ბორნეოს უკიდეგანო მიწისქვეშეთი
სპელეოლოგები ნათელს ჰფენენ მთელ დედამიწაზე ერთ-ერთ უდიდესსა და ყველაზე იდუმალ გამოქვაბულთა სისტემას.


ბორნეოს უკიდეგანო მიწისქვეშეთი
სპელეოლოგები ნათელს ჰფენენ მთელ დედამიწაზე ერთ-ერთ უდიდესსა და ყველაზე იდუმალ გამოქვაბულთა სისტემას.
აპრილის ერთი დილა იწურება, ბორნეოს ტროპიკულ ტყეში პაპანაქება სიცხეა, ორი ტანხმელი ბრიტანელი სპელეოლოგი, ფრენკი და კუკი, ღრმად ეშვება მოლიპულ და ტენით გაჟღენთილ ხვრელში.
ისტორიული აღმოჩენის მოლოდინით, წყვილი ჩასცდა ფრინველთა დანატოვარ გუანოს გროვებს და გზა გაიკვალა დერეფანში, რომლის სვეტებიც სპილოსძვლისფრად ელვარებდა. ისინი ხოხვით მიიწევდნენ ე.წ. ქარების მღვიმეში, კლიარუოტერის სახელით ცნობილი გამოქვაბულთა სისტემის სიღრმეში. სწორედ იქ უნდა ეძებნათ დამაკავშირებელი დერეფანი რეისერის მღვიმესთან, რომელიც რეისერ-ისტერის სისტემის ნაწილი იყო.
აღნიშნული ორი მღვიმის დაკავშირებით ჩვენ მივიღებდით „სუპერსისტემას“, მთელ პლანეტაზე ერთ-ერთ უდიდეს მიწისქვეშა ლაბირინთს. ამ დროს სპელეოლოგები მუცელზე ხოხვით, ჭიაყელებივით მიძვრებოდნენ ქვემოთ, სრიალა კლდეს ბურღავდნენ და კაუჭებს აჭედებდნენ ალპინისტური თოკების დასამაგრებლად. მათი შემყურე იფიქრებდით, მიზანს აუცილებლად მიაღწევენო.

ბრიტანელებმა იცოდნენ, რომ კლიარუოტერი 226 კილომეტრზე იყო გადაჭიმული და ზოგიერთ ღრმულს მშფოთვარე მდინარეები კვეთდა, ხოლო რეისერ-ისტერის სისტემაში ისეთი უზარმაზარი დარბაზები შედიოდა, სადაც საჰაერო ლაინერსაც კი სულ თავისუფლად მოათავსებდით და კიდევ საკმაო ადგილი დაგრჩებოდათ. სხვა სიტყვებით, მალაიზიის ამ რეგიონში, გუნუნგ-მულუს ეროვნული პარკის ქვეშ მდებარე კირქვის ფენები დაქსელილია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ხვრელებით, ფართო გვირაბებითა და ყველაზე უფრო გამაოგნებელი ღრმულებით მთელ დედამიწაზე.
თუ ისეთი ტიპის მკვლევარ-მაძიებელი ბრძანდებით, ვისაც სველ და ცხელ წყვდიადში ფორთხვა ეხალისება, რათა კიდევ უფრო სველსა და ცხელ კუნაპეტში ამოყოს თავი, ბორნეო მართლაც რომ თქვენი ზღაპრული ქვეყანაა, ერთდროულად, დისნეილენდიცა და ნევერლენდიც.
ახლა კი წარმოიდგინეთ ფრენკი და კუკი, იქ, ქვემოთ, – ტალახში ამოთხვრილები და კბილებდაღრეჭილები – ზღვარზე, რომ გამოქვაბულთა ორი სისტემა ერთ უზარმაზარ სივრცედ აქციონ. არც თუ შესაშურია, არა? კეთილი, აი, სპელეოლოგებისთვის კი „უღრმესი“ მიზანი სწორედ ეს არის. თანაც, უკვე ცნობილ გამოქვაბულთა სისტემებს შორის ასეთი მასშტაბური კავშირების გაბმა არც ისე ხშირი მოვლენაა. მსგავსი მიღწევა ნამდვილ გმირობად მოინათლებოდა ჩვენთვის მეტწილად უხილავ, მიწისქვეშა კვლევის სამყაროში.

სადღაც ქვემოთ, დედამიწის ზედაპირიდან დიდ სიღრმეზე, სპელეოლოგთა კიდევ ერთი გუნდი ხელის ცეცებით ეშვებოდა რეისერის მღვიმის წიაღში. მათაც თან წამოეღოთ ჩაქუჩები თუ ბურღები. სულ მალე, ორივე გუნდი შეთანხმების თანახმად დაიწყებს გამოქვაბულის კედლებზე ჩაქუჩის დარტყმას, კლდის გაბურღვას… იქნებ, ერთმანეთის ხმა გაიგონონ და დამაკავშირებელ დერეფანს მიაკვლიონ, შედეგად კი – რეკორდების წიგნშიც მოხვდნენ.
სრული ვერსია წაიკითხეთ მარტის ნომერში.
ნილ შეის სტატია ქურთების შეიარაღებულ ძალებზე, რომელიც ISIS-ს ჩრდილოეთ ერაყში ებრძოდა, National Geographic-ის 2016 წლის თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა. კარსტენ პიტერმა 2014 წლის ივლისის გამოცემაში ჩინეთის უდიდესი გამოქვაბული გააშუქა.