ბრძოლა ვირუნგისთვის
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პარკის გადარჩენა


ბრძოლა ვირუნგისთვის
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პარკის გადარჩენა
ვირუნგის ეროვნული პარკისკენ მიმავალი გზის შეკეთებაზე მომუშავე ჭრელ ჯგუფს რეინჯერი ზედამხედველობდა; უყურებდა და ხვდებოდა, რამდენი საერთო ჰქონდა ამ შვიდ ახალგაზრდასთან; ყველანი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ კიდეზე მდებარე პარკსა და მის შემოგარენში დაიბადნენ და გაიზარდნენ. არც ერთი იყო მდიდარი და არც არასოდეს გამდიდრდებოდა. თითოეული მათგანი შეესწრო აბსოლუტურად ულოგიკო, დაუმთავრებელ ომსა და საყვარელი ადამიანების უეცარ სიკვდილს.
ახლა ისინი პარკს ემსახურებიან, ორმოებს ავსებენ და სადრენაჟო არხებს წმენდენ, რაც იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ 14-კილომეტრიანი მოხრეშილი გზის შეკეთება: ეს გზა უერთდება ბუკიმის საგუშაგო პოსტს, რომელიც დასავლეთიდან მომავალ ტურისტებს ატარებს, მათგან შემოსული ფული კი აფრიკის ერთ-ერთ უძველეს ეროვნულ პარკს ხმარდება. სტუმრები აქ პარკის სახელგანთქმული ბინადრების, იშვიათი მთის გორილების ახლო მანძილზე სანახავად მოდიან.
ბუკიმის გზა პარკის მეზობელ ფერმერებს სოფლის ბაზრებთან და მოშორებით მდებარე ქალაქ გომასთან აკავშირებს. წლების განმავლობაში, ეს იყო დიდი ქვებისა და მოძრავი ქვიშის მსგავსი ტალახის ჭაობი. გზის გადალახვა შეუძლებელი იყო, რაც ისედაც რთულ ყოფას კიდევ უფრო ამძიმებდა. ახლა პარკი დიდ თანხებს ხარჯავს გზის რეკონსტრუქციაზე. ამ გზით სოფლის მოსახლეობა ეროვნულ პარკს უკავშირდება. თუმცა ხალხი არც ისე კეთილგანწყობილია პარკის მიმართ; თვლის, რომ მიწა ისევ მათ უნდა ეკუთვნოდეთ. სწორედ აქ გაიყარა რეინჯერის, კაპიტან თეო კამბალესა და ახალგაზრდა მამაკაცების გზა; კამბალე პარკის მიმართ უსაზღვრო მოწიწებას გრძნობდა, რაც მის გატკიცინებულ უნიფორმასა და საგულდაგულოდ გაპრიალებულ ფეხსაცმელში აკურატულად ჩაკეცილ მწვანე შარვალსაც ეტყობოდა. კამბალე 55 წლისაა და 31 წელია რეინჯერად მუშაობს. მამამისიც რეინჯერი იყო და 1960 წელს აფრიკულმა კამეჩმა იმსხვერპლა, უფროსი ძმაც რეინჯერი ჰყავდა და 2006 წელს შეიარაღებული დაჯგუფების წევრმა მოკლა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში მრავალი ასეთი დაჯგუფება აკონტროლებდა და აოხრებდა ვირუნგას.
სიღარიბეში გაზრდილ ამ ახალგაზრდა კაცებს დიდ უსამართლობად მიაჩნდათ, რომ ვირუნგას შეძლებული ტურისტების თვალის საამებლად, კანონი იცავდა. მოგვიანებით ისინი სახალხო რაზმ M23-ში გააწევრიანეს, რომელსაც კორუმპირებულ მთავრობასთან პრეტენზიები ჰქონდა, თუმცა თავად, აღმოსავლეთ კონგოში, პარკის სამხრეთ სექტორში ძარცვითა და ძალადობით გაჰქონდა თავი. წელიწადნახევრიანი ბრძოლის შემდეგ, 2013 წლის ბოლოს, კონგოს არმიამ გაეროს ჯარების დახმარებით, M23 აიძულა უკან დაეხია. სახალხო რაზმის ქვეითებს შორის, გაეროს მშვიდობისდამცველებმა და პარკის მესვეურებმა ეს შვიდი ახალგაზრდა ამოარჩიეს, რადგან მათი გადარჩენა და მობრუნება კიდევ შესაძლებელი იყო.
ბუკიმის გზაზე მუშაობა ძარცვასთან შედარებით უფრო რთული და ნაკლებად სარფიანი იყო. თუმცა, ყოფილი ამბოხებულები მაინც მუშაობდნენ. ხანდახან კამბალე გაესაუბრებოდა ხოლმე: „აქამდე ამ რეგიონში მხოლოდ შიშს თესდით, ახლა კი გზას აგებთ. ამიერიდან სხვა საქმის კეთებასაც შეძლებთ. თუმცა, საყოველთაო უსაფრთხოება თუ არ იქნება, შორს ვერ წახვალთ. ამიტომ, უთხარით თქვენს მეგობრებს, მიატოვონ შეიარაღებული დაჯგუფებები. ეს არ არის ცხოვრება. ეს კი, – ხელს გზისკენ იშვერდა, – ეს ცხოვრების დასაწყისია“.
რეინჯერს იმედი ჰქონდა, რომ მისი გზავნილი ჭკუაში დაუჯდებოდათ; კამბალემ იცოდა მათი ბიოგრაფია; იცოდა, რომ უმრავლესობა ძალდატანებით იყო ჩათრეული M23-ში. მკლავებსა და ზურგზე საშინელი იარები მოუჩანდათ – მათი ნახევრადმონობის კვალი. სისასტიკით დაღდასმულ ამ ოციოდე წლის ახალგაზრდების შემხედვარეს, საკუთარი ჭრილობა ახსენდებოდა, რომელიც სახალხო რაზმის შუბით მიაყენეს მარჯვენა ფეხზე. შეიძლება ითქვას, ეს ერთგვარი, ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობაა. თუ ისინი ომის იარების დავიწყებას შეძლებენ, იქნებ, ეს პარკიც გადარჩეს.
