ბრაზილიის სერადუს წარმავალი სილამაზე
სოფლის მეურნეობის სწრაფი აღმავლობა ფარული საოცრებებით სავსე უზარმაზარ სავანას გარდაქმნის. აქ მოგითხრობთ იმაზე, თუ რა ხდება, როდესაც პროგრესი წინ უსწრებს ეკოსისტემის დაცვის მნიშვნელობის გააზრებას.
ბრაზილიის სერადუს წარმავალი სილამაზე
სოფლის მეურნეობის სწრაფი აღმავლობა ფარული საოცრებებით სავსე უზარმაზარ სავანას გარდაქმნის. აქ მოგითხრობთ იმაზე, თუ რა ხდება, როდესაც პროგრესი წინ უსწრებს ეკოსისტემის დაცვის მნიშვნელობის გააზრებას.
მას სერადუს უწოდებენ, რაც პორტუგალიურ ენაზე „დახურულს“ ნიშნავს და, როგორც ჩანს, ცენტრალური ბრაზილიის ეს უზარმაზარი ტროპიკული სავანა თითქმის მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მოწყვეტილი იყო სამყაროს დანარჩენი ნაწილისგან. თუმცა იქ ადამიანები ცხოვრობენ. მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფები ამ მკაცრ ველურ ადგილებში ქვის ხანიდან ბინადრობენ, ხოლო კოლონიურ პერიოდში, მონობისგან თავის დასაღწევად ადამიანები ხშირად გორაკებს მიღმა აფარებდნენ თავს, სადაც მჭიდრო თემებს ქმნიდნენ, მიწათმოქმედებას ეწეოდნენ და ბინადარი ცხოვრების წესს მისდევდნენ. ასეთი შემთხვევების გარდა, საუკუნეთა განმავლობაში იქ შეღწევას თითქმის ვერავინ ბედავდა.
სერადუს რელიეფი სტუმრებს აფრთხობდა. მისი გადაკვეთა თითქმის შეუძლებელი იყო. სერადუს უმეტესი ნაწილი ხშირი და გადახლართული დაბალი ხეებითა თუ ბუჩქებით არის დაფარული და გველებითაა სავსე. სიმწვანით ის მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მის ჩრდილოეთით მდებარე ამაზონის დიდებულ ტყეებს. სერადუს შემსწავლელი ზოგიერთი მეცნიერიც კი მას მახინჯს უწოდებს; ამ ბუჩქნარიან მიწას campo sujo-ს უწოდებენ, რაც „ბინძურ მინდორს“ ნიშნავს.
მაგრამ მთავარი მიზეზი იმისა, რომ სერადუ, მკვიდრი ხალხებისა და თავშესაფრის მაძიებელთა გარდა, არავის აინტერესებდა, ის იყო, რომ იქ ვერავინ ნახა შემოსავლის მიღების წყარო. იქ არც მაგარი მერქანია, არც ალმასი და არც ნავთობი. ნიადაგი მეტად მჟავეა და მომაკვდინებელია არამკვიდრი მცენარეების უმეტესობისთვის, ხოლო ექვსთვიან მშრალ სეზონზე ტერიტორიას ხშირად ხანძარი ანადგურებს. XX საუკუნის შუა ხანებამდე კაპიტალისტები სერადუს უსარგებლო უდაბნოდ მიიჩნევდნენ.
1950-იან წლებში ბრაზილიამ მოიფიქრა, როგორ გამოეყენებინა ის. სახელმწიფომ, რომელიც გლობალურ ეკონომიკურ ასპარეზზე გასვლას ცდილობდა, ახალი დედაქალაქის აშენება გადაწყვიტა. ამგვარად, სერადუს შუაგულში მდებარე ნაწილი გაიწმინდა და იქ ქალაქი ბრაზილია წამოიმართა. ახლა იქ ხუთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის რაოდენობით ქალაქი მეოთხე ადგილზეა სან-პაულუს, რიო-დე-ჟანეიროსა და ბელუ-ორიზონტის შემდეგ.
