არაჩვეულებრივი ობობები
ახლო ხედით გადაღებული ფოტოპორტრეტები მათ უნიკალურ მშვენებასა და ხიბლს წარმოაჩენს.

არაჩვეულებრივი ობობები
ახლო ხედით გადაღებული ფოტოპორტრეტები მათ უნიკალურ მშვენებასა და ხიბლს წარმოაჩენს.
ობობების გასაოცარი მრავალფეროვნება 50 000-ზე მეტ ჩვენთვის ცნობილ სახეობას მოიცავს; მათ შორის გვხვდება წყალქვეშ თუ არქტიკულ ყინვაში მობინადრე ობობები და გიგანტური ჯავშნიანი ობობა, რომელიც 43 წლამდეც ცოცხლობს. თუმცა, ადამიანების დიდ ნაწილს არაქნიდები ათვალწუნებული ჰყავს.
„ობობებზე ფიქრისას ხალხს რაღაც საძაგლის ასოციაცია უჩნდება“, – ამბობს მადრიდში მცხოვრები ბიოლოგი და ფოტოგრაფი ხავიერ ასნარი, რომელმაც ობობათა გამოსახულებების შთამბეჭდავი კალეიდოსკოპი შექმნა, დიდწილად ეკვადორის ტროპიკული ტყეებიდან. „არადა, თუ დააკვირდებით, მომაჯადოებელ სამყაროს აღმოაჩენთ“.

მაგალითად ავიღოთ გიგანტური ხტუნია ობობა (Phidippus audax), მომხიბლავი არაქნიდი, რომელიც მეორე გვერდიდან გიყურებთ. ასნარის თქმით, ამ სახეობის წარმომადგენლები, რომლებიც მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში გვხვდებიან, „მეგობრულად განწყობილნი“ ჩანდნენ (ადამიანისთვის სახიფათოდ ობობას სულ თორმეტიოდე სახეობა ითვლება). ხტუნია ობობების ზოგ სახეობას ფერების შესანიშნავი აღქმა აქვს – როცა სანდომიან მზერას მოგაპყრობენ – მშვენივრად გხედავენ.
სამხრეთ ამერიკის მკვიდრია Alphantochilus-ის გვარის არაჩვეულებრივი წარმომადგენელი, რომლის განიერი, რქიანი ფიზიონომია საოცრად ჰგავს იმ ჭიანჭველასას, რომლითაც იკვებება – სწორედ ეს აძლევს საშუალებას, მსხვერპლს შეუმჩნევლად მიეპაროს. ეს შენიღბვის ოსტატი მტაცებელი ობობები, გადაღებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საპოვნელადაც რთულია.
ეკვადორში, ქალაქ ლა-მანაში ბანანის ყვავილზე მოკალათებული ბრომელიას ობობა (Cupiennius sp.) მოთმინებით ელის, როდის ჩაუბზუილებს რომელიმე უიღბლო დამამტვერიანებელი მწერი. ეს არაქნიდი ხშირად ერევათ მოხეტიალე ობობაში (Phoneutria spp.), რომელიც დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შხამის მქონე არსებად ითვლება.
იშვიათად ხილული კირჩხიბა-ობობა (Onocolus sp.) ეკვადორის ხამა-კოაკეს ეკოლოგიური ნაკრძალის მცენარეულობის შეფერილობას ერწყმის.
ეს არის ის, რასაც Cephalotes atratus-ის სახეობის ჭიანჭველა სიცოცხლის უკანასკნელ წამებში ხედავს – მისი მიმბაძველი ობობას, Aphantochilus rogersi-ის სახეს. ეს საუცხოო იმიტატორები მწერებს შორის შეუმჩნევლად დადიან და მათ სათითაოდ, არხეინად სანსლავენ.
აბრეშუმის ძაფზე ჩამოკიდებული ეკლიანი გულმუცელა ობობა (Micrathena clypeata) ეკვადორის ამაზონის ტყეში ქალაქ ტენას მიმდებარედ საკვერცხე კაფსულას ქსოვს.

ეკვადორში Deinopis-ის გვარის ობობების გადასაღებად, ასნარს, მაგალითად, წლები დასჭირდა. ეს დიდთვალა, გრძელფეხება არაქნიდები ტრადიციული ქსელების მაგივრად აბრეშუმის კვადრატულ ბადეებს ქსოვენ, შემდეგ ფეხებით უჭირავთ და ცდილობენ, გამვლელ მწერებს ჩამოაფხატონ. ამავდროულად, უაღრესად ფეთიანები არიან და მიახლოებისას ხაფანგს წამში მალავენ. მათი ქცევის აღსაბეჭდად ფოტოგრაფს მოუხდა, თვითონაც ჩასაფრებულ მონადირედ ქცეულიყო და დროის დიდი მონაკვეთები უძრავად გაეტარებინა. როგორც იქნა, ერთ საღამოს მებადური ობობა თავდასხმისთვის გაემზადა და ასნარმა სასურველი კადრიც დააფიქსირა.
ჯეისონ ბიტელი სამეცნიერო ჟურნალისტი და National Geographic-ის მკვლევარია. National Geographic-ის დაკვეთით ამჟამად წიგნს წერს ჩრდილოეთ ამერიკის ველური ბუნების შესახებ.