აქ უფროსი ვინ არის?
მომავალში რობოტები შეიძლება ხანდაზმულთა დასახმარებლად და მათ სანუგეშოდ გამოიყენონ, მით უმეტეს, რომ მოთხოვნა მომვლელებზე სულ უფრო იზრდება


აქ უფროსი ვინ არის?
მომავალში რობოტები შეიძლება ხანდაზმულთა დასახმარებლად და მათ სანუგეშოდ გამოიყენონ, მით უმეტეს, რომ მოთხოვნა მომვლელებზე სულ უფრო იზრდება
როდესაც გოლდი ნეჟამ 2005 წელს რობოტებზე მუშაობა დაიწყო, კარდაკარ დადიოდა იმ იმედით, რომ ვინმეს თავის მაღალტექნოლოგიურ გამოგონებებს წარუდგენდა. სამედიცინო საზოგადოება მას იმ პერიოდში ეჭვის თვალით უყურებდა. „ახლა ყველაფერი პირიქით არის“, – ამბობს ნეჟა, ტორონტოს უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის პროფესორი. „მთელი მსოფლიოდან მირეკავენ და მეკითხებიან, როდის იქნება მზად თქვენი რობოტი?“
ნეჟას სოციალური დახმარების რობოტები ადამიანებთან ურთიერთობისთვისაა შექმნილი; მათ მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრებათ: ხანდაზმულთა მოვლა. 2019 წლის მონაცემებით, 80 წელს გადაცილებულთა რიცხვი მსოფლიოში 143 მილიონს შეადგენს. პროგნოზის თანახმად, ეს მაჩვენებელი 2050 წლისათვის გასამმაგდება და 426 მილიონს მიაღწევს.

ასეთი რობოტები განსაკუთრებით გამოადგებათ ალცჰაიმერის დაავადების ან დემენციის მქონე პაციენტებს, რადგანაც რობოტები დასახმარებლად არიან დაპროგრამებულნი და წამლის მიღების დროის შეხსენებით დაწყებული, ვარჯიშების ჩვენებით დამთავრებული, ყველაფერი შეუძლიათ. პაციენტების კოგნიტური უნარების სტიმულაციისთვის ნეჟას რობოტებმა ბინგოს თამაში და სხვა გონებრივი სავარჯიშოებიც იციან.
ხანდაზმულთა დახმარების პოტენციალით შთაგონებულმა ფრანგმა ფოტოგრაფმა, ივ ჟელიმ ორი წელი მოანდომა ფილმ „რობოტის წლის“ გადაღებას, რომელშიც ასახულია საფრანგეთისა და ბელგიის თავშესაფრებში მოხუცებულებისა და სოციალური რობოტების ურთიერთობა. ფუტურისტულ სცენებში ადამიანები თვალცრემლიანნიც კი ანდობენ თავიანთ საიდუმლოს რობოტ მეგობრებს.
ფილმის დასრულების შემდეგ ჟელიმ მსგავსი შინაარსის ფოტოპროექტი წამოიწყო და ადამიანებისა და რობოტების ურთიერთობა აღბეჭდა. პროექტი ადამიანების მხრიდან რობოტებთან ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას ასახავდა.

კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მომვლელი რობოტები ადამიანის სამუშაო ადგილებსა და ადამიანურ ურთიერთობებს შეამცირებს. იელის უნივერსიტეტის სოციალური რობოტების ლაბორატორიის უფროსის, ბრაიან სკასელატის თქმით, მიზანი ადამიანი მომვლელების დახმარებაა და არა მათი ჩანაცვლება. პაციენტებზე დაკვირვების შედეგად მან დაადგინა, რომ ბავშვებს, რომელთაც აღენიშნებოდათ აუტიზმის სპექტრის დარღვევა,რობოტებთან ურთიერთობა ვიზუალური კონტაქტისა და სოციალური უნარების გაუმჯობესებაში ეხმარებოდა.
პარიზის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალ Broca Living-ის ლაბორატორიის აღმასრულებელი დირექტორი და კოგნიტური ფსიქოლოგი მარიბელ პინო იმავე ლაბორატორიაში რობოტებთან ერთად ფირზე აღბეჭდილი ადამიანების ჩართულობას ავთენტიკურს უწოდებს. რობოტებთან გარკვეული დროის გატარების შემდეგ ზოგიერთი ადამიანი მათზე მიჯაჭვული ხდება.
სკასელატის თქმით, ერთი რამ აშკარაა: რობოტებს პერსონალიზებული ზრუნვა შეუძლიათ ადამიანებზე – ამ მიმართულებით კი მოთხოვნა მომავალში მხოლოდ გაიზრდება.
კლაუდია კალბმა პაბლო პიკასოს და ლეონარდო და ვინჩის შესახებ დაწერა National Geographic-ში. ივ ჟელიმ კი ჟურნალის ფრანგული გამოცემისთვის პიტკერნის კუნძულები აღბეჭდა.
სრული ვერსია წაიკითხეთ იანვრის ნომერში.