მსოფლიოში არ არსებობს ვირუნგის მსგავსი ეროვნული დაცული ტერიტორია, არც მასავით დალოცვილი და არც მასავით დაწყევლილი. დაახლოებით 800 000 ჰა ტერიტორია მოიცავს: მყინვარული წყლით მოსაზრდოვე მდინარეების ქსელს, აფრიკის დიდი ტბებიდან ერთ-ერთს, მზით გახუნებულ სავანებს, გაუკვალავ დაბლობ ჭარბტენიან ტყეებს, კონტინენტის ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალსა და მის ორ ყველაზე აქტიურ ვულკანს. ვირუნგა მასპინძლობს 700-ზე მეტი სახეობის ფრინველს (მათ შორისაა მოხდენილი დურაჯი და გრაუერის ჭაობის მგალობელი ფრინველი) და 200-ზე მეტ ძუძუმწოვარს (უცნაური გარეგნობის, ზებრასავით ზოლიანი უკანა კიდურების მქონე ოკაპისა და მსოფლიოში დარჩენილი 880 მთის გორილიდან 480-ის ჩათვლით). იქ, სადაც მდინარე სემლიკი ედუარდის ტბიდან გამოედინება, შორს კი რუვენზორის მთები მოჩანს, სადაც წყლის მოყვარული ბეჰემოთები ერთ ხმაში მოსთქვამენ, ძველი ბერძნული ქორეს მსგავსად, საიდანაც მცურავი სპილოებისა და დინჯად მოსიარულე ყარყატების, ახალამოსული მზის შუქით განათებული შეურყვნელი ცოცხალი სურათი მოჩანს. ადამიანი თითქოს პატარავდება, მუნჯდება და ხვდება, რომ ბუნების მოჩვენებითი დაუმორჩილებლობა დასასრულს უახლოვდება.
უკვე ორი ათწლეულია ვირუნგა საომარი მოქმედებების ზონაა. 1994 წელს კონგოს საზღვარი გადმოლახა მეზობელ რუანდაში დატრიალებულმა შემზარავმა ეთნოკონფლიქტმა, რომელიც ჰუტუს ეთნიკური ჯგუფის მიერ ტუტსის ეთნიკური ჯგუფის გენოციდით დამთავრდა. მოგვიანებით, ჰუტუ მეომრები და მილიონზე მეტი ლტოლვილი რუანდიდან გაიქცნენ და პარკის ტერიტორიაზე, კოშმარულად გადაჭედილ ბანაკებში დაბინავდნენ. მოგვიანებით, ჰუტუს ჯგუფის ნაწილმა დააარსა რუანდის გამათავისუფლებელი დემოკრატიული ძალები – ცნობილი ფრანგულენოვანი აკრონიმით FDLR – სწორედ ის სახალხო რაზმი, რომელმაც კამბალეს უფროსი ძმა მოკლა. კონგოში მცხოვრებმა ტუტსი მოსახლეობამ მათ სახალხო თავდაცვის ეროვნული კონკრესის – CNDP-ს დაარსებით უპასუხა, რომელმაც შემდეგ შვა 23 მარტის მოძრაობა, ანუ M23. ამ შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ წაქეზებულ ერთ სისხლიან ქმედებას მეორე მოჰყვა და პარკს სალეწი მანქანასავით გადაუარა.
მებრძოლთა დიდი ნაწილი, კონგოს არმიის ჯარისკაცების ჩათვლით, რომლებიც თითქოს ტერიტორიას იცავდნენ, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც დარჩნენ და პარკის ველური ბუნება გააჩანაგეს. ჯუნგლებში დღემდე ათასობით არიან შემორჩენილნი. ამას ემატება მაი-მაის (ადგილზე შექმნილი მილიცია) უამრავი წევრი, მეტად ცვალებადი განზრახვებითა და მიზნებით. რეინჯერების მიერ მათი განდევნის მცდელობებს სასიკვდილო დამსჯელი ზომებიც მოჰყოლია. გასულ მარტს ვირუნგის ცენტრალურ სექტორში ორი რეინჯერი დასაჯეს სიკვდილით. 1996 წლიდან მოკლულია 125 პარკის რეინჯერი.
ვირუნგას სხვა სახის ომიც ემუქრება – ნავთობის ძიება. ლონდონურმა ორგანიზაციამ Soco International-მა 2010 წელს მიიღო კონცესია, რომელიც უფლებას აძლევდა შეესწავლა ვირუნგის დაახლოებით ნახევარი, ედუარდის ტბის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით. ბუნების დამცველთა ოთხწლიანი უწყვეტი პროტესტის შედეგად, Soco-მ უკან დაიხია. თუმცა ახლა უკვე უგანდის მთავრობა იჩენს ინტერესს ნავთობის საძიებო სამუშაოების მიმართ, ტბის თავის კუთვნილ ნაწილში. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ პარკი და მისი ძვირფასი რესურსები ხელშეუხებელი ნამდვილად არაა.
აღმოჩნდა, რომ ვირუნგის ტერიტორიაზე, აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ნიადაგია. პარკის დაარსების დღიდან, 1925 წელს მსოფლიოს ერთ-ერთ უღატაკეს მოსახლეობას ჩამოერთვა უკიდურესად საჭირო ბუნებრივი რესურსი, რაც რეგიონის ოთხმილიონიან მოსახლეობაში მძვინვარე უკმაყოფილებას აღვივებს. უცოდინრობით თუ კანონის უგულებელყოფით, ბევრი პარკში ხეებს ჭრის ნახშირისთვის, მოჰყავს მარცვლეული და ხოცავს ტყის ბინადრებს, ზოგიც მაი-მაის უერთდება და პერიოდულად მასობრივი ძალადობის აქტებს აწყობს. ზოგიც არჩევნებში იყრის კენჭს – ძირითადად, პარკის გამათავისუფლებლის სახელით.
ეს ყოვლისმომცველი უკმაყოფილება არც თუ პატარა უბედურებაა. უფრო მეტიც, ვირუნგის არსებობასაც კი ეჭვქვეშ აყენებს. „საჭირო ოდენობის დაფინანსების მოზიდვას თუ ვერ შევძლებთ, არაფერი გამოგვივა, ესაა სიმართლე“, – ამბობს პარკის დირექტორი ემანუელ დე მეროდი.
