არეული სეზონები
რას უამბობენ ფრინველები თუ ფუტკრები მეცნიერებს ბუნების საათის ცვლილების შესახებ
და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის


არეული სეზონები
რას უამბობენ ფრინველები თუ ფუტკრები მეცნიერებს ბუნების საათის ცვლილების შესახებ და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის
ვირზაზუნა სახელად „ანკორი“ საოცრად მშვიდი იყო იმის მიუხედავად, რომ უცნობმა მას ლოყიდან ნაცხი აუღო. დასავლეთ-ცენტრალურ კოლორადოში საღამო იდგა, როდესაც 11 თვის მამრი ყვითელმუცელა ვირზაზუნა ლითონის გალია-ხაფანგში შეძვრა.
ახლა უკვე რამდენიმე მეცნიერმა მას დნმ-ის სინჯები აუღო იმის დასადგენად, თუ რამდენად სწრაფად იზრდებოდა ეს ფუმფულა არსება.
1962 წლიდან ამ მაღალმთიან მდელოზე მეცნიერები ვირზაზუნების სოციალურ ცხოვრებას აღწერენ, თუმცა, ბოლო დროს, მკვლევრები იმასაც აკვირდებიან, თუ როგორ ცვლის პლანეტის დათბობა ბუნების გრაფიკს და, შესაძლოა, გავლენას ახდენს ვირზაზუნების ჯანმრთელობაზე.

ყოველ გაზაფხულზე ვირზაზუნები ზამთრის ძილიდან გამოდიან. ისინი წყვილდებიან, შობენ ნაშიერებს და მომდევნო ჰიბერნაციამდე ზაფხულს კვებაში ატარებენ. კონერ ფილსონს, კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორანტს, „ანკორი“ მუქი კევლარის ჩანთაში ისე ჩაესვა, რომ ცხოველს მისთვის თითი არ გაეჭრა უზარმაზარი საჭრელი კბილებით. მას შემდეგ, რაც ფილსონმა პირიდან სინჯი აუღო, მისმა კოლეგამ, კალიფორნიის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტმა, მაკენზი სკურკამ, ვირზაზუნას პაწაწინა თათი შტანგენფარგალით გაუზომა.
ვირზაზუნების ქცევა იცვლება. კლიმატის ცვლილების გამო ისინი ახლა ზამთრის ძილიდან დაახლოებით ერთი თვით ადრე გამოდიან, რაც მათ საკვების უფრო ადრე მოძიებას აიძულებს. და მაინც, მათი უმეტესობა (რაც მკვლევრებმა ასევე „ანკორის“ დახმარებით შეიტყვეს) რეალურად ჯერ ისევ დიდი ზომის და ჯანმრთელი იზრდება. ნაადრევი გამოფხიზლება მათ დამატებით დროს აძლევს საკვებად, რის გამოც ისინი უფრო სუქდებიან და მეტ შთამომავლობას მოავლენენ.
ბუნების ცვალებადი კალენდარი ვირზაზუნებისთვის აქამდე, როგორც ჩანს, სარგებლის მომტანი იყო, თუმცა ეს, ალბათ, გამონაკლისია და არა ნორმა.
ბუნებაში ყველაფერს დრო განსაზღვრავს – მგალობელი ფრინველების საგაზაფხულო გუნდის შესავალ ნოტებსაც და კრევეტების სეზონურ პერკუსიასაც. ყველა მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პროცესი ბუნების საათის მიხედვით იწყება და მთავრდება. ყვავილობა. კვერცხდება. გამრავლება. მიგრაცია. საუკუნეთა განმავლობაში მიმდინარე ევოლუციამ ეს მოდელები დახვეწა. ახლა კლიმატის ცვლილება მათ ხელახალ კალიბრაციას ახდენს.

