არავინაა სულელი
დაივიწყეთ ბრიყვის სტერეოტიპი:
სირაქლემას გამჭრიახობით გააქვს თავი მტაცებლებით სავსე სამყაროში


არავინაა სულელი
დაივიწყეთ ბრიყვის სტერეოტიპი: სირაქლემას გამჭრიახობით გააქვს თავი მტაცებლებით სავსე სამყაროში
უმეტესი ჩვენგანის წარმოდგენაში სირაქლემა ერთი დიდი, სასაცილო ფრინველია, რომელიც კრიზისულ მომენტში თავს ქვიშაში რგავს – თითქოს, საფრთხეს თუ მოარიდებს თვალს, ვერც საფრთხე დაინახავს მას.
ისე მოხდა, რომ ჩვენი უსარგებლო სტერეოტიპების კოლექციაში სირაქლემას ყველაზე გონებასუსტი ცხოველის ადგილი უჭირავს. ბიბლიაც კი ჭკუასუსტს და ცუდ მშობელს უწოდებს.
ქვიშაში თავის ჩარგვა 2000 წლის წინანდელი გაცვეთილი წარმოდგენაა, რომელიც რომაელ ნატურალისტს, პლინიუსს უკავშირდება – ის კი ზოგჯერ არასწორ ამბებს მოგვითხრობდა. დაფიქრდით: სირაქლემა გრძელი, წვრილი ფეხებით ეზიდება ხორცისა და ბუმბულის მასიურ ტორსს, კისერი პერისკოპს უგავს, რომელიც სოლისებრი თავით ბოლოვდება და სპილოზე დიდი თვალებით, 2,75 მეტრი სიმაღლიდან იყურება. თავის ჩასაფლობად არცთუ ისე სახარბიელო აღნაგობაა.
თავდახრილ (მაგრამ არა მიწაში თავჩარგულ) სირაქლემებს ხშირად ნახავთ კვების ან ბუდის მოვლის დროს. მათ 17 კისრის მალა აქვთ (ჩვენი შვიდისაგან განსხვავებით) და მსუბუქ, მოქნილ კისერს მარტივად ამოძრავებენ ყველა მიმართულებით, ვეებერთელა თვალებით კი მუდამ ყურადღებით აკვირდებიან გარემომცველ სამყაროს.
მათთვის ფხიზლად ყოფნა აუცილებელია. ჯერ ერთი, სირაქლემები, პრაქტიკულად, ვეებერთელა ქათმები არიან მშიერი ლომებით, ლეოპარდებით, აფთრებით და აფრიკული ველური ძაღლებით დასახლებულ ადგილებში. მართალია, ზრდასრული სირაქლემა მარტივი საკბილო არ არის (რადგან წიხლით შეუძლია მტერს ძვლები ჩაუმსხვრიოს, კლანჭით კი გაფატროს), მაგრამ ბრძოლაზე მეტად მას გაქცევა ეხერხება და ასეთ დროს 70 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებაც კი შეუძლია.
სირაქლემები, პრაქტიკულად, ვეებერთელა ქათმები არიან მშიერი ლომებით, ლეოპარდებით, აფთრებით და ავაზებით დასახლებულ ჰაბიტატებში. წიხლით შეუძლიათ მტრისათვის ძვლების ჩალეწვა და 70 კმ/სთ-მდე სიჩქარით დარბიან.
ფრინველს თვალის მოხუჭვის საშუალებას არ აძლევს საფრთხე, რომლის წინაშეც მისი ნაშიერები არიან. სირაქლემები ბუდეს პირდაპირ მიწაზე აწყობენ და კვერცხები შეიძლება უბრალოდ მოუქნელმა სპილომ დაულეწოს, მტაცებლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. წარმატებისთვის იღბალია საჭირო, რისი ალბათობაც ძალიან მცირეა. დედამიწის უდიდეს და ყველაზე თვალშისაცემ ფრინველს ორ თვეზე მეტი ხნით უწევს საკუთარი ბუდის შეუმჩნევლად დამალვა ან მის დასაცავად სადარაჯოზე დგომა კვერცხების დადებიდან გამოჩეკამდე. მარცხი ჩვეული ამბავია, რაც ამ ფრინველის დამახასიათებელ ქცევას – ჯგუფურ ბუდობას განაპირობებს.