უკვე 1970-იან წლებში კი სამთავრობო ლაბორატორიაში მომუშავე ბრაზილიელმა მეცნიერ-აგრონომებმა კირის შემცველი სასუქი დაამზადეს, რომელმაც სერადუს უნაყოფო ნიადაგი გარდაქმნა და სასაქონლო კულტურების მოყვანა რეალობად აქცია. ინდუსტრიული სარწყავი სისტემები კარგად უმკლავდებოდა მშრალ სეზონს, ცეცხლს კი სახანძრო ბრიგადები აქრობდნენ. სერადუმ კარი გაუღო ბიზნესს.
ბულდოზერებმა და ტრაქტორებმა სერადუს ათასობით კვადრატული კილომეტრი მიწა გაწმინდეს, სადაც სიმინდი, შაქრის ლერწამი და მეტწილად სოია დათესეს, შემდეგ კი სატვირთო მანქანებით საზღვაო პორტებში გადაზიდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროდუქცია ჩინეთმა, აშშ-მა და ევროპამ იყიდა და მიწის გაწმენდა უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა. მსოფლიოს უმსხვილესმა აგრარულმა კორპორაციებმა მასშტაბური, სპეციალიზებული მეურნეობები დააარსეს. ბრაზილიის ეკონომიკა სწრაფად გაიზარდა. სულ უფრო მეტ მიწას ამუშავებდნენ. საზღვარი აღარ ჩანდა. სერადუს ტერიტორიას, მსოფლიო ბანკის 2021 წლის ანგარიშით, აქვს „უდიდესი აგრარული პოტენციალი ჩვენს პლანეტაზე“.
საჯარო მოხელეებთან და ფერმის მუშებთან ერთად, სერადუში ბიოლოგების ახალი თაობაც ჩავიდა – უმეტესობა ბრაზილიის უნივერსიტეტიდან. ისინი ამ მეტწილად უცნობი რეგიონით დაინტერესდნენ, რომლის შესწავლაც მეცნიერებს ყოველთვის ნაკლებმნიშვნელოვნად მიაჩნდათ ამაზონთან შედარებით. უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში მეცნიერთა ამ ტერიტორიით დაინტერესება იზრდებოდა მიუხედავად იმისა, რომ ის თანდათანობით „ეკოლოგიური მსხვერპლშეწირვის ზონა“ ხდებოდა. ექსპერტები აღნიშნული ტერმინით აღწერენ ტერიტორიებს, რომლებსაც არ გააჩნია საიმედო ეკოლოგიური დაცვა და ადამიანის სამომხმარებლო საჭიროებებს ემსახურება. სწორედ მაშინ დაიწყო სერადუს დიდი საიდუმლოების გამჟღავნება.
ის ფაქტი, რომ ადამიანთა უმეტესობა ათასწლეულების განმავლობაში არიდებდა თავს ამ ტერიტორიაზე შესვლას, როგორც ჩანს, იდეალური სტრატეგია აღმოჩნდა მისი გამორჩეული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის. ბრაზილიის უნივერსიტეტისა და სხვა კვლევითი დაწესებულებების გამოთვლით, აქ 11 000-ზე მეტი სახეობის მცენარე იზრდება, რომელთა 40% სხვაგან არსად გვხვდება. სერადუში ფრინველების 800, თევზების 1200 და მწერების 90 000 სახეობაა გავრცელებული. აქ შეხვდებით ოქროსფერბეწვიან, ოჩოფეხა ფაფრიან მგელს, ასევე გიგანტურ ჭიანჭველაჭამიას, რომლის სიგრძე ორ მეტრს აღწევს მისი ნახევარმეტრიანი ენის გარეშე. ითვლება, რომ აქ, ბიოლოგიური თვალსაზრისით მსოფლიოს უმდიდრეს სავანაში, დედამიწის ცხოველთა და მცენარეთა სახეობების დაახლოებით 5% ბინადრობს.
თუმცა მისი რეალური საიდუმლო უხილავია. სერადუში ნიადაგის შრე ძალიან ღრმაა, ზოგან 25 მეტრის სიღრმესაც აღწევს. მშრალი სეზონისა და ხანძრების დროს გადარჩენისთვის მრავალ მცენარეს ღრმად მიმავალი მძლავრი ფესვთა სისტემა განუვითარდა. სერადუს ბიომასის უდიდესი ნაწილი მიწისქვეშაა. ბიოლოგები, რომლებიც ამ ფარულ სამეფოს იკვლევენ, სერადუს თავდაყირა ტყეს უწოდებენ.
