ამაზონის უზარმაზარი მტაცებლების გადასარჩენად
მეცნიერები, ბრაზილიური კაკლის შემგროვებლები, მიწათმფლობელები და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მტაცებელი ფრინველის კონსერვაციისთვის იბრძვიან.


ამაზონის უზარმაზარი მტაცებლების გადასარჩენად
მეცნიერები, ბრაზილიური კაკლის შემგროვებლები, მიწათმფლობელები და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მტაცებელი ფრინველის კონსერვაციისთვის იბრძვიან.
ეს მოკლე გზა უნდა ყოფილიყო. ახლა წელამდე ყავისფერ წყალში მივტოპავ და ვცდილობ, ჩაძირულ მორებს გვერდი ავუქციო; რამდენიმე წუთის შემდეგ აბლაბუდების სქელი და წებოვანი ფარდებიდან ვცდილობ თავის დაღწევას – ბრაზილიელი ეკოლოგის, ევერტონ მირანდას გაკვალულ ბილიკს მივყვებით.ერთი ძვირადღირებული კამერა უკვე ჩაბარდა წარსულს, როდესაც საველე ასისტენტი ედსონ ოლივეირა სახით წუმპეში ჩაეფლო. ფოტოგრაფ კარინ აინერს კრაზანამ უკბინა.
და ამ ყველაფრის მიუხედავად, უკან დაბრუნებაზე კრინტიც არავის დაუძრავს. მატუ-გროსუს შტატში უმნიშვნელოვანესი საქმისთვის ჩამოვედით: ამაზონის ჯუნგლებში კილომეტრნახევარზე უნდა შევიდეთ და მოუხელთებელი ჰარპიას ბუდე ვიპოვოთ.
გლუვი, მონოქრომული სხეულის, მრისხანე თვალების და განსაკუთრებულად შებუმბლული სახის გამო, ჰარპიები ხშირად გვხვდებიან პლანეტის ყველაზე შთამბეჭდავი არსებების და ფრინველების მოყვარულთა საოცნებო სიაში. ჰარპიას თავისი უზარმაზარი ბრჭყალებით, რომლებიც გრიზლის ბრჭყალებზე უფრო გრძელია, ზრდასრული ზარმაცას ხიდან მოგლეჯა შეუძლია. მდედრი ჰარპიების წონა ხშირად 11 კილოგრამამდე აღწევს. “ისინი ზღაპრების წიგნის ჯადოსნურ ცხოველებს ჰგვანან“, – ამბობს მირანდა.
ჰარპიები კვებითი ჯაჭვის მწვერვალზე დგანან და გადამწყვეტ როლს ასრულებენ რეგიონის ეკოსისტემაში: ისინი არეგულირებენ იმ სახეობების პოპულაციას, რომლებზეც ნადირობენ. “ჰარპიების კონსერვაციით იმავე ეკოსისტემაში არსებული მთელი ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას შევძლებთ“, – ამბობს რიჩარდ უოტსონი, პანამაში ჰარპიების კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი ორგანიზაციის – “Peregrine Fund“ – პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი.
ზუსტად არავინ იცის, რამდენი ჰარპია ბინადრობს ველურ ბუნებაში, მაგრამ ერთი რამ მეცნიერებისთვის ეჭვგარეშეა: სახეობა გაქრობის პირასაა. ეს მძლავრი მტაცებლები, რომლებიც ერთ დროს მექსიკასა და ჩრდილოეთ არგენტინას შორის გადაჭიმულ ტერიტორიაზე ბინადრობდნენ, მირანდას თქმით, ახლა ძირითადად მხოლოდ ამაზონის ჯუნგლებში შემორჩნენ. 1800 წლიდან დღემდე ჰარპიების არეალი 40 პროცენტით შემცირდა. ჰარპიების მთავარი მტერი მიწათმოქმედებით, სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიით და ურბანიზაციით გამოწვეული ტყის ჩეხაა. მირანდას გამოთვლით, 2020 წლის დასაწყისში ამაზონის ჯუნგლებში საათში 55 ჰექტარი ტყე იჩეხებოდა.

მირანდა მეცნიერია და ახლა ბრაზილიაში ჰარპიების პოპულაციის გადასარჩენად იბრძვის. იგი დარწმუნებულია, რომ ეფექტური კონსერვაციის გარეშე ეს სახეობა მალე გაუჩინარდება ბრაზილიის ე.წ. გაუტყეურების რკალიდან – ესპანეთის ზომის ტერიტორიიდან, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ერტყმის ამაზონის ჯუნგლებს. მირანდა ცდილობს ბრაზილიელები დაარწმუნოს იმაში, რომ ცოცხალ ტყეს გაჩეხილზე მეტი სარგებელი მოაქვს. ამ მიზნით მირანდამ წელს ინოვაციური ეკოტურიზმის პროგრამა წამოიწყო, რათა მიწათმფლობელებს ჰარპიების და მათი ჰაბიტატის დაცვისკენ უბიძგოს.