სირაქლემების სანახავად მშვენიერი ადგილია ტარანგირეს ეროვნული პარკი ჩრდილოეთ ტანზანიაში. 2850 კვადრატულ კილომეტრზე განფენილ არიდულ გორაკებსა და მდინარე ტარანგირეს გაყოლებაზე, ბალახნარ ვაკეებზე შეხვდებით სპილოს დიდ ჯოგებს, ათასობით ზებრასა და ანტილოპა გნუს. აქ სირაქლემებიც მრავლად არიან, თუმცა დარ-ეს-სალამის უნივერსიტეტის ეკოლოგ ფლორა ჯონ მაგიგეს და მე მათი ბუდეების ძიებაში თავიდან არ გაგვიმართლა.
პირველი ბუდე განადგურებული გვხვდება. ცხრა კვერცხი დაახლოებით 25 მეტრზეა მიმოფანტული. სირაქლემების ქცევის ექსპერტი მაგიგე ისე ათვალიერებს იქაურობას, როგორც გამომძიებელი – მკვლელობის ადგილს. კვერცხების გაფანტვა მშიერი მტაცებლის ნახელავს ჰგავს, თუმცა დიდი ცხოველისას – არა, რადგან კვერცხები დაუზიანებელია. ტურა? ყოველ შემთხვევაში, დედალი და მამალი სირაქლემა უკვე შორს არიან – ასე ხდება ხოლმე, როდესაც ბუდე იშლება. შესაძლოა წყვილმა სადმე კვლავ დაიბუდოს ერთად.

თუმცა გამრავლების სეზონზე სირაქლემები ძალიან თავაშვებულები არიან – დედლებიც და მამლებიც მრავალ პარტნიორს ეძებენ. ევოლუციური თვალსაზრისით ამ გზით მათ საშუალება ეძლევათ, რაც შეიძლება მეტ ბუდეში მოახვედრონ მრავალფეროვანი დნმ და, გარკვეულწილად, აანაზღაურონ ის, რომ ბუდეების უმრავლესობა ნადგურდება.
ერთ მშვენიერ დილას შეწყვილების სცენას შევესწარით პარკის მთავარი გზიდან 500 მეტრში. როგორც კი წყვილი დაიშალა და მამალმა გზა განაგრძო, უკანასკნელი პარტნიორი და კიდევ ორი დედალი უმალვე დაედევნენ მას. ერთ-ერთმა ფრთების პომპონებივით ქნევით დაუწყო არშიყი. გამრავლების სეზონზე დედლები ორ დღეში ერთხელ დებენ კვერცხს და მათი განაყოფიერების დაუძლეველი სურვილიც აქვთ, ამ დროს კი მამლების დეფიციტია ხოლმე, ალბათ იმიტომ, რომ საკუთარ ტერიტორიას ეჭვიანად იცავენ და კონკურენტებს დევნიან.
დედლის დაჟინებულ არშიყს მამალმა ყურადღება არ მიაქცია. მიხვეულ-მოხვეული გზით მათ აკაციისა და ბაობაბის ხეებს ჩაუარეს. ერთსაათიანი სეირნობის და ფრთების უშედეგოდ შრიალის შემდეგ ისინი მდინარე ტარანგირეს ქვიშიან სანაპიროს მიადგნენ. დედალი წასვლას აპირებს და აი, ამ დროს მამალი მიწაზე ეცემა – როგორც იქნა, მოიხიბლა. მამალი მართავს სრულყოფილ შეწყვილებისწინა წარმოდგენას – ფრთები გაშლილი აქვს, მთელი სხეულით ირხევა და თავს ირტყამს ხან ერთ გვერდზე, ხან მეორეზე.