სერადუს მიწისქვეშა სამყარო ფასდაუდებელ ეკოლოგიურ სამსახურს სწევს. ნახშირბადის ეს უზარმაზარი საცავი კარგად ჩამარხულ ფესვებში მილიარდობით ტონა ნახშირორჟანგს ამწყვდევს. სერადუს ტერიტორიების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად გადაქცევა (დღესდღეობით ეს მაჩვენებელი 1600 ჰექტარზე მეტს შეადგენს დღეში) სათბურის აირს გამოათავისუფლებს. ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) მონაცემებით, ყოველწლიურად, სერადუს ტრანსფორმაციით გამოწვეული ემისია 50 მილიონი ავტომობილის წლიური გამონაბოლქვის ტოლფასია.
ღრმა ნიადაგი ღრუბლის ფუნქციასაც ასრულებს. ის სეზონური წვიმების წყალს უზარმაზარ მიწისქვეშა რეზერვუარებში ინახავს. გეოლოგების აზრით, ეს წყალშემცველი ფენა სამხრეთ ამერიკის 12 უდიდესი მდინარის აუზიდან რვის სათავეებს კვებავს. სერადუს მიწისქვეშა რეზერვუარები წყლით მთელ კონტინენტს ამარაგებს. თუ ამაზონი ფილტვებია, სერადუ – გულია.
იმ ადგილამდე რომ მიაღწიოთ, სადაც სერადუს პულსი თავდაპირველი სახით ისინჯება, ქალაქ ბრაზილიიდან ჩრდილოეთით უნდა წახვიდეთ. გზა ჯერ გარეუბნისკენ, შემდეგ კი პირდაპირ ინდუსტრიული მეურნეობებისკენ მიემართება. ჰორიზონტზე სოიის ნათესებია გადაჭიმული. ტრაქტორები მინდვრებში პესტიციდებს აფრქვევს – ბრაზილიელი გარემოსდაცვითი ჟურნალისტების ანგარიშით, ყოველწლიურად დაახლოებით 600 მილიონ ლიტრს. „მიწა განადგურებულია“, – ამბობს ბრაზილიელი ეკოლოგი პაულუ ოლივეირა. ხოლო სოიის უდიდესი ნაწილი მთელ მსოფლიოში გადის ექსპორტზე არა ადამიანთა, არამედ პირუტყვის გამოსაკვებად. მსოფლიო საქონლის ხორცს ითხოვს.
სერადუ „ეკოლოგიური მსხვერპლშეწირვის ზონა“ ხდება – მაშინაც კი, როდესაც მისი უდიდესი საიდუმლოებები მჟღავნდება.
რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ გორაკები წამოყოფს თავს, უკიდეგანო სავარგულები სადღაც ქრება და სერადუ წარმოჩნდება თავისი ბუნებრივი სახით. რელიეფი ცოტა უცნაური შეიძლება მოგეჩვენოთ. ტოქსიკური ნიადაგი ხეების ზრდას აფერხებს. ღეროები დახრილი და დაგრეხილია. ხშირი ხანძარი ტოტების ბოლოებში კვირტებს წვავს. მათ ახალი კვირტები ცვლის, რომლებიც მრუდედ იზრდება. შემდეგ ისინიც იწვება და ყველაფერი ისევ თავიდან იწყება. ბოლოს უჩვეულოდ დაგრეხილი ტოტების ერთობლიობას ვიღებთ.

რუკა: სორენ უოლჯასპერი, NGM-ის თანამშრომელი
წყარო: არიანე როდრიგესი, ვერმონტის უნივერსიტეტი; MAPBIOMAS
თუმცა, სერადუს ყველა ლანდშაფტი ასე უცნაურად არ გამოიყურება. ის უზარმაზარი, ურთიერთდაკავშირებული ბიომია, რომელიც მრავალგვარი უფრო მომცრო ეკოსისტემისგან შედგება. სიღრმეში შესვლისას, ქალაქ ბრაზილიიდან დაახლოებით 250 კილომეტრში, შაპადა-დუს-ვეადეირუსს მიუახლოვდებით, სერადუს ეროვნული პარკებიდან ერთ-ერთს, სადაც, ზოგიერთ ადგილას, დაბურული ტყის ჩარდახის ქვეშ მძლავრი მდინარეები მოედინება. აქ ტურისტული ქალაქი ალტუ-პარაისუა („მაღალი სამოთხე“), რომელსაც მნახველები, ძირითადად ბრაზილიის სხვა კუთხეებიდან, მუდმივად სტუმრობენ, სალაშქრო გიდებს ქირაობენ, მდინარეებზე ისვენებენ და სერადუს მიწიდან მოპოვებულ სხვადასხვა ზომის ბროლის ნამტვრევებს „აურის გამწმენდ“ სუვენირებად ყიდულობენ.
