ბორნეოს ველური მწვანე გული
გუნუნგ-პალუნგს საფუძველი ჩაეყარა როგორც ინდონეზიის შორეულ ტყის ნაკრძალს. დღეს ის უკვე ვრცელ ეროვნულ პარკს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოში ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ნოტიო ტყეებსა და მის ბინადრებს იცავს.
ბორნეოს ველური მწვანე გული
გუნუნგ-პალუნგს საფუძველი ჩაეყარა როგორც ინდონეზიის შორეულ ტყის ნაკრძალს. დღეს ის უკვე ვრცელ ეროვნულ პარკს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოში ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ნოტიო ტყეებსა და მის ბინადრებს იცავს.
12 მეტრის სიმაღლეზე ჩამოკიდებულმა ფოთლოვანი ხეების ლაბირინთში ჩავიხედე და საკუთარ ადეკვატურობაში ეჭვი შემეპარა, ხეების ძირას მდგომ ორ კაცს ამ ნოტიო ეკვატორული ტყის ჩარდახზე ასვლაში დახმარება რომ ვთხოვე. ერთ-ერთი მათგანი ფოტოგრაფი ტიმ ლამანია, რომელმაც ისარს თოკი გამოაბა, ისროლა და მაღალ ტოტს შემოახვია. შემდეგ მან და მისმა თანაშემწემ ჭოჭონაქის მექანიზმი გამართეს, რათა იმ ადგილამდე ავეწიე, სადაც ძალიან ცოტა ადამიანი თუ ყოფილა.

NGM-ᲘᲡ ᲠᲣᲙᲔᲑᲘ
ამ თავგადასავლის მიზანი 45 მეტრი სიმაღლის Shorea-ს (გვარი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უმაღლეს ხეებს აერთიანებს) ზედა განტოტებამდე მიღწევა იყო, საიდანაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი უკანასკნელი ხელუხლებელი დაბლობის ჭარბტენიანი ტყის იდეალური ხედი გადაიშლებოდა. ზუსტად ეკვატორს ქვემოთ, ბორნეოს ინდონეზიურ ნაწილში (კუნძულს სამი სახელმწიფო იყოფს: ინდონეზია, მალაიზია და ბრუნეი) მდებარე გუნუნგ-პალუნგის ეროვნული პარკი 1080 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს და პალუნგისა და პანტის მთებს მოიცავს. თავდაპირველად, 1937 წელს, პალუნგის გარშემო არსებულ ტერიტორიას ბუნების ნაკრძალის სტატუსი მიენიჭა. დროთა განმავლობაში მისი საზღვრები გაფართოვდა და 1990 წელს ინდონეზიის ხელისუფლებამ ეროვნული პარკი დააარსა.
დღეს ეს პარკი ერთმანეთის თავზე მოქცეულ ცხრა განსხვავებული ტიპის ტყეს აერთიანებს, რომლებიც ციცაბო ფერდობებზეა შეფენილი, მანგროს ტყითა და ტორფიანი ჭაობით იწყება და მთის მწვერვალების ხავსიანი ტყით სრულდება.

ბიჭებმა იმდენად მაღლა ამწიეს, რამდენადაც შეეძლოთ. დარჩენილ მანძილზე აცოცება ჩემზე იყო. ზემოთ მივიწევდი მტანჯველად ნელა. ჩემი გადაადგილება არაფრით ჰგავდა სხვა პრიმატების თავისუფალ ცოცვას. თოკზე ოდნავი აწევისგანაც კი მტკიოდა მკლავები, მარცხენა წინდა სისხლით გაიჟღინთა წურბლის ნაკბენის გამო და მთლიანად ოფლში ვცურავდი.
თუმცა გადავწყვიტე, რომ ზემოთ არსებული სამყარო ამად ღირდა. მთელი კვირის განმავლობაში ვტკბებოდი წითელი ლანგურების კაკანით, გიბონების ყვირილითა თუ მაკაკების ყეფით, რასაც ემატებოდა ფრინველებისა და ბაყაყების გუნდური გალობა მწერების ბზუილის აკომპანემენტით. ტყის ჩარდახი ამ „მუსიკოსების“ სახლს წარმოადგენს და მეც იმედი მქონდა, რომელიმეს მაინც შევავლებდი თვალს.
სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე მეტად კუნძულის უდიდეს ვარსკვლავებთან, ორანგუტანებთან შეხვედრა მინდოდა. ეს ალისფერბეწვიანი პრიმატები აზიის ბინადარი ერთადერთი ადამიანის მსგავსი დიდი მაიმუნები არიან, ხოლო ბორნეოს ორანგუტანი – Pongo pygmaeus – უკვე დიდი ხანია გუნუნგ-პალუნგის სულს წარმოადგენს, რადგან საკვანძო როლს ასრულებს მისი ტყეების სიჯანსაღეში. აღნიშნული სახეობის დაახლოებით 2500 ინდივიდი დაძვრება ამ ხეების ჩარდახში – გადაშენების კრიტიკულ საფრთხეში მყოფთათვის არც ისე ურიგო რიცხვია. ჰოდა, როცა ლამანმა ახსენა, რომ მათ სამფლობელოში შეეძლო ჩემი აგზავნა, არც დავფიქრებულვარ – დავთანხმდი.

30 მეტრის სიმაღლეზე მყოფს ჯერ კიდევ ბევრი მაკლდა კენწერომდე, მაგრამ საკმაოდ მაღლა ვიყავი იმისთვის, რომ უღრანი ტყის თავზე აღმართული მწვერვალის კონტური გამერჩია. ხედით დასატკბობად ტოტებზე მოვკალათდი, თანაც იმედი მქონდა, რომ რამე ბეწვიანს ან ბუმბულიანს შევავლებდი თვალს. მოლოდინით აღსავსე სმენად და მზერად ვიყავი ქცეული. ტოტები ნაზად ირწეოდნენ და ფოთლები დამცინავად ჩურჩულებდნენ. დრო გადიოდა… დიდებული ფრინველები არ გამოჩენილან; არც ყბედ პრიმატებს ჩამოუვლიათ, მწერებიც კი შვებულებაში წასულიყვნენ თითქოს. არ გამკვირვებია – დღის ეს მონაკვეთი და საკმაოდ უნაყოფო ხე ალბათ არცთუ მიმზიდველი იყო. მაინც, ცოტა არ იყოს, იმედი გამიცრუვდა, არავინ რომ არ დამხვდა სახლში.
გუნუნგ-პალუნგის ეროვნული პარკი ბორნეოს ჭაობიან სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ინდონეზიის კუთვნილ დასავლეთ კალიმანტანის პროვინციაში. გუნუნგ-პალუნგი ჭეშმარიტი დროის კაფსულია და კუნძულის ათასწლეულების ისტორიას ასახავს. იმედი მქონდა, რომ შევძლებდი ამ პირველყოფილი სამყაროს საოცრებების ხილვას და გავიგებდი უფრო მეტს იმაზე, თუ როგორ ყვავის აქ მუდმივად სიცოცხლე.
ზოგიერთი მთავარი მინიშნება ალბათ ცხვირწინ მქონდა, მაგრამ ვერც შევნიშნე.

ბორნეოს ჯუნგლები მილიონობით წლის განმავლობაში ვითარდებოდა. ეს არის პროცესი, რომელმაც განაპირობა უნიკალური ფლორის სიუხვე: წარმოიდგინეთ, აქ ვხვდებით ორქიდეების ათას ნაირსახეობას, ათეულობით სახეობის დოქისებრი ფოთლების მქონე მწერიჭამია მცენარესა თუ სამი ათასზე მეტ ხის სახეობას, რომელთა შორისაა ცადაზიდული ყვითელი მერანტიც.
სადღაც აქ არიან ნისლა ლეოპარდები, ბორნეოს სპილოები, მფრინავი მელები, მფრინავი ბაყაყები, მალაიური ფრთამატყლიანები თუ ხეებზე მცხოვრები ანკარასებრნი, ფრინველთა 700-მდე სახეობა, დაახლოებით ასი სახეობის ღამურა და ათასზე მეტი სახეობის ჭიანჭველასებრი. არ უნდა დაგვავიწყდეს აურაცხელი რაოდენობის სხვა მწერი, რეპტილია, ამფიბია, ობობა, სოკო და მიკრობი. ეს ცოცხალი ტყეა – დედამიწაზე მსგავსს სხვაგან ვერ იპოვით.
