ამაზონის ამბის პირველი მთხრობელები
ორწლიანი ექსპედიცია მდინარე ამაზონის გასწვრივ კლდის მხატვრობით განთქმულ კოლუმბიის ჯუნგლებში დაიწყო.
ამაზონის ამბის პირველი მთხრობელები
ორწლიანი ექსპედიცია მდინარე ამაზონის გასწვრივ კლდის მხატვრობით განთქმულ კოლუმბიის ჯუნგლებში დაიწყო.
შამანმა ჩვენი მშვიდობიანი დაბრუნების უზრუნველსაყოფად და სულების გულის მოსაგებად თამბაქოს შესაწირის მიძღვნა გვირჩია, რომელიც ამაზონის მრავალი ტომისთვის საკრალური მცენარეა.
კოლუმბიის სერანია-დე-ჩირიბიკეტეს ეროვნულ პარკში, ქვიშაქვის კლდის ძირში, არქეოლოგი კარლოს კასტანიო-ურიბე მსხვილ სიგარებს გვირიგებს. ენერგიულად ვეწევით, კვამლში ვეხვევით, ხელის გულებს კლდეზე ვათავსებთ და ჩვენს განზრახვებს გულახდილად ვაცხადებთ. დამატებითი უსაფრთხოებისთვის, კასტანიო-ურიბე თავისი სიგარის კვამლს ჩვენი მიმართულებითაც უშვებს. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ კვლევას.
პატარა გუნდთან ერთად ვარ, რომელიც კასტანიო-ურიბეს, საზღვაო ბიოლოგ და National Geographic-ის მკვლევარ ფერნანდო ტრუხილიოს და რამდენიმე კოლუმბიელი მთამსვლელისა და ჯუნგლების სპეციალისტისგან შედგება; ისინი უზრუნველყოფენ, რომ ამ უდაბურ ადგილას, სადაც რიგითი ვიზიტორებისთვის შესვლა აკრძალულია, გზა არ აგვებნეს. ჩვენ სულ რაღაც მეცხრე ექსპედიცია ვართ, რომელსაც ნება დართეს, შეესწავლა კოლუმბიის უმსხვილესი ეროვნული პარკი, სადაც დაცულია უღრანი უხვნალექიანი ტყეების თვალწარმტაცი ლანდშაფტი, ტეპუის სახელით ცნობილი, ცაში აზიდული მაგიდა მთები და კლდის მხატვრობის 75 000-ზე მეტი ნიმუში.
აქ სწორედ პიქტოგრამების სანახავად ვარ – ვიზუალური თხრობის უძველესი ნიმუშებისა, რაც კი ამერიკის ორივე კონტინენტზე აღმოუჩენიათ. ამაზონის პირველი მთხრობელები ფაუნას და ფლორას, ადამიანებსა და გეომეტრიულ ფიგურებს კლდის ციცაბო ზედაპირებზე ხატავდნენ. იაგუარები ძალიან ხშირად ფიგურირებენ. ფოტოგრაფი ვარ და ჩვეულებრივ, წყალქვეშა სამყაროს ვიღებ. მაშინ რატომ ვლაშქრავ მიყრუებულ ჯუნგლებში მთებს? კუების, კაიმანების, ანაკონდების, თევზების სანახავად.
წყალქვეშა სიცოცხლის ამსახველი ეს ათობით ათასი წლის წინანდელი გამოსახულებები ცხადყოფს კაცობრიობის ხანგრძლივ კავშირს ამაზონთან – მსოფლიოს უმსხვილეს მტკნარი წყლის ეკოსისტემასთან. National Geographic-ისა და Rolex-ის პროექტ „მარადიული პლანეტის“ ამაზონის ექსპედიციის ფარგლებში, ამ რეგიონს ორი წლის განმავლობაში გადავიღებ და მთის მწვერვალებიდან შორეულ ოკეანემდე თავად მდინარეს დავემგზავრები. ეს მოგზაურობა რომ დავიწყე, მინდოდა, რაც შეიძლება უკეთესად გამეგო, როგორ ურთიერთობდნენ იდუმალებით მოცული პირველყოფილი ადამიანები ამ წყლის სამეფოსთან.