სწორედ აქ გადის სერადუს ბრძოლის ხაზი, სადაც ერთ მხარეს დგანან ადამიანები, ვისთვისაც ეს მისტიკური ადგილი ბუნებრივი სახითაა ფასეული, ხოლო მეორე მხარეს – ისინი, ვინც ცდილობს მიწა საკუთარ სურვილებს დაუქვემდებაროს. გარემოსდაცვითი რეგულაციებით სერადუს 10%-ზე ნაკლები ფართობია დაცული. ეს ძირითადად საშტატო პარკები და მრავალფუნქციური ტერიტორიებია, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და კულტურული მცენარეები მოჰყავთ. სრულ ფედერალურ დაცვას ტერიტორიის მხოლოდ 3% ექვემდებარება. შედარებისთვის, ამაზონის ტერიტორიის დაახლოებით ნახევარია დაცული. სერადუს მთლიანი ფართობის დაახლოებით ოთხი მეხუთედი უკვე დაზიანდა ადამიანის საქმიანობის გამო. თითქმის ყველა ცვლილება უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში მოხდა. ზუსტად არავინ იცის, რამდენი უნიკალური მცენარის და ცხოველის სახეობაა უკვე დაკარგული.
საერთაშორისო კონსერვაციის ორგანიზაციებმა, როგორებიცაა WWF და Global Witness, აგრეთვე ბრაზილიურმა ჯგუფებმა, როგორიცაა „სერადუს დაცვის ეროვნული კამპანია“, ძალისხმევა გააძლიერეს. ისინი მიზნად ისახავენ სერადუსა და იქ არსებული საფრთხილო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ბრაზილიის მთავრობას მისი ხელუხლებლად დარჩენილი ტერიტორიების დაცვისკენ მოუწოდებენ. მეტყევეობის ბრაზილიელი სპეციალისტების ჯგუფმა 2017 წელს გამოაქვეყნა ცნობილი ანგარიში, რომლის თანახმადაც სერადუს ნიადაგის ძირითადი ფენები, რომლებიც ენდემური სახეობების უმეტესობას შეიცავს, საგანგაშოდ ნელა აღდგება. თითქმის უშედეგო აღმოჩნდა ბიომრავალფეროვნების აღდგენა გაკაფულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც 20 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მიტოვებული.
როგორც ჩანს, ბრაზილიელი კანონმდებლები ზოგჯერ თანხმდებიან, რომ მოხმარება და კონსერვაცია შეიძლება თანაარსებობდეს. იმავე სამთავრობო ლაბორატორიას, რომელმაც თავდაპირველად სერადუს აგრარული განვითარებისთვის სასუქი შექმნა, ახლა გაუმჯობესებული ვერსიის შემუშავება დაევალა მოსავლიანობის გასაზრდელად, რაც ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას შექმნის დამატებითი მიწების ათვისების გარეშე. ამ დრომდე პროგრესი მოკრძალებული ტემპით მიმდინარეობდა. ბრაზილიელი ლიდერები მეტ გარემოსდაცვით ზომებს იღებენ გაუტყეურების ტემპის შესამცირებლად. ამავდროულად, ისტორიული ბალახნარების დიდი ფართობების გადახვნა გრძელდება. როგორც ჩანს, კანონმდებლებს არ აქვთ ისეთი რეგულაციების ამოქმედების ხალისი, რომლებიც უარყოფითად იმოქმედებს შემოსავლებზე.
