არავინ იცავს მცველებს
ტყეებს, რომლებიც ინდოეთი-ბანგლადეშის სასაზღვრო სანაპიროს იცავს, ზღვის დონის მატება და უკანონო ჩეხა ანადგურებს


არავინ იცავს მცველებს
ტყეებს, რომლებიც ინდოეთი-ბანგლადეშის სასაზღვრო სანაპიროს იცავს, ზღვის დონის მატება და უკანონო ჩეხა ანადგურებს
როდესაც ბულუ ჰალდარის ეზოში დიდი ხნის წინ გარდაცვლილი მეგობრის გვამი ამოტივტივდა, ქალი მიხვდა, რომ მისი სახლის საქმე წასული იყო.
სამხრეთ-დასავლეთ ბანგლადეშის სოფელ დანგმარის მკვიდრები რამდენიმე კვირის განმავლობაში შიშობდნენ, რომ ადიდებული მდინარე პასური ჯებირს გადმოლახავდა და სოფელს წალეკავდა. აბობოქრებულმა წყალმა ჯერ ბეტონის გარე ფენა დაბზარა, 2017 წლის მიწურულს კი დამცავი კონსტრუქციის რღვევა დაიწყო. ხალხმა ჯებირი საჩქაროდ ქვიშის ტომრებით გაამაგრა, მაგრამ ამან სოფელს მხოლოდ რამდენიმე დღე მოაგებინა. ადიდებულმა მდინარემ სასაფლაო ჩარეცხა, საფლავებიდან მიცვალებულები ამოთხარა, სასმელი ჭები მოწამლა და ჰალდარის პატარა ქოხი ტალახიანი წყლით აავსო.
„ვერაფერს ვაკეთებდი სახლის დასაცავად“, – გვითხრა ქალმა. – „ბავშვებივით უსუსურები ვიყავით“.
ჰალდარმა, მუდამ კოხტად გამოწყობილმა ორმოცდაათიოდე წლის ქვრივმა, საფრთხე დიდი ხნის წინ შენიშნა. ქალი ხედავდა, როგორ იჩეხებოდა სუნდარბანი – სოფლის განაპირა მანგროს ტყე. ტყის საფარის შემცირებასთან ერთად წყლის დონე უფრო და უფრო იმატებდა. ჰალდარს ახლა მხოლოდ ის უკვირს, როგორ გაძლო ჯებირმა ამდენ ხანს. „ტყე, რომელიც გვიცავდა, ჩვენვე გავჩეხეთ“, – გვითხრა მან. – „და ამის გამო მწარედ დავისაჯეთ“.
ბანგლადეშში და მის მოსაზღვრე ინდოეთის შტატ დასავლეთ ბენგალში ათასობით ასეთი სოფელია – ეს ადგილები კლიმატის ცვლილების შედეგებისაგან თავის დასაცავად ერთადერთ ბუნებრივ ფარს კარგავენ. აქაური დაბლობი მიწები ჰიმალაის შორეული მყინვარებიდან მომავალი მდინარეებით არის დაქსელილი. ბენგალის ყურეს ხშირად ატყდება თავს ციკლონები, რომელთაც ზოგჯერ ათასობით ადამიანი ეწირება. წყალდიდობა ყოვლისმომცველია.

ბანგლადეშში, ფართობით საქართველოზე ორჯერ დიდ ქვეყანაში, 160 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ზოგიერთი ბანგლადეშელი ამბობს, რომ ღმერთი მათ მწარედ გაეხუმრა: მისცა საოცრად ნაყოფიერი მიწა და მუდმივი წყალდიდობები.1998 წელს უზარმაზარმა წყალდიდობამ ქვეყნის 70 პროცენტი დატბორა.
სანაპიროსთან მცხოვრებ მოსახლეობას ერთადერთი მცველი ჰყავს – სუნდარბანი – მანგროს ყველაზე ვრცელი ტყე დედამიწის ზურგზე. ინდოეთ-ბანგლადეშის საზღვრის ორივე მხარეს 10 000 კვადრატულ კილომეტრზე გაშლილი, წყალდიდობის შემაკავებელი ტყის მწვანე კედელი, პირველი ეგებება მოვარდნილ წყალს და მძლავრ სახიფათო ციკლონებსაც კი ასუსტებს. სოფლის მოსახლეობისთვის მანგროს ტყე და მისი წყალი თაფლის და თევზის უხვი წყაროა. „სუნდარბანი დედაჩვენია“, – ამბობს ჯოიდევ სარდარი, ჰარინაგარის მეთევზეთა ასოციაციის პრეზიდენტი. – „ის გვიცავს, გვკვებავს და გვასაქმებს“.
