
არშაკუნის სასახლე
არშაკუნის უჩვეულო ოცნება ჰქონდა – აეგო ზღაპრული სასახლე, რომელიც აღტაცებაში მოიყვანდა მნახველებს
1850-იანი წლების ბოლოს მდიდარი სომეხი ვაჭრის, არშაკუნის ჩანაფიქრით ძველ ტფილისში, მაშინდელი კომენდანტის ქუჩაზე, გრანდიოზული სასახლის მშენებლობა დაიწყო.
არშაკუნის უჩვეულო ოცნება ჰქონდა – წლების მანძილზე დაგროვილი ქონებით ამიერკავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესო, ზღაპრული სასახლე აეგო, რომელიც განსაკუთრებული სილამაზითა და გრანდიოზულობით აღტაცებაში მოიყვანდა მნახველებს. პროექტის ავტორი ცნობილი რუსი არქიტექტორი გრიგორი ივანოვი იყო.
მშენებლობა რამდენიმე წელს გაგრძელდა. დიდი ხარჯის ფასად მოეწყო ბროლისა და სარკეებიანი დარბაზები, რომელთა მოსართავად ირანიდან საგანგებოდ მოიწვიეს ოსტატები. სასახლის კედლები თანდათან დამშვენდა აღმოსავლური დეკორით: ყვავილოვანი ორნამენტით, სპარსულწარწერებიანი მედალიონებით, სტალაქტიტური ფრიზებითა და ყაჯარული სტილის ვიტრაჟიანი სარკმლებით. ინტერიერის მოსაწყობად შეიძინეს ძვირფასი ავეჯი, მდიდრული ხალიჩები, ბროლის ჭაღები, დეკორატიული ბიუსტები. დიდვაჭრის სურვილით მშენებლობის დასრულება გრანდიოზული მეჯლისით უნდა დაგვირგვინებულიყო. ეს მას არ დასცალდა; მეჯლისამდე ორი კვირით ადრე იგი გარდაიცვალა. გაურკვეველი დარჩა სასახლის ბედი და, შესაბამისად, ფუნქციაც, რადგან არშაკუნის მემკვიდრე არ ჰყავდა.
მოგვიანებით სასახლემ რამდენჯერმე გამოიცვალა მფლობელი და იერსახე. ერთხანს აქ საარტისტო წრე „კრუჟოკი“ იყო განთავსებული. საბოლოოდ, 1922 წლიდან, აქ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ დაიდო ბინა.