ბრიტანელი მეცნიერი საქართველოდან
კვებითი აშლილობა და მისი მკურნალობა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა XXI საუკუნეში. პროფ. ქეთევან ჭანტურია მრავალი წელია იკვლევს კლინიკური ფსიქოლოგიის ამ ურთულეს საკითხებს ლონდონის სამეფო კოლეჯში (King's College London).
პირველ რიგში, გილოცავთ ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მიღებას, რომელიც ამ ზაფხულს მისმა სამეფო აღმატებულება პრინცესა ანამ გადმოგცათ ბუკინგემის სასახლეში, ეს ალბათ განსაკუთრებული პატივია, არა?
დედაჩემი სულაც არ ფიქრობს ასე. როდესაც რამე წარმატების შესახებ მივახარებ, მეკითხება, შემდეგი რა იქნებაო, სულ ეს აინტერესებს.
როგორც ყველა დედა, სულ მაღლა გიწევთ თამასას, მაგრამ თქვენთვის რა განცდაა, როდესაც ამოდენა ჯილდოს მფლობელი ხდებით?
ძალიან მადლობელი ვარ… მე არ ვიცი, ვინ წარმადგინა ბრიტანეთის იმპერიის ორდენზე და ალბათ ვერასოდეს გავიგებ, რადგან ასეთია წესი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ახლა ბრიტანეთში ცხოვრობს დაახლოებით 80 მილიონი ადამიანი და ორდენი გადაეცემა წელიწადში მხოლოდ 2000 ადამიანს, რომელთა შორის არიან სამხედროები, მსახიობები, მომღერლები – სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები… ამიტომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია იმ უმცირესობაში ყოფნა, რომელსაც სამეფო ოჯახი აჯილდოებს. 30 წლის წინ, როდესაც პირველად ჩავედი ბრიტანეთში, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
მოდით, დავიწყოთ თავიდან – რატომ გადაწყვიტეთ ფსიქოლოგობა?
ჩემს ბიოგრაფიაში ბევრი რამ მოხდა შემთხვევით. ჩემი პროფესიის არჩევანიც დიდმა შემთხვევითობამ განაპირობა. ჩემს სკოლასთან, პირველ გიმნაზიასთან, არსებობდა „გიმნასიონი“, რომელიც პერიოდულად იწვევდა საინტერესო პროფესიონალებს ჩვენთან შესახვედრად. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გაიმართა აკადემიკოს რევაზ ნათაძესთან, რომელმაც ფსიქოლოგიის შესახებ გვიამბო. მახსოვს, რომ აბსოლუტურად მონუსხული ვუსმენდი და მაშინ გადავწყვიტე, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ კი განვაგრძე ასპირანტურაში სწავლა, თან ფსიქიატრიის ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით და არასოდეს მინანია, რომ ეს არჩევანი გავაკეთე.
გაერთიანებულ სამეფოში წასვლაც შემთხვევითობამ განაპირობა?
დიდ ბრიტანეთს ჩემს მეორე სამშობლოდ აღვიქვამ. ჩემი მეუღლე, სიმონ სურგულაძე, ფსიქიატრია და 1997 წელს მისი პროექტი, რომელიც შიზოფრენიის კვლევას ეხებოდა, დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდმა სამეცნიერო ფონდმა – The Wellcome Trust – დააფინანსა. ასე წავედით ლონდონში ჩვენი მცირეწლოვანი შვილებით და არ გვიფიქრია, რომ დიდხანს დავრჩებოდით. ერთხელაც, ლონდონში, ფსიქიატრიის ინსტიტუტში სიმონის კოლეგებს შევხვდი და ჩემს მიერ საქართველოში ჩატარებულ იმ კვლევებზე ვილაპარაკე, რომლებიც განწყობის კვლევის ექსპერიმენტებს ეხებოდა უზნაძის თეორიაზე დაყრდნობით. ერთ-ერთი მეცნიერი, პროფ. ჯენეტ ტრეჟერი ძალიან დაინტერესდა და შემომთავაზა, რომ ამ ტიპის კვლევის ჩატარება ანორექსიის მქონე პაციენტებში გვეცადა. მაშინ კვებითი აშლილობის საკითხები ნაკლებად მაინტერესებდა, ჩვენთან არ არსებობდა ამ საკითხების შემსწავლელი სპეციალური განყოფილება და მიუხედავად 30-წლიანი მცდელობებისა, ამ დარგის კლინიკური სამსახური დღესაც აუწყობელია საქართველოში. პრობლემა დიდია, პროფესიონალების ინტერესიც ძალიან გაზრდილია ბოლო წლებში, მაგრამ არ არის რესურსი და ხელშეწყობა, რომ ეს მიმართულება განვითარდეს.

