ანაზღაურების უთანასწორობის გადაუჭრელი პრობლემა
ამერიკაში კაცისთვის გადახდილ 1 დოლარზე ქალს ნაკლებს უხდიან, ხანდახან ნახევარსაც კი. რით ვერ ამოვძირკვეთ უთანასწორობა?


ანაზღაურების უთანასწორობის გადაუჭრელი პრობლემა
ამერიკაში კაცისთვის გადახდილ 1 დოლარზე ქალს ნაკლებს უხდიან, ხანდახან ნახევარსაც კი. რით ვერ ამოვძირკვეთ უთანასწორობა?
დედაჩემი მკაცრი სამუშაო ეთიკით გამოირჩეოდა. არცაა გასაკვირი – მინდორშიც მუშაობდა და 11 ბავშვიც გააჩინა – მასზე აღმოსავლეთ ლოს-ანჯელესის ადგილობრივ გაზეთშიც დაწერეს. იგი ლოს-ანჯელესში 1920-1930-იანი წლების მექსიკელების წინააღმდეგ ძალადობრივი სადეპორტაციო რეიდების პერიოდში გაიზარდა, როდესაც იმიგრანტებსა და უკვე მოქალაქეობამიღებულ მექსიკელებს ერთნაირად ერეკებოდნენ. ქორწინების სჯეროდა, თუმცა ძალიან არ მოსწონდა, რომ ფინანსურად მამაჩემზე იყო დამოკიდებული. გადაწყვეტილი ჰქონდა, ჩვენთვის, ექვსი ქალიშვილისთვის, იგივე ბედი აეცილებინა. არაპროგნოზირებადი რეიდები მუდამ ახსენებდა, რამდენად „უმნიშვნელონი“ ვიყავით ჩვენ, ლათინოამერიკელები. ცდილობდა შეექმნა ქალთა ტომი, რომელსაც არ შეეშინდებოდა შრომის, ჩვენზე მზრუნველი პატარა თემი.
სახლში მორთმეულს არაფერს ველოდებოდით. ამერიკაში დაბადებული მშობლები თავშესაფრითა და საკვებით გვამარაგებდნენ, დანარჩენს კი თავად ვშოულობდით; სკოლაში სწავლის დროსაც ვმუშაობდით – გვამოძრავებდა უკეთესი მომავლის შეურყეველი სურვილი. მერეღა მივხვდი, რომ ჩვენი შრომა განპირობებული იყო გენდერით, კანის ფერით, კლასით – იქნებოდა ეს დიდი ოჯახის მოვლის პასუხისმგებლობა თუ ზაფხულის მძიმე სამუშაო ვენახებში. ჩვენი შრომა იზომებოდა დაღვრილი ოფლით და კუნთებით – დედაჩემისთვის ეს იყო პატიოსანი შრომის მტკიცებულება.
კოლეჯში შრომის კიდევ ერთ სახეობას შევეჩეხე. მაშინ გავიაზრე, რომ ზოგი ტიპის შრომა – და მშრომელები – უფრო დაბალი სტატუსის მქონედ აღიქმებოდნენ. გამიმართლა, რომ ჩემი კოლეჯი კათოლიკე ფემინისტი მონაზვნების დაარსებული იყო – აქტივისტების, მასწავლებლებისა და ჰუმანისტების.
მე ვიყავი ჩვენს ოჯახში პირველი ქალი, რომელმაც კოლეჯის დიპლომი აიღო. სახლში დავბრუნდი პატიოსანი შრომის საძიებლად, რომლითაც თანასწორ ანაზღაურებას დავიმსახურებდი. წარუმატებელი გასაუბრებები თვეების განმავლობაში გაგრძელდა. ჩემი დები მდივნებად, ექთნებად და მოლარეებად მუშაობდნენ, მე ამგვარი სამუშაოსთვის არ გამოვდგებოდი. ერთხელაც, Pabst-ის ლუდსახარშის საამწყობო კონვეიერზე (რატომღაც) მუშაობის დაწყებამდე, კალიფორნიის უნივერსიტეტში, ლოს-ანჯელესში, შემოქმედებითი წერის კურსზე ჩავეწერე.