ეს თითქმის ყველაფრის ცხოვრებას ცვლის. ყველა ოკეანესა და ყველა კონტინენტზე სეზონები იცვლება. ადრეული დათბობა, დაგვიანებული აცივება და ნალექის სიხშირისა თუ სიუხვის ცვლილება როგორც პროგნოზირებადი, ისე მოულოდნელი გზებით ეთამაშება ჩამოყალიბებულ რიტმებს.
ამიტომ მთელი მსოფლიოს მკვლევრები ცდილობენ დოკუმენტურად დააფიქსირონ სასიცოცხლო ციკლის მოვლენათა პერიოდულობა. მეცნიერების ამ დარგს ფენოლოგია ეწოდება. ამ პერიოდული მოვლენების განრიგს კი წიაღისეული საწვავის ემისიები ცვლის.
მეცნიერები ცვლილებებს თითქმის ყველგან აწყდებიან. შეფოთვლისა და ფოთოლცვენის პერიოდი უკვე მკვეთრად შეიცვალა დედამიწის ნახევარზე მეტ ფართობზე. მენის ყურეში კუზა ვეშაპები ადრინდელზე 19 დღით გვიან იკრიბებიან, ხოლო სტავრიდა, ხეკი და ზღვის ქორჭილა უფრო ადრე ქვირითობენ წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში.
უფრო ძნელი შესამჩნევია შედეგების სიმძიმე – მცენარეების, ცხოველებისა თუ ადამიანებისთვის. თუ კლიმატის ცვლილება ერთნაირად იმოქმედებდა ყველა სასიცოცხლო ციკლზე, ეს ახალი კალენდარი დიდ მნიშვნელობას ვერ შეიძენდა. მაგრამ ბუნებაში ასე არ ხდება. „სახეობები ერთნაირად არ რეაგირებენ“, – მითხრა დევიდ ინოიემ, მერილენდის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა და წამყვანმა მკვლევარმა ფენოლოგიის დარგში.

მაშ, რა ხდება, როდესაც დედამიწის ყველა ველურ სისტემაში ერთდროულად ვცვლით ბუნების განრიგს, მოვლენათა გრაფიკს ვცვლით ზოგიერთებისთვის და არა ყველასთვის? შედეგები ინოიეზე უკეთ ცოტას თუ ესმის. „შეისწავლეთ ნებისმიერი სახეობა იზოლირებულად და ნახავთ, იცვლებიან თუ არა ისინი“, – მითხრა მან ივნისის ერთ დილას, როდესაც 3000 მეტრამდე სიმაღლეზე ვიდექით გაიშვიათებულ ჰაერში. მაგრამ იმის გასაგებად, თუ რატომ ხდება ცვლილება და რას ნიშნავს ეს, მეცნიერებმა „ბადე“ უფრო ფართოდ უნდა გაშალონ. „არც ერთი სახეობა არ ცოცხლობს იზოლირებულად“.
ინოიე და მე ამწვანებულ ველზე ვსეირნობდით. მოვინახულეთ თითქმის საუკუნოვანი „კლდოვანი მთების ბიოლოგიური ლაბორატორია“, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი ფენოლოგიური კვლევითი ცენტრი. ეს არ არის ჩვეულებრივი საველე სადგური: სამეცნიერო ლაბორატორიები და საცხოვრებელი ოთახები განთავსებულია ძველ შენობებში, რომლებიც შემორჩა XIX საუკუნის მიტოვებულ სამთო ქალაქ გოთიკისგან.
„ეს გასინჯე“, – მითხრა მან და კაბაჭრელას მწვანე ფოთოლი მომაწოდა. ღერო პირში ჩაიდო და მეც იგივე გავაკეთე. ვიგრძენი მიწის სიტკბო, ისპანახის მსგავსი. ინოიემ ეშმაკური ღიმილით გამაფრთხილა, რომ კალიფორნიულ შროშანს ვერიდო, რის გამოც ცხვრები ციკლოპის მსგავს ბატკნებს შობენ. ახლომახლო დოქტორანტები ბაზებს ითვლიდნენ – გაშლილი ბადეებით იჭერდნენ, ნიშნავდნენ და შემდეგ უშვებდნენ.