ერთ-ერთი პირველი ბოტანიკოსი, რომელმაც დასავლურ სამყაროს ამ საოცრების შესახებ მოუთხრო, იტალიელი ოდოარდო ბეკარია, რომელიც 1865 წელს 21 წლის ასაკში ეწვია ბორნეოს „დიდებული ტყეების“ შესასწავლად. მისი მოგზაურობის ამსახველი ანგარიშები სავსეა არაამქვეყნიური ფლორისა და სხვა ორგანიზმების აღწერებით. მან აღმოაჩინა Rafflesia-ს გვარის მცენარის უზარმაზარი ყვავილი, რომელსაც ნახევარი მეტრის სიგანის ალისფერი ფურცლები ჰქონდა და გახრწნილი გვამის სუნი ასდიოდა. მასვე ეკუთვნის ფოსფორესცენციული სოკოს აღმოჩენა, რომლის შუქზე ღამით გაზეთების კითხვასაც კი ახერხებდა.
ბეკარისთვის ჯუნგლები ბუნტი იყო მცენარეებისა, რომლებიც დაუნდობლად იბრძოდნენ გადარჩენისთვის. მას აოცებდა, თუ როგორ შეძლეს ორქიდეებმა თუ სხვა ყვავილოვანმა მცენარეებმა გაეკვლიათ გზა ძლიერი ხეების ზემო იარუსებისკენ, რათა მზის სხივებს მისწვდომოდნენ, როგორ იყენებდნენ ისინი თავიანთ არაჩვეულებრივ ფერებს, განსაკუთრებულ ფორმებსა თუ ძლიერ სურნელს მწერების მისაზიდად, რათა დამტვერილიყვნენ და გამრავლებულიყვნენ. „გარანტირებული წარმატებისთვის, – წერდა ბეკარი, – ბუნება მიმართავს ყველა შესაძლო ხერხს, ყველანაირ ხრიკს, ყველა სახის სისასტიკეს“.

არსებობს ცდუნება იმისა, რომ ამ კომპლექსური ეკოსისტემის აყვავება მისი განვითარების პროცესში ადამიანის ჩაურევლობას დავუკავშიროთ, მაგრამ ადამიანები ბორნეოზე, სულ ცოტა, ათიათასობით წელია ცხოვრობენ. ჩვენთვის ცნობილი უძველესი კლდის მხატვრობის ნიმუში ბორნეოს ერთ-ერთ გამოქვაბულშია ნაპოვნი და მინიმუმ 40 ათასი წლით თარიღდება. ზღვაოსნობის განვითარებასთან ერთად კი ვაჭრები მთელი აზიიდან და მოგვიანებით ევროპიდანაც თავს იყრიდნენ ამ კუნძულზე მისი მცენარეების, მინერალური რესურსებისა თუ ცხოველების გამო.
ბორნეოდან დღესაც ეზიდებიან ხე-ტყეს, ოქროს, ალმასებს, წიაღისეულ საწვავს და ცხოველებს, თუმცა ამჟამად ყველაზე მძიმე დანაკარგები თან სდევს ტყის ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებად გარდაქმნას. გვალვით გამოწვეულმა ხანძრებმა ასევე გაანადგურა მრავალწლოვანი ხეები, ხოლო რეგიონში 1990-ინი წლების პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა არეულობამ გამოიწვია ხე-ტყითა და მადნეულით უკანონო ვაჭრობის ბუმი. არსებული შეფასებით, ინდონეზიის ბორნეომ 1973 წლიდან 2010 წლამდე დაკარგა ტყის თითქმის ერთი მესამედი.

სორენ უოლჯასპერი და პატრისია ჰილი, NGM-ის თანამშრომლები
წყარო: NASA SRTM; მეთიუ ს. ჰანსენი, მერილენდის უნივერსიტეტი
უკანასკნელ ხანს ხე-ტყით უკანონო ვაჭრობა გუნუნგ-პალუნგის გარშემო შემცირდა, თუმცა ამ რეგიონის არასტაბილური ისტორიის გახსენებისას, ჩემი ვიზიტი გადაუდებლობის შეგრძნებით ივსება. ბოსტონის უნივერსიტეტის პრიმატოლოგი შერილ ნოტი ორანგუტანების შესწავლას ხელმძღვანელობს ამ ეროვნულ პარკში. იგი მეუბნება, რომ საზღვრებს შიგნით ტყე მშვენივრად აღდგა – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაუმჯობესდა კანონის აღსრულების ხარისხი და გაფართოვდა კვლევითი და კონსერვაციული სამუშაოები, რამაც ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილებიც შექმნა, „თუმცა მუდმივი კონტროლის გარეშე პროცესი შეიძლება უკან წავიდეს“.
