იასპერ დუსტის მიერ უგანდაში, მასაკის მახლობლად გადაღებული ფოტო არამიწიერი სანახაობის შთაბეჭდილებას ტოვებს: კაცი ნათურას ცვლის, თავზე კი კუტკალიების გუნდი ახვევია.
„ეს ფოტო იმ სიურრეალისტურ, თითქმის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ატმოსფეროში მაბრუნებს, რომელშიც რამდენიმე ღამე გავატარე გაბრდღვიალებული ნეონის განათების ქვეშ“, – აღნიშნავს ფოტოგრაფი. „[ეს კადრი] ცნობისმოყვარეობას გიღვივებს“.

ფოტო: ბარტ ბრეტი
კუტკალიების მახეში დაჭერას იგი აზარტულ თამაშს ადარებს: შეუძლებელია იცოდე, სად და როდის გამოჩნდებიან მწერები. „ხშირად იყო, რომ მწერების მოლოდინში ღამეს მინდორში ვატარებდით, – იხსენებს დუსტი, – ამ დროს კი შეტყობინება მოდიოდა, რომ მწერების დიდი გუნდი მთების გაღმა გამოჩნდა“. მისი გუნდი ყოველ ჯერზე დგებოდა დილემის წინაშე: მოთმინებით დალოდებოდნენ – შესაძლოა, ამაოდ – თუ გაერისკათ და დადევნებოდნენ კუტკალიების გუნდს, რომელსაც შეიძლებოდა კურსი შეეცვალა.
ამ კადრით დუსტის დადებულმა ფსონმა გაამართლა. „წარმოიდგინეთ, როგორი ამაღელვებელია, როდესაც ყველაფერი ისე იყრის თავს, როგორც ამ ფოტოზე. კუტკალიები ძალიან ცოტა ხნით გამოჩნდნენ და მალევე გაუჩინარდნენ ღამის წყვდიადში, ჩვენ კი განცვიფრებულები დავრჩით“, – იხსენებს იგი. ამ უჩვეულო თავგადასავლით დუსტი ძალიან კმაყოფილი იყო. „ეს ერთ-ერთი ისეთი ამბავია, რომელიც ვიზუალურადაც უკიდურესად საინტერესოა და, ამავდროულად, უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის ბუნებასთან ჩვენი ურთიერთობის რთულ და, ხშირად, მყიფე წონასწორობაზე“.