ინოიე აქ 50 წელია ბიოლოგიურ ციკლებს აკვირდება. იგი მშვიდი, მოზომილი ტონით ლაპარაკობს – იმ ადამიანის ტონით, რომელმაც მთელი ცხოვრება ყვავილების დათვლას მიუძღვნა. 73 წლის ინოიეს, ერთი შეხედვით შეუძლია რედ-რივერის ხეობის მინდვრის ყვავილების 150 სახეობის დასახელება.
ინოიე 1970-იანი წლების დასაწყისში ჩამოვიდა საველე კურსების გასავლელად, ხოლო 1972 წელს კოლიბრების შესასწავლად დაბრუნდა. შემდეგ აღმოაჩინა, რომ „კოლიბრები ძალიან ადრე იღვიძებენ“. 1973 წელს მან და სხვა ახალგაზრდა მეცნიერებმა გადაწყვიტეს დაკვირვებოდნენ, რომელი მცენარე იყო ხელმისაწვდომი თითოეული დამამტვერიანებლისთვის. ინოიემ კვლევა ყვავილებითა და ბაზებით დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, ბაზები გაღვიძებას არ ჩქარობენ.
ყველა მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პროცესი, გაზაფხულზე მგალობელი ფრინველების სიმღერიდან დაწყებული, კრევეტების სეზონურ პერკუსიამდე, ბუნების საათის მიხედვით იწყება და მთავრდება.
მთელი ზაფხული, ყოველ მეორე დღეს აღრიცხავდა ყვავილობის დროს და აფიქსირებდა ყვავილების სტუმრებს. დროთა განმავლობაში მისი კოლეგები მიმოიფანტნენ, მაგრამ ინოიე და მისი მეუღლე ბონი აქ ყოველ ზაფხულს ბრუნდებოდნენ. „ყოველთვის ველოდებოდით, თუ რას მოიტანდა ახალი სეზონი“, – მითხრა მან. იგი აქ ათწლეულების განმავლობაში ბრუნდებოდა და თან ორ ვაჟს ზრდიდა.
თავდაპირველად კლიმატის ცვლილებას არავითარი ადგილი არ ეკავა მის ფიქრებში. დროთა განმავლობაში, წინასწარგანზრახვის გარეშე, ინოიემ კოლეგებთან ერთად შეადგინა დედამიწაზე სუბალპურ ზონათა ცვლილებების ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და უწყვეტი დეტალური ანგარიშები – იმდენად მნიშვნელოვანი მონაცემები, რომ ის ერთგვარ ფუნდამენტურ ტექსტად იქცა.
ძალიან ცოტაა ისეთი მეცნიერი, ვისაც ინოიესა და მის კოლეგებზე უკეთ ესმის, თუ როგორ ცვლის პლანეტის დათბობა ბუნებრივ ციკლებს. 2000 წელს, სანამ ჩრდილოეთ ამერიკაში რამე მსგავსი გაკეთდებოდა, ჯგუფმა, რომელშიც მისი ეკოლოგი ვაჟი ბრაიანიც შედიოდა, აჩვენა, რომ გადამფრენი მომთაბარე შაშვები 14 დღით ადრე მოფრინავდნენ. 2013 წლისთვის, 39 წლის განმავლობაში 2 მილიონი ყვავილის აღწერის შემდეგ, ინოიემ და სხვებმა აჩვენეს, რომ ყვავილობა შეიძლება დაიწყოს ოთხი კვირით ადრეც, მაშინაც კი, როდესაც მთელ ლანდშაფტში ყვავილობას, პირველიდან ბოლო კვირტამდე, შეიძლება 36 დღით მეტი დასჭირდეს.

