ბუხარის საამირო, რომელსაც მანღითების დინასტიის წარმომადგენელი ამირები მართავდნენ, 1747 წელს დაარსდა. განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე ამირები ქვეყანას შარიათის კანონებითა და მათ მიერვე დანიშნული წარჩინებულების დახმარებით უძღვებოდნენ, რომლებსაც სათავეში მთავარი ვეზირი – ქუშბეგი ედგა. ამირის შემდეგ სწორედ ქუშბეგი ხელმძღვანელობდა ქვეყნის შიდა თუ საგარეო საქმეებს.
1885 წლიდან ბუხარის საამიროს სათავეში სეიდ აბდულაჰად ხანი ჩაუდგა. ამ ფოტოზე სეიდ აბდულაჰად ხანთან ყველაზე დაახლოებული პირი, ასტანკულ-ბიია გამოსახული, რომელიც 1888 წელს ქუშბეგის თანამდებობაზე დაინიშნა. ასტანკულ-ბიი ითავსებდა ქვეყნის მთავარი ხაზინადარის პოსტსაც და სათავეში ედგა დიპლომატიურ მისიას ბუხარის საამიროსა და რუსეთის იმპერიის პოლიტიკურ სააგენტოს შორის.
ასტანკულ-ბიის კარიერის დასასრული 1910 წელს ბუხარაში შიიტებსა და სუნიტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება, როდესაც მის მიერ დედაქალაქში აშურის რელიგიური დღესასწაულის ჩატარების ნებართვის გაცემამ რამდენიმედღიანი სისხლიანი დაპირისპირება და დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ამირის ბრძანებით ასტანკულ-ბიი, ხელისუფლებას ჩამოაშორეს,1910 წელს კი მისმა მემკვიდრემ ციხეშიც ჩასვა. საამიროში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ასტანკულ-ბიი კვლავ დაბრუნდა საჯარო ასპარეზზე, როგორც ვაკუფის სამმართველოს რიგითი მოხელე.