
„ამის სანახავად მზად არ ვიყავი“
გულისმომკვლელი ფოტო. კომპლექსური საფრთხე. საერთაშორისო გამოხმაურება. მაგრამ National Geographic-ს გადაჭრით არ უნდა დაებრალებინა კლიმატის ცვლილებისათვის ამ დათვის სიკვდილი.
კლიმატის ცვლილება კლავს, ნელა და არაპირდაპირ: ცეცხლით, გვალვით, სიცივით და შიმშილით. კავშირი ცალკეული ცხოველის სიკვდილსა და კლიმატის ცვლილებას შორის იშვიათადაა ნათელი – მაშინაც კი, როდესაც ცხოველი ისეა გამოფიტული, როგორც ეს თეთრი დათვი.
ფოტოგრაფი პოლ ნიკლენი და მე ვცდილობთ სურათების გადაღებას, რომლებიც გადმოსცემენ, რომ კლიმატის ცვლილება საგანგაშოა. მისი ბუნებაზე ზემოქმედების დოკუმენტირება არ იყო მარტივი. გვეგონა, რომ ამ სურათის მეშვეობით ვიპოვეთ გზა, წარმოდგენის საშუალება მიგვეცა ადამიანებისთვის, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მომავალი. შეიძლება გულუბრყვილოები ვიყავით. სურათი ძალიან პოპულარული გახდა და ადამიანებმა ის პირდაპირ აღიქვეს.
პოლმა თეთრი დათვი ერთი წლის წინ, კანადის არქტიკაში, სომერსეტის კუნძულის იზოლირებულ ყურეში შენიშნა. მან მაშინვე მთხოვა, რომ ჩვენი SeaLegacy SeaSwat ჯგუფი შემეკრიბა. SeaLegacy, ორგანიზაცია, რომელიც 2014 წელს დავაფუძნეთ, ფოტოგრაფიას ოკეანის კონსერვაციის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს; SeaSwat მთხრობელების ჯგუფია. დარეკვიდან ერთ დღეში ჯგუფი ადგილზე ჩაფრინდა. არ ვიყავით დარწმუნებულები, რომ იმ დათვს ვიპოვიდით ან რომ ის ცოცხალი იქნებოდა.
როდესაც ნაჩუქარი ნავით ყურესთან მივედით, ნაპირი დურბინდით დავზვერე. რამდენიმე ჩამოტყავებული შენობა და საწვავის ცარიელი კასრი ვნახეთ, რაც ძალიან ჰგავდა მეთევზეთა მიტოვებულ ბანაკს. დათვი მხოლოდ მაშინ დავინახეთ, როდესაც თავი ასწია. მიწაზე იწვა მიტოვებული ნოხივით, თითქმის უსიცოცხლო. სხეულის მოყვანილობის მიხედვით დიდ მამრს ჰგავდა.
შეიძლება შეცდომა დავუშვით, როდესაც მთლიანი ისტორია არ მოვყევით – ის, რომ მომავლის ამსახველ სურათს ვეძებდით.
უფრო ახლოს უნდა მივსულიყავით. ნავ „ზოდიაქოზე“ გადავსხედით და ნაპირს მივაშურეთ. ჩვენს ხმასა და სუნს ძლიერი ქარი ფანტავდა. დათვს ერთ-ერთი ცარიელი შენობიდან ვაკვირდებოდით. ერთი საათის განმავლობაში თითქმის არ განძრეულა. როდესაც ბოლოს და ბოლოს ადგა, სუნთქვა შემეკრა. პოლმა თეთრი დათვის მდგომარეობის შესახებ გამაფრთხილა, მაგრამ იმისთვის, რაც დავინახე, მზად არ ვიყავი. გაძვალტყავებული, ჩამოძონძილი ჭუჭყიანი ბეწვით, ის ძლივს გადაადგილდებოდა. ეტყობოდა, ავად ან დაშავებული იყო და შიმშილობდა. სავარაუდოდ, ბოლო დღეებს ითვლიდა.
მე ფოტოები გადავიღე, პოლმა – ვიდეორგოლი. როდესაც დათვი საწვავის ცარიელ კასრებს მიუახლოვდა საჭმლის საძებნელად, ჩემი კოლეგის ქვითინი გავიგონე.