თუ ბუდეს ვიპოვით, მონაცემთა ბაზაში კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს კოორდინატს შევიტანთ ჰარპიების ბინადრობის ადგილების დასადგენად და შემდეგ დასაცავად. მირანდა GPS-ს უყურებს და იმ ადგილს ინიშნავს, სადაც, მისი აზრით, ბუდე უნდა დაგვხვდეს. გზად ადიდებულ მდინარეზე უნდა გადავიდეთ. მირანდა არ დაიბნა, ნახევრად დამპალი, წაქცეული ხე იპოვა და ხიდი გაგვიდო. ხემ სასწაულებრივად გაუძლო ჩვენს წონას. ამის შემდეგ ტალახიან ფერდობზე ავბობღდით და, როგორც იქნა, მყარ მიწაზე დავადგით ფეხი. უკანასკნელი კილომეტრიც გავიარეთ და ბრაზილიური კაკლის ვეებერთელა ხე დავინახეთ. მირანდას დაკვირვებით, ამაზონის ამ მხარეში ჰარპიები ძირითადად ბრაზილიური კაკლის ცადაზიდულ, თაღოვან ტოტებზე იდებენ ბუდეს. ყველა ხის კენწეროს მივაჩერდით. ჭოგრიტში 30 მეტრის სიმაღლეზე ფიჩხების გროვა გამოჩნდა. ბუდე!
ერთი თხელი, თეთრი ბუმბულის გარდა, რომელიც მირანდამ იპოვა, არაფერი მიგვანიშნებდა იმაზე, რომ ბუდე დაკავებული იყო. ჰარპიის ძახილი ჩავრთეთ – ყურისწამღები წივილის ჩანაწერი – რასაც პასუხი არ მოჰყოლია. მირანდას ვარაუდით, მართვე, რომელიც ამ ბუდეში ცხოვრობდა, მშობლების სიახლოვეს გატარებული სამი წლის შემდეგ ახალი ბინის საძებრად გაემართა.
თუ არავინ აწუხებთ, ჰარპიები ერთსა და იმავე ბუდეში ათეულობით წლის განმავლობაში ჩერდებიან. მირანდას თქმით, წლის ბოლოს ამ ბუდეში შეიძლება ახალმა მართვემ დაიდოს ბინა. თუ საქმე კარგად წავიდა, იმედოვნებს ის, ამ ადგილას ჰარპიების სანახავად მოიყვანს ტურისტებს, ისინი კი ფრინველების გადარჩენაში დაეხმარებიან.

მირანდამ საკვლევ თემად ე.წ. გაუტყეურების რკალის ბინადარი ჰარპიები აირჩია, რადგან მათი მდგომარეობა გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს. 2004-დან 2012 წლამდე ბრაზილიამ ტყის ჩეხის მასშტაბი 83%-ით შეამცირა და წელიწადში 4400 კვ. კილომეტრზე დაიყვანა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მესაქონლეობის და სოიის პლანტაციების მაგნატებმა პოლიტიკოსებზე გავლენა მოიპოვეს, ტყის უკანონო ჩეხა კვლავ განახლდა. ჟაირ ბოლსონარუმ, რომელიც ბრაზილიის პრეზიდენტად 2019 წელს აირჩიეს, ტყის უკანონო ჩეხასთან ბრძოლა შეასუსტა, რამაც გაუტყეურების მასშტაბი 30%-ით გაზარდა. ზოგიერთის ვარაუდით, დღევანდელი ჩეხის 95% უკანონოა.
როდესაც მირანდა პირველად ჩავიდა ამ რეგიონში, ადგილობრივებმა უთხრეს, რომ ჰარპიები იქიდან უკვე დიდი ხნის გამქრალები იყვნენ. იგი ფრანგული კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე დასახლდა, ალტა-ფლორესტადან 250 კილომეტრის მოშორებით, ქალაქიდან, რომელშიც 52 000 ადამიანი და 790 000 მსხვილი რქოსანი პირუტყვია.
