ინგლისურში არის გამოთქმა – to take something for granted, რომელიც იდეურად, ალბათ, ასე ითარგმნება: ეს ასეც უნდა იყოს!
უბრალოდ, თარგმანში, ინგლისურის ან თუნდაც რუსულისგან განსხვავებით (принимать как должное), არ ჩანს უმადურობა ადამიანისა, რომელიც კეთილდღეობას დამსახურებულ ჯილდოდ აღიქვამს. ამაზე დავფიქრდი, როდესაც რობერტ დრეიპერის ძალიან საინტერესო სტატიას (“კინშასა: კონგოს ურბანული პულსი”) ვუკეთებდი რედაქტირებას. განსაკუთრებული ყურადღება კი 108-ე გვერდზე პასკალ მაიტრუს გროტესკულმა ფოტომ მიიპყრო. 90-იანი ბნელი წლების თბილისი დამიდგა თვალწინ: “ავანგარდული მოდის ასამბლეის” მიერ გამართული მოდის ჩვენება.
“სიმდიდრე ყველა ჩვენგანთან თავის განსაზღვრულ დროს მოდის”,
– ამბობს “მიამორი”.
სინათლე არ იყო, პოლიცია “პლანს” გვიყრიდა ჯიბეში, ნაგავს მიჰქონდა ქალაქი, ვყიდდით ყველაფერს, რომ საეჭვო წარმოშობის საკვები გვეყიდა; ავტომატიანების თანხლებით ვდგებოდით ღამით ძლივს გამომცხვარი პურის რიგში… ვფიქრობდი – ნეტავ რა დროს მოდაამეთქი.
წლები გავიდა. სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა და ჩვენც დღევანდელი ყოფა მივიღეთ განცდით: ეს ასეც უნდა ყოფილიყო! არადა, რამდენი ჩვენგანი დაიკვეხნის ყოფის გამოსწორებაში რეალური მონაწილეობით? ცხადია, პირველ რიგში მოქალაქეობრივი პრინციპებით ცხოვრებას ვგულისხმობ და არა პოლიტიკოსობას, რადგან ამ პრინციპების მქონე ადამიანთა ჯგუფია ის ლოკომოტივი, რომელიც ნებისმიერი საზოგადოებისთვის კეთილდღეობის ბაზას ქმნის, დანარჩენები კი ამ მონაპოვარს ვიღებთ “for granted”.
უკვე 50 წელზე მეტია კონგოს დედაქალაქ კინშასაში 90იანი წლების თბილისია თავისი უშუქობითა და კორუმპირებული პოლიციით. ხალხი იქ მაინც აწყობს გამოფენებს, ხატავს, ერთობა ღამის კლუბებში. თითქოს რა “ეგართობებათ”? მაგრამ ადამიანი ხომ ყველგან ადამიანია. ოდესმე კონგოც ამოისუნთქავს და აღარასოდეს დაუბრუნდება ძველ ყოფას, თუკი საზოგადოება გაიცნობიერებს, რომ ამოსუნთქვა მონაპოვარია და ის არ უნდა მიიღონ “for granted”.
გვგონია, რომ არასოდეს დაბრუნდება 90-იანები. ასე ეგონათ ლიბანშიც, სანამ კეთილდღეობის სიმბოლო ბეირუთი რამდენიმე წლის წინ კვლავ ტყვიების ზუზუნში არ გაეხვია. ჩემმა ლიბანელმა მეგობარმა გულდაწყვეტილმა ამიხსნა: “We took prosperity for granted” (“ჩვენ კეთილდღეობა დამსახურებული ჯილდო გვეგონა”)…