დიდ ბრიტანეთში უკვე განვითარებული იყო ეს მიმართულება?
King’s College-ში ანორექსიის შემთხვევა პირველად პროფესორმა უილიამ გალმა აღწერა XIX საუკუნეში, ხოლო ბულიმიის დიაგნოზი, ასევე King’s College-ში ჩამოაყალიბა პროფ. ჯერალდ რასელმა 1987 წელს. ასე რომ, კვებითი აშლილობის ორივე ძირითადი დიაგნოზი აღმოჩენილი იყო King’s College-ში. შესაბამისად, მე აღმოვჩნდი ამ დარგის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც არაჩვეულებრივი პირობები შემექმნა, რომ გვეკვლია ნეიროფსიქოლოგიური პროფილები, პიროვნული მახასიათებლები, ემოციების განვითარების პროცესი და ჩემი ექსპერიმენტული კვლევების შედეგები გადამეთარგმნა კლინიკური სიახლეების დასანერგად.
თქვენ იკვლევთ კვებით აშლილობას სხვადასხვა დიაგნოზის მქონე პაციენტებში. განაპირობებს თუ არა რომელიმე მდგომარეობა კვებით აშლილობას?
ეპიდემიოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ კვებითი აშლილობის ძირითადი, დიაგნოსტიკური კატეგორიები ანორექსია და ბულიმია, ყველგან და ყოველთვის იყო გავრცელებული. XXI საუკუნეში კვებითი აშლილობებიც და ნეიროგანვითარების თავისებურებებიც უფრო ცნობილი გახდა და ეს ჩემი ლაბორატორიის დამსახურებაც არის. მაგალითად, ჩვენ მივაქციეთ ყურადღება, რომ ქალებში აუტიზმი შეიძლება სხვანაირად, არასტერეოტიპულად იყოს გამოხატული და ამ ჯგუფში ხშირია კვებითი აშლილობა. ასე რომ, დავიწყეთ ტიპური მკურნალობის მეთოდების ადაპტაცია აუტისტური სპექტრისა და ADHD-ის (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის) მქონე ადამიანებზე. საინტერესო, იცით, რა არის? – აუტიზმისა და ანორექსიის თანაარსებობა ჩვენი პაციენტების 35%-ში დასტურდება, თუმცა ADHD უფრო ბულიმიით დაავადებულთათვის არის დამახასიათებელი. ADHD-ის მქონე პაციენტებისთვის ჯერ არ გვაქვს მკურნალობის სპეციფიკური სტრატეგია. აი, აუტიზმის მიმართულებით კი ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით უკანასკნელი ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში. ის, რაც ჩემს ლაბორატორიასა და კლინიკურ ჯგუფში აღმოჩნდა და დაინერგა, უკვე გასცდა ერთი საუნივერსიტეტო კლინიკის ფარგლებს, ითარგმნება და ინერგება სხვადასხვა ქვეყნის კლინიკების მიერ. შესაბამისად, ადამიანების ჯგუფი, რომელიც აქამდე ვერ იღებდა სათანადო დახმარებას, ახალი მეთოდებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ყურადღების მიღმა აღარ დარჩება (იხილეთ www.peacepathway.org დაწვრილებითი ინფორმაციისათვის).
თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ თქვენი კოლეგები, რამდენად ინტერდისციპლინური და ინტერნაციონალურია თქვენი გუნდი?
