ბრინჯაოს ხანის ქურდები
მძარცველები დავიჭირეთ, საქმე გახსნილია
სკოლის მოსწავლეები ისეთი ანთებული თვალებითა და აღფრთოვანებით შესცქერიან ეროვნული მუზეუმის საგამოფენო დარბაზის ერთ-ერთ ვიტრინას, გეგონებათ, აღმოჩენა გააკეთესო. ვინტერესდები, რამ გამოიწვია ასეთი ემოცია და მათთან მივდივარ. ბავშვები ჩემი სამკერდის „მუზეუმის თანამშრომელი“ დანახვაზე ცოტათი იშმუშნებიან და ჩურჩულზე გადადიან. ერთ-ერთი ბიჭუნა ინდიანა ჯონსის გამბედაობას იკრებს და თვალით ლომის ოქროს ქანდაკებაზე მანიშნებს. ვხვდები, რომ პატარა ვიზიტორებისთვის ოქროს ლომი ისტორიის სახელმძღვანელოდან გაცოცხლებული ექსპონატია.
ლომის ქანდაკება წნორის ადრებრინჯაოს ხანის (ძვ.წ. III ათასწლეული) ყორღანში აღმოჩნდა 1977 წელს. სამარხი არქეოლოგებს გაძარცვული დახვდათ, საბედნიეროდ, ლომი ქურდებს გადაურჩა.
– რა მოხდებოდა, ოქროს ლომიც რომ მოეპარათ? – ვეკითხები არქეოლოგ კიაზო ფიცხელაურს, რომელმაც ყორღანი გათხარა.
– „ალბათ, კაცობრიობის განვითარების ერთი საფეხური წაიშლებოდა“ – დაუფიქრებლად მპასუხობს პროფესორი. ნაკეთობა, რომელიც ძვ. წ. 25-ე-24-ე საუკუნეებით თარიღდება, იმ ეტაპის ერთადერთი მრგვალი ქანდაკებაა სამხრეთ კავკასიაში. მისი მაღალმხატვრული შესრულება და დახვეწილი ფორმა, ლითონის დამუშავების მაღალ დონეზე მიუთითებს.
ძარცვა… ალბათ, უსიამოვნო შეგრძნება გიჩნდებათ ამ სიტყვის გაგონებისას, თუმცა არც არქეოლოგიურ ძეგლებზე თვითნებური შეჭრა და ძარცვა დაწყებულა დღეს და არც შავი არქეოლოგია. ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან ფიქსირდება ჩვენს ტერიტორიაზე დიდგვაროვანთა სამარხების ძარცვის ფაქტები.
2012 წელს, არქეოლოგ ზურაბ მახარაძის ხელმძღვანელობით, ლაგოდეხში, ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებული ყორღანი გაითხარა. იქ აღმოჩენილი ორი დასაკრძალავი ეტლით, განძით, დიდგვაროვანთა დამარხვის წესითა და ადგილზე შემონახული დიდი რაოდენობის მარცვლეულით ძეგლმა მეცნიერების დიდი ინტერესი გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ ძეგლი ორჯერ ყოფილა გაძარცვული. კვლევის საფუძველზე კი ისიც დადგინდა, თუ როგორ შეძვრნენ ქურდები სამარხში. ბატონი ზურაბი ყორღანის გაძარცვის ამბავს მიყვება და ფოტოზე მიჩვენებს, როგორ ჩაძვრა მძარცველი ყორღანში – პირდაპირ დასაკრძალავი ეტლის მიმართულებით. „როგორც ჩანს, ძეგლი თანადროულად გაძარცვა ადგილობრივმა, მან უკვე იცოდა სად იპოვიდა განძს – ამბობს ზურაბ მახარაძე. „ასეთი სიზუსტით პირდაპირ განძით სავსე ეტლზე მოხვედრა, წინასწარ კარგად დაგეგმილ ოპერაციას ჰგავს“ – დოქტორი უოტსონივით ვეთანხმები არქეოლოგს.