მაგრამ ადამიანებმა და ბუნებრივმა კატაკლიზმებმა მანგროს ტყეები გამოფიტა. რეგიონში მოსახლეობის ბუმია, ხალხს მეტი სამშენებლო მასალა სჭირდება, ხეების უკანონო ჩეხა კი სუნდარბანს უფრო და უფრო ამეჩხერებს. კიდევ ერთი საფრთხე წყლის მარილიანობის ზრდაა, რის გამოც მრავალი შტორმის შემაჩერებელი ხე გადაშენების პირასაა, მათ შორის სუნდარის ხე, სახეობა, რომელსაც სუნდარბანის ტყის სახელწოდება უკავშირდება. მარილიანობის ზრდას ორი მიზეზი აქვს: ინდოეთის ტერიტორიაზე აშენებული ჰესები, რომელთა გამოც სუნდარბანისკენ მომავალი მტკნარი წყლის ნაკადი მცირდება და კლიმატის ცვლილება – ზღვა ბანგლადეშის მიწებზე იჭრება და მანგროს ტყეებში მლაშე წყალი მატულობს.

“მარილიანობის ზრდა დიდი პრობლემაა“, – ამბობს ბანგლადეშის საინჟინრო-ტექნიკური უნივერსიტეტის წყლისა და წყალდიდობების მართვის ინსტიტუტის პროფესორი მაშფიკუს სალეჰინი. – „მლაშე წყალი მანგროს ტყეების ეკოსისტემას ანადგურებს“. მეცნიერთა ვარაუდით, თუ საქმე ცუდად წავიდა, ზღვის დონე საუკუნის ბოლომდე 1,8 მეტრით აიწევს და ბანგლადეშის ტერიტორიაზე მანგროს ტყის 2000 კვადრატულ კილომეტრს ჩაყლაპავს. მოვლენების განვითარების ყველაზე კარგ შემთხვევაშიც კი ზღვის ქვეშ ტყის 200 კვადრატული კილომეტრი მოექცევა. სალეჰინი და სხვა მეცნიერები შიშობენ, რომ ტყეზე დამოკიდებული ღარიბი ხალხისთვის ესეც კი კატასტროფულ შედეგებს მოიტანს.
მიწა უჩინარდება. მანგროს ტყის ძლიერი ფესვების გარეშე ნიადაგს ვეღარაფერი იჭერს და მიწას ზღვა ყლაპავს – მდინარის ზემო წელში აგებული კაშხლები დანალექს აკავებს და ის სუნდარბანის რეგიონამდე ვეღარ აღწევს.
სუნდარბანის რეგიონის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, მდინარე ჰუგლის ესტუარში მდებარე ინდური კუნძულები პრობლემის თვალსაჩინო მაგალითია. სულ მცირე სამი კუნძული, რომელიც საუკუნის წინ მანგროს ტყეებით იყო დაფარული – ლოჰაჩაჰარა, სუპარიბჰანგა და ბედფორდი – ზღვის ქვეშ მოექცა. დანარჩენ კუნძულებსაც მსგავსი საფრთხე ემუქრება: კუნძული საგარი ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში 50 კვადრატული კილომეტრით შევიწროვდა, თუმცა კუნძულზე საცხოვრებლად ახალი ხალხი ჩამოდის, ისინი, ვისი მშობლიური კუნძულებიც საგარზე უფრო სწრაფად უჩინარდება. საგარზე მიწათმოქმედებისთვის საჭირო მიწები ლამის აღარ დარჩა და აქაურები სამუშაოს საძიებლად სხვა ადგილებში მიემგზავრებიან.
სუნდარბანის ზოგიერთ ნაწილში ზღვა ყოველ წელს 180 მეტრით იჭრება ხმელეთზე. „სუნდარბანის სიახლოვეს მცხოვრები ხალხი ყველაფერს კარგავს“, – ამბობს ტუჰინ გჰოში, კოლკატას ჯადავპურის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. – „ციკლონები და შტორმები მანგროს ტყეებისგან მოშორებით მდებარე ისეთ ქალაქებსაც აზარალებს, როგორებიც კოლკატა და დაკაა“.
2018 წლის თებერვალში აღმოსავლეთ დანგმარის დასავლეთით მდებარე მდინარე ჩუნარის ჯებირი ადიდებულმა წყალმა გაარღვია. ეს წლის განმავლობაში მესამე შემთხვევა იყო. წყალდიდობამ 16 სახლი წალეკა. ასეთი ამბები ადგილობრივებისთვის რუტინულ ტრაგედიად იქცა, მაგრამ სოფლის მრავლისმნახველი უხუცესებიც ამჩნევენ, რომ ამჯერად საქმე უფრო ცუდად არის, ვიდრე უწინ. 2018 წელს ჰექტარზე, საშუალოდ, ნახევარ ტონაზე ნაკლები ბრინჯი მოვიდა, რაც ძალიან ცოტაა. ზოგიერთ ადგილას ნიადაგი იმდენად მლაშეა, რომ ბოსტნეული ვეღარ ხარობს. მოუსავლიანობამ საკვების ფასი გაზარდა.
