„საბჭოთა პატრიოტიზმით ვიყავით სავსე“, – ამბობს 93 წლის ბორის სმირნოვი. სმირნოვს მრავალი მეგობარი დაეღუპა ომში, რომელსაც საბჭოთა კავშირში დიდ სამამულო ომს ეძახდნენ. ერთხელ, როდესაც მისი რაზმი მდინარე ნემანზე ხიდს აშენებდა, მეთაურს სნაიპერის ტყვია მოხვდა.
„როცა საშველად მივედი, გვერდით ერთი ჯარისკაცი ამომიდგა, – იხსენებს სმირნოვი, – მითხრა: „ექიმო, მე დაგაზღვევ“. სანამ სმირნოვი მეთაურს ჭრილობას უხვევდა, მოპირდაპირე მხრიდან კიდევ ერთხელ გაისროლეს და ჯარისკაცი უსულოდ დაეცა. „უხმოდ დავარდა ძირს“, – ამბობს სმირნოვი, რომელიც დღემდე გლოვობს თავის დაღუპულ მცველს.
კიდევ უფრო მძიმე იყო 1944 წლის ოქტომბრის დღე, როდესაც სმირნოვის რაზმი მტრის ალყაში მოექცა. „ტყვიების სეტყვაში მოვყევით. ვხედავდი, როგორ იდგნენ 50-60 მეტრის მოშორებით გერმანელი ჯარისკაცები. სასოწარკვეთილები, ყვირილით გავრბოდით მათკენ; ისინი ხარხარებდნენ და ქუდებს გვიქნევდნენ. ჩემი მეგობრები სათითაოდ ეცემოდნენ გარშემო“, – იხსენებს ექიმი.
სმირნოვი დღემდე სათუთად ინახავს რუსული არქივის ერთ დოკუმენტს – ომში დაღუპული მეგობრების სიას.