დღევანდელ მეცნიერებაში თითქმის შეუძლებელია გამოყო ერთი ადამიანის მიერ შექმნილი პროექტი. დღეს უმნიშვნელოვანესია მულტიდისციპლინური მიდგომა და კომუნიკაცია. აი, მაგალითად, აუტიზმისა და კვებითი აშლილობის თანაარსებობის კვლევის პროექტში ჩართულნი იყვნენ აუტიზმის ცნობილი მკვლევრები, ასევე, პროექტში მონაწილეობდნენ სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, ექთნები და, რა თქმა უნდა, ჩემი სტუდენტები, ასპირანტები და კვებითი აშლილობის კლინიკური დეპარტამენტი, რომელიც დაახლოებით 25 ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტისგან შედგება. პროექტში ჩართული იყო არამხოლოდ პროფესიონალთა გუნდი, რომელშიც შედიოდნენ სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენლები, არამედ თვით აუტისტური სპექტრის მქონე პაციენტები კვებითი აშლილობებით და მათი ოჯახები.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ცოდნის გადაცემა, მეცნიერების ახალი თაობის აღზრდა?
წარმოუდგენელია მეცნიერის ჩამოყალიბება კარგი მენტორების გარეშე. მენტორი გეხმარება, რომ შენი პოტენციალი განავითარო, გაუფრთხილდე იმ დროს, იმ ენერგიას, იმ უნარებს, რომლებიც გაქვს და, ამავე დროს, იყო მოტივირებული. ძალიან მინდა, რომ ჩემმა მოწაფეებმა ისეთივე სიყვარულით და სიამაყით გაიხსენონ ჩვენი ურთიერთობა, როგორც მე ვიხსენებ ჩემს მასწავლებლებს. ჩემთვის წარმატების ერთ-ერთი დიდი საზომია სწორედ ის, ტოვებს თუ არა ტრადიციას მეცნიერი. არ ვიცი, შეიძლება ზუსტად ისე არ განვითარდეს ჩემი იდეები, როგორც წარმომიდგენია, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც King’s College-ში შევქმენი – დარჩეს.
აუცილებელია კომუნიკაცია გვქონდეს მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან.
თქვენ საქართველოსაც ძალიან ეხმარებით დარგის განვითარებაში.
ვცდილობ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის მეცნიერება, არ გვაქვს კვლევის ინფრასტრუქტურა, არ გვაქვს თანხები. ჯერჯერობით გვაქვს ტრადიცია, ინტელექტუალური რესურსი და მოტივაცია, მაგრამ, ამასთან ერთად, უნდა იყოს მატერიალური რესურსები და სახელმწიფოს დახმარება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და ევროპის აკადემიას იმისათვის, რომ ძალიან მეხმარებიან, როდესაც ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის მსოფლიო ექსპერტები ჩამომყავს. ახალგაზრდებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საერთაშორისო კონფერენციებზე დასწრება, ჩვენ ვაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, შეხვდნენ ცოცხალ კლასიკოსებს და მინიმალური ხარჯებით შედგეს მათი კონტაქტი მსოფლიოს სამეცნიერო ავტორიტეტებთან. ჯერჯერობით ეს არის ოპტიმალური გზა. აუცილებელია კომუნიკაცია გვქონდეს მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან.
ტრადიცია ახსენეთ და დიმიტრი უზნაძის მემკვიდრეობის კვლევის პროექტზეც გკითხავთ…
საქართველოში, საბედნიეროდ, გვაქვს ფსიქოლოგიის ტრადიცია. დიმიტრი უზნაძე იყო დიდი დიაპაზონის მქონე ძალიან დიდი მეცნიერი. მას არამარტო ფსიქოლოგიაში, არამედ პედაგოგიკის განვითარებაშიც დიდი წვლილი აქვს შეტანილი – ჩემთვისაც კი აღმოჩენა იყო, როდესაც გავიგე, რომ მან დააარსა პირველი ქალთა სასწავლებელი ფსიქოლოგიის პროფილით ქუთაისში. მაშინ როდესაც რუსეთში ჭაჭანებაც კი არ იყო ფსიქოლოგიური დისციპლინებისა, დიმიტრი უზნაძეს ჩამოაქვს გერმანიიდან პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია, აარსებს პირველ ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლას და, როგორც მოგეხსენებათ, მონაწილეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. ერთი ადამიანი ახერხებს მართლაც უნიკალური პროექტების განხორციელებას და უნიკალური სკოლის შექმნას. თუმცა, ალბათ, შესაძლებელი იყო მისი თეორიის უკეთესად გაშლა, დანერგვა და პრაქტიკულად გამოყენება. ევროპის აკადემიის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით ჩვენ მოვახერხეთ დიმიტრი უზნაძის წერილებისა და ფოტოარქივის შექმნა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
ფიქრობთ, რომ უზნაძის სკოლის განვითარებას მიზანმიმართულად უშლიდა ხელს საბჭოთა კავშირი?
