
არგონავტების მესამე დაბრუნება
ოქრომრავალი კოლხეთი დღეს
2014 წლის ზაფხულში კაპიტანი ტიმ სევერინი საქართველოში მეორედ ჩამოვიდა. ეს იყო სტუმრობა 30 წლის შემდეგ, იმ დღიდან, როცა თანამედროვე არგონავტებმა სევერინის მეთაურობით კოლხეთის მიწაზე იმოგზაურეს. საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სევერინი, ძველი ექსპედიციის შემდეგ, ხელახლა მიიწვია. მრავალი წლის შემდეგ, პირველად მომეცა საშუალება, შევხვედროდი ჩემი ეკიპაჟის წევრებს. მე მათი კაპიტანი ვიყავი 30 წლის წინ, მათი ისტორიის ნაწილი ვარ”, – სიამოვნებით აღნიშნავს მოგზაური.
74 წლის სევერინი 8 სამოგზაურო ექსპერიმენტის ავტორია. 1976 წელს, თავისი პირველი ექსპედიციისას, შეეცადა გადაემოწმებინა – მართლა შეძლო თუ არა, მე-9 საუკუნეში ირლანდიელმა ბერმა ბრენდანმა ტყავით შეკრული ნავით ატლანტის ოკეანის გადაცურვა; ანუ ამერიკაში კოლუმბამდე ბევრად ადრე ჩასვლა. ამ ხიფათით აღსავსე მოგზაურობის ამსახველი წიგნი ბესტსელერად იქცა, ხოლო ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. 1979 წელს ტიმ სევერინმა შუა საუკუნეების მეზღვაურის, სინდბადის ათას ერთ ღამეში” აღწერილი მოგზაურობები გაიმეორა, ხოლო 1984 წელს – არგონავტების მარშრუტი.
როგორც ტიმ სევერინი ამბობს, „თითოეული მოგზაურობის შემთხვევაში იცვლებოდა მთავარი აქცენტი, და არა საერთო ხაზი, რაც იყო იდეების კვლევის სურვილი და ინტერესი: არის თუ არა ამ იდეებში რეალობა. ულისე, იასონი, ბრენდანი… – ყველას ეს ძაფი კრავს”. კითხვაზე – თუ რატომ იღებს პერსონალურ გამოწვევად ისტორიაში გაბნეული მითების ახსნა-დადასტურებას, ტიმ სევერინი ასე პასუხობს: „ამ ყველაფრის საფუძველი ცნობისმოყვარეობაა. როცა ვმოგზაურობ, ამით საკუთარ გულისთქმას მივყვები და ამ პროცესში მსიამოვნებს სწავლა, შემეცნება”. ეს სევერინის თავგადასავლების პირადი საფუძველია. თუმცა არსებობს უფრო ფართო კონტექსტი და ამ კონტექსტში ტიმ სევერინის ექსპერიმენტების მნიშვნელობაც იზრდება. მეტიც, მის ექსპედიციებს, რომანტიკული მეტსახელის, „დროში მოგზაურობების” გარდა, მეცნიერების განვითარების ფუნქციაც ენიჭება.
დიდია ტიმ სევერინის დამსახურება არგონავტების მოგზაურობის შემთხვევაშიც. მისი აზრით, ძველ სამყაროში გავრცელებული არგონავტების თქმულება და იასონის ამბავი (ოქროს საწმისის დასაუფლებლად კოლხეთში ხომალდით გამგზავრება), პრაქტიკული სანაოსნო თვალსაზრისით, რეალისტურია. მისმა მოგზაურობამ დაადასტურა, რომ წერილობით წყაროებში აღწერილი მარშრუტის გავლა, რომლითაც არგონავტებმა კოლხეთს მიაღწიეს, მართლაც შესაძლებელია.
„…ბოლოს და ბოლოს ყველაფერი თავის ადგილას დადგა. მწამს, რომ საქართველოში ნამდვილად განვითარდა იასონის ამბავი… ოქროს საწმისი ნამდვილად იყო… ლეგენდის ყოველი ელემენტი შეესაბამებოდა არქეოლოგიურ აღმოჩენებს. იმან, რაც წარმოუდგენლად მიგვაჩნდა მოგზაურობის დასაწყისში, ახსნა საქართველოში ჰპოვა…” – წერს ტიმ სევერინი თავის წიგნში „იასონის მოგზაურობა” (1985 წ.).
საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ტიმ სევერინი, ძველი ექსპედიციის შემდეგ, ხელახლა მიიწვია.
დაახლოებით, 20 წლით ადრე, 1969 წელს კი არქეოლოგიური კვლევით დადასტურდა ის, რასაც უძველესი წერილობითი წყაროები მოგვითხრობენ; მაშინ, როცა მდინარე სულორის პირას, კოლხეთის დაბლობზე შეფენილ ვანის თანამედროვე დასახლებაში ანტიკური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქის სამარხები გაითხარა. მხოლოდ იმ წელიწადს მდიდრულ სამარხებში 1500-მდე ოქროს ნივთი აღმოაჩინეს: ცვარათი შემკული საყურეები და სასაფეთქლეები, ცხოველების სკულპტურული გამოსახულებებით დამშვენებული სამაჯურები, ჭედური ფიგურებით მორთული დიადემები და ყელსაბამები. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი „ნივთმტკიცება” იმის შესახებ, რომ ძვ. წ. მე-5 საუკუნიდან ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა უამრავ წყაროში აღწერილი, ანტიკურ საბერძნეთთან აქტიური სავაჭრო-კულტურული ურთიერთობების მქონე კოლხური ქალაქი, სადაც ძვირფასი ლითონის ნივთები უნიკალური ტექნოლოგიით მზადდებოდა.
1969 წლის საეტაპო გათხრებიდან 15 წლის თავზე – 1984 წელს, სწორედ ეს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა გადაკვეთა და შეავსო მდინარე რიონში ხელახლა შეცურებულმა ტიმ სევერინის „არგომ”. შემდგომ წლებში კოლხეთმა კიდევ უფრო გაითქვა სახელი. უკვე 2000-იანებში კი ვანის საგანძური იწყებს თავის ტრიუმფალურ მოგზაურობას მსოფლიოს საგამოფენო სივრცეებში. მათ შორის: 2007 წელს ბერლინში, მუზეუმების კუნძულზე, ალტეს მუზეუმის ანტიკური კოლექციების დარბაზში გამართული გამოფენა; 2008 წელს გამოფენა დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის ფიცვილიამის მუზეუმში. 2011 წელს რომში, ტრაიანეს ბაზრებში მოეწყო ქართული ანტიკური ოქროს ნივთების გამოფენა. ნიმუშებს შორის იყო სწორედ ვანის სამარხებში ნაპოვნი უნიკალური ნივთები. გამოფენები აერთიანებდა როგორც 60-იან, ისე 2000-იან წლებში აღმოჩენილ ექსპონატებს. მათი ნაწილი ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში დაბრუნებულმა ტიმ სევერინმაც პირველად ნახა. „ეს ნამდვილად არ გაქვთ ნანახი… აი, ესეც 1984 წლის შემდგომი პერიოდისაა”, – ასე წარუდგენდა ეროვნული მუზეუმის დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე ტიმ სევერინს განძს, რომელიც 2004 წელს ვანში გათხრილი ორი სამარხიდანაა. ესაა 1300-ზე მეტი ოქროს ნივთი, რომელიც ასევე ექსკლუზიურად კოლხურია. განსაკუთრებული პატივით წარუდგინეს ტიმ სევერინს ვერცხლის სარტყელი, რადგან ძვირფასი ლითონით დამზადებული სარტყელი იშვიათად გვხვდება არა მარტო კოლხურ, არამედ მთელ მის თანადროულ სამყაროში. სწორედ ახლა მიმდინარეობს ამ საოცარი ნივთის მეცნიერული შესწავლა.
ანტიკურ კოლხეთში კვლავ ბევრია გამოსაკვლევი და ამ პროცესს კი უდიდეს ბიძგს ტიმ სევერინის მსგავსი ადამიანები აძლევენ.