25 წლის განმავლობაში – თავდაპირველად როგორც საზღვაო ბიოლოგს, მოგვიანებით კი როგორც ფოტოჟურნალისტს – ჩვენი პლანეტის ყველაზე მღელვარე ზღვები გადამიღია. კარგად ვიცი, ზვიგენის კბენას თავი როგორ ავარიდო ან ვეშაპმა კვების დროს როგორ არ უნდა გამჭყლიტოს, მაგრამ ჯუნგლებში ნეოფიტი, ახალბედა ვარ. თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩირიბიკეტე შესასწავლად წარმოუდგენლად რთული ადგილია და პირველყოფილი ხელოვანები ხშირად თითქმის მიუწვდომელ ადგილებში ხატავდნენ.

მაღალ ფრიალო კლდეებზე შესრულებული კლდის მხატვრობის ნიმუშებამდე ასასვლელად გარკვეულ მანძილს ვერტმფრენით გავდიოდით, შემდეგ კი ფეხით განვაგრძობდით სვლას: უღრან ჯუნგლებში გაჭირვებით მივიწევდით, თოკებსა და კიბეებს ციცაბო ფერდობებსა თუ კლდეებზე ასაძრომად და დასაშვებად ვიყენებდით, ბნელ და ტენიან კანიონებს მივუყვებოდით.
ჩვენი ექსპედიცია სამხრეთ-ცენტრალურ კოლუმბიაში მდებარე სან-ხოსე-დელ-გუავიარეს პატარა აეროპორტში იწყება. ვერტმფრენით საძოვრებს გადავუფრენთ და ჰორიზონტზე ამწვანებული ჯუნგლების თვალუწვდენელი ხალიჩაც გადაიშლება. მფრინავი პირველი მთების გამოჩენისას დაშვებას იწყებს და ისეთ ვიწრო კანიონებს შორის გვატარებს, რომ მგონია, ხელის გაწვდენაზე კლდეებსაც შევეხები. უსწორმასწორო კლდის ერთ-ერთ შვერილზე ვსხდებით. ვერტმფრენი ძლივს ეტევა.
ადგილმდებარეობა ერთი შეხედვით იდილიურია, მაგრამ ისეთი შეგრძნება გვეუფლება, თითქოს ღუმელზე დავეშვით. როგორც კი მზე კლდის გათბობას იწყებს, ტემპერატურა ჩვენს კარვებში 37 გრადუსს სცდება. ნიავს მოწყურებული, დაძინებას ვცდილობ. ჩემი ლეიბი ჩემივე ოფლით იტბორება.
ათიათასობით პაწაწინა ვერტმფრენის ხმაზე გვეღვიძება. ჰალიქტიდები გვეწვივნენ (რომელთაც ოფლის ფუტკრებსაც უწოდებენ). სულ მალე მთელი ბანაკი – ტანსაცმელი, ჭურჭელი, ყველაფერი, რაც გარეთ დავტოვეთ – ფუტკრებში ეხვევა. კარავში შემოფრენილ ფუტკრებს საშუალებას ვაძლევ ჩემს ოფლს დაეწაფონ. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. ფუტკრებმა წაგვლეკეს – ცხვირსა და ყურებშიც გვიძვრებიან.

მიმდებარე დაბლობებზე ჰალიქტიდები თითქმის არ გვხვდება, თუმცა ამბობენ, რომ იქ კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები გადაადგილდებიან ხოლმე. AK-47-ებს ფუტკრები მირჩევნია.
იქ, საიდანაც პარკის უმთავრესი მდინარეები იღებს სათავეს, კარიხონას, მურუი-მუინასა და ურუმის მკვიდრი ხალხები ცხოვრობენ, რომლებიც 1800-იან და 1900-იან წლებში კაუჩუკის მომპოვებლებთან ძალადობრივი დაპირისპირების შემდეგ დღემდე უკონტაქტო და იზოლირებული რჩებიან. ერთხელ, 2017 წლის ექსპედიციისას, ტრუხილიო ადრიან დილას ვიღაცის ფეხის ხმამ გამოაღვიძა. მან ჩათვალა, რომ ეს სხვა მკვლევარი იქნებოდა და ძილი შეიბრუნა. მომდევნო დილას მეცნიერებმა პატარა ზომის, ფეხშიშველი ადამიანის ნაკვალევი შენიშნეს, რომელიც მათი ჩექმების ანაბეჭდებს მიჰყვებოდა.