ახლა უკვე დედალი დაიარება უინტერესოდ, მაგრამ ბოლოს ისინი მაინც წყვილდებიან დამშრალი მდინარის კალაპოტში. ქალი სფინქსივით ამაყად ზის, მამალი კი ზემოდან წვალობს ერთი-ორი წუთი. მამლისთვის კულმინაციურ მომენტში დედალი რაღაც გემრიელს შენიშნავს ქვიშაში და მის შესაყლაპად მიიწევს.
მოგვიანებით მდინარის ნაპირზე ოთხივე სირაქლემა პიკნიკს მართავს. ჩვენც წასახემსებლად გამოვბრუნდით და უკანასკნელად რომ შევავლეთ თვალი, სამი დედალი კვლავ ფრთების ნაზი რხევით უახლოვდებოდა მამალს.
სირაქლემების ამ ჯგუფს იმ იმედით დავყვებოდით, რომ ბუდესთან მიგვიყვანდნენ; სირაქლემის ბუდე მაშინაც კი ძნელი შესამჩნევია, როდესაც ზუსტად იცი, სად არის. მამალი, როგორც წესი, ღამით უვლის ბუდეს – თავაწეული ზის და გარემოს ზვერავს. დედალი დღისით გადაიბარებს ხოლმე ამ საქმეს – ისეა განრთხმული მიწაზე, რომ ვერც მიხვდები, თუ სირაქლემაა. ბუდის საპოვნელად, ზოგჯერ, ყველაზე მარტივია, უბრალოდ სხვა სირაქლემების სტუმრობას დაელოდო – რაც საკმაოდ ხშირად ხდება.
ერთხელაც ერთ ტრიალ მინდორზე სირაქლემების „ოაზისი“ აღმოვაჩინეთ. სადღაც შორს, ჩვენ წინ ბუდეა და ზედ კრუხი ზის, მობუდარი მამალი კი რამდენიმე ასეულ მეტრში ბალახობს და თითქოს დიდად არც აქცევს ყურადღებას, თუმცა როგორც კი უცხო მამლის მოახლოებას აფიქსირებს, კილომეტრამდე დისტანციაზე, მიზანსწრაფულად მიეშურება მისკენ. ადამიანთა სამყაროს მსგავსად, აქაც შეიძლება თანაარსებობდეს ერთდროულად პოლიგამია და მესაკუთრეობა: მობუდარი მამალი თავისი პარტნიორის მონოპოლიზებისკენ ისწრაფვის, რაც კონკურენტების განდევნას გულისხმობს.
კიდევ უფრო საინტერესოა მობუდარი წყვილის რეაქცია სტუმარ დედლებზე. სხვა სახეობებმა ევოლუციურად გამოიმუშავეს თავდაცვის მექანიზმები „ბუდობრივი პარაზიტების“, ანუ იმ ფრინველების წინააღმდეგ, რომლებიც უცხო ბუდეში საკუთარი კვერცხების შეპარებით მშობლის ჯაფას თავს არიდებენ. სირაქლემები ასეთები არ არიან. უცხო დედლის მოახლოების შემთხვევაში, კრუხად მჯდომი დედალი ხშირად ადგება, გაიწევა და სტუმარს საშუალებას მისცემს, რომ თავის ბუდეში დადოს კვერცხი. ზოგი კვლევის თანახმად, კრუხი, როგორც წესი, მის მიერ წარმატებით გამოჩეკილი 20-მდე კვერცხიდან მხოლოდ ნახევრის ბიოლოგიური მშობელია. ეს ბუდობრივი პარაზიტიზმი არ არის; ეს ჯგუფური ბუდობაა და, პოლიგამიის მსგავსად, ესეც რეპროდუქციული წარმატების მიღწევის გზაა.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დედლებს ერთმანეთი დებივით უყვართ და ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ. მობუდარ დედალს დიდი არჩევანი არც აქვს, – ასე ამბობს ბიოლოგი ბრაიან ბერტრამი, რომელმაც 1979 წელს პირველად დეტალურად აღწერა საერთო ბუდობა. მოსული დედლისთვის წინააღმდეგობის გაწევას დიდი აურზაური შეიძლება მოჰყვეს და მტაცებლები მოიზიდოს; კვერცხებიც დაილეწება (მეტწილად მასპინძლის), სუნზე კი ტურები და აფთრები მოვლენ. გარდა ამისა, ბერტრამის დაკვირვებით, მოსულმა დედალმა შეიძლება ძალით – თავში ნისკარტის ნაზი, მაგრამ დაჟინებული კაკუნით – დაათმობინოს კრუხს თავისი ბუდე.
