – თქვა უილიამსმა.
როდესაც პია სლეიმენი იმ საღამოს პოსტოპერაციულ პალატაში შევიდა, მამას ხელი მოჰკიდა და შვების ცრემლები წასკდა. მიუხედავად იმისა, რომ ესმოდა პროცედურის ისტორიული მნიშვნელობა და ჟურნალისტების ინტერესი, პაციენტმა სთხოვა საავადმყოფოს პერსონალს, მის ირგვლივ აჟიოტაჟი არ აეტეხათ პრესაში, თუმცა, თამამად დათანხმდა ოჯახთან ერთად რამდენიმე ფოტოს გადაღებას, სანამ სახლში დაბრუნდებოდა, სადაც საცოლესთან, ფერენ ვულერისთან ერთად ცხოვრობდა.
მომდევნო კვირა რთული იყო: ოპერაციიდან რამდენიმე დღეში სლეიმენს გადანერგილი ორგანოს მწვავე განდევნის სიმპტომები გამოუვლინდა. მკურნალობდნენ იმავე მედიკამენტებით, რომელთაც ადამიანის თირკმლის გადანერგვის დროს იყენებენ. მკურნალობამ შედეგი გამოიღო.
თუმცა, ტრანსპლანტაციიდან 51 დღის შემდეგ, სლეიმენი კავაისა და რიელასთან კონსულტაციაზე დაბრუნდა. ექიმებმა დეჰიდრატაციის და გამოფიტვის ნიშნები დააფიქსირეს – ის უფრო მეტ სითხესა და საკვებ ნივთიერებებს კარგავდა, ვიდრე იღებდა. `მას გაუკეთეს გადასხმა დაკარგული სითხის აღსადგენად და მაგნიუმის დეფიციტის შესავსებად“, – მითხრა უილიამსმა.
იმავე დღეს სლეიმენმა და ვულერიმ მასაჩუსეტსის საავადმყოფო დატოვეს და სახლთან ახლოს, სასურსათო მაღაზიებში შეიარეს. სლეიმენი ვულერისთან ერთად შევიდა პირველ მაღაზიაში, მეორე მაღაზიაში შესვლა კი აღარ ისურვა, რადგან თავს ცუდად გრძნობდა. ღამით, ვახშმისა და ტელევიზორთან მოკალათების შემდეგ, წყვილი დასაძინებლად წავიდა. დაახლოებით ღამის თორმეტის ნახევარზე ვულერიმ შენიშნა, რომ სლეიმენს სუნთქვა უჭირდა. შუაღამისას მას გული გაუჩერდა. ვულერიმ სასწრაფო დახმარებას დაურეკა და შემდეგ უილიამსის ნომერი აკრიფა, რომელმაც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს დაავალა, სლეიმენი უახლოეს გადაუდებელი დახმარების პუნქტში გადაეყვანათ, თვითონ კი სწრაფად გაემართა მათ შესახვედრად უეიმუთის საავადმყოფოში. რეანიმაციის ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სლეიმენი 11 მაისს, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ის მედიცინის ისტორიის პანთეონში დაიმკვიდრებს ადგილს“ – უინფრედ უილიამსი მიმართავს რიკ სლეიმენის ნათესავებსა და მეგობრებს
გაკვეთის შედეგებმა აჩვენა, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო გული და არა თირკმელი.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ გულის მძიმე დაავადების გამო მას არითმია ჰქონდა, რომლის გართულებამ სიკვდილი გამოიწვია“, – თქვა უილიამსმა.
თირკმლის ქსოვილი ჯანმრთელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ორგანოს განდევნის თავდაპირველი სიმპტომების „ნარჩენი ნიშნები“ კვლავ არსებობდა, „თირკმლის მწვავე უკმარისობა არ განვითარებულა, რასაც შეიძლებოდა ბატონი სლეიმენის სიკვდილი გამოეწვია. საბოლოო ჯამში, ქსენოტრანსპლანტატმა საკმაოდ კარგად იმუშავა“, – თქვა უილიამსმა.
გასაგებია, რომ ამ შეფასებას რთულია დაეთანხმო, თუ გავითვალისწინებთ, რომ პაციენტებს, რომელთაც გარდაცვლილი დონორი ადამიანის თირკმელი გადაუნერგეს, 12 წელი შეუძლიათ იცოცხლონ, ხოლო ცოცხალი დონორის თირკმლის რეციპიენტებს – ორ ათწლეულამდე. სლეიმენმა ორ თვეზე ნაკლები იცოცხლა და ამ შუალედში რამდენიმე სამედიცინო მანიპულაციაც ჩაუტარდა, ხოლო ლიზა პიზანო, მეორე ცოცხალი პაციენტი, რომელსაც 2024 წლის აპრილში United Therapeutics-ის ღორის მოდიფიცირებული თირკმელი გადაუნერგეს, სამი თვის შემდეგ გულის პრობლემებით გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, მონტგომერიმ, რომელიც პიზანოს ქირურგთა გუნდს ხელმძღვანელობდა, ერთ მნიშვნელოვან საკითხს გაუსვა ხაზი.
