
ბედი და ხედვა
როდესაც მიმდინარე ნომერს გავეცანი და ყდის ილუსტრაციაზე მივიღე გადაწყვეტილება, ვიფიქრე, რომ აქ ჯეიმი შრივის სტატიაზე დავწერდი. Homo naledi ხომ ბოლო პერიოდის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა. კონსულტაციისთვის ეროვნული მუზეუმის დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს ვეწვიე. დათო ჩვეული ენთუზიაზმით შეუდგა ჩემს განათლებას. გადმოალაგა თავის ქალის მაკეტები, სტატიები, ილუსტრაციები და გატაცებით დაიწყო მოყოლა. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ აღარ ვუსმენდი და ვფიქრობდი – პატივია, რომ ამ ადამიანს ვიცნობ და შემიძლია ვიტრაბახო – ის ჩემი მეგობარია! ამ გრძნობას არამარტო ის ამყარებს, რომ დათო უბრალოდ დიდი მეცნიერია, არამედ ისიც, რომ საოცრად ფართო ხედვის კაცია, ინგლისელები რომ იტყვიან – Visionary (ყველაზე უკეთ, ალბათ “მჭვრეტელად” ითარგმნება ეს სიტყვა).
“მეცნიერი, რომელსაც მიწის თხრა სჭირდება, სრულიად ბედზეა დამოკიდებული. მე გამიმართლა – ჩემმა იარაღმა იმ წერტილში დაარტყა მიწას, სადაც ყბა იყო. სხვას არა. უბრალო გამართლებაა”, – მეუბნება დათო. თან ვეთანხმები, თან ვერა. შემთხვევითობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ისტორია სავსეა ფაქტებით, როდესაც ადამიანებს ესა თუ ის აღმოუჩენიათ და ვერ ჩაწვდომიან მნიშვნელობას. ან ჩაწვდომიან, მაგრამ ვერაფერი ქმედითი ვერ გაუკეთებიათ, რადგან შემთხვევითობას თუ “visionary” მეცნიერი არ უდგას უკან, მაშინ აღმოჩენა შეიძლება ათწლეულობით гთაროზეც კი შემოიდოს”. მთავარი ამ ამბავში ის არის, რომ სამხრეთ აფრიკაში გაკეთებული ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენა საქართველოს უკავშირდება. ინგლისელი ანთროპოლოგის, კრის სტრინგერის ვარაუდით და დათოს თქმით – “Homo naledi ახლოსაა დმანისელ ჰომინინებთან. ამიტომ, წინ დმანისისა და ნალედის ძალიან საინტერესო შედარებითი კვლევა გველის”.
ზუსტად ვიცი – დმანისი და ეროვნული მუზეუმი, მთელი თავისი ბრწყინვალე გუნდით, კიდევ ბევრჯერ იტყვის თავის მსოფლიო მნიშვნელობის სიტყვას!