პოლმა ვიდეო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და მიაწერა: „ასე გამოიყურება შიმშილი“. მან მიუთითა, რომ მეცნიერების ვარაუდით თეთრი დათვები შემდეგ საუკუნეში გადაშენდებიან. მისი აზრით, დარჩენილი 25 000 თეთრი დათვიც ისევე მოკვდებოდა, როგორც ეს. მან ხალხს გარემოზე ზეგავლენის შემცირებისა და ასეთი საშინელების თავიდან აცილებისკენ მოუწოდა, მაგრამ არ უთქვამს, რომ კონკრეტულად ეს დათვი კლიმატის ცვლილების მსხვერპლი იყო.
National Geographic-მა ვიდეოს ტიტრები დაადო. ეს National Geographic-ის ვებსაიტზე ყველაზე მეტჯერ ნანახი ვიდეორგოლი გახდა. ვიდეო სოციალური მედიითა და ახალი ამბების მეშვეობით ყველგან გავრცელდა. ჩვენი სიუჟეტი დაახლოებით 2,5 მილიარდმა ადამიანმა ნახა. მისია შესრულებული იყო, მაგრამ წარმოიშვა პრობლემა: თხრობაზე კონტროლი დავკარგეთ. National Geographic-ის ვიდეოს პირველი წინადადება იყო: „ასე გამოიყურება კლიმატის ცვლილება“, სადაც „კლიმატის ცვლილება“ ბრენდის სპეციფიკური ყვითელი ფერით იყო გამოყოფილი. ახალი ამბების სხვა სააგენტოებმა დრამატული სათაურები გამოაქვეყნეს, როგორიც, მაგალითად, Washington Post-ის იყო: „ვიდექით და ვტიროდით: გამოფიტული თეთრი დათვი გულისმომკვლელ ფოტოებსა და ვიდეორგოლში“.
შეიძლება შევცდით, როდესაც მთლიანი ისტორია არ მოვყევით – რომ ჩვენ სურათს ვეძებდით, რომელიც მომავალს ასახავდა და არ ვიცოდით, რა მოუვიდა კონკრეტულად ამ დათვს.
არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს დათვი კლიმატის ცვლილების გამო შიმშილობდა, მაგრამ ვიცი, რომ თეთრ დათვებს სანადიროდ ზღვის ყინულის პლატფორმა სჭირდებათ. დათბობა არქტიკაში იმას ნიშნავს, რომ ზღვის ყინული ყოველწლიურად სულ უფრო დიდი ხნით ქრება, რის გამოც სულ უფრო მეტი დათვი დარჩება ნაპირზე, საიდანაც ვერ ინადირებს და ნელ-ნელა შიმშილით დაიღუპება.
მას შემდეგ, რაც საწვავის ცარიელ კასრებში ვერაფერი იპოვა, დათვი ნელა წაბარბაცდა წყლისკენ და გაცურა. პოლი ნერვიულობდა, რომ ის ენერგიას დახარჯავდა და მოკვდებოდა, მაგრამ დათვი წყალში თითქოს უკეთ გრძნობდა თავს. ის ნაპირის გასწვრივ გაუჩინარდა და აღარასოდეს გვინახავს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მისმა სურათებმა კლიმატის ცვლილების შესახებ დიალოგი წინ წამოსწია, სადაც უნდა დარჩეს, სანამ ჩვენ ამ პლანეტარული მასშტაბის პრობლემას არ გადავწყვეტთ. მანამდე კი, როდესაც ასეთ სცენას გადავაწყდებით, ისევ გავუზიარებთ მსოფლიოს და ვიზრუნებთ, რომ ჩვენი განზრახვა გასაგები იყოს და თხრობა ჩვენს ხელთ დარჩეს.
რედაქტორის შენიშვნა
National Geographic-ი შორს წავიდა, როდესაც კონკრეტულ თეთრ დათვსა და კლიმატის ცვლილებას შორის პირდაპირი კავშირი დაინახა გავრცელებულ ვიდეოში. ჩვენ ვთქვით: „ასე გამოიყურება კლიმატის ცვლილება“. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებამ ძლიერი კავშირი დაადგინა თეთრი დათვების სიკვდილსა და ზღვის ყინულის დნობას შორის, არ შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რამ მიიყვანა კონკრეტულად ეს დათვი სიკვდილის პირას. ამ ვიდეოს ახალი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ: natgeo.com/starvingpolarbear.
კრისტინა მიტერმაიერი National Geographic-ის ფოტოგრაფი, სპიკერი და მკვლევარია. ის არაკომერციული საზოგადოების SeaLegacy-ს თანადამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და მმართველია, რომელიც ოკეანეების დაცვაზე მუშაობს.