უკვე სამ ათწლეულზე მეტია, რაც ცოლ-ქმარი შერილ ნოტი და ტიმ ლამანი ბორნეოზე ჩამოდიან, რათა შეისწავლონ, გადაიღონ და ამოხსნან კუნძულის საიდუმლოებანი. 1994 წელს ნოტმა პარკის პატარა კვლევით სადგურზე ხანგრძლივი კვლევა წამოიწყო ორანგუტანების ეკოლოგიისა და მათი ქცევის შესასწავლად. სწორედ მან დამპატიჟა საკვლევი ველის მოსანახულებლად. ორდღეღამიანი მგზავრობის შემდეგ დასავლეთ კალიმანტანის დედაქალაქ პონტიანაკში ჩავედი, შემდეგ გადავფრინდი კეტაპანგში, იქიდან კი ვიჯანჯღარე სატვირთო მანქანით, რის შემდეგაც 6 საათი ვიარე ფეხით და გადავკვეთე ორი მდინარე. ბოლოს მივაღწიე კაბანგ-პანტის კვლევით სადგურს პარკის დასავლეთ-ცენტრალურ ნაწილში.
მდინარე აირ-პუტიჰის სანაპიროზე მდებარე კომპლექსი შედგება ხის სამი შენობისგან, რომლებშიც ლაბორატორია, სამუშაო სივრცე, სამზარეულო და თანამშრომლების საცხოვრებელი ოთახებია განთავსებული. სიახლოვეს, ტყეში, რამდენიმე ხიმინჯებიანი კოტეჯიც დგას, სადაც ოცამდე მკვლევარსა და უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია მონაცვლეობით დარჩენა. მკვლევართა ყურადღების ცენტრში ორანგუტანია, როგორც რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სახეობა, თუმცა ამ კომპლექსურ ეკოლოგიურ ქსელში კიდევ უამრავი სხვა ორგანიზმია შესასწავლი. მაგალითად, გავიცანი ენდრო სეტიავანი, რომელიც გუნუნგ-პალუნგის ხეების სრულყოფილი ბაზის შექმნაზე მუშაობს.
პარკში სეირნობისას მეც ისევე გამაოგნა ტყეში სიცოცხლის ფორმების უსასრულო მრავალფეროვნებამ, როგორც ბეკარი 160 წლის წინათ. ვაკვირდებოდი წითელ ლანგურებსა და მაკაკებს, თუ როგორ დაქროდნენ აქეთ-იქით, რომ ერთმანეთისთვის ჩარდახში ასვლა დაესწროთ. იქვე ჩაიფარფატეს ხელის გულისოდენა პეპლებმა (Idea leuconoe). ძლივს შევნიშნე ბილიკთან ახლოს, ყლორტზე შემოხვეული შენიღბული მწვანე ჩხრიალა გველი. მდინარეში ნეტარების მომგვრელი ცურვისას თვალი მოვკარი დაახლოებით მეტრის სიგრძის ვარანს, რომელიც თევზზე ნადირობდა და რბილტყავიან კუს, სანაპიროს რომ ჩხრეკდა. ტყეში დაბრუნებულს შემომეფეთა ნიჩაბფეხა ბაყაყი, რომელიც ღამურას უფრო ჰგავდა, ვიდრე ამფიბიას; ვისიამოვნე შაშვის გალობით და მოუთმენლად ველოდი ლურჯყურა ალკუნის გამოჩენას. ღამით ფარანი მივანათე ზურგმოხატულ ხის ბაყაყებს, ხვლიკებსა და ჩაძინებულ ფრინველებს.

თითქმის ყოველ ღამეს კოკისპირულად წვიმდა. ქუხდა და გრგვინავდა ცა. დილაობით მდინარე ადიდებული იყო, დინება – აჩქარებული. თუმცა, რამდენიმე საათში წყალი ქვემოთ იწევდა, ჭაობიან ტყეში ირეცხებოდა და ქვიშიან ნიადაგში უჩინარდებოდა. ტყე ბრწყინდებოდა.