არქეოლოგიური ძეგლების ძარცვის შემთხვევები მას შემდეგ გახშირდა, რაც ქვეყანამ საბჭოთა წყობას დააღწია თავი. ჩაკეტილ სივრცეში არ არსებობდა ბაზარი, სადაც მოპარული ნივთი გაიყიდებოდა. საზღვრების გახსნასთან ერთად, ბაზარიც გაჩნდა და ინტერესიც. არაკანონიერი გზით მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ნელ-ნელა საზღვარგარეთ გავიდა, თუმცა არც ეგრეთ წოდებულ მშრალ ხიდზე დაუკარგავს აქტუალობა.
– „მძარცველები დავიჭირეთ, საქმე გახსნილია!“
35 წლის წინ ნათქვამი ეს სიტყვები არც გამომძიებელს ეკუთვნოდა და არც პოლიციელს. ამ ფრაზას იმეორებდა საგარეჯოს რაიონში, სოფელ წიწმატიანის სამხრეთით მდებარე ძვ. წ. III ათასწლეულის ყორღანზე მომუშავე ექსპედიციის ყველა წევრი, რომლებმაც 5000 წლის წინ სამარხის შიდა და გარე კამერის ჩამონგრეული კედლების ქვეშ მოყოლილ ორ „ქურდს“ მიაგნო. ერთი მიცვალებული პირქვე იყო დამხობილი, ხოლო მეორე – გვერდულად წაქცეული. არცერთის პოზა შეესაბამებოდა იმდროინდელი დაკრძალვის წესს, რაც ადასტურებს, რომ კედლის ჩამონგრევისას, ისინი მოძრაობდნენ. ერთ-ერთს წელზე 6-7 სათამაშო კოჭი ჰქონდა დამაგრებული. მეორესთან არქეოლოგებმა ოქროს ყელსაბამი, თიხის ჭრაქი და ვერცხლის მცირე ზომის იარაღი აღმოაჩინეს (ეს უკანასკნელი შეხებისთანავე დაიშალა). ექსპედიციას არქეოლოგი კიაზო ფიცხელაური ხელმძღვანელობდა, გუნდის ერთ-ერთი წევრი – ახალგაზრდა ზურაბ მახარაძე იყო.
რიყის ქვითა და მიწაყრილით ნაშენი სამარხი, საინტერესო იყო, როგორც თავისი არქიტექტურული ფორმით, ასევე სემანტიკით. ყორღანს მზის დისკოს ფორმა ჰქონდა – გარე კამერას ყოველ სამ მეტრში რიყის ქვებით შედგენილი სხივები აფორმებდა. როგორც კიაზო ფიცხელაური და ზურაბ მახარაძე ვარაუდობენ, ნაგებობას სამარხის დანიშნულებასთან ერთად, სალოცავის ფუნქციაც უნდა შეეთავსებინა.
ქართველმა არქეოლოგებმა დაახლოებით 4000-5000 წლის წინანდელი მძარცველები „დაიჭირეს“ და მიუხედავად იმისა, რომ ალბათ, შერლოკ ჰოლმსაც გაუჭირდებოდა ზუსტი სურათის აღდგენა, მეცნიერებმა რამდენიმე საინტერესო ვერსია გამოთქვეს.
ვერსია N1
კიაზო ფიცხელაური ფიქრობს, რომ მძარცველების სამკაციანმა გუნდმა სამარხის გათხრის გეგმა წინასწარ დასახა. როგორც ჩანს, იქ დაკრძალული დიდგვაროვანი რომელიმე მათგანის ახლობელი იყო, შესაძლოა, ერთ-ერთი ესწრებოდა კიდეც დაკრძალვის ცერემონიას, რადგან ქურდებმა კარგად იცოდნენ სამარხისა და იქ ჩატანებული განძის ზუსტი ადგილმდებარეობა.
