ყდაზე ღამურა ნახეთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენთაგანი ცოტა შეგზარათ! მაგრამ ახლა, ჩემი ამოცანა ღამურების “საზიზღრობისა” და თმებში “გახლართვის” მითების ნგრევა არ არის. ამჯერად, ბუნების კიდევ ერთ საოცრებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება.
სუზან მაკგრათის შესანიშნავი სტატია და მერლინ ტატლის ვირტუოზული ფოტოსესია უკუღმა აყენებს ჩვენს წარმოდგენებს იმის შესახებ, თუ ვინ ვის იხმობს ბუნებაში.
ყველამ ვიცით, რომ ღამურები მაღალი სიხშირის ბგერებით ორიენტირებენ სივრცეში. ისიც ვიცით, რომ მათი უმეტესობა მწერებით იკვებება. მოძრავი მწერის გამოდევნებისა და დაჭერის ფენომენი კი კარგადაა შესწავლილი და ახსნილი. ისიც ცნობილია, რომ ზოგი ღამურა ყვავილის ნექტრით იკვებება. აი, რაც აქამდე არ ვიცოდით, არის ის, როგორ პოულობენ სტატიკურ “ღმერთების სასმელს” ეს პაწაწინა “მფრინავი პანები”.
დადასტურდა ის, რაც ღამურებმა ისედაც იცოდნენ: ყველა ყვავილი საკუთარ ენაზე საუბრობს!
ღამურას სივრცეში ორიენტირებისა და საკვების მოპოვების უნარს ტრადიციული ახსნა აქვს – მან, ევოლუციის განმავლობაში, გამოიმუშავა ექოლოკაციის უნარი. ოღონდ, სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში ევოლუცია სხვა გზით წავიდა.
მცენარემ “შეამჩნია”, რომ ღამურა “ბგერებით ხედავს” და, რადგან ეს უკანასკნელი მწერებზე გაცილებით უფრო ეფექტური დამმტვერავია, “ყვავილმა გადაწყვიტა”, საკუთარი მიმზიდველი ფერები “სირინოზის ხმით” ჩაენაცვლებინა.
ჯუნგლების წყვდიადში ჩვენს ყურს მიღმა არეკლილი ხმა ჰიპნოზივით მოქმედებს ცერისოდენა ფრთოსან ძუძუმწოვრებზე და დიდი მანძილიდან უხმობს მათ.
სწორედ, აქ იწყება ნექტრის მოყვარული ღამურებისა და ღამით მოყვავილე მცენარეების “სიყვარულის ელეგანტური ისტორია”. ევოლუციის ჯადოქრობის კიდევ ერთი დამადასტურებელი ამბავი, რომელმაც ამ ორის სიცოცხლე ერთმანეთს სამუდამოდ გადააჯაჭვა…