ბუნებრივ რიტმს აცდენილი
თეთრი კურდღელი ცივი ამინდის ცხოველია.
გლობალურმა დათბობამ შეიძლება მათი ცხოვრება შეცვალოს.


ბუნებრივ რიტმს აცდენილი
თეთრი კურდღელი ცივი ამინდის ცხოველია. გლობალურმა დათბობამ შეიძლება მათი ცხოვრება შეცვალოს.
შოტლანდიის მთიანეთი მყინვარული პეიზაჟია, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში ყინულმა და ქვამ გლუვად მოაპირკეთა. კუზიან მთებში მყინვარულ ცირკებად წოდებული თასისებრი ღრმულები გვხვდება. ამ მიწას ორი სახე აქვს.
გვიან ზაფხულში ეს მიწა მოფენილია პაწაწინა მეწამულყვავილიანი მანანებით, მცოცავი ტირიფისა და ჭაობის მირტის ფაქიზი ფოთლებითა თუ ლურჯი და წითელი მოცვის მძივებით. სულ რამდენიმე კვირაში იგივე მაღლობები შეიძლება თოვლით იყოს დაფარული და 100 კმ/სთ სიჩქარის ქარიშხალი ქროდეს.
ეს თეთრი კურდღლის ტერიტორიაა. ამ პატარა ძუძუმწოვრებს მთელი ევრაზიის ტუნდრაში, ტაიგასა და ალპურ რეგიონებშიც ვხვდებით. დიდი ბრიტანეთის თეთრი კურდღლების დაახლოებით 99% შოტლანდიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთის უსწორმასწორო გრამპიანის მთებში ბინადრობს.

შარშან ზამთარში კერნგორმის მთებში ვლაშქრობდი. დიდ თოვლში წავბარბაცდი. უეცრად ჩემგან დამფრთხალმა ტუნდრის გნოლმა ფრთების შხუილით დატოვა თავისი ადგილსამყოფელი. როდესაც ჩემი ნაბიჯის ხმა შემოესმათ, თეთრბეწვიანი კურდღლები მყინვარულ ცირკზე გადმოეშვნენ – სხარტად, ზვავის პირველი ნამცეცებივით – სანამ შეტრიალდებოდნენ და მსუბუქად გადასრიალდებოდნენ ქედს იქით.
თეთრი კურდღლები თავშესაფარს ხშირ მცენარეულ საფარში გაკეთებულ სოროებსა ან ფერდობის ზედაპირულ ჩაღრმავებებში ეძებენ, სანამ ქარბუქი მიილევა: ბეწვის ქურქში გახვეულები იკუნტებიან კისერზე აკრული შავწვეტიანი ყურებით. ზოგჯერ, შეიძლება რამდენიმე დღე ფეხი არ მოიცვალონ. საათში ერთხელ თუ გააქტიურდებიან გასაზმორად ან ყინვაგამძლე მანანის მოსაძოვად და ისევ თავშესაფარში ბრუნდებიან.

ამგვარი ქცევა მრავალ ადაპტაციას შორის ერთ-ერთია, რომლითაც თეთრი კურდღელი – კურდღლის თუ ბოცვრის ერთადერთი მკვიდრი სახეობა დიდ ბრიტანეთში – მძიმე პირობებში არსებობისთვის იბრძვის. ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი მისი სეზონური გარდასახვაა, როდესაც ზაფხულის გლუვ მურა ბეწვს უფრო სქელი, უკეთ დათბილული თეთრი ან ღია ნაცრისფერი ბეწვი ცვლის. ყოველწლიურად, მიმქრალი მზის შუქისა და დაცემული ტემპერატურების კომბინაცია კურდღლებში ზამთრის განგურს, ბეწვის მოცვლას იწვევს – ხშირი, ღია ფერის ახალი ბეწვი თათებიდან მოყოლებული, მხრების გასწვრივ ეზრდებათ, რაც ლაქებად ემჩნევა მათ სხეულს.
ევოლუციის შედეგია, რომ ეს არსებები თავიანთ გარემოს ერგებიან. თუმცა, რადგან კლიმატის ცვლილება ცვალებად ამინდში ვლინდება, თეთრ კურდღლებსაც სულ უფრო და უფრო უჭირთ თავიანთი საცხოვრებელი ადგილისთვის ფეხის აწყობა.
კამუფლაჟის უკუეფექტი
თეთრი კურდღლები ბეწვის გარდასახვის უნარის მქონე ფრინველებისა და ძუძუმწოვრების მხოლოდ 21 არსებული სახეობისგან შემდგარ ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომელთა უმრავლესობაც ცივ, თოვლიან რეგიონებში ბინადრობს, ამბობს მარკეტა ზიმოვა, ბიოლოგიის ასისტენტ-პროფესორი ჩრდილოეთ კაროლინის აპალაჩების სახელმწიფო უნივერსიტეტში. შოტლანდიაში ორად ორი სხვა სახეობა, რომლებიც მსგავსად იცვლიან ფერს, მარჯვე მონადირე ყარყუმი და ტუნდრის გნოლი არიან.