რეგიონის არასტაბილურობის გამო, ვირუნგის მხოლოდ მეათედია გახსნილი მნახველებისთვის და რეალურად, მისი მხოლოდ ნახევარი ითვლება ტურისტებისთვის უსაფრთხოდ. პარკის VIP ბინადრები – 250-300 მთის გორილა, რომლებიც ადამიანებს ჰყავთ მოჩვეული, 80-კაციანი დაცვის მეთვალყურეობის ქვეშაა, ისე როგორც პრეზიდენტს ან რომის პაპს შეეფერებოდა. ვირუნგა ეროვნული საკუთრებაა, თუმცა კინშასას ხელისუფლება პარკის წლიური საოპერაციო ბიუჯეტის (8 მილიონი) მხოლოდ ხუთ პროცენტს უზრუნველყოფს. უმეტესი წილი ევროკავშირიდან, აშშ-ის მთავრობიდან და საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციებიდან მოდის. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს პირველი კლასის სასტუმრო „მიკენო ლოჯი” გაიხსნა გორილების სექტორთან ახლოს, ხოლო 2015 წლიდან ტბა კივუს კუნძულ ჩეგერაზე, ძვირადღირებულმა კარვების ბანაკმა დაიწყო სტუმრების მიღება, პარკის სტუმრების რაოდენობა მაინც ვერ მიუახლოვდა ომამდელი აყვავების ხანის მაჩვენებელს. ეს დროებითი საცხოვრებლები თითქმის ცარიელი იყო მთელი 2012-2013 წლების განმავლობაში, ვირუნგის უკანასკნელი სისხლისღვრის სეზონის, M23-ის ამბოხების დროს.
მომდევნო წლებში, პარკმა ისეთი პროექტების წყალობით დაიწყო აღორძინება, როგორიცაა ბუკიმის გზის მშენებლობა. მისი მიზანია, მოსახლეობას დაანახოს, რომ პარკის პატივისცემაც მომგებიანია. დე მეროდმა წამოიწყო ამბიციური, 166-მილიონიანი ჰიდროელექტრო პროექტი, რომელიც პარკის მდინარეების საშუალებით საოჯახო მეურნეობების მეოთხედის ელექტრიფიკაციას უზრუნველყოფს 2020 წლისთვის და შექმნის 60 000-დან 100 000-მდე სამუშაო ადგილს. მეროდს იმედი აქვს, რომ მშვიდობა დაისადგურებს – ამას კი ტურიზმის და, შესაბამისად, რეგიონის მოსახლეობის შემოსავლის ზრდა მოჰყვება, რაც კონგოს ამჟამინდელი დამარბეველი ციკლისგან სრულიად განსხვავებული ახალი ცხოვრების დასაწყისი იქნება.
დაიწყო ცოცხალი ბუნების თანდათანობითი აღდგენაც. 2007 წელს ნახშირით უკანონო მოვაჭრეების მიერ შვიდი მთის გორილის დახოცვის შემდეგ, მათმა პოპულაციამ ზრდა დაიწყო. ცენტრალური სექტორის ნაკრძალ ლულიმბიში, მოულოდნელად იმრავლეს ბეჰემოთებმა, სპილოებმა კი უგანდის უსაფრთხო სავანიდან დაიწყეს მდინარე იშაშის გადმოკვეთა და დაბრუნება. რეინჯერების აგრესიულმა ანტიბრაკონიერულმა ოპერაციებმა მკაფიო გზავნილი გადასცეს სპილოს ძვლისა და ნადირის ხორცით უკანონო მოვაჭრეებს: ვირუნგა აღარ არის ადგილი, სადაც ყველაფერი დასაშვებია!
„ლამაზი ადგილი იყო, – ერთ ნაშუადღევს მითხრა კამბალემ, როცა სასტუმრო „რუინდის“ ცენტრალურ სექტორში, სარეველაშეზრდილ ნანგრევებში მიაბიჯებდა – სასტუმრო ყოველთვის გადაჭედილი იყო. ყველა ველური ბუნების სანახავად და სურათების გადასაღებად მოდიოდა, იმდენი ცხოველი ხვდებოდათ“.
დღეს მხოლოდ ბაბუინები დაძვრებიან ჯაგნარში. ბუნგალოები, რესტორანი, აუზი – ყველაფერი დაცარიელდა და ოცწლიანი მტვერი დაედო. რეინჯერს ნაღვლიანი ღიმილი დასთამაშებდა, თვალები კი წარსულში ჩაკარგვოდა. ის „რუინდის“ საპატრულო პოსტთან დაიბადა და გაიზარდა. კამბალეს დაბადების წელს, 1960-ში, კონგომ ბელგიისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. მისი 15-მილიონიანი მოსახლეობა ახლანდელის ერთი მეხუთედი იყო. საკმარისზე მეტი მიწა იყო ფერმერებისა და ცხოველებისთვის. 1980-იანებში ახალგაზრდა რეინჯერ კამბალეს, ხანდახან ხეზე აძრომაც უწევდა, კამეჩს რომ არ გადაეთელა. როცა პარკს დიქტატორი მობუტუ სესე სეკო ეწვეოდა, კამბალეს საქმე იყო მობუტუს ანკესზე ცოცხალი ჭიაყელის წამოცმა. „მობუტუ დიდ პატივს სცემდა პარკს, – მითხრა კონგოს ეროვნული პარკების ქსელის იურისტმა მატიე სინგორომ, – აქ ვერავინ დაამუშავებდა მიწას, ვერ მოჭრიდა ხეს. უნებართვოდ შემოსვლასაც ვერ გაბედავდა“.
შემდეგ კი აქაურობას ლტოლვილები მოაწყდნენ. „ბევრნი იყვნენ და უმრავლესობას იარაღი და ტყვია-წამალი ჰქონდა, – იხსენებდა კამბალე, – ასე გაიზარდა მოსახლეობა და რადგან ამ ხალხს სურსათი არ ჰქონდა, პარკში უწევდა ნახშირის, ხის მასალისა და ხორცის ძიებაც კი“. ერთი შეიარაღებული ჯგუფი მეორეს წარმოშობდა. მათ შორის სხვაობა წაიშალა. კონგოელმა ჯარისკაცებმა მიატოვეს პოსტები და ბუშში გაუჩინარდნენ. ზოგი მაი-მაის შეუერთდა, რომელიც დროდადრო ერთიანდებოდა ჰუტუს დაფუძნებულ FDLR-თან ყველა ახალმოსულისა და რეინჯერების წინააღმდეგ.
