„თვალებს ვერ დავუჯერე, ჩვენკენ ნამდვილი ცუნამი მოდიოდა! წყალი ისეთი სისწრაფით და სიძლიერით მოვარდა, რომ მანქანის ღია კარის დაკეტვაც ვერ მოვასწარი, ისე მოგლიჯა”, – მიყვებოდა ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. ეს შარშან იყო, ივნისში.
მას მერე რაც მოხდა, ყველას გვახსოვს. ყველაზე საზარელი, რა თქმა უნდა, ადამიანთა სიკვდილი იყო.
ზოოპარკიც გაგვინადგურდა. შოკი და ქაოსი დამყარდა. გახსოვთ, ალბათ, რომ ამ ქაოსში ყველაზე მშვიდად ბეჰემოთი ბეგი იყო. მისთვის ბუნებრივ გარემოში, გმირთა მოედანზე, წყალსა და შლამში ბედნიერად რომ დააბოტებდა; დაიღლებოდა და წამოწვებოდა. წამოდგებოდა და სადაც რამე გადარჩენილ სიმწვანეს ნახულობდა, გზად მიახრამუნებდა. ხან ხიდის ქვეშ ამოყოფდა თავს და ხან მემორიალთან ჩაიკუნტრუშებდა.
შემდეგ კი სოლიდარობის უძლიერესი ტალღა… ერთად შეკრული მოქალაქეები და განსაკუთრებით ძლიერი ხატები – ახალგაზრდები ნიჩბებით ხელში!
ამ ქაოსიდან ერთი წელი გავიდა. ნომრის შედგენაზე რომ ვმსჯელობდით, პირველი კითხვა, რაც დაგვებადა, იყო: ვის რა კვალი დაგვიტოვა? და უცებ, ბუნებრივად წარმოიშვა წუხილი – ნეტავ, ბავშვები რას ფიქრობენ? როგორ განიცადეს? ვინმემ ჰკითხა? ან რა ტრავმა რჩება ბავშვს ასეთი კატაკლიზმის შემდეგ? რას ამბობს მეცნიერება ასეთ ტრავმებზე?
გადავწყვიტეთ, რომ 13 ივნისის სტიქიური უბედურების გახსენება სწორედ ამ საკითხზე მომზადებული სტატიით აღგვენიშნა. ზოოპარკი სიამოვნებით დაგვთანხმდა და ფოტოგრაფ მარი ნაკანიმამასახლისს ნება მისცა, სტატიისთვის რამდენიმე ფოტო გადაეღო; ქეთი პატარაიამ კი თემა იკვლია და სტატია მოგვიმზადა.
ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით ამ თემას. იმედი გვაქვს, რომ ბავშვებს ამ ტრავმამ უკვე გაუარა. იმედია, რომ ახალი ზოოპარკიც ოდესმე გვექნება, რომელიც სამუდამოდ დაკარგავს ზოოპარკის როლს და იშვიათი სახეობების კონსერვაციის ფუნქციას სრულად იტვირთებს. იმედია, სახლებიც აშენდება და დაზარალებულებიც საბოლოოდ კომპენსირდებიან.
დაკარგულ სიცოცხლეს ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ, იმედია, ვისწავლით, სად რა არ უნდა ავაშენოთ. ოღონდ, ყოველივე ამისთვის კატასტროფა რატომაა საჭირო, ეს ვერ მესმის.