„სოფელში წყალდიდობების გამო მხოლოდ მშენებლებს აქვთ საქმე“, – გვითხრა გლეხმა ბიმოლ სარდარიმ.
2018 წლის გაზაფხულზე, ბანგლადეშის ამ წყნარ კუთხეებს ახალი გასაჭირი დაატყდა თავს – ქოლერა. დაავადება, რომელიც, სავარაუდოდ დაჭაობებულ ადგილებში წარმოიშვა და სუნდარბანის ცხელ, მლაშეწყლიან გარემოში თავისუფლად გავრცელდა. ჩემი სტუმრობისას ადგილობრივი ექიმი საქმეს ვერ აუდიოდა.
„თითქმის ყველა ჩემს პაციენტს წყალთან დაკავშირებული დაავადება სჭირს, ასეთი შემთხვევების რიცხვი უზომოდ გაიზარდა“, – გვითხრა შივაპადა მონდოლმა. „საგანგაშო მდგომარეობაა“. მის კაბინეტთან საკაცეზე მწოლიარე გაძვალტყავებული მოხუცი კაცი დავინახე, რომელიც ძლიერად აღებინებდა. გვერდით მდგომი ქალიშვილი მამას წყალს აწვდიდა.
ცხოვრება სუნდარბანის სიახლოვეს შეუძლებელი ხდება. აპრილში რამდენიმე ათეულმა ოჯახმა სახლი მიატოვა და დაკაში, ბანგლადეშის დედაქალაქში გაემგზავრა. ისინი იმ მილიონ თუ მილიონნახევარ ადამიანს შეუერთდნენ, რომლებიც თავის სარჩენად სამხრეთის სანაპიროებიდან ისედაც ჭარბად დასახლებულ ქალაქში გადავიდნენ. მსოფლიო ბანკის ვარაუდით, 2050 წლისთვის, კლიმატის ცვლილების გამო, 13 მილიონამდე ბანგლადეშელი სანაპირო რეგიონებიდან ქალაქებში გადაიხვეწება. დასავლეთ ბენგალშიც მსგავსი მდგომარეობაა.
მრავალი გასაჭირის მიუხედავად, სანაპირო რეგიონების ზოგიერთ მოსახლეს მომავლის იმედი არ დაუკარგავს. ინდოეთის და ბანგლადეშის მთავრობამ წარსული კატაკლიზმებიდან ბევრი დასკვნა გამოიტანა. ხე-ტყის უკანონო ჩეხა უფრო ფხიზლად კონტროლდება და კანონდამრღვევები მკაცრად ისჯებიან. ბანგლადეშში საგანგებო მდგომარეობებისთვის სპეციალური თავშესაფრები შენდება და 150 000 მოხალისე იგზავნება, რამაც მსხვერპლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. სუნდარბანის ყველაზე ღარიბ ნაწილშიც კი სოფლის მოსახლეობა ახალ პირობებს საოცრად სწრაფად მოერგო. მარილიანობის მატებასთან ერთად ისინი ბრინჯის მოყვანას შეეშვნენ და კრევეტების ჭერას მიჰყვეს ხელი.
მაგრამ მანგროს ტყეების – და შესაძლოა ბანგლადეშის – შენარჩუნებისთვის ბრძოლა უფრო და უფრო რთულდება. ბანგლადეშის მთავრობამ რამპალის რეგიონში, სუნდარბანის სიახლოვეს, ინდური ფულით დაფინანსებული ქვანახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობას მწვანე შუქი აუნთო. ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გარემოსთვის საზიანო სხვა ინდუსტრიებიც წაახალისოს. ჩინეთი მდინარე ბრაჰმაპუტრას აუზში ახალი კაშხლების მშენებლობას გეგმავს, რაც მტკნარი წყლის მარაგს კიდევ უფრო შეამცირებს. მომავალი სანაპიროს მოსახლეობას მეტ ნალექს, შტორმს და ცვალებად ტემპერატურის უქადის.
კლიმატის ცვლილება მანგროს ტყეების ახალი, ბოროტი მმართველი ხდება.
„ამ ქვეყანას სუნდარბანი აცოცხლებდა“, – ამბობს ბულუ ჰალდარი. – „და ისევ სუნდარბანი – ან მისი გაქრობა – დაღუპავს“.
პიტერ შვარცშტაინი ათენში მცხოვრები ჟურნალისტია. მისი სტატიები საკვების, წყლის და კლიმატის თემას ეძღვნება. არკო დატო ამჟამად კოლკატაში ცხოვრობს და გრძელვადიანი პროექტებით აშუქებს ინდოეთის სუბკონტინენტს. ეს მათი პირველი სტატიაა ჩვენი ჟურნალისთვის.სრული ვერსია წაიკითხეთ მიმდინარე ნომერში.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.