1997 წელს, მობუტუს რეჟიმის დამხობის შემდეგ ყველაფერი, სახელმწიფო სტრუქტურის მსგავსი, ჩამოიშალა. ვირუნგის რეინჯერებს ხელფასი მკვეთრად შეუმცირდათ. როგორმე თავი უნდა გაეტანათ. ბევრი ამას ახერხებდა ფულის აღებით ბრაკონიერებისგან, რომლებიც უტიფრად იხმობდნენ კორუმპირებულ რეინჯერებს და მოკლული კამეჩის წამოსაღებად გზავნიდნენ. სხვა რეინჯერები ადგილობრივებს ერთგვარ ტალონებს ურიგებდნენ, რომელიც ნახშირისთვის ხე-ტყის მასალის შეგროვების უფლებას აძლევდა, იმ პირობით, რომ შემოსავლის მსუყე ნაწილი ვირუნგის უნიფორმიანებს გადაეცემოდათ – და შემდეგ კიდევ უფრო მაღლა გადაინაცვლებდა კვების ჯაჭვის სათავისკენ.
მაპუვას 22-წევრიანი ოჯახის უხუცესი, დომინანტი გორილა ჯუნგლებიდან გამოდის, რეინჯერების პატრულირებას რომ შეავლოს თვალი. ამ პარკმა წარმატებით შეძლო მთის გორილების დაცვა ძალადობისაგან.
ემანუელ დე მეროდი, რომელიც ცხრა თვის წინ ტყვიით სიკვდილს გადაურჩა, დაცვის თანხლებით დგას პარკის შტაბთან. ის უკვე რვა წელია უძღვება პარკს ომით დაუძლურებულ აღმოსავლეთ კონგოში.
პარკის საზღვარზე ფერმერები ამუშავებენ განსაკუთრებით ნოყიერ ნიადაგს. რეგიონის 4 მილიონი მოსახლე, თავის გასატანად, უნებართვოდ ჭრის ხეებს პარკში სიმინდის, სორგოს, მანიოკის და კარტოფილის მოსაყვანად.
მეძებარი ძაღლის დახმარებით, რეინჯერი ცდილობს ორ ბრაკონიერს მიაგნოს, რომლებმაც სპილო მოკლეს და თავის წინა ნაწილი მოაჭრეს, სწრაფად რომ ჩაეგდოთ ხელში ძვირფასი ეშვები.
რეინჯერები მათი კოლეგის, 27 წლის თეოდორ მბუსა მატოფალის კუბოს მიასვენებენ მის სოფელში. რეინჯერებს ხშირად უწევთ დაკრძალვებზე ყოფნა. 1996 წლიდან პარკის 152 რეინჯერია მოკლული.
ბერნადეტ კაჰინდო (მარჯვნივ) და მისი ქალიშვილი გიფტიც დააზარალა ბრძოლებმა. კაჰინდოს ქმარი, პარკის რეინჯერი ასანი სებუიორი მაპინე ამბოხებულებმა 2011 წელს მოკლეს. გიფტი 14 წლის ასაკში ამბოხებულმა გააუპატიურა და ეს ბავშვიც მისგან გაუჩნდა, ახლა რომ უჭირავს.
სანაპიროზე იწვის ჩამორთმეული ნავი. რეინჯერები ებრძვიან ედუარდის ტბაზე ჭარბ თევზაობას. აქ თევზაობა შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყაროა, მაგრამ თევზი ბეჰემოთების საარსებო საკვებიცაა.
რეინჯერები აკავებენ ხალხს პარკში უკანონო მეურნეობისთვის. ფერმერებს შეიარაღებული დაჯგუფებებიც აიძულებენ ხვნა-თესვას. მათ აპატიმრებენ ან ჯარიმას ახდევინებენ, შესაძლოა, განუმარტონ კიდეც, როგორ აზიანებს მათი საქმიანობა პარკს.
რუმანგაბოში, ობოლი მთის გორილებისთვის შექმნილ სენკვეკვეს ცენტრში, რეინჯერები დღე-ღამეს ატარებენ ოთხ მოზარდთან, რომლებსაც მშობლები დაუხოცეს. ადამიანთა დახმარების გარეშე, ობოლი გორილები ვერ ბრუნდებიან ხოლმე ველურ ბუნებაში.
ბარგის მტვირთავები ეზიდებიან ყველაზე დიდი ლავის ტბის მქონე ვულკან ნირაგონგოზე ამსვლელი ტურისტების აღჭურვილობას. ტურიზმიდან შემოსული ფულით პარკი თემებს ეხმარება.
რეინჯერი აკვირდება აფრიკის ყველაზე აქტიური ვულკანის, ნიამულაგირას წარმოქმნილ ლავურ ველს. 3058-მეტრიანი მწვერვალი, მის კალდერაში მოქცეული ახალი ლავის ტბით, დაახლოებით ყოველ ორ წელიწადში ამოიფრქვევა. წინა პლანზე ჩანს ბოლო ამოფრქვევის შედეგად დარჩენილი გოგირდის დანალექი.
მაპუვას 22-წევრიანი ოჯახის უხუცესი, დომინანტი გორილა ჯუნგლებიდან გამოდის, რეინჯერების პატრულირებას რომ შეავლოს თვალი. ამ პარკმა წარმატებით შეძლო მთის გორილების დაცვა ძალადობისაგან.
ემანუელ დე მეროდი, რომელიც ცხრა თვის წინ ტყვიით სიკვდილს გადაურჩა, დაცვის თანხლებით დგას პარკის შტაბთან. ის უკვე რვა წელია უძღვება პარკს ომით დაუძლურებულ აღმოსავლეთ კონგოში.
პარკის საზღვარზე ფერმერები ამუშავებენ განსაკუთრებით ნოყიერ ნიადაგს. რეგიონის 4 მილიონი მოსახლე, თავის გასატანად, უნებართვოდ ჭრის ხეებს პარკში სიმინდის, სორგოს, მანიოკის და კარტოფილის მოსაყვანად.