კვლევის დასაწყებად მირანდას ბუდეები უნდა ეპოვა. პირველი ბუდის საპოვნელად ჯუნგლებში 50 კილომეტრის გავლა მოუწია. ამ წარმატებით ფრთაშესხმულმა ჩათვალა, რომ თვეში საშუალოდ ერთი ბუდის პოვნას შეძლებდა, თუმცა შემდგომი სამი თვის განმავლობაში მირანდამ 400 კილომეტრი გაიარა ჯუნგლებში და ვერც ერთი ახალი ბუდე ვერ იპოვა. იგი მიხვდა, რომ მარტო ამ საქმეს თავს ვერ გაართმევდა და განცხადებების გამოკვრა დაიწყო, რომელშიც ჰარპიის ბუდის თითოეულ მპოვნელს ჯილდოდ 100 დოლარს სთავაზობდა. ამ ძიებამ მირანდა ბრაზილიური კაკლის შემგროვებლებამდე მიიყვანა. ბრაზილიური კაკლის ბიზნესი მზარდი და მოგებიანი ინდუსტრიაა. “მოულოდნელად გავაანალიზე, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად უფასოდ დახეტიალობენ ჯუნგლებში“, – ამბობს იგი. ამიტომ ბრაზილიური კაკლის ასოციაციას დაუკავშირდა.
“მახსოვს, როგორ გავიგე პირველად ამ შეშლილი ბიჭის შესახებ, რომელიც ჰარპიებს ეძებდა“, – იხსენებს ვერიდიანა ვიეირა, გრინ-ველის დასახლების ბრაზილიური კაკლის შემგროვებელთა ასოციაციის პრეზიდენტი. მირანდას გაცნობამდე ვიეირა ჰარპიებს მხოლოდ ქათმის ქურდებად იცნობდა, თუმცა საკუთარი თვალით ეს ფრინველი არასოდეს ჰყავდა ნანახი. ვიეირას მოეწონა მეცნიერების ხელშეწყობის პერსპექტივა და მისი ასოციაცია პროგრამაში ჩაერთო. მირანდამ კაკლის შემგროვებლებს მობილურ ტელეფონებში ჰარპიის ხმა ჩაუწერა და ის ნიშნები ასწავლა, რომელთა დახმარებითაც ბუდეები უნდა ეპოვათ. “ახლა ჰარპიებზე ინფორმაციას ყველანი WhatsApp-ით ცვლიან ერთმანეთში“, – ამბობს ვიეირა.
ასოციაციის და კაკლის შემგროვებელთა სხვა გაერთიანებების წყალობით, მირანდამ შტატის ტერიტორიაზე 34 ბუდე იპოვა. “ეს უჩვეულო და ძვირფასი მონაცემებია“, – ამბობს უოტსონი, იმ ერთადერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელმაც მირანდას მსგავსი მონაცემების შეგროვება შეძლო პანამაში.

მირანდამ საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიაც წამოიწყო, რომლის მიზანია მოსახლეობისთვის ჰარპიების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება და გამიზნულად მოკლული ფრინველის რიცხვის შემცირება. მიწათმფლობელებთან გამართულ შეხვედრებზე მირანდამ მრავალი ფოტო ნახა, რომლებზეც ადამიანები მოკლული ჰარპიით იწონებდნენ თავს. ფოტოებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში შტატში დაახლოებით 180 ჰარპია მოკლეს. ამ ხალხის 80%-ზე მეტს მანამდე არასოდეს ენახა ასეთი დიდი ფრინველი და მათი უფრო ახლოდან დათვალიერება სურდა.
მირანდას ამხნევებდა ის, რომ მრავალი მიწათმფლობელი ნანობდა საკუთარ საქციელს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათ ჰარპიებზე მეტი რამ გაიგეს.
“ხალხმა უკვე გაიგო, რომ ჰარპიები რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ფრინველები არიან. მათ აღარ კლავენ“, – ამბობს რობერტო სტოფელი, ყოფილი ტყის მჭრელი და მონადირე, რომელიც მირანდასთან ხეზე მცოცავად მუშაობს.
“ხალხი ჰარპიებს რომ აღარ კლავს, კარგია, მაგრამ მთავარი გამოწვევა სულ სხვა რამაა, – ამბობს მირანდა, – ტყე ამ ხალხისთვის ისე უნდა გავხადოთ მოგებიანი, რომ უზარმაზარი ტერიტორიების გაჩეხა არ გახდეს საჭირო“. მისი თქმით, `მსოფლიოს ყველაზე ბიომრავალფეროვან ტყეს პირუტყვის გამოსაკვებად ვწვავთ, – ამბობს იგი, – გაუტყეურების შესაჩერებლად ამაზონის ჯუნგლების გლობალურ ეკონომიკაში ჩართვის ჭკვიანური გზა უნდა ვიპოვოთ“.
ჰარპიებს ბრაზილიური კაკლის ხეების თაღოვან ტოტებზე უყვართ ბუდის
გაკეთება. სწორედ ამიტომ მიუძღვით ბრაზილიური კაკლის შემგროვებლებს ლომის წილი ჰარპიების ბუდეების პოვნაში.
