
ბუმი და ქალაქი
ფოტოზე გამოსახული ზოგიერთი სახლი კიდევ დგას, მაგრამ საბურღი კოშკურები იქ უკვე მეტოქეობას აღარ უწევს პალმის ხეებს
საინალ ჰილის (კალიფორნია) შემოგარენში საბურღი კოშკურების ტყეა გაშენებული. ეს ფოტო 1941 წლის National Geographic-ის ივნისის ნომრიდანაა. ზუსტად 20 წლით ადრე აქ ნავთობი აღმოაჩინეს. ფოტოს ასეთი წარწერა ახლავს: „ერთმა თუ გაბურღა მიწა და ნავთობი იპოვა, მისი მეზობელიც მაშინვე ბურღვას დაიწყებს, ვაი თუ პირველმა ამოაშროსო“. დღეს, ამ ტერიტორიაზე მდებარე ლონგ ბიჩის საბადოში ნავთობი საკმაოდ გამოლეულია, მაგრამ წელიწადში მილიონ ბარელზე მეტს მაინც იღებენ. კალიფორნიის კონსერვაციის დეპარტამენტის ინჟინერი ჯონ ჰაფი ამბობს, რომ ნავთობის ამოღების ტექნოლოგია განვითარდა და სატუმბი აგრეგატებიც უფრო მძლავრია. ჰაფის ჯგუფმა (ნავთობის, აირისა და გეოთერმული რესურსების განყოფილება) დაადგინა, რომ ამ ფოტოზე გადაღებული ადგილი დღევანდელი დოუსონ ავენიუსა და ვილიჯ ვეის კუთხეში უნდა მდებარეობდეს. ფოტოზე გამოსახული ზოგიერთი სახლი კიდევ დგას, მაგრამ საბურღი კოშკურები იქ უკვე მეტოქეობას აღარ უწევს პალმის ხეებს.