მეძებარი ძაღლის დახმარებით, რეინჯერი ცდილობს ორ ბრაკონიერს მიაგნოს, რომლებმაც სპილო მოკლეს და თავის წინა ნაწილი მოაჭრეს, სწრაფად რომ ჩაეგდოთ ხელში ძვირფასი ეშვები.
რეინჯერები მათი კოლეგის, 27 წლის თეოდორ მბუსა მატოფალის კუბოს მიასვენებენ მის სოფელში. რეინჯერებს ხშირად უწევთ დაკრძალვებზე ყოფნა. 1996 წლიდან პარკის 152 რეინჯერია მოკლული.
ბერნადეტ კაჰინდო (მარჯვნივ) და მისი ქალიშვილი გიფტიც დააზარალა ბრძოლებმა. კაჰინდოს ქმარი, პარკის რეინჯერი ასანი სებუიორი მაპინე ამბოხებულებმა 2011 წელს მოკლეს. გიფტი 14 წლის ასაკში ამბოხებულმა გააუპატიურა და ეს ბავშვიც მისგან გაუჩნდა, ახლა რომ უჭირავს.
სანაპიროზე იწვის ჩამორთმეული ნავი. რეინჯერები ებრძვიან ედუარდის ტბაზე ჭარბ თევზაობას. აქ თევზაობა შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყაროა, მაგრამ თევზი ბეჰემოთების საარსებო საკვებიცაა.
რეინჯერები აკავებენ ხალხს პარკში უკანონო მეურნეობისთვის. ფერმერებს შეიარაღებული დაჯგუფებებიც აიძულებენ ხვნა-თესვას. მათ აპატიმრებენ ან ჯარიმას ახდევინებენ, შესაძლოა, განუმარტონ კიდეც, როგორ აზიანებს მათი საქმიანობა პარკს.
რუმანგაბოში, ობოლი მთის გორილებისთვის შექმნილ სენკვეკვეს ცენტრში, რეინჯერები დღე-ღამეს ატარებენ ოთხ მოზარდთან, რომლებსაც მშობლები დაუხოცეს. ადამიანთა დახმარების გარეშე, ობოლი გორილები ვერ ბრუნდებიან ხოლმე ველურ ბუნებაში.
ბარგის მტვირთავები ეზიდებიან ყველაზე დიდი ლავის ტბის მქონე ვულკან ნირაგონგოზე ამსვლელი ტურისტების აღჭურვილობას. ტურიზმიდან შემოსული ფულით პარკი თემებს ეხმარება.
რეინჯერი აკვირდება აფრიკის ყველაზე აქტიური ვულკანის, ნიამულაგირას წარმოქმნილ ლავურ ველს. 3058-მეტრიანი მწვერვალი, მის კალდერაში მოქცეული ახალი ლავის ტბით, დაახლოებით ყოველ ორ წელიწადში ამოიფრქვევა. წინა პლანზე ჩანს ბოლო ამოფრქვევის შედეგად დარჩენილი გოგირდის დანალექი.
პარკის ტურისტების თავშეყრის ძველი ეპიცენტრი, „რუინდის“ სადგური კვლავ აკრძალული ზონაა. სექტორის მეთაურის კაბინეტის კედლები ტყვიებითაა დაცხრილული. გაეროს სამხედრო ბაზა მახლობლადაა განლაგებული. „რუინდიში” გამოკრულია ნიშნები, რომლებიც ადგილობრივებს მოუწოდებს განაცხადონ, თუ რეინჯერების საეჭვო საქმიანობას შეამჩნევენ.
ერთ გვიან დილით, კამბალემ და სხვა ორმა შეიარაღებულმა რეინჯერმა წამიყვანეს ედუარდის ტბის სამხრეთ ნაპირზე განლაგებულ, პარკის საზღვრებში მოქცეულ სოფელ ვიტშუმბიში. ოფიციალურად, ვიტშუმბი თევზის სარეწია ტბაზე თევზის ჭერის უფლების მქონე 400 ნავით, რომელიც უზრუნველყოფს დაახლოებით 5000 ადამიანს. რეალურად კი, ვიტშუმბი არის ბინძური ქალაქი ათასობით ნავითა და ალბათ, 40 000 მაცხოვრებლით, ელექტროენერგიისა და წყალგაყვანილობის გარეშე რასაც ვერ წაართმევ, ესაა მაი-მაის სახალხო რაზმი, რომელიც ვიტშუმბელ მეთევზეებსა და ფერმერებს მფარველობს დამატებითი გადასახადის სანაცვლოდ. კამბალესა და სხვა რეინჯერების თქმით, სახალხო რაზმს ზურგს უმაგრებენ პოლიტიკოსები, რომლებიც ბოროტმოქმედებს ნავებითა და იარაღით ამარაგებენ. „იყო დრო, როცა მაი-მაი შუბებითა და მაჩეტეებით იბრძოდა, ახლა პოლიტიკოსებმა იარაღი მისცეს“, – მითხრა ვიტშუმბის ახალგაზრდა რეინჯერმა და მარცხენა მკლავზე ნატყვიარი მიჩვენა – მაი-მაისთან ედუარდის ტბაზე უკანასკნელი შეხვედრიდან შემორჩენილი სუვენირი. მაშინ იქ ერთი რეინჯერი და შვიდი კონგოელი ჯარისკაცი მოკლეს.
პარკში გატარებული სამი კვირის განმავლობაში, არეულობამ სხვა ადგილებშიც ავისმომასწავებლად გაიელვა – ეული ჩირაღდანივით ღამის სიბნელეში. ვიტშუმბიში რეინჯერების ნავი მელოდებოდა, ჩრდილოეთით რომ წავეყვანე, ბეჰემოთების ანკლავ ლულიმბიში. გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე, შევიტყვე, რომ ჩემი მგზავრობა პარკის დაცვის სამსახურის დირექტორმა გადადო, დარეკა, რომ ტბა თავდასხმისგან არ იყო დაცული. ამ შემთხვევამდე სამი დღით ადრე კი, მთის გორილებით დასახლებულ სამხრეთ სექტორში, სულ ცოტა 300 სოფლელისგან შემდგარმა გაბრაზებულმა ფალანგამ „მიკენო ლოჯის” მიმდებარე გზა რამდენიმე საათით გადაკეტა, შეპირებულ კომპენსაციას მოითხოვდა. სოფლის მოსახლეობის უკმაყოფილებას ისიც ამძაფრებდა, რომ რუანდის არმიის ათასზე მეტმა ჯარისკაცმა წყნარად გადმოკვეთა საზღვარი FDLR -ის მებრძოლების დევნაში. ჩრდილოეთ სექტორში ჩამოსვლიდან ერთ კვირაში, ვნახე, როგორ გაემართნენ რეინჯერები და კონგოელი ჯარისკაცები მაიანგოსკენ (ქალაქ ბენიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით), რომ 800 ხიზანი გაეძევებინათ იქ დაარსებული ბანაკიდან.