თეთრი კურდღლებისთვის ასეთი მდიდრული ზამთრის ბეწვი სასარგებლო კამუფლაჟიცაა, რომელიც მათ ისეთი მტაცებლებისგან იცავს, როგორებიც არიან წითური მელა, ყარყუმი და ცაში მონავარდე მთის არწივი. თუმცა ეს ამდენად ცვალებად პირობებში წყევლაც ისევე შეიძლება იყოს, როგორც მადლი.
შოტლანდიის მთებში ყოველდღიურად ტემპერატურის უეცარი ცვლილება უჩვეულო არ არის. ყველაზე თბილ დღეებში, როდესაც ტორფნარი შავია, კურდღლები ყურადღების ცენტრში ექცევიან: მუქი მანანის ფონზე ბზინავენ.
ამის საშიშროება ყოველთვის არსებობდა, თუმცა ზიმოვას ბოლოდროინდელი კვლევით აღმოჩნდა, რომ შოტლანდიური თეთრი კურდღლები ადგილობრივ პირობებთან დისონანსში არიან მას შემდეგ, რაც კლიმატის ცვლილებამ თოვლიანი დღეების რაოდენობა მკვეთრად შეამცირა – 2010-იან წლებში შემოდგომის პირველი თოვლი მიწას, საშუალოდ, ოთხი დღით გვიან ფარავდა 1960-იან წლებთან შედარებით. რეგიონში საშუალო ტემპერატურა ათწლეულში 0,1-ზე მეტი გრადუსით იმატებს, რაც იწვევს უფრო ხანგრძლივ პერიოდებს თოვლის საფარის გარეშე. ჩანაწერები ცხადყოფს, რომ კურდღლების შეფერილობა წელიწადში დამატებით 35 დღე არის ლანდშაფტთან შეუხამებელი.

ამის შედეგები ბოლომდე ნათელი არ არის, ამბობს სკოტ ნიუი, პოპულაციური ბიოლოგი, რომელიც თეთრ კურდღლებს შეისწავლის შოტლანდიის ველური ბუნების საკონსერვაციო ფონდში. დასაკვირვებლად „ძალიან რთული“ სახეობაა, ამბობს იგი. მაგალითისთვის, თეთრი კურდღლები პოპულაციის ციკლებს განიცდიან, რის გამოც მეცნიერმა ერთ წელიწადს კვადრატულ კილომეტრზე მხოლოდ რამდენიმე კურდღელი შეიძლება ნახოს, რამდენიმე წლის შემდეგ კი იმავე ფართობზე ასზე მეტი. ეს ციკლები, რომლებიც, სავარაუდოდ, საკვების ხელმისაწვდომობასა და გარკვეული პარაზიტების გავრცელებას უკავშირდება, იმდენად ცვალებადია, რომ ისეთი ფაქტორების ზემოქმედების ამოცნობა, როგორიც კლიმატის ცვლილებაა, შეიძლება უკიდურესად რთული აღმოჩნდეს.
ამისდა მიუხედავად, ჩრდილოეთ ამერიკის ამერიკული კურდღლის პოპულაციური ანალიზი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის შესაძლო გრძელვადიან ტენდენციებზე. ზიმოვას თქმით, ალბათობა იმისა, რომ ნებისმიერ მოცემულ კვირას ამერიკულ კურდღელს მტაცებელი მოინადირებს, 7-დან 14%-მდე იზრდება, როდესაც კურდღელს ზამთრის თეთრი ბეწვი ფარავს უთოვლო ფონზე. „ეს თითქოს მკვეთრ ზრდაზე არ მიუთითებს“, – ამბობს იგი, მაგრამ როდესაც აღნიშნულ მონაცემს მთელი წლის კონტექსტში შეაფასებთ, „ამას ნამდვილად ძირეული შედეგები შეიძლება მოჰყვეს“.
ამ დამთბარ პლანეტაზე უამრავი სირთულის წინაშე აღმოჩენილ ცხოველებს ისევ ეს გამოწვევა აქვთ: ადაპტაცია ან სიკვდილი. შოტლანდიის თეთრ კურდღლებს კი ადაპტაციის არაფერი ეტყობათ.