ეჭვგარეშეა, რომ აგრობიზნესი ხელს უწყობს ბრაზილიისა და გლობალური ეკონომიკის წინსვლას. ამავდროულად, „სერადუს დაცვის ეროვნული კამპანია“ და სამეცნიერო ჟურნალისტები იუწყებიან გავრცელებული მოსაზრების შესახებ, რომ მნიშვნელოვანი არაფერი იკარგება – სოფლის მეურნეობის ლობისტები კანონმდებლებს არწმუნებენ, რომ სერადუს უკანასკნელი ხელუხლებელი ადგილები ერთი უნაყოფო და დაუსახლებელი რეგიონებია, რომლებიც შემოსავლად გადაქცევას უცდიან.
ველის ტაპირი (მარცხნივ) სეირნობს ბრაზილიის ემასის ეროვნულ პარკში, სერადუს ერთ-ერთ იშვიათ ნაკრძალში. პარკს სულ უფრო მეტად ემუქრება ისეთი საფრთხეები, როგორიცაა ტყის ეს ბოლოდროინდელი ხანძარი (მარჯვნივ), რომელიც მიმდებარე შაქრის ლერწმის პლანტაციაში გავრცელდა.
ლუსიანა სანტუსი სხვა აზრზეა. ის სერადუში დაიბადა და დღემდე იქ ცხოვრობს მეუღლესთან და ოთხ პატარა ქალიშვილთან ერთად. მისი ოჯახი ერთი თემის, კილომბუდ წოდებული სოფლების ერთობლიობის, წარმომადგენელია, რომლის პირველი წევრები დაახლოებით 250 წლის წინ გაექცნენ მონობას. აქ, შაპადა-დუს-ვეადეირუსის ეროვნული პარკის გადაღმა მდებარე გორაკებზე, გზები მოუკირწყლავია და ელექტროენერგიას ჯერ კიდევ არ მიუღწევია ყველაზე შორეულ, ჩალით გადახურულ სახლებამდე.
ამჟამად სერადუში 44 კილომბუ და დაახლოებით 80 მკვიდრი ეთნიკური ჯგუფია, რომელთა წინაპრები აქ ევროპელთა გამოჩენამდე სახლობდნენ. ზოგიერთი ნადირობით ირჩენს თავს, ზოგი მიწას ამუშავებს, ზოგი თევზს იჭერს ან მესაქონლეობას მისდევს. ყველა თავთავიანთ ყაიდაზე ცხოვრობს. სერადუს მოსახლეობის ზუსტი აღწერა რთულია, მაგრამ ითვლება, რომ აქ ტრადიციულად ცხოვრობს მიწაზე დამოკიდებული დაახლოებით 100 000 ადამიანი. ზოგიერთ ჯგუფს არ აქვს კანონიერი უფლებები თავიანთ ტერიტორიებზე და მათი მომავალი, სავარაუდოდ, სასამართლო დავებითა და მიწაზე უფლებებისთვის ბრძოლით იქნება სავსე.
თემი, რომლის წარმომადგენელიც სანტუსია, ტურიზმშია ჩართული. მათ მიაჩნიათ, რომ სერადუს გაზიარებით ხელს შეუწყობენ მის შენარჩუნებას. არ სურთ, რომ ბულდოზერები მათ ბორცვებს მიუახლოვდნენ, რადგან ყველაფერს დაკარგავენ. ისინი მიესალმებიან ყველა სტუმარს, რომელიც მზად იქნება შორი გზა გამოიაროს ქალაქ ბრაზილიიდან.
სანტუსი გიდია. კილომბუს ბილიკებზე სეირნობისას იგი ბუჩქებისა და ხეების ქაოსში არჩევს უცხოელთათვის შეუმჩნეველ ინგრედიენტებს, რომელთაც რეგულარულად იყენებს. „ამ ფოთლებით მზადდება ლოსიონი კანის მოვლისთვის. ამ ფოთლების ჩაი კუნთების ტკივილს ამსუბუქებს. ეს კარგია მწერების ნაკბენისთვის“, – ამბობს იგი.
ბილიკზე პატარა შავი ბაყაყები დახტიან. „როდესაც წვიმაა მოსალოდნელი, მაშინ იქცევიან ასე“, – ამბობს იგი. რამდენიმე წუთში წვიმაც იწყება. სანტუსმა ბუნების შესახებ ცოდნა ბებიისა და დედისგან მიიღო. „გარკვეული ცოდნა – მამაკაცებისგანაც, მაგრამ მათგან სწავლა უფრო რთულია“. პირობას დებს, რომ ამ ცოდნას ქალიშვილებს გადასცემს. „არ დავუშვებ ჩვენი კულტურის გაქრობას“.