რამდენიმე საათში, რაც კამბალემ „რუინდიდან“ ვიტშუმბიმდე მიმაცილა პარკის კუთვნილი ჯი-პით, მოტოციკლით სახლში მიმავალ, ცენტრალური სექტორის ბუღალტერს ზუსტად იმავე გზაზე, სამი კაცი გადმოუხტა, მკერდზე კალაშნიკოვები მიადეს და ხელებდაბმული ბუშში შეათრიეს. იმავე საღამოს მის ოჯახში ზარი გაისმა, 5000-დოლარიანი გამოსასყიდის მოთხოვნით.
ხმამ პარკის შტაბბინამდეც მიაღწია. ასზე მეტი რეინჯერი და კონგოელი ჯარისკაცი გაიგზავნა ცენტრალურ სექტორში, საჰაერო დაზვერვისა და მეძებარი ძაღლების – ბლადჰაუნდებისა და სპანიელების თანხლებით. ძაღლებმა ბუღალტრის სუნი აიღეს. მდევრებმა პერიმეტრი შეკრეს და ჰაერში ისროლეს. გამტაცებლები გაიქცნენ. ტყიდან ლასლასით გამოსულ ბუღალტერს პარკის თანამშრომლები შეეგებნენ. მისთვის ეს მტანჯველი განსაცდელი იყო, მაგრამ ეს ფაქტი დე მეროდის მყისიერი რეაგირების კარგ მაგალითსაც უჩვენებდა. კამბალე ამ ადამიანს „ერთადერთ იმედს“ უწოდებს.
46 წლის ემანუელ დე მეროდი ტიპურ გმირს არ ჰგავს. თეთრი პირისახის, გამხდარი, მოკრძალებული მანერების მქონე ვირუნგის დირექტორი და მთავარი მცველი ოთახს კი არა, საკუთარ უნიფორმასაც ვერ ავსებს. პირველად, National Geographic Society-ს ღონისძიებაზე რომ შევხვდი, ვაშინგტონში, დარწმუნებული ვიყავი, რომ სხვა იყო და ნამდვილი დე მეროდის გამოჩენას ჩემსავით ელოდა. წარმოშობით ის ბელგიელი პრინცია – ეს ტიტული მისმა წინაპრებმა მაშინ მიიღეს, როდესაც ქვეყნის ნიდერლანდებისგან გათავისუფლებაში მიიღეს მონაწილეობა. დე მეროდი ბურგუნდიული ღვინით ხელში, ბუხართან მჯდომი უფრო ადვილი წარმოსადგენია, ვიდრე, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კონფლიქტის ზონაში. თუმცა დე მეროდი აფრიკაში დაიბადა, სიყმაწვილე კენიაში გაატარა, ანთროპოლოგია შეისწავლა და ზრდასრულ ასაკში წლები დაუთმო ბუნების დაცვას, უმეტესად კონგოში.
დე მეროდს ორი ჭრილობა აქვს; ერთმა ტყვიამ მარცხენა ფილტვში გაიარა, მეორემ – მუცელში. მან ეს ჭრილობები 2014 წლის აპრილში მიიღო, როცა გომიდან პარკში ბრუნდებოდა, უკაცრიელი და ცუდი საფარის მქონე ჭაობიანი გზით, რუგარიდან სამხრეთით ხუთ კილომეტრში. დამნაშავეები ვერ იპოვეს. ამ სროლის ამბავი აღმოსავლეთ კონგოში „მეხის გავარდნასავით გაისმა“, – იხსენებდა კამბალე. პერიოდულად ახველებსო, ამბობენ დე მეროდის მეგობრები.
2008 წელს დე მეროდი ვირუნგის დირექტორი გახდა. ეს იყო პარკის უკიდურესი კრიზისის პერიოდი. წინამორბედი დირექტორი იმავე წელს დააპატიმრეს, ბრალად ედებოდა ნახშირით უკანონო ვაჭრობაში მონაწილეობა და გორილების დახოცვის დაგეგმვა (დამნაშავედ არ ცნეს, საკმარისი სამხილის არარსებობის გამო). დაახლოებით ექვსი თვით ადრე, პარკს დაეპატრონა სახალხო რაზმი – CNDP, რომელსაც რუანდა უმაგრებდა ზურგს FDLR-ის წინააღმდეგ. დე მეროდის პირველი ნაბიჯი საკმაოდ თამამი იყო – ის CNDP-ის შტაბში უიარაღოდ მივიდა და მისი რეინჯერების პარკში დაბრუნების უფლება ითხოვა. სახალხო რაზმის უფროსმა, ლორან ნკუნდამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა. შემდეგ დე მეროდი რეინჯერების წმენდას შეუდგა. მათი რიგები 1000-დან 230-მდე შეამცირა (რაც მოგვიანებით 480-მდე გაიზარდა, მათ შორის 14 ქალით) და 5-დოლარიანი თვიური ხელფასი, ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო 200 დოლარამდე გაზარდა, რაც, მისივე თქმით „საკმარისი იყო კორუფციის მიმათ ნულოვანი ტოლერანტობის გამოსავლენად“.
შემდეგ დე მეროდმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაც სცადა. უსმენდა ხალხის საჩივრებს. ათწლეულების განმავლობაში, პარკი პირობას დებდა, რომ ყოველი ტურისტის დოლარის ნახევარი თემს დაუბრუნდებოდა. სად იხარჯებოდა ეს ფული? გზები, სკოლები, საავადმყოფოები ინგრეოდა. პარალელურად, სპილოებიც ანადგურებდნენ მოსავალს.