ერთ დილას გადავწყვიტე, ტყის ცხრა ჰაბიტატიდან ხუთის გავლით ზღვის დონიდან 1066 მეტრზე ამავალი ბილიკი დამელაშქრა. ის კვლევით სადგურთან ახლოს, დაბლობის დიპტეროკარპის ტყეში იწყებოდა. თავიდან ადვილად მივდიოდი, თუმცა მალე შევუყევი ციცაბო, ტალახიან, სრიალა ბილიკს. ტყის ხშირი ჩარდახი ბლოკავდა სინათლეს და ტენიანობა სულს მიხუთავდა, მაგრამ შუა დღისკენ ავაღწიე მთის ხავსიან ტყეში – ლიქენების, გვიმრებისა და ორქიდეების, მზით განათებულ სამყაროში. მწვანედ შემოსილ ლოდზე ჩამოვჯექი და ამოვისუნთქე.
კარგი იყო, მაგრამ დიდხანს არ გავჩერებულვარ. ორანგუტანების ნახვის იმედი ჯერაც მქონდა. მკვლევრები დამპირდნენ, რომ გამაგებინებდნენ, სადმე თუ შენიშნავდნენ მას. ორანგუტანი ადამიანის მსგავსი დიდი მაიმუნების ერთადერთი სახეობაა, რომელიც ფართო სოციალურ ჯგუფებად არ ცხოვრობს. იმის გამო, რომ ხილი მათი ძირითადი საჭმელია, დიდი ჯგუფები მალე ამოწურავდნენ ახლოს მდებარე საკვების რესურსს. ამიტომ ისინი გაფანტულად ცხოვრობენ და კვლევითი სადგურიდან საკმაოდ შორსაც შეიძლება იყვნენ. ჩემი გამგზავრების თარიღი ახლოვდებოდა და დროში ვიწვებოდი.
გუნუნგ-პალუნგის დაბლობ ჯუნგლებში, გარდა ძუძუმწოვრის 70-მდე სახეობისა, ათასობით სხვა არსებაც ბინადრობს. შავთათიან ნიჩაბფეხა ბაყაყს ძალიან დიდი აპკები აქვს, რაც პლანირების საშუალებას აძლევს.
გუნუნგ-პალუნგის დაბლობ ჯუნგლებში, გარდა ძუძუმწოვრის 70-მდე სახეობისა, ათასობით სხვა არსებაც ბინადრობს. Platerodrilus-ის გვარის ხოჭო ლარვულ სტადიაში ატარებს მთელ ზრდასრულობას, სავარაუდოდ, რეპროდუქციისთვის ენერგიის შესანახად.
გუნუნგ-პალუნგის დაბლობ ჯუნგლებში, გარდა ძუძუმწოვრის 70-მდე სახეობისა, ათასობით სხვა არსებაც ბინადრობს. ქერცლფრთიანი პეპლის (Limacodidae) მუხლუხების ჯგუფი მტაცებლებს მსუსხავი ბუსუსებით აფრთხობს.
გუნუნგ-პალუნგის დაბლობ ჯუნგლებში, გარდა ძუძუმწოვრის 70-მდე სახეობისა, ათასობით სხვა არსებაც ბინადრობს. ჩოქელა გამხმარი ფოთლის მსგავსად შენიღბული ეპარება თავის მსხვერპლს, იქნება ეს პეპელა, ფუტკარი თუ ბუგრი.
გუნუნგ-პალუნგის დაბლობ ჯუნგლებში, გარდა ძუძუმწოვრის 70-მდე სახეობისა, ათასობით სხვა არსებაც ბინადრობს. შავთათიან ნიჩაბფეხა ბაყაყს ძალიან დიდი აპკები აქვს, რაც პლანირების საშუალებას აძლევს.
გუნუნგ-პალუნგის დაბლობ ჯუნგლებში, გარდა ძუძუმწოვრის 70-მდე სახეობისა, ათასობით სხვა არსებაც ბინადრობს. Platerodrilus-ის გვარის ხოჭო ლარვულ სტადიაში ატარებს მთელ ზრდასრულობას, სავარაუდოდ, რეპროდუქციისთვის ენერგიის შესანახად.
გუნუნგ-პალუნგის დაბლობ ჯუნგლებში, გარდა ძუძუმწოვრის 70-მდე სახეობისა, ათასობით სხვა არსებაც ბინადრობს. ქერცლფრთიანი პეპლის (Limacodidae) მუხლუხების ჯგუფი მტაცებლებს მსუსხავი ბუსუსებით აფრთხობს.