ერთი პატარა ადგილის ახლო ხედმა მათ აჩვენა, როგორ გასაოცრად ამძაფრებს ზოგჯერ კლიმატის ცვლილება სახეობებს შორის ურთიერთობას. 1970-იან წლებში ამ თავდახრილი ყვითელი შროშანის პირველი ყვავილობა ემთხვეოდა ხოლმე ცენტრალური ამერიკიდან ფართოკუდა კოლიბრების ჩამოფრენას, რომლებიც შროშანის ნექტარზე არიან დამოკიდებულნი. თუმცა, გოთიკში ჩემი გამოჩენის დროისთვის ეს ყვავილობა ხშირად 17 დღით ადრე იწყებოდა, როდესაც კოლიბრები, ძირითადად, 12 დღით ადრე ჩამოდიოდნენ. „თუ ტენდენცია გაგრძელდება, გარკვეულ მომენტში ყვავილობა შესაძლოა ფრინველების ჩამოფრენამდე დასრულდეს“, – მითხრა ინოიემ.
კოლორადოში აღმოჩენები მოვლენათა პერიოდულობის მიმართ მზარდი საყოველთაო ინტერესის ფონზე კეთდება – როდესაც მკვლევრები ბუნებრივი რიტმების ცვლილებით გამოწვეული პრობლემების აღრიცხვას იწყებენ. მაგალითად, 2015-დან 2016 წლამდე მილიონამდე ჩვეულებრივი კაირა, ზღვის დიდი ზომის ფრინველი, რომელსაც ზოგჯერ მფრინავ პინგვინად მოიხსენიებენ, შიმშილით დაიღუპა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე. მათი გამოფიტული ლეში ნაპირზე ირიყებოდა. ოკეანის ძლიერმა სითბურმა ტალღამ, რომელიც, სავარაუდოდ, კლიმატის ცვლილებით იყო განპირობებული, შეცვალა მათი კვების ციკლი. ალასკაში ხარვერძები სულ უფრო და უფრო მცირე ზომის იბადებიან, რადგან დამდნარი თოვლი ხელახლა იყინება და ყინულით ფარავს მაკე ცხოველის საკვებ მცენარეულობას (მანამდე ზამთარი ისეთი ცივი და მშრალი იყო, რომ ცხოველებს შეეძლოთ თოვლი მოეჩიჩქნათ ბალახის მოსაძებნად). იმის გამო, რომ ზღვის ყინული ადრე დნება, თეთრი დათვები უფრო მეტ დროს ატარებენ ხმელეთზე. გრიზლები უფრო შორს მიიწევენ ჩრდილოეთისკენ. წარსულში ეს ორი სახეობა იშვიათად თუ წყვილდებოდა, მაგრამ დღეს ჯერ კიდევ იშვიათი ჰიბრიდი დათვები სავარაუდოდ უფრო მეტად გავრცელდებიან.
რისკები ჩვენთვისაც არსებობს. მწერებით დამმტვერავ კულტურათა (მაგალითად, კაკაო, საზამთრო, კვლიავი და ქინძი) გლობალური ბაზრის ღირებულება 577 მილიარდ დოლარს უტოლდება წელიწადში. ბუნების საათის ცვლილებამ სოფლის მეურნეობაზე სხვადასხვა ფარული გზით შეიძლება მოახდინოს გავლენა. ყველა პრობლემა დარგვის ან მოსავლის აღების სეზონის ცვლილებით ვერ მოგვარდება.
ჯერ კიდევ ბევრი რამ არის, რაც არ ვიცით: შეიძლება თუ არა მხოლოდ ციკლების ცვლილებამ მნიშვნელოვანი გადაშენება გამოიწვიოს? როგორი ადაპტაციის უნარი აქვს ბუნებას? რატომ არის ასე ძნელი განვჭვრიტოთ, თუ რა მოხდება შემდეგ?
მრავალი განსხვავებული ცვლილების ერთმანეთისგან გარჩევას წარმოუდგენელი შრომა სჭირდება. იმის დაფიქსირება, თუ რა ახდენს გავლენას ერთი ეკოსისტემის თითოეული ორგანიზმის სასიცოცხლო გრაფიკზე, ირგვლივ მყოფი ცოცხალი ორგანიზმების უამრავ კვლევას მოითხოვს. წლების განმავლობაში ინოიემ თავისი ცოდნა ასობით მეცნიერს გაუზიარა. რედ-რივერის ხეობაში გატარებული ერთი კვირის განმავლობაში მე გავხდი მოწმე მათი კვლევების ურთიერთგადაკვეთისა, რაც ხაზს უსვამდა მომავლის წინასწარმეტყველების სირთულეს.