სამიზნეში
როგორ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, ადამიანის ზემოქმედება გაცილებით უფრო საგანგაშოა, ვიდრე მელიების, მტაცებელი ფრინველებისა და ყარყუმების მხრიდან მომატებული საფრთხე.
ათწლეულების განმავლობაში მთიანი რეგიონის დიდ ფართობებს მიწის მესაკუთრეები მართავდნენ ველურ შოტლანდიურ გნოლზე რეკრეაციული ნადირობის მიზნით.
თეთრ კურდღლებს თავშესაქცევად დიდი ხანია ხოცავენ, თუმცა გასული საუკუნის მიწურულს მიწის ზოგიერთმა მესაკუთრემ კურდღლების აქტიური ხოცვა დაიწყო. ამას იმით ხსნიდნენ, რომ კურდღლები მასპინძლობდნენ დაავადების გადამტან ტკიპებს, რომლებიც გნოლებს აავადებდნენ – რასაც მეცნიერები სადავოდ მიიჩნევდნენ. 2016-17 წლის ნადირობის სეზონზე ჯამში 33 500-ზე მეტი კურდღელი დახოცეს. კურდღლების ამოწყვეტის გარშემო დავამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა, როდესაც დამოუკიდებელი ეკოლოგი და მთამსვლელი, ადამ უოტსონი, 2018 წლის ანალიზით ამტკიცებდა, რომ თეთრი კურდღლის პოპულაცია მთიან ჩრდილო-აღმოსავლეთში, გნოლზე სანადირო მიწებზე, ისე შემცირდა, რომ 1950-იანი წლების შუა ხანების მაჩვენებლის ერთ პროცენტზე ნაკლებს შეადგენდა. შოტლანდიური თეთრი კურდღლის პოპულაციას 135 000 ინდივიდის ფარგლებში აღრიცხავენ, თუმცა მეცნიერები ხაზს უსვამენ მსგავსი გამოთვლების საეჭვოობას; ზუსტი მაჩვენებელი შეიძლება 81 000-დან 526 000-მდე დიაპაზონში ექცეოდეს.

ამ ცხოველის გადაშენების შიშით შოტლანდიის პარლამენტმა 2021 წლის მარტში თეთრ კურდღლებზე არალიცენზირებული ნადირობა აკრძალა. ამ კანონის შედეგების გააზრება ჯერ კიდევ მეტისმეტად ნაადრევია, ამბობს ნიუი, რომელიც 20 წელია ამ იდუმალი ცხოველის აღრიცხვის მექანიზმების გაუმჯობესებაზე მუშაობს.
გასაკვირი არაა, რომ კურდღელი ვერც შენიშნო. რამდენიმე წლის წინ საზაფხულო ლაშქრობისას შევესწარი, როგორ გადმოხტა მოქნილი კურდღელი ეკალ-ბარდებიდან. წაბლისფერი სილუეტი წაბლისფერ ფონზე. ერთ წუთს იქ იყო; მეორე წუთს – ისევ გაქრა. თითქოს იქ არც არასოდეს ყოფილა.
კალ ფლინმა, რომელიც შოტლანდიის მთიანეთიდანაა, დაწერა წიგნი, სათაურით „მიტოვებული კუნძულები: ბუნების აღორძინება პოსტადამიანურ ლანდშაფტზე“. ენდი პარკინსონი 20 წელია იღებს თეთრი კურდღლების ფოტოებს შოტლანდიაში.