
5000 წელზე მეტი ხნის წინ საბერძნეთში, კიკლადის კუნძულებზე, ოსტატები მარმარილოსგან შიშველი ქალების პატარა ფიგურებს ამზადებდნენ. ამ ქანდაკებებს, გადაჯვარედინებული ხელებით, ხვეული თმით და ფართოდ გახელილი თვალებით, ოდესღაც მკვეთრი საღებავები ამშვენებდა, ახლა კი მათ მხოლოდ გაცრეცილი ფერები შემორჩა. თუმცა, სწორედ ამ უფერულმა ვერსიებმა მონუსხა ხელოვანები ათასწლეულების შემდეგ.
XIX საუკუნეში არტეფაქტებზე მონადირეებმა კიკლადების ძველი სასაფლაოებიდან და ერთი ტაძრიდან ქანდაკებები წამოიღეს. ბევრი მათგანი ერთსა და იმავე წერტილში იყო გადატეხილი – კისერთან და მუხლებთან. ეს ზიანის გამიზნულობასა და მის რიტუალურ დატვირთვაზეც კი შეიძლება მიუთითებდეს. წერილობითი წყაროების არარსებობა მეცნიერებს მხოლოდ ვარაუდის საშუალებას აძლევს ფიგურების მნიშვნელობასა და ფუნქციაზე. მიუხედავად ამისა, ამ ფიგურების თავისებური სტილი და ერთი შეხედვით მარტივი ფორმები გახდა ახალი ეპოქის ისეთი ხელოვანების შთაგონების წყარო, როგორებიც არიან პაბლო პიკასო და კონსტანტინ ბრინკუში. შედეგად ხელოვნების სამყაროში კიკლადურ ფიგურებზე მოთხოვნამ იმატა.
წელს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმში გაიხსნა კიკლადური არტეფაქტების ექსპოზიცია, რომელშიც საბერძნეთისგან დროებით გადაცემული 90-ზე მეტი ასეთი ფიგურა შედის. აქ წარმოდგენილი ქანდაკება 87 სმ სიმაღლისაა და უდიდესია ჩვენთვის ცნობილ კიკლადურ ქანდაკებებს შორის.