გოთიკის მთის გრანიტის ქვეშ ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგმა რებეკა ირვინმა აღწერა პარაზიტი გუგული-ფუტკარი. გაზაფხულის ადრე დადგომისას, როგორც ჩანს, დედა ბაზები სუსტები იზრდებიან და გუგულ-ფუტკრებს უფრო იოლად შეუძლიათ მათი სასიკვდილოდ დანესტვრა და მუშა ბაზების უზურპაცია. „იმ წლებში, როდესაც თოვლი უფრო ადრე დნება, დედა ბაზები უფრო მეტი სტრესის ქვეშ არიან, მეტი საკვები სჭირდებათ და უფრო ხშირად უწევთ საკვების მოძიება“, – მითხრა ირვინმა. თუმცა გოთიკში 13 წლის მუშაობის შემდეგ, იგი ვერ ხედავს ხანგრძლივად გადარჩენის აშკარა ტენდენციას რეგიონში ფუტკრის 200 სახეობაში.
ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ, თუ რატომ იქცევიან ცხოველები ისე, როგორც იქცევიან. მეორე დღეს მერი კასუელ სტოდარდმა, პრინსტონის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, კოლორადოს ისტ-რივერის მაღლა მდებარე მდელოებზე წამიყვანა. რამდენიმე წლით ადრე მან აღმოაჩინა, რომ ფართოკუდა კოლიბრები არჩევენ ფერების ბევრად უფრო ფართო დიაპაზონს, ვიდრე ადამიანები, რაც, სავარაუდოდ, გავლენას ახდენს მათ მიერ მასპინძელი ყვავილების ამორჩევაზე. მან მაჩვენა ფოტოხაფანგები, რომლებითაც აკვირდებოდა კოლიბრების „სენსორული აღქმისა“ და ქცევის ცვლილებას ყვავილობის პერიოდის ცვლილების შედეგად, რაც, თავის მხრივ, კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული.

ინოიეს ერთი გამორჩეული თანამშრომელი ჰყავს: ბილი ბარი. ეს კოლორადოელი ლეგენდა წარმოდგენილი იყო ტელევიზიაში, პრესაში, წიგნებსა და ფილმებში. მან გოთიკი რატგერსის უნივერსიტეტის სტუდენტობისას მოინახულა, ხოლო 1973 წელს სამუდამოდ დაბრუნდა და ქოხში დასახლდა, ელექტროენერგიის და წყალგაყვანილობის გარეშე. ზაფხულობით იქ მეცნიერები ჩადიოდნენ ხოლმე, მათ შორის ინოიეც, მაგრამ გაზაფხულზე, შემოდგომასა და მკაცრ ქარიან ზამთარში იგი მარტო ცხოვრობდა ელკის მთებში.
ბარი ზომავდა ტემპერატურას, თოვლის რაოდენობას და სიღრმეს. ყოველ წელს ისმენდა ფრინველების პირველ გალობას და აფიქსირებდა ვირზაზუნასთან პირველ შეხვედრას. ამ ყველაფერს რვეულებში იწერდა. „მე უბრალოდ იქ ვიყავი და იმას ვიწერდი, რასაც ვხედავდი“, – მითხრა მან.
მონაცემთა მოუსვენარ ფანატიკოსს, ბარს, უყვარდა წლიდან წლამდე დაკვირვებათა შედეგების შედარება. მიუხედავად იმისა, რომ ბარი და ინოიე ერთმანეთს იცნობდნენ, ბარის ჩანაწერების შესახებ დეტალურად მათ მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოს ისაუბრეს.
რვეულებში ჩანაწერებმა ინოიე გააოცა. დეტალურად იყო დაფიქსირებული თოვლიანი სეზონების შემცირება. პირველად სწორედ ბარმა შენიშნა მომთაბარე შაშვების ნაადრევი მოფრენა. მის მიერ მიწოდებული მონაცემები სხვებს დაეხმარა ვირზაზუნას გამოღვიძება ნაადრევად დამდგარ გაზაფხულთან დაეკავშირებინათ.