არ არის გამორიცხული, რომ ადგილობრივი ტომებიც ჩვენსავით კლდის მხატვრობის სანახავად მოვიდნენ. პიქტოგრამები დღემდე მათი კოსმოლოგიისა და რიტუალების არსებით ნაწილად რჩება. ერთხელ კასტანიო-ურიბემ რამდენიმე ნახატის ქვეშ მცირე საცეცხლეს მიაგნო, სადაც ცხოველების ძვლები და საღებავები დახვდა. ყველაზე ძველი ნახატები რადიონახშირბადული დათარიღებით 20 000 წელს ითვლის, თუმცა უახლესი ნიმუშები 1970-იან წლებშია შექმნილი და საკმაოდ მტკიცე საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ზოგიერთი მათგანი კიდევ უფრო გვიანდელიცაა.
კედლის ნახატები, რომლებიც 70-მდე ნიმუშს აერთიანებს, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში სწორედ კასტანიო-ურიბეს დამსახურებით მოექცა.
კასტანიო-ურიბე პირველი მეცნიერი არ ყოფილა, ვინც აქაური პიქტოგრამები ნახა. პირველი 1940-იან წლებში ჰარვარდის ეთნობოტანიკოსი რიჩარდ ევანს შულტესი იყო, თუმცა მან ვერ გააცნობიერა, რომ ჩვენს პლანეტაზე კლდის მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი „საცავებით“ იყო გარშემორტყმული. ეს მხოლოდ კასტანიო-ურიბეს კვლევების შედეგად გახდა ნათელი. მან მთელი თავისი ცხოვრება ჩირიბიკეტესა და მისი ხელოვნების შესწავლას მიუძღვნა. გარდა იმისა, რომ ნახატების პირველი დეტალური აღწერილობები გამოაქვეყნა და ისინი მკვიდრი ხალხების კოსმოლოგიასაც დაუკავშირა, მას უდიდესი წვლილი მიუძღვის 1989 წელს პარკის დაარსებაში, 2013 და 2018 წლებში მის გაფართოებასა და 2018 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად დასახელებაში.

ვერტმფრენი ერთ-ერთი ტეპუის მწვერვალზე გვტოვებს და მაჩეტეების გამოყენებით გაუკვალავ ფოთლეულს საათობით ვაპობთ, სანამ ბნელ, ვიწრო კანიონში შევაღწევთ. ციცაბო რელიეფის ფეხით (ყველაზე რთულ მონაკვეთებში კი კიბეებისა და თოკების გამოყენებით) გადალახვის შემდეგ კანიონიდან გამოვდივართ. ჩვენ გაჭირვებით ვიკვალავთ გზას კიდევ მეტ მცენარეულობაში და, საბოლოოდ, ტეპუის ერთ-ერთ მხარეს, კლდის შვერილზე ვადგამთ ფეხს.
ჩვენ ზემოთ, ვერტიკალურ კედელზე, ნახატებს ვხედავთ. „Los Gemelos“-ის („ტყუპები“) სახელით ცნობილ ადგილას ვიმყოფებით. კლდის მხატვრობის ის ნიმუშები, რომლებზეც სკაროსები, წავები და კუებია გამოსახული, დიდებული სანახავია – და მათ, თურმე, ფუტკრებიც მკაცრად ყარაულობენ. ამ შემთხვევაში, თავის მომაბეზრებელი ჰალიქტიდების ნაცვლად უფრო მავნე მეთაფლია ფუტკრებზეა ლაპარაკი.
მცირე დროში გუნდის წევრები ასზე მეტჯერ დაკბინეს. უკან ვიხევთ, მაგრამ ფუტკრებიც მოგვყვებიან და კლდის კედელი, რომელზე ასვლაც ფიქსირებული თოკის გარეშე შეუძლებელია, დაბრკოლებად იქცევა. კასტანიო-ურიბესთან ერთად ველოდები, როდის გადაწყვეტს, რომ მეტ ნაკბენს აღარ აიტანს. ძალას იკრებს და ფესვიდან ფესვზე და ტოტიდან ტოტზე ოსტატურად გადახტომას იწყებს. მეც მივყვები და, მიუხედავად იმისა, რომ 15 წლით უმცროსი ვარ, ფეხის აყოლა მიჭირს.