გუნუნგ-პალუნგის დაბლობ ჯუნგლებში, გარდა ძუძუმწოვრის 70-მდე სახეობისა, ათასობით სხვა არსებაც ბინადრობს. ჩოქელა გამხმარი ფოთლის მსგავსად შენიღბული ეპარება თავის მსხვერპლს, იქნება ეს პეპელა, ფუტკარი თუ ბუგრი.
მომდევნო დილას ერთი სტუდენტი მოვარდა ჩემს ქოხთან – დედა-შვილი ორანგუტანი – ბიბი და ბაიასი ბანაკიდან ნახევარი საათის სავალზე შეუნიშნავთ. გადაყვლეფილ ფეხებზე მუდამ სველი წინდები და ფეხსაცმელები ამოვიცვი და ბინოკლს ვტაცე ხელი.
ორი მაიმუნი, სახასიათო ჟღალი ბეწვითა და გაბერილი მუცლით, ხის ზედა ტოტებზე იცოხნებოდა. სათითაოდ არჩევდნენ და ხვრეპდნენ Popowia-ს გვარის მოყვავილე მცენარის ნაყოფს. ჭამა მთელი დღის საქმეა და ისინიც, მწიფე ხილის რჩევაში გართულები, მარტივად ინაცვლებდნენ ხიდან ხეზე. ორანგუტანები, პრაქტიკულად, ნაყოფიჭამიები არიან – მათი რაციონის დაახლოებით 60% ხილისგან შედგება – თუმცა უარს არ ამბობენ ხის ქერქზე, ფოთლებსა და მწერებზეც. მსხმოიარობის ციკლები განსაზღვრავს ტყეში ორანგუტანების გადაადგილების მარშრუტს. ისინიც, თავის მხრივ, ხელს უწყობენ ტყის ფორმირებას – ტყეში მოგზაურობისას ავრცელებენ თესლს თავიანთი ექსკრემენტებით.
როგორც ჩანს, ბიბის და ბაიასს წარმოდგენა არ ჰქონდათ იმ სასიცოცხლო როლის შესახებ, რომელსაც ტყისთვის ასრულებდნენ და ძალიან მოწყენილებს ჰგავდნენ დამძიმებული ქუთუთოებითა და ზანტი მოძრაობებით. თუმცა შესაძლოა ეს ჩემი მიკერძოებული, ადამიანური აღქმა იყო და სინამდვილეში ორანგუტანების ჭეშმარიტ იდილიას ვჭვრეტდი. ჭექა-ქუხილმა რომ წვიმა გვამცნო, დაახლოებით 30 წლის ბიბიმ ასაკობრივი სიბრძნე გამოავლინა და მოკლეხნიანი წვიმისას ქოლგასავით დაიჭირა ფოთლებიანი ტოტები – რამდენიმე იარუსით ზემოთ მყოფი ბაიასი დასველდა.
შებინდებამდე და კისრის გაშეშებამდე მივყვებოდი მათ. არ მინდოდა რამე გამომპაროდა. ბოლოს ბიბიმ საკმაოდ მაღლა ტოტებისგან მოაწყო ბუდე. ბაიასიც მასთან მივიდა და ორივე ღამის გასათევად მოთავსდა.

გუნუნგ-პალუნგიდან წამოსვლამდე ენდრო სეტიავანმა ამ მრავალფეროვანი სამყაროს განსხვავებული ტური შემომთავაზა. ბილიკს მივუყვებოდით, როდესაც 43 წლის მეტყევე შეჩერდა და mandau (ადგილობრივი დაიაკების მაჩეტეს მსგავსი დანა) ამოაცურა წელზე მორგებული ქარქაშიდან. ლაპლაპა, დაკბილული პირით ხეს ქერქი ჩამოაჭრა და მერქანი გამოაჩინა. „დაყნოსე“, – მითხრა. ხეს ჭრილობაზე მივაჭირე ცხვირი. თითქოს მიწის სურნელი ჰქონდა… ცოტა მოტკბო. „ეს Dillenia-ს სურნელია“, – თქვა მან. შემდეგ იმავე ადგილას ყური მიმადებინა, რომ ხის სიმღერა მომესმინა – სუსტად მოშუშხუნე, როგორც მსუბუქი, ცქრიალა ღვინო.