კარგი ამბავი ის არის, რომ ბრაზილიელებს ფულის კეთება ხეების ჩეხის გარეშეც შეუძლიათ. ბრაზილიური კაკლის შეგროვება და თევზსაშენი მეურნეობები, მრავალი კვლევის მიხედვით, მესაქონლეობაზე უფრო მოგებიანია. ტურიზმი კიდევ ერთი ეფექტიანი ალტერნატივაა.
2016 წლის დეკემბერში მირანდა კუიაბაში დაარსებული ეკოტურისტული კომპანია SouthWild-ის დამფუძნებელს და მფლობელს, ჩარლზ მანს შეხვდა და ერთ თვეში მასთან კონტრაქტი გააფორმა. “მრავალი მეცნიერი მხოლოდ საბაზისო კვლევით არის დაინტერესებული და თავის მიგნებებს პრობლემების გადასაჭრელად არ იყენებს. ევერტონი ამ მხრივ გამორჩეული მეცნიერია, მისი მიზანი ახალი მწვანე სამუშაოების შექმნა და ბუნების დაცვაა“.

მანი, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ფოტოსაფარის აწყობს, კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება კონსერვაცია ფინანსურად მოგებიანი გახადო. მანი პირველი იყო, ვინც ბრაზილიაში, პანტანალის რეგიონში, მსოფლიოს უდიდეს ტროპიკულ ჭარბტენიან ტერიტორიაზე, იაგუარების სანახავად ჩაიყვანა ტურისტები. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, იაგუარების ტურიზმმა, რომელსაც მთელ პანტანალში შვიდიოდე ტურისტული კოტეჯი ემსახურებოდა, წელიწადში შვიდი მილიონი დოლარის მოგება მოიტანა. რანჩეროები, რომლებიც ტურისტულ ინდუსტრიაში ჩაერთნენ, იაგუარებს აღარ კლავენ, იმ იშვიათ შემთხვევაშიც კი, როდესაც ცხოველი მათ საქონელს ესხმის თავს.
„ეს ვენჩურული კაპიტალიზმია ველურ ბუნებაში, – ამბობს მანი, – ვცდილობთ გავარკვიოთ, როგორ დავიცვათ ეს ცხოველები და მათი ჰაბიტატი“. 2020 წლის ივლისში ის 35 მიწათმფლობელი, რომელთა მიწაზეც ჰარპიების ბუდეები იყო, მირანდამ ტურისტულ პროგრამაში გააწევრიანა. როდესაც რომელიმე ბუდეში მართვე იჩეკება, მანის კომპანია ადგილობრივ ხალხს ქირაობს და ტურისტებისთვის 30 მეტრის სიმაღლის სათვალთვალო კოშკურას აშენებს. თითოეული ვიზიტორისგან მიწათმფლობელები 20 დოლარს იღებენ. სხვები მძღოლებად, მზარეულებად და მზიდავებად მუშაობენ. მანი თითოეულ ტურისტს ფულის უკან დაბრუნების გარანტიას აძლევს, თუ კი ის ჰარპიას პირისპირ ვერ შეხვდება.
მირანდას სჯერა, რომ მატუ-გროსუში, საბოლოოდ წელიწადში საშუალოდ 700 ტურისტი ჩავა ჰარპიების სანახავად. ამით მანის კომპანიაც ისარგებლებს და არწივებიც.
მირანდა ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან ჰარპიების გადასარჩენად და ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად იბრძვის. მომავალ წელს ალტა-ფლორესტაში ინსტიტუტის დაარსებას გეგმავს, სადაც საბაზისო კვლევებსა და პრაქტიკულ გადაწყვეტებზე იმუშავებენ. „კონსერვაცია ამაზონში მხოლოდ მაშინ გაამართლებს, თუ ამ საქმეში ადგილობრივი მოსახლეობა იქნება ჩართული“, – ამბობს მირანდა, – „დადგება დრო და მივხვდებით, რომ ამაზონი ბრაზილიის მთავარი სიმდიდრეა“.
რეიჩელ ნუვერი ავტორია წიგნისა „ბრაკონიერობა: ველური ცხოველებით უკანონო ვაჭრობის ბნელ სამყაროში“. ფოტოგრაფი კარინ აინერი ადამიანებსა და ცხოველებს შორის ურთიერთობაზე კონცენტრირდება. ეს მისი პირველი პროექტია ჩვენი ჟურნალისთვის.
ეს სტატია National Geographic Society-სა და Wyss Campaign for Nature-ის თანამშრომლობით მომზადდა. 2030 წლისთვის Wyss Campaign for Nature დედამიწის 30%-ის დაცვას გეგმავს.