„ვცდილობთ გადავარჩინოთ სიკვდილის ზღვარზე მყოფი პაციენტები, თანაც ისეთი ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია. ეს არ არის კარგი ინდიკატორი იმის შესაფასებლად, როგორ განვითარდება ეს მეცნიერება გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ყველაზე რთული სცენარით გვიწევს მუშაობა“, – აღნიშნა მან.
უილიამსმა გაიხსენა, რომ სლეიმენის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მოწვევა მიიღო მის დაკრძალვაზე სიტყვით გამოსვლისთვის მილტონში (მასაჩუსეტსი), ბაპტისტურ ეკლესიაში, მაგრამ ზუსტად არ იცოდა, როგორ მიიღებდნენ მას იქ. უილიამსს ტასკიგის ექსპერიმენტები გაახსენდა. „როდესაც ასეთ შეკრებაზე მიდიხარ, არასოდეს იცი, როგორ შეგხვდებიან, ვინაიდან შეიძლება არსებობდეს გარკვეული ეჭვი, თუნდაც უთქმელი, რომ ამ ადამიანზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ – აი, ასე ექცევიან შავკანიანებს“, – მითხრა მან.

ღორის თირკმლის გადანერგვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, მარტში, 67 წლის ენდრიუსი სახლში (კონკორდი, ნიუ-ჰემფშირი) მეუღლესა და ძაღლთან ერთად ისვენებს. eGenesis-ი მასაჩუსეტსის საავადმყოფოსთან თანამშრომლობს შეზღუდული რაოდენობის ოპერაციების უფრო ჯანმრთელი პაციენტებისთვის გასაკეთებლად, როგორიცაა ენდრიუსი და იმედოვნებს, რომ ამ არჩევანს ფართო საზოგადოებასაც შესთავაზებს.
დაკრძალვაზე უილიამსს თან მედიკოსთა მთელი გუნდი ახლდა, რომელმაც სლეიმენს ოპერაცია გაუკეთა. მან სიტყვა კავაის წარდგენით დაიწყო და შიში მაშინვე გაქრა. „მისი სახელის წარმოთქმა არ დამემთავრებინა, რომ მთელი მრევლი ფეხზე წამოდგა და ოვაციებით შეგვეგება. დაუჯერებელი იყო, ამდენი ენერგია“.
უილიამსი ცრემლებს იკავებდა, როცა ხალხით გავსებულ ეკლესიაში წარმოთქმულ სიტყვას იხსენებდა.
„მე ვთქვი, რომ ის მედიცინის ისტორიის პანთეონში დაიმკვიდრებს ადგილს. მინდოდა მათ გაეგოთ, რომ მან ყველა პაციენტს ახალი იმედი ჩაუსახა“, – მითხრა უილიამსმა.
სლეიმენისა და პიზანოს ოპერაციების შემდეგ eGenesis-მა და United Therapeutics-მა, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედმა საავადმყოფოებმა, უამრავი მოთხოვნა მიიღეს პაციენტებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდნენ დონორი ადამიანის თირკმლის გადანერგვას. „ხალხი კითხულობდა: „მეც ხომ არ ვცადო? ჯანმრთელობა უკვე მიუარესდება. რატომ უნდა დაველოდო?“, – იხსენებდა კერტისი.
თავის მხრივ, კერტისს მხოლოდ სიმართლის თქმა შეეძლო: eGenesis-ი ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ ტექნოლოგია უფრო მეტი პაციენტისთვის იყოს ხელმისაწვდომი. „მე ვპასუხობდი, რომ ჩვენც ეს სურვილი გვაქვს, მაგრამ გვინდა, ყველაფერი სწორად გაკეთდეს“, – მითხრა მან. სწორად გაკეთება კი უფრო ჯანმრთელ პაციენტებზე გამოცდას ნიშნავდა, როგორიც, მაგალითად, ტიმ ენდრიუსია.
სუპერმარკეტის ყოფილი მენეჯერი კონკორდიდან (ნიუ-ჰემფშირი), 67 წლის ენდრიუსი, ორი წლის განმავლობაში კვირაში სამჯერ იკეთებდა დიალიზს. ამ პროცესს ხშირად ექვსი საათი სჭირდებოდა მგზავრობისა და მომზადების ჩათვლით, რამაც ენდრიუსი გამოფიტა და დაასუსტა. როდესაც დიალიზის სირთულეებზე ველაპარაკე, გაიხსენა, როგორ გაუქრა მადა თითქმის მუდმივი გულისრევის გამო. მან თვალი გაუსწორა სავარაუდო რეალობას, რომ ვერასოდეს მიიღებდა დონორი ადამიანის ორგანოს და სიცოცხლის ბოლომდე მოუწევდა ამ დამქანცველი რუტინის გამეორება.
