ტეხასის შტატში, მეგობრის ეზოში, ხავიერ ასნარის თითზე შემოსკუპებული გაბურძგნული ხტუნია ობობა Phidippus audax ფოტოგრაფის ლინზაში იმზირება. ასნარი გადაღების ობიექტებს იშვიათად ეხება, მაგრამ ამჯერად გადაწყვიტა, გამონაკლისი დაეშვა და ადამიანებისთვის ეჩვენებინა, თუ რა ციცქნა – და საყვარელი – შეიძლება იყოს ობობა. მისი ვარაუდით, „იქნებ, პაწია არაქნიდს ლინზაში საკუთარი ანარეკლის დანახვამ აღუძრა ცნობისმოყვარეობა“.
ბავშვობაში ასნარს მწერები უფრო ხიბლავდა, ვიდრე მათი რვაფეხა ნათესავები. ობობების მომაჯადოებელ ქსელში მოგვიანებით გაება და მათი პორტრეტების უჩვეულო სერიაც ამ ახალი ინტერესის ნაყოფია. მაკროლინზით ასნარი ახერხებს „მათი პიროვნული თავისებურებები აღბეჭდოს და ადამიანებს შესაძლებლობა მისცეს აღიქვან, რა სხვანაირები არიან ობობები ახლოდან“.
ასნარი ეკვადორის ჯუნგლებში გატარებულ გრძელ ღამეებს იხსენებს, სადაც იშვიათი სახეობების ძიება მას სისხლისმწოველი მწერების გაუთავებელი შეტევის თანხლებით უხდებოდა. კადრის დაჭერას ზოგჯერ რამდენიმე საათს, ზოგჯერ კი წლებსაც ანდომებს. მისთვის მთავარია, ნამუშევრებმა ხალხს არაქნიდები განსხვავებული თვალით დაანახოს.
„კადრის განათებაში, კომპოზიციასა თუ დინამიკაში ვცდილობ რაღაც ისეთი ჩავდო, რაც ადამიანში პირვანდელი შიშის გადალახვას შეუწყობს ხელს და ობობების უნიკალურობით და ეკოსისტემისთვის სარგებლით აღფრთოვანებას გამოიწვევს“, – გვიხსნის ასნარი.

ხავიერ ასნარ გონსალეს დე რუედა ხშირად თანამშრომლობს National Geographic-თან და ძირითადად მადრიდში ცხოვრობს, თუმცა ველური ბუნებისა და ადამიანებთან მისი ურთიერთობების აღსაბეჭდად დედამიწის სხვადასხვა მხარეს სიამოვნებით სტუმრობს.
ფოტო: პალომა გონსალეს დე რუედა