აუტიზმის ადრეული ნიშნების ამოცნობა
მკვლევრები ამბობენ, რომ ჩვილ ბავშვებს, რომლებსაც აუტიზმი უვითარდებათ,
თავის ტვინი უფრო სწრაფად ეზრდებათ


აუტიზმის ადრეული ნიშნების ამოცნობა
მკვლევრები ამბობენ, რომ ჩვილ ბავშვებს, რომლებსაც აუტიზმი უვითარდებათ, თავის ტვინი უფრო სწრაფად ეზრდებათ
აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლებისათვის დიაგნოზის გაგება, ხშირ შემთხვევაში, შოკისმომგვრელია: როგორ აღმოაჩნდა უკურნებელი დარღვევა ბავშვს, რომელიც სრულიად ჯანმრთელს ჰგავდა? ამის ახსნას მეცნიერები 1940-იანი წლებიდან ცდილობენ. წარმოშობა კვლავ უცნობია, თუმცა მეცნიერები უკეთ ერკვევიან იმაში, თუ რა ხდება ამ ბავშვების თავის ტვინში.
კვლევები მიუთითებს, რომ აუტიზმის ნიშნების დადგენა შესაძლებელია სამი თვის ასაკში – იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე დარღვევა იჩენს თავს. ადრეული დადგენა აუტიზმთან დაკავშირებული დარღვევების აღმკვეთი ან შემარბილებელი ინტერვენციის საშუალებას მოგვცემდა.
„ირკვევა, რომ აუტიზმი თავისებურებაა და ბავშვის ადრეულ გამოცდილებაზეა დამოკიდებული, იქცევა თუ არა ეს თავისებურება უნარშეზღუდულობად“, – ამბობს ემორის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი ამი კლინი. მისივე თქმით, ეს იმის დაშვების საფუძველს იძლევა, რომ აუტიზმის მწვავე გამოვლინების თავიდან აცილება შეიძლება.
აუტიზმი შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გენმა – როგორც მემკვიდრეობით მიღებულმა, ისე მუტაციაგანცდილმა; ასევე, სხვა ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა, მაგალითად, მშობლის ხანდაზმულობა. ერთი ყალბი, პროვოკაციული კვლევა აუტიზმის გამომწვევად ბავშვებში წითელას, წითურასა და ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაციას ასახელებდა. 1990-იანი წლების ბოლოდან აუტიზმი სულ უფრო ფართოდ გავრცელდა. მკვლევრები ამას ნაწილობრივ დიაგნოსტიკის დახვეწით ხსნიან, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ შემთხვევათა სიხშირე მართლაც იზრდება ბიოლოგიური თუ გარემო ფაქტორების გავლენით.
მეცნიერთათვის აუტიზმის კონკრეტული წარმოშობა უცნობია, თუმცა მისი განვითარების შესახებ სულ უფრო უკეთესი წარმოდგენა ექმნებათ.
ჩაპელ-ჰილის ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ფსიქიატრმა ჯოზეფ პივენმა და მისმა კოლეგებმა 106 ახალშობილი შეისწავლეს, რომელთაც აუტიზმის მქონე უფროსი და ან ძმა ჰყავთ და, შესაბამისად, მათთან ამ დარღვევის განვითარების დიდი ალბათობა იყო. ჩვილ ბავშვებს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას უკეთებდნენ ექვსი, თორმეტი და ოცდაოთხი თვის ასაკში. იმ ბავშვების თავის ტვინი, რომელთაც მოგვიანებით აუტიზმის დიაგნოზი დაუდგინათ, სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდებოდა – ექვსიდან თორმეტ თვემდე იზრდებოდა ზედაპირის ფართობი და, შემდეგ, ორ წლამდე იზრდებოდა მოცულობა.
უკანასკნელ კვლევაზე დაყრდნობით, ივარაუდება, რომ შესაძლებელი იქნება აუტიზმის რისკის მქონე ბავშვების სოციალური უნარების გაუმჯობესება.
6 და 12 თვის ასაკში გადაღებული ტომოგრამების ერთმანეთთან შედარების შედეგად მკვლევრებს ზუსტად შეეძლოთ აუტიზმის პროგნოზირება 10-დან 8 შემთხვევაში. ტომოგრაფია პედიატრებს საშუალებას მისცემს, სიმპტომების გამოვლენამდე ამოიცნონ აუტიზმი. მისთვის დამახასიათებელი ნიშნები – მეტყველების შეფერხება, სოციალური ინტერაქციის სირთულეები და განმეორებადი ქცევა – როგორც წესი, ორი წლის ასაკისთვის იჩენს ხოლმე თავს და დიაგნოზიც ამ დროს ისმება. „ჩვენ შეგვიძლია ნიშნები საწყის ეტაპზე ამოვიცნოთ“, – ამბობს პივენი.