თავს შევახსენებ, რომ ეს ჩემი მოგზაურობის მხოლოდ ერთ-ერთი ეტაპია. ცოტა ხანში ჩემს სტიქიას დავუბრუნდები – წყალში, მის გარშემო და წყალქვეშ ვიმოგზაურებ. ამაზონი 6750 კმ-ს გადის ანდებიდან ატლანტის ოკეანემდე. ეს მდინარე გახლავთ იმ ქსელის არტერია, რომელსაც ათასზე მეტი შენაკადი და ათიათასობით ნაკადული უერთდება ავსტრალიის ზომის ტერიტორიაზე. უკვე აღვბეჭდილი მაქვს მოგზაურობის საწყისი გეოგრაფიული წერტილი, ნევადო-მისმის მწვერვალი სამხრეთ პერუში, რომელიც ამაზონის შესართავიდან ყველაზე შორს მდებარე ადგილია, სადაც წყლები მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად მიედინება. წყლის დინებას გავყოლილვარ, რომ ვაიკეჩას უხვნალექიან ტყეებში მოუხელთებელი სათვალიანი დათვი მეძებნა და უკუკუს – მითური ნახევრად დათვის, ნახევრად ადამიანის – ფორმაში გამოწყობილ პილიგრიმებთან ერთად საკრალური კოლკე-პუნკუს მყინვარიც დამილაშქრავს.

მთხრობელთა უმეტესობისგან განსხვავებით, ვისაც ამაზონიაში უმოგზაურია, წყალშიც ჩავყვინთავ, რათა იმ სამყაროსაც მოვფინო ნათელი, რომელიც იშვიათად ხვდება კადრში. ამაზონის მდინარის დელფინები დატბორილ ტყეებში გზის გასაგნებად ექოლოკაციას იყენებენ. ჯავშნიანი თევზი არაპაიმა, რომელიც თითქმის მამრი გორილის წონისაა, წყლიდან მარლინივით ხტება. ელექტრულ გველთევზებს მოცურავე ბატარეებივით 600-ვოლტიანი დარტყმის მიყენება შეუძლიათ, რაც ადამიანის მოსაკლავად საკმარისად მძლავრია.
მჭიდროდ ვითანამშრომლებ National Geographic-ის სხვა მკვლევრებთანაც, რომლებიც უმნიშვნელოვანეს კვლევებს ატარებენ ამ წყლის სამეფოს მომავლის უზრუნველსაყოფად. ნოტიო ტყეებმა – კლიმატის ცვლილების საპირწონემ, რომელიც საფრთხეში აღმოჩნდა – ძლევამოსილი მდინარის მიერ შექმნილი წყალქვეშა სამყარო დაჩრდილა.
ამჟამად წამყვან მეცნიერებთან ვთანამშრომლობ: ტრუხილიოს გარდა, მათ შორის არიან ჟუან კამპოს-სილვა, რუთმერი პილკო უარკაია, ანჟელუ ბერნანდინუ, ტიაგუ სილვა, ბეიკერ პერი და ჰინსბი კადილიო-კიროსი. ისინი ამაზონის მდინარის დელფინებზე, არაპაიმებზე, სათვალიან დათვებზე, მანგროს ხეებზე, დატბორილ ტყეებზე, კლიმატის ცვლილებასა და ვერცხლისწყლით დაბინძურებაზე ინოვაციურ ნაშრომებს ამზადებენ.
XIX საუკუნის ისეთ სახელგანთქმულ ბუნებისმეტყველებს, როგორებიც ალფრედ რასელ უოლესი და ალექსანდერ ჰუმბოლდტი არიან, ამაზონის შესწავლისას უმშვენიერესი ილუსტრაციები შეუქმნიათ. თუმცა, თავად რეგიონის უძველესი ხელოვნების ნიმუშები სხვაგვარად მომაჯადოებელია.