„მე დავიწყე მისი მონაცემების დამუშავება: გაზაფხულზე სახეობათა პირველი გამოჩენის მონაცემები შევადარე თოვლის დნობისა და თოვლის საფარის მონაცემებს“, – მითხრა ინოიემ. კავშირი ცხადი იყო. თოვლის დნობა ალპურ სისტემებში იყო მთავარი ფაქტორი, რამაც დროის განრიგის ცვლილებათა ზვავი გამოიწვია. ეს იყო შემთხვევით აღმოჩენილი კავშირი – იმიტომ, რომ მოწყენილი ბარი დეტალებს ქექავდა და ისე მოხდა, რომ იქ ცხოვრობდა, სადაც ინოიე მუშაობდა.
ინოიეს უახლესმა თანამშრომლობამ შესაძლოა კიდევ უფრო შეცვალოს ფენოლოგიის სფერო. ვაჟ ბრაიანთან, რძალ ნორა ანდერვუდთან (ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგები) და მათ ერთ-ერთ სტუდენტთან ერთად, გუნდმა გოთიკის ათწლეულების მონაცემების სინთეზირება მოახდინა. მათ ჰქონდათ 10 812 დროითი მოვლენის, 30 მცენარის, 13 ტიპის მწერის, 16 სახეობის ფრინველის, ორი ძუძუმწოვრისა და ერთი ამფიბიის შესახებ 45 წლის მანძილზე ხელით შეგროვებული მონაცემები.
შედეგები უნიკალური, წინააღმდეგობრივი და მოულოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფრინველების უმეტესობა ადრე მოფრინავს თოვლის ადრე დნობის გამო, წითელფრთიანი შავი შაშვი და სტელერის შავთავა ცისფერი ჩხიკვი მოგვიანებით გამოჩნდება. წინა წლის ნოტიო ზაფხულმა შეიძლება ზოგიერთი მესაფლავე ხოჭოს საგაზაფხულო აქტივობა შეაფერხოს და, პირიქით, ზოგიერთი პეპლის აქტივობა დააჩქაროს. შემოდგომის თბილი ტემპერატურა ანელებს გაზაფხულზე ჩრდილოამერიკული ამბისტომების კვერცხდებას, თუმცა საგაზაფხულო აქტივობაზე შესაძლოა წინა შემოდგომის წვიმამ და თოვლმა იქონიოს გავლენა.
ეს მღელვარე, არეული სამყაროა, სადაც სახეობები ერთმანეთს ახლებურად ეჯახებიან. გაცილებით მეტი ძალა ახდენს გავლენას მოვლენათა განრიგზე, ვიდრე ამას ინოიე წარმოიდგენდა.

ჩვენ ყველანი გიგანტური ექსპერიმენტის ნაწილი ვართ, სადაც ყველაფერი ნაცნობი მოძრაობაშია. უარყოფითი შედეგების პოტენციალი გაზრდილია, თუმცა სამყაროს ჩვენი გაოცებაც შეუძლია.
სანამ ფრინველებს საკვებად მწერები და ნექტარი აქვთ, მათ შეიძლება სულ არ აინტერესებთ შვედური სუფრის ცვლილება. ზოგი დამამტვერიანებელი შეიძლება მარტივად სხვა მცენარეებზე გადაერთოს, სხვები კი – არა. მეორე მხრივ, მწერების რიცხოვნობა მკვეთრად იკლებს. მიუხედავად იმისა, რომ ვირზაზუნები ძირითადად სარგებელს ნახულობენ – სუქდებიან, რადგან მეტი საკვები აქვთ უფრო ხანგრძლივი, თბილი ზაფხულის განმავლობაში, მცირე თოვლი ზამთარში ვეღარ დაიცავს მათ სოროებს გაყინვისგან. ზოგიერთი ინდივიდი ჰიბერნაციის პერიოდში გაიყინა კიდეც.
როგორ ახდენს მოვლენათა გრაფიკის შეუსაბამობა სისტემების რეორგანიზაციას, გაურკვეველია, გოთიკშიც კი, სადაც მეცნიერები უკვე თითქმის 6 მილიონ ყვავილს დააკვირდნენ. დედამიწის ეკოსისტემების უმეტესობაში ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ საკმარისი დაკვირვება იმისათვის, რომ რამე შევამჩნიოთ.
როგორც ნორა ანდერვუდმა მითხრა, „ახლა ყველას სურს, რომ რაღაცების აღრიცხვა 50 წლის წინ დაეწყოთ“.

National Geographic Society, რომლის მიზანია ჩვენი პლანეტის საოცრებათა გაშუქება და დაცვა, ელიოტ როსის ფოტოგრაფიას კლიმატის შესახებ 2019 წლიდან აფინანსებს.
ილუსტრაცია: ჯო მაკკენდრი
კრეგ უელჩი ტყეების მომავლის შესახებ წერდა ჟურნალის 2022 წლის მაისის ნომერში. ელიოტ როსმა ფოტოები გადაიღო 2021 წლის ივლისის სტატიისთვის დამთბარ სამყაროში ჩრდილის მნიშვნელობის შესახებ.