ბერტრამის თქმით, საერთო ბუდეს მობუდარი წყვილისთვის გარკვეული ეგოისტური უპირატესობებიც აქვს. მექალთანე მობუდარი მამალი უბნის დედლების მიერ მის ბუდეში დადებული კვერცხების მესამედის მამა მაინც იქნება, მობუდარი დედლისთვის კი კვერცხების სიმრავლე საფრთხეს ამცირებს. არავინ იცის, როგორ არჩევს, თუმცა ის საკუთარ კვერცხებს ყოველთვის ბუდის ცენტრში ათავსებს და გარშემო „განწირულ გარე რკალად“ აწყობს უცხო კვერცხებს. გამოჩეკის შემდეგაც, რაც მეტი ბარტყი ეყოლება ერთად, მით ნაკლები იქნება ალბათობა, რომ მტაცებელმა მისი ბარტყი გაიტაცოს.
სირაქლემებში ზომის გარდა კიდევ ის მხვდება თვალში, რომ ისინი თითქოს სულ მოძრაობენ – მაშინაც კი, როდესაც დგანან, განსაკუთრებით დედლები, რადგან მოყავისფრო შეფერილობის გამო მათი ფრთების ფარფატი უფრო შესამჩნევია. შავ-თეთრ „სმოკინგებში“ გამოწყობილი მამლები უფრო შებოჭილები ჩანან. ორივე სქესის ფრინველს გრძელი და ხშირი ბუმბული აქვს. უმეტეს ფრინველთა ბუმბულისგან განსხვავებით, მათ არ გააჩნიათ პაწაწინა კაუჭები – ე.წ. კაკვები, რომლებიც ბუმბულებს ერთმანეთთან აჯაჭვებს; ამიტომაა, რომ სირაქლემის ბუმბული თვალისმომჭრელად ფრიალებს ნიავში. ამ თავისებურებას ფუნქცია აქვს: სირაქლემას ბუმბულების შემჭიდროებითა და გაფართოებით სხეულის ტემპერატურის რეგულირება შეუძლია. მათი სიფუშფუშე ის თვისებაა, რის გამოც ადამიანთა მოდის სამყაროშიც პერიოდულად ჩნდება და ქრება ხოლმე სირაქლემის ბუმბული.
სირაქლემებით ვაჭრობის ეპიცენტრისკენ გზა გადის სვარტბერგის მთების ერთ ვიწრო უღელტეხილზე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დასავლეთ კაპლანდის პროვინციაში. უცნაურია, რომ ასკოტის რბოლის დამსწრე ელიტისა და ლას-ვეგასის შოუების მონაწილე გოგონების ბუმბულიანი აქსესუარების წყარო ეს მიყრუებული რეგიონია, თუმცა მცირე კარუს რეგიონის დაბა აუდსჰორნის შემოგარენი უკვე 150 წელზე მეტია სირაქლემებით ვაჭრობის გლობალური ცენტრია.
ტარანგირეს ეროვნულ პარკში გამრავლების სეზონია. მამლის წითელი, შეშუპებული კისერი და ფეხები იმის ნიშანია, რომ ის მეწყვილეებს ეძებს.
შთამბეჭდავი საქორწილო რიტუალის შემდეგ მამალი დედალს აფრინდება. ფრინველთა უმეტესობისგან განსხვავებით, მამალ სირაქლემას პენისი აქვს და შინაგანი განაყოფიერება შეუძლია.
დედალი მიწაზე დებს კვერცხებს, რომლის გვერდზე სხვებსაც შეუძლიათ კვერცხის დადება, კრუხობა კი მხოლოდ მთავარი დედლისა და მისი პარტნიორის პრეროგატივაა.