აქ ტკბილად მოსაუბრე ინდონეზიელი ხეების ექსპერტი თავის სტიქიაში იყო – იმ ტყის საიდუმლოებებს მიმხელდა, რომელთა შესწავლასაც წლები შეალია. თავისი სტუდენტების გუნდთან ერთად იგი მუშაობს 39 საკვლევ ნაკვეთზე არსებული თითოეული ხის სახეობის დასადგენად და დეტალური მონაცემთა ბაზის შესაქმნელად. ისინი ვარაუდობენ, რომ ასეულობით სახეობა მიემატება უკვე ცნობილ ათასს. „მცენარეები მეცნიერების ფანჯარაა, – მითხრა მან, – თუკი მცენარეები და ხეები იცი, მაშინ ამ პარკის გული იცი. აქედან შეგიძლია შეისწავლო ყველაფერი ის, რაც ტყეზეა დამოკიდებული“.
სეირნობისას ვაკვირდებოდი, ვუსმენდი და ვყნოსავდი ხეებს. ენდრომ გიგანტურ Shorea-ზე მიმითითა. ხეს უზარმაზარი ფიცრისებრი ფესვები ჰქონდა, რომლებიც რაკეტის კილებს მოგაგონებდათ. იქ, სადაც მიწისქვეშა ფესვთა სისტემა მყიფეა, ამგვარი საყრდენები უზრუნველყოფს ხის სტაბილურობას – ასეთ ფესვებს ხშირად შეხვდებით ამ ტყის დომინანტ, გიგანტურ დიპტეროკარპებზე. ბორნეო ამ ოჯახის ხეების ცხელი წერტილია – აქ მათი დაახლოებით 270 სახეობა ხარობს. მან მახრჩობელა ლეღვზე მიმითითა და ამიხსნა, თუ როგორ აღმოცენდა ის თესლისგან, რომელიც სხვა მცენარის განტოტებაში გაღივდა, შემდეგ ნელა ჩაუშვა ფესვები მიწისკენ და საბოლოოდ მოახრჩო მასპინძელი.
მან მაჩვენა ბორნეული ხერკინის კუნძი – ტყისმჭრელების მსხვერპლი. ამ მარადმწვანე ხეს აქვს მკვრივი, მძიმე მერქანი, რომელსაც ძლიერ უფრთხილდებიან ადგილობრივები, თუმცა ის მშენებლებშიც დიდად ფასობს. ეს ხე, აღნიშნა მან, 45 მეტრი შეიძლებოდა გაზრდილიყო და ათასი წელი ეცოცხლა.
გაკვეთილი გრძელდებოდა და ნელ-ნელა ყველაფერი ცხადი გახდა: ხეები საკვებს სთავაზობენ ორანგუტანებსა და სხვა ძუძუმწოვრებს, ფრინველებს, რეპტილიებს, ამფიბიებს, მწერებს, სოკოებსა და მიკრობებს, თუმცა ბევრისთვის ხეები ასევე წარმოადგენენ სტრუქტურას, სეზონების კალენდარს, სატრანსპორტო სისტემას. სხვებისთვის ხეებია სათამაშო მოედანი, სკოლა, თავშესაფარი, ყველასთვის ერთად კი ისინი წარმოადგენენ ადგილს, სადაც მოდუნება შეიძლება – სახლს.
რამდენიმე დღით ადრე ტყის ჩარდახისკენ მიმავალს იმედი მქონდა, ამ ადგილის სიველურეს ცხოველური ძალით ვიგრძნობდი, მაგრამ ახლა ცხადი გახდა, რომ მე რაღაც უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი შევიგრძენი – აკვანი ყველაფრისა, რაც აქ ცოცხლობს. ენდრო დამეხმარა, რომ დამენახა: არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, იმაზე უფრო დიდებული, ვიდრე ჰაბიტატი, რომელიც ყოველივე ამას შესაძლებელს ხდის.
ჯენიფერ ს. ჰოლანდი დიდი ხანია თანამშრომლობს National Geographic-თან. წელს მაისში მისი ავტორობით დაიბეჭდება წიგნი: „ძაღლის ჭკუა: ცხოვრების შემცვლელი გაკვეთილები ძაღლის ინტელექტის შესახებ“.
სრული ვერსია იხილეთ ჟურნალის ბეჭდურ ვერსიაში