
ამოუწურავი დმანისი
მთელი ეკოსისტემა, რომელსაც გაცილებით დიდი ფართობი უკავია ვიდრე დმანისის არქეოლოგიურ ძეგლს, მულტიდისციპლინარული საგანძურია
თიხის ჭურჭელი, რკინის შუბისპირი და დანა, სატევარი, მოსართავი რგოლები, ბრინჯაოს საკანჭურები, აქატის, სარდიონის მძივები, კაურის ნიჟარების ყელსაბამი – ნივთები, რომლებიც დმანისის რაიონის სოფელ განთიადთან ნაპოვნ სამარხში აღმოჩნდა ძვ. წ. VIII-VII საუკუნით თარიღდება. „სილქნეტის“ მიერ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანისას კომპანიის სპეციალისტებმა, 2014 წლის ოქტომბერში, სამარხს მიაკვლიეს და ეროვნულ მუზეუმს შეატყობინეს. კომპანიამ არქეოლოგთა ექსპედიცია სრულად დააფინანსა. გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა.
მუზეუმის ექსპედიციის ხელმძღვანელის, კახა კახიანის ინფორმაციით, სამარხში აღმოჩენილი ნივთები მოწმობს, რომ მიცვალებული წარჩინებული მეომარი იყო. „საინტერესოა კაურის ნიჟარის ყელსაბამები. ეს მოლუსკი ინდოეთის ოკეანეშია გავრცელებული, რაც იმ დროს კარგად განვითარებულ სავაჭრო გზებზე მიუთითებს“, – ამბობს კახა კახიანი.
მთელი ეკოსისტემა, რომელსაც გაცილებით დიდი ფართობი უკავია ვიდრე დმანისის არქეოლოგიურ ძეგლს, მულტიდისციპლინარული საგანძურია. კლიმატმა და ადგილმდებარეობამ სხვადასხვა ეპოქის პალეონტოლოგიური თუ ისტორიული მასალის სიუხვე განსაზღვრა.