ბარტყები 42-დღიანი ინკუბაციის შემდეგ იჩეკებიან. ბუდეების მხოლოდ 10% აღწევს წარმატებას. გადარჩენილი ბარტყები დამოუკიდებელ ცხოვრებას 1-2 წლიდან იწყებენ.
ხალებიანი აფთარი სირაქლემის კვერცხს შეექცევა კენიის მასაი- მარას ეროვნულ პარკში. მსოფლიოს უდიდესი ფრინველი უდიდეს კვერცხს დებს (1,5 კგ-ზე მეტი). მტკიცე ნაჭუჭის გასატეხად მტაცებლებს გამჭრიახობა სჭირდებათ ხოლმე. ტურები ორ კვერცხს ურტყამენ ერთმანეთს, ფასკუნჯები კი ქვებს უშენენ.
ტარანგირეს ეროვნულ პარკში გამრავლების სეზონია. მამლის წითელი, შეშუპებული კისერი და ფეხები იმის ნიშანია, რომ ის მეწყვილეებს ეძებს.
შთამბეჭდავი საქორწილო რიტუალის შემდეგ მამალი დედალს აფრინდება. ფრინველთა უმეტესობისგან განსხვავებით, მამალ სირაქლემას პენისი აქვს და შინაგანი განაყოფიერება შეუძლია.
დედალი მიწაზე დებს კვერცხებს, რომლის გვერდზე სხვებსაც შეუძლიათ კვერცხის დადება, კრუხობა კი მხოლოდ მთავარი დედლისა და მისი პარტნიორის პრეროგატივაა.
ბარტყები 42-დღიანი ინკუბაციის შემდეგ იჩეკებიან. ბუდეების მხოლოდ 10% აღწევს წარმატებას. გადარჩენილი ბარტყები დამოუკიდებელ ცხოვრებას 1-2 წლიდან იწყებენ.
ხალებიანი აფთარი სირაქლემის კვერცხს შეექცევა კენიის მასაი- მარას ეროვნულ პარკში. მსოფლიოს უდიდესი ფრინველი უდიდეს კვერცხს დებს (1,5 კგ-ზე მეტი). მტკიცე ნაჭუჭის გასატეხად მტაცებლებს გამჭრიახობა სჭირდებათ ხოლმე. ტურები ორ კვერცხს ურტყამენ ერთმანეთს, ფასკუნჯები კი ქვებს უშენენ.
1860-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც ბუმბულით ვაჭრობას ზოგიერთ რეგიონში უკვე გადაშენებისკენ მიჰყავდა სირაქლემა, აქაურმა ფერმერებმა ამ ფრინველის ტყვეობაში მოშენება დაიწყეს. სირაქლემების სოციალურმა ბუნებამ შეიძლება ხელი შეუწყო იმას, რომ ისინი ტყვეობაში ცხოვრებას შეეგუენ. ფრენისა თუ ხტუნვის უუნარობაც ხელსაყრელი აღმოჩნდა. მკერდამდე სიმაღლის მავთულის ღობით შემოსაზღვრული მინდვრები (ბანაკები) ათასობით სირაქლემას იტევს, რომლებიც, როგორც ჩანს, ჰარმონიულად ცხოვრობენ. ევოლუციამ სირაქლემა მცირე კარუს უდაბნოსმაგვარ გარემოს მოარგო, სადაც ალაგ-ალაგ იონჯის სარწყავი ნათესებიც მშვენივრად ხარობს, რომელიც ფერმის სირაქლემებისთვის იდეალური საკვებია.
გამრავლების სეზონზე ფერმერები ბანაკებში დაეხეტებიან და ყოველდღე აგროვებენ კვერცხებს კომერციულ ინკუბატორებში წასაღებად. თითო ინკუბატორში 1008 კვერცხი იდება და ნელა ტრიალებს 36 გრადუსზე. „42-ე დღეს ბარტყი კვერცხის ჰაერის პარკს არღვევს, ჩაისუნთქავს და ნაჭუჭის გასამტვრევ ძალას მოიკრებს“, – ამბობს ადგილობრივი ფერმერი, საგ იონკერი. ბარტყმა შეიძლება ერთი წელი იცოცხლოს თუ ხორცის ან ტყავისთვის ზრდიან, ხოლო თუ ბუმბულისთვის – 15 წლამდეც კი იცოცხლოს და 9-თვიანი ინტერვალებით გააცალონ ხოლმე ბუმბული.