„დე მეროდის გამოჩენამდე, არც კი ვიცოდით, პარკს დირექტორი თუ ჰყავდა, – მეუბნებოდა ვიტშუმბელი მეთევზე, – ახლა კი ნახავ, რომ რეინჯერებს სუფთა უნიფორმები და კარგი იარაღი აქვთ. მისი ცვლილებები თვალსაჩინოა”. დირექტორი კონგოს სახალხო დაჯგუფებებთანაც მჯდარა მოლაპარაკებებზე – თუმცა ეს შეხვედრები ყოველთვის პოზიტიური შედეგებით არ სრულდებოდა.
მიუხედავად ამისა, მას დიდი ავტორიტეტი აქვს მოწინააღმდეგეების თვალში. 2012 წელს უფროსი რეინჯერი, სახელად შადრაკ ბიჰამბა მაი-მაიმ მოიმწყვდია ედუარდის ტბის ნაპირზე და ბუშში გაიტაცა იარაღის მუქარით. ბიჰამბა ამბობდა, მილიციის მეთაური ღელავდა და სხვებს ეუბნებოდა: ოფიცერია – რომ მოვკლათ, დე მეროდი მთელ დედამიწას შეძრავს, ჩვენ რომ გაგვანადგუროსო. საბოლოოდ ბიჰამბა გაათავისუფლეს – „მიუხედავად იმისა, რომ მაი-მაია და დიდი ძალა აქვს ბუშში, დე მეროდის მაინც ეშინიათ, იციან, მთელი მოსახლეობა რომ მის მხარესაა“.
თუმცა, დე მეროდმა იცოდა, რომ მისი პოპულარობა პარკს ვერ შეინახავდა. მას ფული სჭირდებოდა, კანონი რომ აემოქმედებინა და პარკის მეზობლებთან სამუდამოდ დამეგობრებულიყო. ამის ერთადერთი გზა კი იქნებოდა „თავად პარკის გამოყენება მასობრივი დასაქმებისთვის და თან ისე, რომ პარკი არ დაზარალებულიყო“. ამ მიზანმა ის პარკის ჩრდილოეთ სექტორში მიიყვანა – უფრო ზუსტად, მდინარე ბუტაჰუსთან, რომელიც კასკადებად ეშვება მთა რუვენზორის მყინვარული მწვერვალებიდან სოფელ მუტვანგის შემოგარენში, ღატაკ თემში, რომელსაც ელექტროენერგია არ გააჩნდა. 2010 წელს პარკმა დაიწყო სოფლის მოსახლეობის დაქირავება არხების გასათხრელად და ვირუნგის პირველი ჰიდროელექტროსადგურის საძირკვლის ჩასაყრელად. პარკი მიუერთდებოდა მუტვანგის საოჯახო მეურნეობას, რომელიც შემდეგ შეძლებდა ელექტროენერგიის ყიდვას, მოხმარების შესაბამისი, ხელმისაწვდომი საფასურის სანაცვლოდ. დე მეროდი ბედნიერი იყო – 2013 წელს ენერგიის მიწოდება დაიწყო.
ადგილობრივები ამ ცვლილებას გარდამტეხს უწოდებდნენ. თანხა, რაც ადრე (მაღაზიებისთვის საჭირო) გენერატორის საწვავში იხარჯებოდა, ახლა მთელი თვის ელექტროენერგიას ყოფნის. მოსწავლეებს საღამოსაც შეუძლიათ გაკვეთილების მომზადება. საავადმყოფოები ნებისმიერ დროს მუშაობს. ხალხმა უთოების, ტელევიზორებისა და CD-ფლეიერების ყიდვა დაიწყო, კომპიუტერების შემკეთებელი მაღაზიის მფლობელმა – DVD-ების გაქირავება. მანვე გახსნა ქალაქის პირველი ინტერნეტკაფე, სოფლის მოსახლეობას ელ-ფოსტის გასაგზავნად ქალაქ ბენიმდე ერთი საათი რომ აღარ ევლო მანქანით. პატარა ქალაქში ეს ყველაფერი იმის მიუხედავად ხდებოდა, რომ ჰიდროელექტროსადგურის მოკრძალებული 400-კილოვატიანი სიმძლავრე, თემის 2500 ოჯახიდან მხოლოდ 500-ს ჰყოფნიდა. სანამ დე მეროდის გუნდი იმას გეგმავდა, თუ როგორ დაეკმაყოფილებინა მომლოდინე რეჟიმში მყოფი გრძელი სია, აპრილში პარკის მიერ გენერირებული ელექტროენერგიით ამუშავებულმა ქარხანამ საპნის წარმოება დაიწყო და დაახლოებით ასი ადგილობრივიც დაასაქმა. „მუტვანგა ჩვენი ლაბორატორიული ექსპერიმენტი გახდა“, – თქვა დე მეროდმა.
მეორე, უფრო დიდი ჰიდროელექტროსადგური დეკემბერში ამუშავდა. 2018 წლის ბოლოს კიდევ ორი უნდა ამოქმედდეს. ეს ოთხი სადგური დე მეროდის მიზნის – ასმეგავატიანი სიმძლავრის ნახევარს უზრუნველყოფს. ელექტროენერგიის გაყიდვა, მისი პროგნოზით, „შესაძლებლობას მისცემდა, პარკს ფინანსური მდგრადობა შეენარჩუნებინა მომდევნო ასი წლის განმავლობაში“. ამგვარად, საკმარისი დამატებითი შემოსავალი გენერირდებოდა იმისთვის, რომ წელიწადში მილიონები ჩადებულიყო კონგოს სხვა პარკების პროექტებსა და ბუნების დაცვით აქტივობებში.
დე მეროდი ფიქრობს, რომ ელექტროენერგია ეკონომიკის განვითარებას დააჩქარებს: „წარმოება არ არის, რადგან არ არსებობს იაფი ენერგია. სწორედ ამის შეთავაზება შეუძლია პარკს“. დარწმუნებით ვერ იტყვი, რომ ეს მეწარმეობას ააყვავებს. „აქ არ არსებობს რაიმე ტიპის ბიზნესმოდელი, – მითხრა საპნის ქარხნის მმართველმა დირექტორმა, 29 წლის ლეონარდ მალიონამ, – ახალგაზრდებს სხვა მიზანი არ გააჩნიათ, პოლიტიკოსობის ან მილიციელობის გარდა”.
