
ბლეტჩლიში მომუშავე ადამიანებს საკუთარ საქმიანობაზე სხვებთან ლაპარაკის უფლება ომის დასრულებიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მისცეს.
„ირგვლივ ომი იყო და არ მინდოდა ცომში გახვეული სოსისების კეთებაში დამეკარგა დრო“.
რუბრიკა: ომის ვეტერანები
„აი, იმ კაბინეტში მომაწერინეს ხელი გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე”, – ამბობს 97 წლის ბეტი ვები და თავისი ხელჯოხით ბლეტჩლი პარკის სასახლის ერთ-ერთ ფანჯარას გვიჩვენებს. ამ შენობაში მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის საიდუმლო კრიპტოლოგიური ცენტრი იყო განთავსებული. წინ დოკუმენტი დამიდეს და გასაგებად ამიხსნეს, რომ, თუ ხელს მოვაწერდი, არასოდეს არავისთვის არ უნდა მეთქვა, სად ვმუშაობდი. მაგიდისკენ დავიხარე და ხელი მოვაწერე. თვრამეტი წლის ვიყავი. იმ წამს თითქოს ბავშვობა დავასრულე“.
1941 წელი იდგა. ბრიტანეთი ომში ახალი ჩართული იყო. გერმანიას ევროპის უმეტესი ნაწილი დაპყრობილი ჰქონდა.
ვები საოჯახო ეკონომიკის კურსს გადიოდა, მაგრამ დამხმარე ტერიტორიულ სამსახურს შეუერთდა – ქალთა არმიას – რადგან, როგორც თვითონ ამბობს, ირგვლივ ომი იყო და არ უნდოდა ცომში გახვეული სოსისების კეთებაში დაეკარგა დრო. მან ლონდონიდან ჩრდილოეთით, ერთი საათის გზაზე, ბლეტჩლიში დაიწყო მუშაობა. „ყველაფერი ისეთი გასაიდუმლოებული იყო, ისიც კი არ ვიცოდი, რაზე ვმუშაობდი, – არავინ იცოდა – და არც ის ვიცოდი, რაში გავყავი თავი“.

თავიდან ვებს გერმანელების ათასობით დაშიფრული რადიოგზავნილის კატალოგიზება დაავალეს. ცოტა ხანში მას უფრო შემოქმედებითი საქმე მისცეს: კრიპტოლოგების მიერ გაშიფრული ფასდაუდებელი ინფორმაციის ისე შეფუთვა, რომ არავის გასჩენოდა ეჭვი მათ წარმომავლობაზე.
„ამ ინფორმაციას ისე ვასაღებდით, თითქოს მოპარულ დოკუმენტებში იყო ამოკითხული, ჯაშუშების ან საჰაერო დაზვერვის მიერ იყო მოპოვებული, – ამბობს იგი. – ის, რომ გერმანულ და იაპონურ დაშიფრულ წერილებს ვკითხულობდით, იმდენად გასაიდუმლოებული ინფორმაცია იყო, რომ სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა“.
ვები გაშიფრულ იაპონურ შეტყობინებებზე მუშაობდა და საქმეს ისე ოსტატურად ართმევდა თავს, რომ 1945 წელს, ევროპაში ომის დასრულების შემდეგ, ვაშინგტონში გაუშვეს წყნარ ოკეანეში მიმდინარე ომში ამერიკელების დასახმარებლად. „ჰიდროთვითმფრინავით გავფრინდი“, – იხსნებს ვები.
ბლეტჩლიში მომუშავე ადამიანებს საკუთარ საქმიანობაზე სხვებთან ლაპარაკის უფლება ომის დასრულებიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მისცეს. „ჩემი მშობლები იმ დროისთვის უკვე გარდაცვლილები იყვნენ, ასე რომ მათ არასოდეს გაუგიათ, რას ვაკეთებდი, – ამბობს იგი. – ამ გასაიდუმლოებულობის გამო, ბლეტჩლიში მომუშავე ხალხს ომის შემდეგ სამსახურის შოვნა უჭირდა, განსაკუთრებით კაცებს. დამქირავებლებთან სიტყვაც არ უნდა დასცდენოდათ, რას აკეთებდნენ ომის წლებში. მხოლოდ ის შეეძლოთ ეთქვათ, რომ რაღაც ადგილას მუშაობდნენ, რომელსაც ბლეტჩლის პარკი ერქვა“.
ომის შემდეგ ვებმა სკოლაში დაიწყო მუშაობა. სკოლის დირექტორიც ბლეტჩლიდან იყო. „მანამდე ეს კაცი არასოდეს მენახა, – ამბობს იგი, – მაგრამ როდესაც ჩემი რეზიუმე ნახა და ამოიკითხა, რომ ბლეტჩლიში ვმუშაობდი, ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვამს, სამსახური მივიღე“.