რა თქმა უნდა, ეპოქას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე და განსაკუთრებით ისეთ მეცნიერებაზე, როგორიც ფსიქოლოგიაა. ჯერ ერთი, ალბათ ის არ მოსწონდათ საბჭოთა კავშირში, რომ ასეთ პატარა ქვეყანაში გერმანულ ტრადიციებზე გაზრდილმა დიმიტრი უზნაძემ ერთ-ერთმა პირველმა ჩამოიტანა ფსიქოლოგიური აზროვნების კულტურა და დააარსა ამდენი რამ. მეორეც, არ მოსწონდათ ის, რომ განწყობის თეორია არ ესმოდათ და ამიტომ ვერ მოუძებნეს ხელჩასაჭიდი, რომ დაესაჯათ. უზნაძეს ძალიან გაუჭირდა თავისი თეორიის გადარჩენა. მოგვიანებით, ქართველ ფსიქოლოგებს მოუწიათ მოსკოვში წასვლა და ამ თეორიის კბილებით დაცვა. ეს რომ ხდებოდა, მე დაბადებულიც არ ვიყავი, მაგრამ გადმოცემით ვიცი.
როგორც ვიცი, უზნაძის პროექტის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაც შედგა, არა?
2023 წელს ევროპის დღეების ფარგლებში ქუთაისში მოწყობილი გამოფენა საზოგადოებასთან ურთიერთობის კარგი საშუალება იყო. ჩვენ მთელი წელი ვგეგმავდით ამ გამოფენას და ვეძებდით მასალებს. ყველაფერი თბილისში არ უნდა ხდებოდეს. დიმიტრი უზნაძე ქუთაისში სწავლობდა და დიდხანს ცხოვრობდა იქ, ისევე როგორც ბევრი ჩვენი საზოგადო მოღვაწე. ქალაქის მესვეურებმა გამოფენის, უნივერსიტეტის ეზოში უზნაძის ძეგლის და მის სკოლაში მისი სახელობის კაბინეტის გახსნა ერთმანეთს დაამთხვიეს – ძალიან კარგი ღონისძიება გამოვიდა.
სხვათა შორის, ამ პროექტის ფარგლებში ისეთი მასალები მოვიძიეთ, რაც, შესაძლოა, სულ მალე ვეღარ მოგვეხერხებინა. აი, მაგალითად, მისმა შვილიშვილის შვილებმა გადმოგვცეს უზნაძის პირადი არქივი, რომელშიც 100-ზე მეტი წერილია. მათ შორისაა კონსტანტინე გამსახურდიას მიერ გამოგზავნილი წერილი, ჩვენი კლასიკოსი ფსიქოლოგების და, ასევე, ალექსანდრე ლურიას მიმოწერა უზნაძესთან – რუსეთში ყველაზე დიდი ფსიქოლოგი მიმართავს უზნაძეს დახმარებისთვის და მას ეძახის ფსიქოლოგიური აზროვნების მამას, მის უფროს კოლეგას და მასთან სურს თავისი იდეების შეჯერება. ლურია ნეიროფსიქოლოგიის კლასიკოსია, ის ითვლება ნეიროფსიქოლოგიის ფუძემდებლად და აი, ჩვენ კი სტუდენტები როცა ვიყავით, არავინ გვასწავლიდა, რომ დიმიტრი უზნაძეს ასეთი გავლენა ჰქონდა მასზე. ახლა ეს წერილები, ფოტოარქივთან ერთად, საჯარო ბიბლიოთეკასა და ქუთაისის მუზეუმში ინახება და ყველასთვის ხელმისაწვდომია. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, ასევე, მოვიძიეთ უნიკალური მონოგრაფიები, რომლებიც თავის დროზე პატარა ტირაჟით გამოიცა და ისინიც ჩავაბარეთ ორივე არქივს – საჯარო ბიბლიოთეკასაც და ქუთაისის მუზეუმსაც, მცირე ნაწილი ილიას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშიც ინახება.