აუტიზმის მქონე ბავშვებს სხვადასხვა მკურნალობა უტარდებათ სოციალიზაციასა და კომუნიკაციაში დასახმარებლად და დარღვევათა სიმწვავის შესამცირებლად. პივენი და მისი კოლეგები ამბობენ, რომ დარღვევის ადრეული აღმოჩენა ხელს შეუწყობს შესაძლო პრევენციული ზომების მიღებას, თავის ტვინის განვითარების ტრაექტორიის შეცვლით.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ნეირომეცნიერის, ჩარლზ ნელსონის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის დასკვნა, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა, ასახავდა, რამდენად რეალურია აუტიზმის რისკის დადგენა სამი თვის ბავშვებში ელექტროენცეფალოგრამების ანალიზის საშუალებით. მკვლევრები სწავლობდნენ ბავშვებს სამი თვიდან სამ წლამდე. მკვეთრად გამორჩეული იყო იმ ბავშვთა თავის ტვინის აქტივობა, რომლებსაც მოგვიანებით აუტიზმის დიაგნოზი დაუდგინდათ.
ის, რაზეც ეს კვლევა მეტყველებს, აუტიზმის წინმსწრები, ტვინის ატიპური განვითარების შესახებ, როგორც ჩანს, თანხვედრაშია კლინისა და მისი კოლეგების ბიჰევიორისტულ მიგნებებთანაც. მეცნიერები ვიდეოს ყურების დროს აკვირდებოდნენ ჩვილი ბავშვების თვალის მოძრაობას.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ 2-დან 6 თვემდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც, ტიპური განვითარების ჩვილ ბავშვებთან შედარებით, ნაკლებად უყურებდნენ ადამიანებს თვალებში, დიდი ალბათობით, მომავალში აუტიზმი დაუდგინდებოდათ. ახალფეხადგმულ ბავშვთა კვლევამ კი აჩვენა, რომ ისინი, ვისაც აუტიზმი ჰქონდა, ორჯერ ნაკლებ დროს უთმობდნენ სახეების ყურებას და ორჯერ მეტს – ნივთებისას.
კვლევის თანახმად, ის ჩვილი ბავშვები, რომელთაც მომავალში აუტიზმი უვითარდებათ, სრულიად განსხვავებულად ხედავენ სამყაროს. ეს ძირეულად ცვლის მათი სოციალური ქცევის ხასიათს, რაც, თავის მხრივ, მოქმედებს თავის ტვინის განვითარებაზეც და შეიძლება მომავალ შეფერხებებს განაპირობებდეს. „როგორც ჩანს, აუტიზმის მქონე ბავშვებს უყურადღებოდ რჩებათ სოციალური დასწავლის ათასობით შემთხვევა“, – ამბობს კლინი.
ამ მიგნებების თანახმად მოიაზრება, რომ აუტიზმის რისკის მქონე ბავშვები შეიძლება გაუმჯობესების გზაზე დავაყენოთ. მკვლევრები ცდიან ისეთ ქცევით ინტერვენციებს, როგორიცაა, მაგალითად, ე.წ. დენვერის მოდელი (Early Start Denver Model). ეს პროგრამა მშობლებსა და თერაპევტებს ასწავლის კონკრეტული სტრატეგიების, მათ შორის თამაშის, მეშვეობით აუტიზმის მქონე ბავშვების სოციალური უნარებისა და მეტყველების განვითარებას. ბოლოდროინდელმა კვლევამ, რომელშიც 118 ბავშვი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ასეთი ინტერვენცია აუმჯობესებს მეტყველების უნარს, რაც, თავის მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესო წინაპირობაა აუტიზმის მქონე ადამიანების სამომავლო წარმატებისთვის.
ამ მოდელის შექმნის მონაწილე, დიუკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი ჯერალდინ დოუსონი ამბობს: „ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება ადრე დავაბრუნოთ ბავშვი სოციალურ სამყაროში, რათა ყურადღება გაამახვილოს მასზე და შეიცნოს ის“.
იუდჰიჯიტ ბჰატაჩარჯი ხშირად წერს National Geographic-ისთვის. მისი სტატია ტკივილის უახლესი კვლევის შესახებ იანვარში გამოქვეყნდა. ლინ ჯონსონის მრავალ ნამუშევარს შორის უკანასკნელია ჟურნალისთვის გადაღებული მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების ფოტოები.