ხუთი დღის განმავლობაში ჩირიბიკეტეში ასობით პიქტოგრამა ვნახეთ. ისინი საოცრად დახვეწილი დეტალურობითაა შესრულებული იმის გათვალისწინებით, რომ მხატვრები ბუმბულითა და ჯოხით ხატავდნენ. ერთ-ერთმა კედლის ნახატმა, რომელსაც „La Hojarasca“-ს („ფოთოლცვენა“) სახელით ვიცნობთ, განსაკუთრებით მომნუსხა.
თვალწარმტაცი სცენაა, რომელიც მაღლა აზიდული ტეპუის ფერდობის ზედა მხარეს დაუხატავთ. ორი იაგუარი მდინარეში ხტება, რომ თავს დაესხას პაკებს, დიდი ზომის მღრღნელებს, რომლებიც გამორჩეულად მოქნილ მოცურავეებად ითვლებიან. პირანიები, რომლებიც შექმნილმა არეულობამ მოიზიდა, ახლომახლო გროვდებიან. ეს ცხოველები გადმოშვერილ კლდის ქიმზე ისეა დახატული, რომ შეგრძნება დამეუფლა, თითქოს წყალქვეშ ვიყავი და იქიდან ვაკვირდებოდი, ეს სცენა ჩემ ზემოთ როგორ თამაშდებოდა.

ნეტავ, გზად შემხვედრი არსებების უბრალო ვიზუალურ ჩანახატებს ქმნიდნენ, თუ რამე ამბებსაც გვიყვებიან? კასტანიო-ურიბე ვარაუდობს, რომ ეს ნახატები შამანების შესრულებულია და რელიგიური რიტუალების დროს გამოიყენებოდა. ზოგიერთ ცხოველს მკვიდრი ხალხების კოსმოლოგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ბანივას ხალხის შამანებს სწამდათ, რომ საკრალური მცენარეების მიღებით იაგუარებად გარდასახვას და სულებთან გასაუბრებას შეძლებდნენ. ტიკუნას ხალხი საკრალურ ცხოველად მიიჩნევს ამაზონის მდინარის დელფინს, რომელიც მათ ცეკვებში ფიგურირებს და ითვლება, რომ მდინარის ფსკერზე, მალოკებში – გრძელ ქოხებში – ბინადრობს. ანაკონდას ხშირად მიიჩნევენ სამყაროს შემოქმედად და დესანოს ლეგენდა იმის შესახებაც გვიამბობს, როგორ ამოყვინთავს უზარმაზარი გველი ამაზონიდან და მოჰყავს მთელი კაცობრიობის წინაპრები თავისი ზურგით.
შამანები, სავარაუდოდ, ზებუნებრივ არსებებთან კომუნიკაციის მიზნით ხატავდნენ, რათა ადამიანსა და ბუნებას შორის წონასწორობა დაემყარებინათ. მე ამბებს იმიტომ ვყვები, რომ დედამიწის ბიომრავალფეროვნებასთან ჩვენი ურთიერთობა სასწრაფო გადააზრებას საჭიროებს. ამაზონის უნიკალურ წყალქვეშა ბრწყინვალებას კაშხლების, მაღაროების, ჭარბი თევზჭერის, გარემოს დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების გამო საფრთხე ემუქრება. ალბათ, ამ ნახატების ზუსტ მნიშვნელობას ვერასოდეს გავიგებთ, თუ ერთ დღესაც პარკის იზოლირებულად მცხოვრები მკვიდრი ხალხები გარე სამყაროს არ გაეხსნებიან. და მაინც, უცოდინარადაც, ნახატებთან და ამ შამან ხელოვანებთან ძლიერ კავშირს ვგრძნობ. მჯერა, რომ მსგავსი ამბების მოყოლას ვცდილობთ. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ფოტოები იმ დროის სულ პაწაწინა მონაკვეთს მაინც გაუძლებს, რასაც მათმა შემოქმედებამ გაუძლო.
ამ სტატიის მხარდამჭერია Rolex-ის „მარადიული პლანეტის ინიციატივა“, რომელიც National Geographic Society-სთან თანამშრომლობს სამეცნიერო ექსპედიციების ფარგლებში. მათი მიზანია ჩვენი პლანეტის უნიკალურ რეგიონებში მიმდინარე ცვლილებების მოძიება, შესწავლა და აღწერა.