რამდენჯერაც არ უნდა გადამეშალა სასადილო მაგიდასთან ჩემი სპირალიანი რვეული დავალების მოსანიშნად ან ლექსის დასაწერად, დედაჩემი წუხდებოდა. უმუშევარი ვიყავი და არ მოსწონდა, რომ ვიჯექი და ცას შევყურებდი. ხან რას მთხოვდა, ხან რას: ატმის ხის მორწყვას, ვერანდის მოგვას, ჭურჭლის დარეცხვას – საქმეებს, რომლებიც კიდევ ნახევარი საათი მაინც მოიცდიდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც უნივერსიტეტის სალიტერატურო კონკურსში პირველ ადგილზე გავედი და არც მეტი, არც ნაკლები, 25 დოლარი მოვიგე. როდესაც დედა ახალი დავალების მოსაცემად მომადგა, ჩეკი მივეცი. „ეს საიდან?“ – მკითხა, რადგან ჩვენთვის 1976 წელს ეს იგივე იყო, რაც 250 დოლარი. „ჩემი ნაწერისთვის მივიღე“, – ვუპასუხე. ჩეკი წინსაფრის ჯიბეში ჩააცურა, ოთახიდან გავიდა და ყავა მომიცუნცულა.
ჩეკის წყალობით დედაჩემმა ირწმუნა, რომ ჩემი ნიჭი ფულს მაშოვნინებდა და თავს მარჩენინებდა, მისი რწმენა კი მწერლობაში დახელოვნების სტიმულს მაძლევდა. ჩემმა დებმა სხვა რამ მისახსოვრეს: მათი ისტორიების მოყოლა ახლა ჩემზე იყო. ისღა დამრჩენოდა, ჩვენი ქვეყნის გარემომცველი კედლებიდან გამეღწია – მუდმივი, დამღუპველი კედლებიდან, საზღვრებიდან (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), რომლებიც ჩემი თავის რეალიზების საშუალებას არ მაძლევდა.
ვწერ, რადგან მინდა დავფიქრდეთ, როგორ განვსაზღვრავთ საკუთარი შრომის ფასს და როგორ ახდენს სისტემური გენდერული და რასობრივი დისკრიმინაცია ადამიანებისა და მათი შრომის გაუფასურებას. ეს ანაზღაურებებს შორის უთანასწორობის ამსახველ მონაცემებში ჩანს. ქალებისა და კაცების ანაზღაურების შედარების დროს ანალიტიკოსები მხედველობაში იღებენ ისეთ ფაქტორებს, რომლებიც შეიძლება, გავლენას ახდენდნენ ანაზღაურების სხვაობაზე. მაგალითად, რასა, დარგი, გამოცდილება, განათლება გარკვეულ როლს თამაშობს ადამიანების ანაზღაურებაში. მაგრამ მამაკაცებისა და ქალების ანაზღაურებაში სხვაობის 33% არცერთი ფაქტორით არ აიხსნება. დისკრიმინაციის გარდა, რას შეგვიძლია მივაწეროთ ეს 33%?
აშშ-ის ისტორია გაჯერებულია კოლონიზაციით, მკვიდრი მოსახლეობის გენოციდით, მონობით. ყველა ამ ეტაპზე არსებობდა ქალების სუბორდინაცია (ვგულისხმობ ცისგენდერ, ტრანსგენდერ, გენდერფლუიდ ქალებს). სანამ გაბედულად არ გავუსწორებთ თვალს ჩვენი ისტორიის დანატოვარ ძალადობრივ დისკრიმინაციას, სრულად ვერ გავიგებთ სხვაობას ანაზღაურებაში და ამ სასირცხვილო უთანასწორობის გახანგრძლივების მიზეზებს.
ქალების შრომა მნიშვნელოვანი იყო როგორც სახლში, ისე საჯარო სივრცეში. სამრეწველო რევოლუციის დროს მან ფასი დაკარგა, რადგან არ იძლეოდა საკმარის მოგებას, გვეუბნება რასიზმის მოწინააღმდეგე ფემინისტი აქტივისტი ანჯელა დევისი. რადგან ქალების შრომას დაბალი ღირებულება ენიჭებოდა, ფასიც დაბალი იყო. ასე გაჩნდა პატივისცემის სისტემური ეროზია, რომელიც ამართლებდა უთანასწორო ანაზღაურებას გენდერის, რასის, ან ორივეს მიხედვით.