მაგრამ გასული წლის აგვისტოში ენდრიუსს შესთავაზეს ქსენოტრანსპლანტაცია მასაჩუსეტსის მრავალპროფილურ საავადმყოფოში. თუ დათანხმდებოდა, ყველაფრის თავიდან დაწყების შანსი ექნებოდა, როგორც თვითონ თქვა, „მეორე შანსი“. მისი ოჯახი ფრთხილობდა. დამ, პროფესიით ექთანმა, რისკების შესახებ გააფრთხილა, მაგრამ ის მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე.
„არ მინდა ისე წავიდე იმქვეყნად, რომ რამე არ გავაკეთო. ისიც ვიცოდი, რომ შეიძლებოდა მაშინვე მოვმკვდარიყავი. ჩემს მეუღლეს და მასაჩუსეტსის საავადმყოფოს გუნდს ვუთხარი: „თუ მოვკვდები და თქვენ რამეს ისწავლით ჩემს მაგალითზე, დაე ასე მოხდეს. თუ ვიცოცხლებ, მაშინ ადამიანებს იმედი მიეცემათ. ეს კი ნამდვილად მინდოდა“, – იხსენებს ენდრიუსი.
იანვარში ენდრიუსს თირკმელი გადაუნერგეს. ქირურგთა გუნდს კვლავ კავაი ხელმძღვანელობდა. ენდრიუსი საავადმყოფოდან გაბრწყინებული სახით გავიდა. მეუღლე კარენი მხარში ედგა. მან იცოდა, რომ არაფერი იყო გარანტირებული, მაგრამ ჰქონდა იმედი, განახლებული, ჯანმრთელი ცხოვრების იმედი.
„თუ მოვკვდები და თქვენ რამეს ისწავლით ჩემს მაგალითზე, დაე ასე მოხდეს. თუ ვიცოცხლებ, ადამიანებს იმედი მიეცემათ. ეს ნამდვილად მინდოდა“. ტიმ ენდრიუსი
ჩვენ მარტში ვისაუბრეთ. ენდრიუსის გამოჯანმრთელება გეგმის მიხედვით მიდიოდა. ის კვირაში ორჯერ დადის Planet Fitness-ის სპორტულ დარბაზში, რეგულარულად ასეირნებს ცხრა წლის კურცჰაარს და მეუღლეს სახლის საქმეებში ეხმარება. თუ ყველაფერი კარგად იქნება, წყვილი მომავალ წელს თვითმფრინავით ჩრდილოეთ იტალიაში, ნათესავების მოსანახულებლად გაემგზავრება.
ენდრიუსი ასევე ცდილობს გახდეს ინსპირაცია ათიათასობით ადამიანისთვის, ვისაც ორგანოების დონაცია ესაჭიროება. ყოველ ოთხშაბათს, საღამოს, ის ინტერნეტით ესაუბრება პაციენტთა მხარდაჭერის ჯგუფს. ისინი ამხნევებენ ერთმანეთს და, რა თქმა უნდა, მას ღორის თირკმლის შესახებ კითხვებს უსვამენ. „მინდა იმედი მივცე ყველას, ვინც დიალიზზეა დამოკიდებული ან თირკმლის დაავადება აქვს“, – თქვა მან.
დიალიზისგან თავის დაღწევა და ორგანიზმის სრული აღდგენა მომავალია ენდრიუსისთვისაც და შესაძლოა ათობით ადამიანისთვისაც უახლოეს წლებში, თუ კლინიკური ცდები გაფართოვდება და 50 პაციენტს მოიცავს, როგორც დაგეგმილია. ენდრიუსიც და კერტისიც აღიარებენ, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა სლეიმენისა და პიზანოს გარეშე. მათ დაადასტურეს, რომ გენმოდიფიცირებული თირკმელების პოტენციალი არა მხოლოდ ჰიპოთეზა, არამედ რეალური გამოსავალიც იყო.
„აქამდე რომ მოვედით, იმ მამაცი ადამიანების დამსახურებაა, როგორებიც არიან ბატონი სლეიმენი და ყველა მეცნიერი, რომელთა მხრებზეც ჩვენ ვდგავართ“, – მითხრა კერტისმა. „იღბალმა გაგვიღიმა, რომ ამ სფეროში იმ დროს აღმოვჩნდით, როდესაც შეგვიძლია ათწლეულების პროგრესული კვლევის შედეგები გამოვიყენოთ და რეალობად ვაქციოთ. ისეთი დაუჯერებელია, ხანდახან გინდება, რომ კანზე იჩქმიტო.
მაგრამ დღეს სწორედ აქ ვართ“.