
ბიჭვინთის მოზაიკა
მოზაიკური იატაკის გადარჩენილი ნაწილები იმაზე მეტყველებს, რომ თავის დროზე მასზე გამოსახული იყო ანატოლიის, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და წინა აზიის ადრექრისტიანული ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სიმბოლოები, ალეგორიული სცენები და დეკორატიული მოტივები
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შუა საუკუნეების გამოფენაზე შესულ დამთვალიერებელს პირველივე დარბაზში ხვდება V-VI საუკუნეების ბიჭვინთის იატაკის მოზაიკის გასაოცარი სილამაზის ფრაგმენტი. მოზაიკური იატაკი 1952 წელს აღმოჩნდა ბიჭვინთაში, არქეოლოგიური გათხრების დროს, რომლებსაც ცნობილი არქეოლოგი ანდრია აფაქიძე ხელმძღვანელობდა.
ანტიკურ წყაროებში “დიდ პიტიუნტად” წოდებული ბიჭვინთა სიმდიდრით განთქმული მხარე იყო შავიზღვისპირა რეგიონში და ინტენსიური სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები ჰქონდა მცირე აზიასა და შავიზღვისპირეთის ქალაქებთან, რაც არქეოლოგიურმა გათხრებმაც დაადასტურა.
მოზაიკური იატაკის გადარჩენილი ნაწილები იმაზე მეტყველებს, რომ თავის დროზე მასზე გამოსახული იყო ანატოლიის, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და წინა აზიის ადრექრისტიანული ხელოვნებისთვის დამახასიათებელი სიმბოლოები, ალეგორიული სცენები და დეკორატიული მოტივები. გამოფენაზე წარმოდგენილი ფრაგმენტი “შადრევანი წყლისა ცხოვლისა” სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის სანათლავის მხატვრული დეკორის ნაწილია.
ცხოველი წყლის შადრევნის მოტივი ბიჭვინთის ბაზილიკის მოზაიკებში წამყვანი თემაა. ჩიტები კი, რომლებიც შადრევანთან იკლავენ წყურვილს, ბერძნულ და რომაულ მოზაიკურ ხელოვნებაში ფართოდ გავრცელებული მოტივი იყო. საინტერესოა, რომ ქრისტიანულმა ხელოვნებამ გადაიღო უკვე არსებული იკონოგრაფია “წყლისა ცხოვლისა” და მას ახალი სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭა – ნათლობის საიდუმლოს, ევქარისტიასა და სამოთხის ბაღს დაუკავშირა. ტრადიციების უწყვეტობა, ზოგადად, ქართული კულტურის ერთ -ერთი მთავარი მახასიათებელია. არ არსებობს შუა საუკუნეების ქართული კულტურის სფერო, რომელსაც ფესვები არ ჰქონდეს წინარექრისტიანულ ეპოქაში და ბიჭვინთის მოზაიკაც ამის ნათელი მაგალითია.
მხატვრული ფორმების სიბრტყობრივ-დეკორატიულობა და ფერადოვანი ლაქების ლოკალურობა იმაზე მიუთითებს, რომ მოზაიკა ადგილობრივ სამხატვრო სკოლას განეკუთვნება.
მოზაიკის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღმოჩენისთანავე გადაწყდა იატაკის ფრაგმენტების ეტაპობრივად მოხსნა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გადატანა. XX საუკუნის 60-იან წლებში რესტავრატორ თედო თოდუას ხელმძღვანელობით მოზაიკის ფრაგმენტები სპეციალურ ჩარჩოებზე დამაგრდა და მუზეუმის შუა საუკუნეების დარბაზებში გამოიფინა. აქ წარმოდგენილი ფრაგმენტი 2010 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ფონდის კურატორმა, ნინო ჩიხლაძემ და რესტავრატორმა გიორგი მინდორაშვილმა თანამედროვე საგამოფენო სტანდარტების შესაბამისად მოამზადეს შუა საუკუნეების ექსპოზიციისთვის.
სრული ვერსია წაიკითხეთ იანვრის ნომერში.