ვერსია N2
ზურაბ მახარაძის აზრით, როდესაც ზრდასრული მამაკაცი ბავშვთან ერთად სამარხში შეღწევას ცდილობდა, ის უკვე გაძარცვული იყო. კაცს ოქროს ყელსაბამი ეკეთა კისერზე – როგორც ჩანს, წინა სამარხზე „მუშაობა“ მისთვის სარფიანი აღმოჩნდა. ბავშვს კი სათამაშო კოჭები ედო ჯიბეში. არქეოლოგი არ გამორიცხავს, რომ მძარცველები შეიძლება მამა-შვილი ყოფილიყო, რომლებიც განძის ძიებისას ტრაგიკულად დაიღუპნენ.
საინტერესოა, რა არის ტრაგიკული – ასე სიკვდილი თუ ძარცვის ფაქტი?! ალბათ, ამ ისტორიებს საინტერესოდ განავრცობდა დეტექტიური ჟანრის რომელიმე მწერალი – მაგალითად, არტურ კონანდოილი ან აგატა კრისტი. შეიძლება მოთხრობა, მათი შემოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარიც გამოსულიყო.
„ფაქტზე“ იმდროინდელი მძარცველები არც მანამდე დაუჭერია ვინმეს და არც მას შემდეგ საქართველოში. თუმცა, ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული დღემდე, აქტუალობას არ კარგავს `წარსულის ძარცვა“. ნაძარცვი ნივთები კი შავ ბაზარზე ხვდება. ნივთმა შეიძლება ვინმეს პირად კოლექციაში დაიდოს ბინა, ან სულაც, რომელიმე ქვეყნის სამუზეუმო ექსპონატი გახდეს.
სად არის გამოსავალი? როგორ უნდა აღმოვფხვრათ არქეოლოგიური ძეგლების ძარცვა და სიძველეებით უკანონო ვაჭრობა – თითქმის ყველა არქეოლოგს ვუსვამ ამ შეკითხვას. ზოგი მათგანი ამ პრობლემის გადაჭრის გზას შესაბამისი სააგენტოების პასუხისმგებლობად მიიჩნევს, ზოგი კანონის გამკაცრებასა და საზოგადოების თვითშეგნებაზე საუბრობს. არქეოლოგი იულონ გაგოშიძე ერთადერთ გამოსავლად არქეოლოგიური ექსპედიციების დაფინანსებას მიიჩნევს – „სადაც არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, იქ ძარცვა გამორიცხულია“. „ზოგჯერ ამა თუ იმ ძეგლზე ინფორმაციის გამოქვეყნების დროს, ზუსტ ადგილმდებარეობას პუბლიკაციებში არ ვუთითებთ – ესეც ერთგვარი თავდაცვაა“, – ამბობს არქეოლოგი ზურაბ მახარაძე.
არქეოლოგია ხომ ისტორიის მემატიანეა, არქეოლოგიური ძეგლის გაძარცვა – წარსულის კვალის წაშლას ნიშნავს, რადგან თითოეული არტეფაქტი ახალი ინფორმაციის წყაროა საკუთარი წარსულის შესასწავლად. „100 წლის წინ საერთოდ არ ვიცოდით, ანტიკურ ხანამდე არსებობდა თუ არა რაიმე კულტურა საქართველოში“, – ამბობს ზურაბ მახარაძე.
დღეს ალბათ ძნელია იპოვო განძი და არ გაყიდო ან იცოდე, სადაა და არ ეძებო. თუმცა სულ სხვაა, იპოვო და მუზეუმს გადასცე – მომდევნო თაობებს შემოუნახო. ასეთიც ხდება, სულ ახლახან, მოქალაქე ემზარ ხმალაძემ ვაშლიჯვარში ავტოფარეხის მშენებლობისას შემთხვევით ნაპოვნი დავით VI ნარინის მონეტა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა საჩუქრად.
ვერავინ გეტყვით, სად უნდა ეძებოთ განძი, თუმცა ზუსტად ვიცი, სად უნდა გაეცნოთ ჩვენს წარსულს – „ბავშვებო, ეს არის ჩვენი წარსული და ისტორია“ – იქვე ჩაფიქრებულს თითქოს შორიდან ჩამესმის გიდის ხმა.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.