წარმოდგენა, რომ ვირუნგა (დე მეროდის სიტყვებით რომ ვთქვათ) რეგიონის „ეკონომიკური ძრავა“ გახდება, ბევრისთვის ძნელი დასაჯერებელია. სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, ეს სცენარი გულისხმობს, რომ კონგოს ლიდერებმა ქვეყნის ერთი რეგიონის ბედი უნდა მიანდონ მხოლოდ ერთ პარკსა და მის დირექტორს, რომელიც წარმოშობით ბელგიელია. ის ასევე გულისხმობს, რომ მოსახლეობის მტრული განწყობა პარკის მიმართ მასზე სრული დამოკიდებულებით უნდა შეიცვალოს. დე მეროდი წარბშეუხრელად მისდევს თავის რისკიან წამოწყებას, რაც, ასევე, დიდადაა დამოკიდებული იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც თანახმა არიან, ხმლები სახნისით ჩაანაცვლონ და პატიოსნად იშრომონ პატარა სოფლის გზებზე, ისეთზე, როგორიც ბუკიმასთანაა.
20 წელს გადაცილებული ორი მუშა, ორმოებს ავსებდა გზის ჩრდილიან ზოლში. უფრო მაღალს, მოჭუტული თვალებით, ბუშე შუკურუ ერქვა; დაბალს, წყნარს, თუმცა მოღიმარს – გატო ერიტიე. ისინი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ყოველ ჯერზე, როცა კი შეიარაღებული ამბოხებულები მოვიდოდნენ და სოფლის მოსახლეობა გარბოდა, ეს მოზარდები ერთმანეთს დევნილთა ბანაკებში ეძებდნენ. 2013 წლის გაზაფხულზე, ჯერ შუკურუ და შემდეგ ერიტიე შეიპყრეს საკუთარ სოფელში, M23-ის ჯარისკაცებმა ხელები შეუკრეს და თავი უკრეს იქ, სადაც ორი მეგობარი ისევ შეხვდა ერთმანეთს: რუმანგაბოს სამხედრო ბაზაში, პარკის სამხრეთ სექტორთან ახლოს. ისინი დაახლოებით ათას ახალგაზრდას შეუერთდნენ, რომლებიც ამბოხებულთა დაჯგუფების საწვრთნელ ბანაკში იძულებითი ახალწვეულები იყვნენ.
მეთაურებმა გამოუცხადეს შუკურუს, ერიტიესა და სხვებს, რომ სახელმწიფომ დააღალატა აღმოსავლეთი კონგო. რომ შესაბამისი წვრთნით, M23-ის ახალი მებრძოლები დაიკავებდნენ რეგიონს, დასავლეთით წაიწევდნენ და დაიკავებდნენ კინშასას. მათ ასწავლიდნენ სროლას, მარშირებას, თავდასხმასა და უკან დახევას. უუნარობის გამოვლენისას ამ ახალწვეულებს ხის ჯოხებით სცემდნენ სხვების თანდასწრებით – ზოგიერთს სიკვდილამდეც კი. ზოგი შიმშილით იხოცებოდა, რადგან მთელი დღის რაციონი ერთადერთი ჭიქა სიმინდის ფაფისგან შედგებოდა. სამი თვის შემდეგ, შუკურუ და ერიტიე საბრძოლველად გაუშვეს. ნოემბრისთვის უკვე ორივე ხვდებოდა, რომ M23-ს შანსი არ ჰქონდა ქვეყნის არმიისა და გაეროს ძალების პირისპირ. ისინი გაიქცნენ და კვლავ იპოვეს ერთმანეთი გაეროს დროებით ბანაკში.
ახლა კი აქ იყვნენ, ერთნაირ ჟილეტებში გამოწყობილები. გზა, რომელზეც ისინი მუშაობდნენ, კონგოს სოფლის სტანდარტით, თითქმის იდეალური იყო. ბატატისა და მარცვლეულის ფერმერები, მსხვილფეხა საქონლისა და თხების მწყემსები, სკოლის მოსწავლეები და ეკლესიის მრევლი ამ დაქანებულ გზას ორჯერ უფრო სწრაფად გადიოდნენ, ვიდრე ადრე. „გზას მართლაც დიდი გავლენა ჰქონდა“, – თქვა მორზე ჩამომჯდარმა ერიტიემ და სახიდან ოფლი მოიწმინდა. შუკურუც დაეთანხმა: „ამიტომაც არ ვერიდები ამ საქმეს. აშკარაა, ეს თემს ეხმარება“.
თუმცა იმასაც აცნობიერებენ, რომ დღეში 3 დოლარად, 8 საათი წელის გაწყვეტამდე მუშაობა ის არაა, სადაც საკუთარ თავს მოიაზრებდნენ. ბავშვობაში, სანამ ჯერ კიდევ მიხვდებოდა, რას ნიშნავდა აღმოსავლეთ კონგოში ცხოვრება, ერიტიეს თავი „დიდ ვინმედ“ წარმოედგინა. „ექიმად ან პრეზიდენტადაც კი. რატომაც არა?“ მაგრამ, ახლა, ფულს თუ დაზოგავდა, შეეძლო მექანიკოსობა დაეწყო, შუკურუ კი მაღაზიას გახსნიდა. ეს იყო პატიოსანი და მშვიდობიანი ცხოვრება, რომელიც დაიწყებოდა მთის გორილებისკენ მიმავალ ამ გზაზე. იქიდან მშვიდობა მოეფინებოდა ჩრდილოეთით „რუინდის“ სადგურს, სადაც თეო კამბალეც ბედავდა მოკრძალებული ოცნებების გულში ტარებას. ამ ბოლო დროს შეიტყო, რომ ძუ ლომი და მისი ბოკვერი შეუნიშნავთ მდინარე რუტშურუს ნაპირზე, წყალს რომ ეწაფებოდნენ. სხვა რამეც ჰქონდა გაგონილი, რომ ვე-ლური ბუნების თანდათანობით დაბრუნებასთან ერთად, შეიძლებოდა დიდი ხნის მიტოვებული სასტუმრო „რუინდიც” დაბრუნებულიყო, თუ პარკი მის აღდგენას მოახერხებდა.
სწორედ ეს იყო, როგორც კამბალემ გზაზე მომუშავე ყმაწვილებს უთხრა, სიცოცხლის დასაწყისი.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.