ზოგჯერ სატვირთო მანქანებით შეფუთული საქონელი ჩამოდის, მაგრამ მის თემს, ისევე როგორც ყველა კილომბუს, მთლიანად შეუძლია აწარმოოს საკუთარი მოხმარებისთვის საკმარისი საკვები. ასე იქცეოდნენ საუკუნეთა განმავლობაში, ამუშავებდნენ მიწას და მოჰყავდათ ბრინჯი, ლობიო, გოგრა, კასავა.
Mauritia flexuosa-ს სახეობის პალმა გადასახურ მასალას და ცხიმიან ნაყოფს გვაწვდის, მანგაბას ხე – Hancornia speciosa – ტკბილ, ქლიავის მსგავს ნუგბარს. მაგრამ, როგორც სანტუსი ამბობს, ადგილობრივი ფავორიტი ნამდვილად პეკია – Caryocar brasiliense, ადგილობრივი ხილი, რომელიც რთულია საჭმელად და ცოტა საშიშიც, რადგან შიგნით ნემსისებრი ეკლები აქვს და ფრთხილად უნდა მოაცალოთ. ოდნავ დაკრავს მომწარო ლიმონისა და ჩედერის (ყველი) გემო, გასინჯვისთანავე ყველას არ მოეწონება, თუმცა იმისთვის, ვინც გემოს შეეჩვევა, პეკი ხშირად ძვირფასი დელიკატესი ხდება.
სანტუსის აზრით, პეკი თვითონ ჰგავს სერადუს. თუ სწორად მიუდგებით, მის ეკლებსა და უჩვეულობას არამარტო მოითმენთ, შეგიყვარდებათ კიდეც. „არასოდეს მქონია სხვაგან ცხოვრების სურვილი“, – ამბობს იგი. ერთისთვის უდაბური ადგილი მეორისთვის სასწაულია.
სერადუს ველური დიდება რომ იხილოთ და შუადღის მცხუნვარებასაც თავი აარიდოთ, ზოგჯერ გიდის თანხლებით გათენებამდე უნდა გაეშუროთ ეროვნული პარკის ბილიკებზე. თქვენ თავზე დამაგრებული ფარნის გარშემო ფარვანები დაფრინავენ, ბროლის ფრაგმენტები სიბნელეში ბრწყინავს. ბაყაყები ყიყინებენ. ჭრიჭინები ჭრიჭინებენ. მზის პირველ სხივებს მწერების კაკოფონია ეგებება. ზოგიერთი ბგერა ელექტროხელსაწყოებისას წააგავს, ზოგიც ჩასაბერი საკრავის, სასტვენისა ან საყვირის ხმას ჰგავს. უსასრულო და მჩქეფარე სიცოცხლეს შეიგრძნობთ.
თუ ამაზონი ფილტვებია, მაშინ სერადუ გულია და ზოგან ის ჯერ კიდევ ძლიერად ფეთქავს.
ყველგან ხეების დაგრეხილი ტოტებია – სერადუს მთავარი თავისებურება – ხვიარა მცენარეები მოშვებული მავთულებივით კიდია. ქვეტყიდან გვიმრის ფოთლები სინათლისაკენ მიისწრაფვის. მწვანე ფონზე მიმობნეული ჟასმინი და ჰიბისკუსი მეწამულ და წითელ ფერებად ელვარებს. ლურჯი მორფო პეპელა კი არა, მოფარფატე ფერადი მინა გეგონებათ.
ჰაერი საბანივით მძიმეა და ირგვლივ თიხნარის სურნელი ტრიალებს. ტერმიტების ბუდეები მიწიდან ჯადოქრის ქუდებივით ამოწვერილან. ჩასუქებული ხვლიკი მიცოცავს და დროდადრო ენას ყოფს. შავი ჭიანჭველები ბუდეში ფოთლებს მიათრევენ. ეს სცენა პაწაწინა ვინდსერფერთა მსვლელობას ჰგავს. ფრინველები მუდამ თან გდევენ: თუთიყუშები, კოლიბრები, მემატლიები, ქორები. ხის კენწეროებთან ჭრელი მაკაოების განუყრელი წყვილი დაფრინავს.