სირაქლემებით ვაჭრობა ოდითგანვე არაპროგნოზირებადი საქმე იყო, რადგან ფასები საერთაშორისო მოდის ტენდენციების მიხედვით საგრძნობლად მერყეობს. ამჟამად დაღმასვლის ფაზაა და იონკერი და მისი მეუღლე ჰეიზელი იმედიანად ახსენებენ, რომ ქეით მიდლტონს სირაქლემისბუმბულიანი ქუდები მოსწონს და რომ ლუი ვიტონი შეიძლება კვლავ დაუბრუნდეს სირაქლემის ტყავის ჩანთების წარმოებას.
სირაქლემებით ვაჭრობისა და აუდსჰორნის ოქროს ხანა 1870 წელს დაიწყო, როდესაც მოდური ქალბატონების ქუდების დასამშვენებლად სირაქლემის ბუმბულზე მოთხოვნა გაჩნდა. იმ ეპოქის „ბუმბულის სასახლეები“ დღესაც ამშვენებს აუდსჰორნის ქუჩებს. წარმატებული ვაჭრობის საზომად ისიც გამოდგება, რომ 1912 წელს „ტიტანიკზე“ ყველაზე ძვირფასი ტვირთი იყო არა ბრილიანტი ან ოქრო, არამედ – დღევანდელი 2,3 მლნ დოლარის შესაბამისი ღირებულების სირაქლემის ბუმბულის 12 ყუთი, 1914 წელს კი, ომისა და თავღია ავტომანქანების გამოჩენის გამო, დიდი, ბუმბულებით გაწყობილი ქუდები უცებ გადავიდა მოდიდან.
ერთ დილას ქალაქში გადავაწყდი მორის „მიკი“ ფიშს – ყოფილ ფერმერს, რომელიც სირაქლემებს აშენებდა და ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელია აუდსჰორნის ებრაული თემისა, რომელიც წინათ გლობალური ვაჭრობის სათავეში იდგა. ევროპიდან ჩაგვრას გამოქცეული ებრაელი მიგრანტები აქ XIX საუკუნიდან გამოჩნდნენ.

„და აფრიკანერებმაც ისინი მთელი გულით მიიღეს“, – ამბობს ფიში.
ადრეული იმიგრანტები ძირითადად წვრილი მოვაჭრეები ხდებოდნენ, მოგვიანებით ჩამოსულები კი ხშირად ფართო მოხმარების საქონლით და ტანსაცმლით ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი. დიასპორის წყალობით მათ შესაბამის სფეროებში ჰქონდათ კავშირები ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც ლონდონი და ნიუ-იორკია. აუდსჰორნის ბუმბულების ბიზნესი ძირითადად ასეთი კავშირების წყალობით გაიზარდა და იქცა ქსელად, რომელიც მოიცავდა ფერმიდან ფერმაში მოარულ, იდიშზე მოლაპარაკე ბუმბულის მყიდველებს, ოსტატებს, რომლებიც ბუმბულისგან ნაკეთობებს ამზადებდნენ და საცალო საქონლით მოვაჭრეებს.
ვაჭრობის პიკში აუდსჰორნში რამდენიმე ასეული ებრაული ოჯახი ცხოვრობდა და ორ სინაგოგას ეხმარებოდა ფინანსურად.
ფიშმა ადგილობრივი ისტორიის შესახებ წიგნი გადაშალა და თავისი პაპის, მორის ლიფშიცის ფოტო მაჩვენა. „ის სირაქლემების უმსხვილესი მომშენებელი იყო მსოფლიოში“, – მომითხრობს ფიში. „1936 წელს გარდაცვალებამდე 35 ფერმას ფლობდა“. მისი მამულის სასახლეში სამეჯლისო დარბაზიც იყო, მარანიც და უძვირფასესი იტალიური მარმარილოთი მოპირკეთებული 1500-ლიტრიანი აბაზანაც.
