არაბი სწავლულების თანახმად, თურქმენეთის სამხრეთ-დასავლეთში, უძველეს ქალაქ მერვში, მდებარეობს მუჰამედის ასჰაბების (მიმდევრების) – აბუ აბდალაჰ ბურეიდა იბნ ალ-ხუსაიბ ალ-ასლამისა და ალ-ჰაქიმ იბნ ამრ ალ-ღიფარის VII საუკუნის საფლავები, რომელთა სახელები ისლამის დამკვიდრებასა და გავრცელებას უკავშირდება. ეს საფლავები ხშირად ასჰაბი ძმების საფლავებად მოიხსენიება.
ისლამის მიღებამდე ბურეიდა სხვებთან ერთად ჯილდოს სანაცვლოდ მუჰამედის კურაიშებისთვის გადაცემას გეგმავდა, მისი გაცნობისა და მასთან დაახლოების შემდეგ კი იგი მუჰამედის თანამოაზრე და მედროშე გახდა.
ჰიჯრის დროს ბურეიდა მუჰამედის მხარდამხარ იბრძოდა მუსლიმთა მტრების წინააღმდეგ. მუჰამედის დავალებით იგი ზაქათის შეგროვებასა და ჰადისის გავრცელებას ედგა სათავეში. ბურეიდა გარდაიცვალა მერვში, მუავია იბნ აბუ სუფიანის, ომაიანების დინასტიის დამაარსებლის და არაბთა სახალიფოს პირველი ხალიფის მეფობის დროს.
ალ-ჰაქიმ იბნ ამრ ალ-ღიფარი ასევე მუჰამედის მიმდევარი და ისლამის გამავრცელებელი იყო.
X-XI საუკუნეებში წმინდანთა საფლავები გუმბათოვან მავზოლეუმებში მოაქციეს. XV საუკუნეში, თემურიანების მმართველობის დროს, არსებულ ნაგებობებს ლურჯი და ფირუზისფერი ფილებით გაფორმებული ორი ეივანი და აგურის წყალსაცავი ნაგებობა – ე.წ. სარდობა დაემატა. ამავე პერიოდში სამარხებზე დაიდგა თემურიანების ეპოქისთვის დამახასიათებელი, ქვაზე ჭრის ხელოვნების საუკეთესო ტრადიციებით შესრულებული ყვავილოვანი ჩუქურთმებითა და ეპიგრაფიკით დამშვენებული მარმარილოს ქვებიც. XX საუკუნის 90-იან წლებში ანსამბლს ხელახალი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. საფლავებს ყოველწლიურად უამრავი მუსლიმი სტუმრობს, რომლებიც პატივს მიაგებენ წინასწარმეტყველის მიმდევრების წმინდა საფლავებს.