ქალთა გიმნაზია ახსენეთ და, მოდით, ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა უფლებების დაცვა, ისეთი სტერეოტიპებისგან გათავისუფლება, რომ თუ, მაგალითად, ქალი ჭკვიანია, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მას „მამაკაცური ტვინი“ აქვს…
ზოგადად, ყველას უნიკალური პოტენციალისა და შესაძლებლობების მქონე ტვინი აქვს. რაც შეეხება სოციალურ გარემოს, აქ უკვე დიდი განსხვავებაა და ამის საილუსტრაციო მაგალითია დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმად, სტუდენტობის დონეზე ქალები და კაცები დაახლოებით ერთნაირად სწავლობენ, თუმცა ყოველ მომდევნო საფეხურზე ქალების რიცხვი მცირდება. საუნივერსიტეტო სტრუქტურაში უმაღლეს საფეხურს 10%-ზე ნაკლები ქალი აღწევს – 90%-ზე მეტნი მამაკაცები არიან. მამაკაცებს მიჰყავთ ფსიქოლოგიური დაწესებულებები, საბჭოები, მათ უჭირავთ ყველა ძირითადი და პრინციპული თანამდებობა და ენიჭებათ აკადემიური რეგალიები. ეს უთანასწორობის საკითხი ძალიან სერიოზულად დაისვა ბრიტანეთის უნივერსიტეტებში, სადაც უკვე ითვალისწინებენ ქალის მიერ დეკრეტული შვებულების გამო არსებულ კარიერულ შესვენებებს, რაც ნამდვილად არის წინ გადადგმული ნაბიჯი.
რაც შეეხება ტვინს, ჩვენ უნიკალური თვისებები გვაქვს, უნიკალური ძლიერი მხარეები, პრობლემების განსხვავებული ხედვა და მათი გადაჭრის ორიგინალური სტრატეგიები. ამიტომ, არავინ მოატყუოს ჩვენი ახალგაზრდები და, განსაკუთრებით, ქალები, რომ მათ რაღაც არ გამოუვათ ან არ შეუძლიათ.
როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი, რაც საქართველოს სჭირდება, თქვენი სიშორიდან როგორ ჩანს აქ მიმდინარე მოვლენები?
მე გაოგნებული ვარ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებით, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ახალგაზრდები არიან ისეთები, როგორებიც აქამდე არასოდეს ყოფილან. თუმცა, მე ის თაობა ვარ, რომელიც ერთ-ერთი პირველი იდგა ქუჩაში ქართული ენის დასაცავად. მაინც, გასაოცარია, რაც ახლა ხდება. საზოგადოებამ აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი პოტენციალი და ეს ძალიან დიდი სიმდიდრეა ჩვენთვის, მაგრამ გვჭირდება მეგობრები – რაც შეიძლება მეტი მეგობარი დასავლური სამყაროდან, იქნება ეს ევროპა თუ ამერიკა და გვჭირდება თავისუფლება, გვჭირდება სამართლიანობა.
ფსიქოლოგია ერთ-ერთი უმძიმესი და სტრესული პროფესიაა. რა არის ის, რაც გამოძრავებთ და ენერგიას გმატებთ, როგორ ახერხებთ პროფესიულ სტრესთან გამკლავებას?
პირველ რიგში, ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები, ჩემი ახლობლები და მეგობრები… ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და მიყვარს მოგზაურობა, ახალ ადამიანებთან და კულტურებთან შეხვედრა, რაც ძალიან მშველის…
კიდევ?
ძალიან მიყვარს ბუნება და ბევრი სიარული, ჩემი ბაღი, მცენარეების მოვლა და მუსიკა – მაქვს საყვარელი ნაწარმოებები, რომლებითაც ენერგიას ვივსებ.
ერთი დამისახელეთ, პირველი, რომელიც გაგახსენდათ.
მუსიკალური ნაწარმოები? – ჩაკრულო, ჩაკრულოზე ვგიჟდები.
დაბოლოს, დედათქვენს დავესესხები კითხვას, რა იქნება შემდეგი?
საინტერესო კითხვაა, იცით, ჩემთვის შემდეგი არის ის, რომ ისევ ვემსახურო საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს – გავაგრძელო ჩემს სტუდენტებთან მუშაობა და კვლევები. ვაკეთო ის, რასაც აქამდე ვაკეთებდი.