სასახლე ისევ ადგილზეა, თუმცა ახლა იქ განთავსებულია რესტორანი, მაღაზია, რეზიდენცია და ექიმის კაბინეტი. მოსახლეობაში ებრაული ოჯახების რიცხვი იმდენად შემცირდა, რომ შემორჩენილ სინაგოგაში ღვთისმსახურების ჩასატარებლად აუცილებელი მინიმალური რაოდენობის მორწმუნეთა შესაკრებად მეზობელი დასახლებებიდან იწვევენ ხალხს. სირაქლემების ბიზნესიც უკვე სეკულარული კოოპერატივის ხელშია. 50-წლიანი საქმიანობის შემდეგ ფიშმაც დატოვა ეს ბიზნესი და შვებით ამოისუნთქა. ის იზიარებს ბიბლიაში ნახსენებ სიტყვებს სირაქლემების ჭკუასუსტობასა და შთამომავლობის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაზე. მისი სიტყვებით, სირაქლემა „ერთი სულელი ფრინველია ლამაზი ბუმბულით“.

სირაქლემების ნაშიერებზე ზრუნვის უნარ-ჩვევებზე მისთვის არაფერი მიკითხავს, მაგრამ თვალსაჩინო მაგალითს თავად შევესწარი მალევე. ერთ დილას, აფრიკის სამხრეთ კონცხზე მდებარე დე-ჰოპის ნაკრძალში ვუყურებ, როგორ იკვებება სირაქლემების წყვილი. თავიდან ისინიც მაკვირდებიან, შემდეგ მოეშვებიან და თითქოს სასიგნალო მინიშნებით, ცხრა ბარტყიც გამოძვრება სამალავიდან. დოდოს მსგავსი ეს ფუმფულა ღინღლიანი არსებები ერთი-ორი კვირისანი იქნებიან. ბარტყებიც იწყებენ მშობლებთან ერთად ბალახობას მათივე მეთვალყურეობის ქვეშ.
მალე სირაქლემებს მზაკვარი ბაბუინების ტრიო უახლოვდება. მამალი სირაქლემა ჯერ უბღვერს მათ, შემდეგ კი განდევნის. რამდენჯერაც უკან დაბრუნებას აპირებენ, მამალი კვლავ წინ ეღობება და ახლოს არ უშვებს. ცოტა ხანში ბაბუინების მთელი ჯგუფი ჩნდება მდელოზე. აღელვებული ბარტყები ერთად გროვდებიან, მშობლები კი კვლავ დაბღვერილი სახით აფრთხობენ დაუპატიჟებელ სტუმრებს. ბაბუინებიც ჭკუას უხმობენ და გაღმა იხედებიან, თითქოს არც უფიქრიათ მათი შეჭმა.
ბაბუინების წასვლისთანავე თავსხმა წვიმა იწყება. ზრდასრული სირაქლემები სხდებიან და ფრთებს შლიან, რომ მათკენ გამოქცეულმა ბარტყებმა თავი შეაფარონ. როგორც კი წვიმა წყდება, ფრთებში ჩამალული ბარტყებიდან ერთ-ერთი თავს ამოყოფს და აქეთ-იქით იყურება; ქვიშაში თავის ჩაფლვის სრულიად საპირისპირო ქცევაა… როგორც კი რწმუნდება, რომ ამინდი მისაღებია, მშრალი და გაღუღუნებული გამოძვრება გარეთ.
შეიძლება დიდი ინტელექტის გამოვლინება არ იყოს, თუმცა გადარჩენის გონივრულ სტრატეგიაზე ნამდვილად მიუთითებს. მე კი იქიდან წამოსული იმაზე ვფიქრობ, ნეტავ ყველანი ასეთი კარგი მშობლები ვიყოთ.
რიჩარდ კონიფს დაწერილი აქვს არაერთი წიგნი ველური ბუნების შესახებ, მათ შორის: „პირანიებთან ერთად ცურვა კვების დროს“. ბიოლოგი კლაუს ნიგე თავისი პროფესიით მუშაობდა, სანამ ველური ბუნების ფოტოგრაფი გახდებოდა.