ადგილობრივი ფაბლუ არაუჟუ (მარცხნივ) ჭიანჭველების დიდ ბუდეს აკვირდება ემასის ეროვნულ პარკში. ეს ბორცვები გიგანტურ ჭიანჭველაჭამიას იზიდავს. მშრალი სეზონი შეიძლება მკაცრი იყოს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მეწამული ჟაკარანდა (მარჯვნივ) მაინც ყვავილობს.
ბილიკი უფრო ციცაბო ხდება. ჭექა-ქუხილის მსგავსი ხმა ისმის და არ ჩერდება, თანდათან უფრო ძლიერდება და მწერების ზუზუნსაც ახშობს. შემდეგ ტყე ფარდასავით იხსნება და მოშიშვლებული კლდოვანი ბორცვიდან სერადუს ხედი იშლება. აქ არ არის სასოფლო-სამეურნეო მიწები. ხელუხლებელ სიმწვანეს ღრმა და ციცაბო კანიონი კვეთს. კლდოვან შვერილებზე მდინარე ხმაურით მიედინება. მძვინვარე ჩანჩქერები, მათი ხმა რომ ქუხილი გვეგონა, ნისლის ღრუბლებს წარმოქმნის. თავბრუდამხვევი და შთამბეჭდავი სანახაობაა. ბრაზილიის გული კვლავ ძლიერად ფეთქავს.
მაგრამ, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს?
შაპარადა-დუს-ვეადეირუსის ეროვნული პარკის დირექტორი, 37 წლის ბიოლოგი ნაიარა სტაკესკი ამბობს, რომ მომავლის ეშინია. ათ წელიწადზე ნაკლებ დროში სერადუმ შეიძლება მიაღწიოს გარდამტეხ წერტილს, როდესაც მიყენებული ზიანი შეუქცევადი გახდება. „ეს ყველაფერი შეიძლება უდაბნოდ იქცეს და ყველა წააგებს, ვინც სერადუზეა დამოკიდებული“, – ამბობს იგი.

სერადუზე ფოკუსირებული ბევრი ბრაზილიელი მეცნიერი ეთანხმება იმ აზრს, რომ ძნელია პროგრესის და კონსუმერიზმის ძალის შეჩერება ან თუნდაც შენელება. „მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი“, – ამბობს გუარინუ კოლი, ბრაზილიის უნივერსიტეტის ეკოლოგიის პროფესორი, რომელიც სერადუს ხვლიკებსა და გველებს შეისწავლის. იგი აღნიშნავს, რომ ისეთ ადგილებზე კი არ უნდა ვწუხდეთ, როგორიც ამაზონის ტროპიკული ტყეა, რომლის დასაცავად ადამიანები მზად არიან ფულადი შემოწირულების გასაღებად და საბრძოლველად, არამედ, უნდა ვკონცენტრირდეთ ნაკლებად ცნობილ, დაუცველ ტერიტორიებზე, რომლებმაც შესაძლოა ჩვენი ბედი განსაზღვრონ. როგორ ვეპყრობით სერადუს, განზოგადებულად გვიჩვენებს, თუ როგორ მოვეპყრობით მსოფლიოს უდიდეს ნაწილს. მარტივი მოგვარების გზები არ არსებობს. იაფი პროდუქტი ყველას უნდა. თუ სერადუს მიწებს არ დავამუშავებთ, სადმე სხვაგან მოგვიწევს ამის გაკეთება. ყოველდღიურად რვა მილიარდ ადამიანს სჭირდება კვება. საკუთარი ეკონომიკის განვითარებას ყველა ქვეყანა ცდილობს. დამნაშავე არავინაა და ამავდროულად ყველა დამნაშავეა. სოიაზე მოთხოვნა იზრდება და თითქმის ეჭვგარეშეა, რომ სავარგულები კიდევ გაფართოვდება. სერადუ შეიძლება აღმოჩნდეს ის ადგილი, რომელიც ბევრს არავის მოენატრება, სანამ მისი ბიომრავალფეროვნება სამუდამოდ არ გაქრება.
National Geographic-ის დიდი ხნის კონტრიბუტორ მაიკლ ფინკელს რეპორტაჟები მომზადებული აქვს 50-ზე მეტი ქვეყნიდან. იგი ბესტსელერი წიგნების (The Art Thief, Stranger in the Woods) ავტორია.