
ანანური
XIX-XX საუკუნეების მიჯნა
„V საუკუნის ამ მონასტრის შემხედვარე, რომელიც ციხესიმაგრეს უფრო ჰგავს, ვიდრე მშვიდობისა და რელიგიის ნავსაყუდელს, დაახლოებით წარმოიდგენთ, თუ რამდენად თავზეხელაღებული ხალხი ცხოვრობდა ოდითგანვე ამ არემარეში“. ასე აღწერს ზემოთ წარმოდგენილ ფოტოს National Geographic Society-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, მოგზაური და ჟურნალისტი ჯორჯ კენანი.
კენანმა კავკასიაში 1870-იან წლებში იმოგზაურა. მისი მიზანი კავკასიონის დალაშქვრა და მის ფერდობებზე მცხოვრები ხალხის ცხოვრების წესის შესწავლა იყო. როგორც მოგვიანებით, 1913 წელს, National Geographic-ის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებული სტატიიდან ირკვევა, კენანი დაღესტნიდან „პრინცმა ჯორჯაძემ“ დაიმგზავრა. სწორედ ამ უკანასკნელის დამსახურებით მიეცა ამერიკელ მოგზაურს საშუალება, ახლოდან გასცნობოდა კავკასიელ ხალხთა წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს.
კავკასიელებითა და კავკასიით აღფრთოვანებული კენანი ჯორჯაძეს კახეთში დაემშვიდობა: ეს არის საოცარი მხარე, სადაც 8 საათში შუა ზამთრიდან შუა ზაფხულში შეიძლება ამოჰყოთ თავიო, – წერდა კენანი, რომლისთვისაც კავკასია აღმოჩნდა თავზეხელაღებული, მამაცი, მებრძოლი, მრავალფეროვანი და საინტერესო ხალხით დასახლებული „კუნძული ისტორიის ზღვაში“.
თუმცა, როგორც ჩანს, მართლაც ზღვა მასალით სამშობლოში დაბრუნებულ კენანს რამდენიმე უზუსტობა გაეპარა და XVI-XVIII საუკუნეების ანანურის ციხესიმაგრე, რომელიც 1791 წელს ერეკლე II-მ თავის ძეთათვის დაწერილ განწესებაში შვიდ უძლიერეს ციხეს შორის მოიხსენია, V საუკუნის მონასტრად მიიჩნია.