სამართლისა და სოციოლოგიის პროფესორი დოროთი რობერტსი გვიხსნის, თუ როგორ ქმნის ქალების საშინაო საქმის ორ – სულიერ და პრაქტიკულ – ნაწილად გაყოფა ქალების შრომის რასობრივ იერარქიას. სახლის ზედამხედველობა და ბავშვების მორალურ განათლებაზე ზრუნვა სულიერი სამუშაოა, რომელიც პრივილეგირებული თეთრკანიანი ქალების საქმიანობად ჩამოყალიბდა. დამღლელი, მოსაწყენი ყოველდღიური საქმეები – ნაკლებად დაფასებული შრომა, რადგან ითვლება, რომ ნაკლები უნარი და ინტელექტი სჭირდება – ემიგრანტებთან და ფერადკანიანებთან ასოცირდება.
მე, როგორც მექსიკური წარმომავლობის ამერიკელ მწერალს, უნდა გამეგო, როგორ მუშაობდა დისკრიმინაციული პრაქტიკა, რომ სიტყვებით შემძლებოდა მათი გაცამტვერება და სტერეოტიპების მსხვრევა. ეს იყო ჩემი და დედაჩემის სიყვარულის აქტი; როდესაც ყავის ჭიქა გამოვართვი, ამით აღვუთქვი, რომ ჩვენს სირთულეებს ბოლომდე გამოვააშკარავებდი.
ლათინოამერიკელები თანხმდებიან დაბალ ხელფასზე მუშაობას და ყველაზე ნაკლებად სასურველ პოზიციებს. უმეტესობას არც დაზღვევა აქვს, არც შვებულებები და არც მშობლის ხელშეწყობის პროგრამები.
„ფერმერთა ეროვნული სამინისტრო“ ქალ მიწათმოქმედებს „სავარაუდოდ ქვეყანაში ყველაზე ექსპლუატირებულ მუშაკებად მიიჩნევს“. ჩემი პირველი რომანი „იესოს ფეხქვეშ“, ლათინოამერიკელი ქალი ფერმერების ცხოვრებაზე დავწერე, ჩემს დებზე.
მათი დიდი ნაწილი უსაბუთოა – ამიტომ ლათინოამერიკელი ქალი მიწათმოქმედისთვის, რომელსაც ცუდად ექცევიან და რომელსაც სამსახურის დაკარგვის ეშინია, საშველი თითქმის არ არის. რას არ უმკლავდებიან: კრეფა, თესვა, გასხვლა, დასიცხვა, პესტიციდებთან სიახლოვე, სექსუალური ძალადობისა და შევიწროების „ეპიდემია“, როგორც „გაერთიანებული ფერმერების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დოლორეს ჰუერტა ამბობს.
მიწათმოქმედი ლათინოამერიკელი ქალები ქმნიან კოლექტივებს, მაგალითად Alianza Nacional de Campesinas, რომელიც ემიგრაციის რეფორმასა და ადამიანის უფლებებზე მუშაობს. გვახსოვდეს, რომ ეს მუშაკები არიან არა უმნიშვნელონი, არამედ ჩვენი ყოველდღიურობის აუცილებელი კომპონენტები. ყავის მარცვლები, რომლებიც დილას მიირთვით, ან ბოსტნეული სასადილო მაგიდაზე, დიდი ალბათობით, მიწათმოქმედი ლათინოამერიკელი ქალის მოგროვილია. ისინი ქვეყნისა და მსოფლიოს გამოკვებაში იღებენ მონაწილეობას. პანდემიის დროსაც კი.
როდესაც ჩემი შვილები პატარები იყვნენ, სახლში პოსტერი გავაკარი: „ქალებს ნახევარი ცა უჭირავთ“, მაგრამ ხანდახან მსოფლიოს სიმძიმეზე მეფიქრება, რამდენად დამღლელია ეს მძიმე ტვირთი ჩვენი თემის ყველა წევრისთვის – მუშათა კლასის წარმომადგენელი ლათინოამერიკელი ქალებისთვის. სურათი მიზიდულობის კანონის წინააღმდეგ წასვლას გულისხმობს, ჩვენს ყოველწამიერ ბრძოლას არასაკმარსი ხელფასების წინააღმდეგ, რომლებიც თითქოს რაღაცით ადამიანზე ქვემდგომად წარმოგვაჩენენ. მიწათმოქმედი ლათინოამერიკელი ქალები იმსახურებენ მოქალაქეობის შანსსა და, სხვა ქალებთან ერთად, სამართლიან ანაზღაურებასა და აღიარებას. ნუთუ საკმარისად ბევრი არ ვიმუშავეთ ამისთვის?
ჰელენა მარია ვირამონტესის ბოლო რომანია „ძაღლებიც თან მოჰყვებიან“. ის კორნელის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის საპატიო პროფესორია.