
არჩევანი: რისი შენარჩუნება ღირს – და როგორ
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არაგანახლებადი რესურსია. მათი გაქრობა, სახეობების გადაშენების მსგავსად, სამუდამოა.
დღეს არქიტექტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობის ძეგლები საგანგაშო სისწრაფით ნადგურდება. მათ საფრთხეს უქმნის ზღვის დონის აწევა (ვენეცია), გარემოს დაბინძურება (ტაჯ-მაჰალი), ტურისტების სიჭარბე (ანგკორ-ვატი), მზარდი განაშენიანება (გიზის პირამიდები), კონფლიქტები (სირიის უძველესი ქალაქი პალმირა)…
და უბედური შემთხვევები.
ამ გამოცემაში გავეცნობით 2019 წელს ხანძარში დამწვარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავისა და შპილის აღსადგენად გაღებულ წარმოუდგენელ ძალისხმევას. აღდგენით სამუშაოებს ფოტოგრაფ ტომას ვან ჰუტრივის, ავტორ რობერტ კუნციგის და მხატვარ ფერნანდო ბაპტისტას ნამუშევრების მეშვეობით დავაკვირდებით.
შევეჯახებით რთულ საკითხებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. კუნციგი წერს: „წარსულის რა ნაწილი იმსახურებს შენარჩუნებას და შთამომავლობისათვის გადაცემას? რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი წინაპრების ქმნილებების წინაშე, რა ძალას და სტაბილურობას გვანიჭებს მათი არსებობა და პირიქით – როდის გვაწვება წარსული ტვირთად, რომელიც წინსვლაში გვიშლის ხელს?
ამ კითხვებს კაცობრიობამ სხვადასხვა ადგილას სხვადასხვაგვარად უპასუხა.
დრეზდენში, გერმანიაში, ფრაუენკირხე XVIII საუკუნის ბაროკოს სტილის ტაძარი იყო, რომლის ზარის ფორმის გუმბათი ქალაქის ღირსშესანიშნაობად ითვლებოდა. II მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეების ერთ-ერთმა ყველაზე დამანგრეველმა დაბომბვამ 25 000 ადამიანი იმსხვერპლა და ქალაქი მიწასთან გაასწორა, მაგრამ გერმანიის გაერთიანების შემდეგ ტაძარი, ძირითადად ორიგინალი ქვების გამოყენებით, მშვიდობის და ჰარმონიის ნიშნად აღადგინეს.
ბერლინის კაიზერ ვილჰელმის სახელობის ტაძარიც დაბომბვას ემსხვერპლა, თუმცა მისი შპილი განგებ დატოვეს დანგრეული, რათა ის ომის საფრთხეების მუდმივ შემახსენებელ მემორიალად დარჩეს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის პირვანდელი სახის აღდგენას მაქსიმალური სიზუსტით ცდილობენ. ამისთვის სახურავზე მომწამვლელ ლითონს – ტყვიასაც კი ისე იყენებენ, როგორც ადრე. ამ გადაწყვეტილებამ ისტორიული შენობების აღდგენის სამომავლო სამუშაოები სადავო გახადა.
ჩვენ, National Geographic-ში არ ვთვლით, რომ ძეგლების შენარჩუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე „სწორ” პასუხებს ვფლობთ; შესაძლოა სწორი პასუხები არც არსებობდეს, თუმცა მომავალშიც ვადევნებთ თვალს კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლის პროცესებს.
გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic-ს.