ცეცხლი და ჯვარი
ისტორიულ მონეტებზე სიმბოლიკის ცვლილება ირანისგან ქართლის გათავისუფლების პროცესს ირეკლავს.
ბერლინში, ბოდეს მუზეუმის მიუნცკაბინეტში დაცული ქართული მონეტების კოლექცია, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ამბების მოწმეა, ქართული მეცნიერებისთვის ორსაუკუნოვანი ინტერესის საგანსაც წარმოადგენს. აღნიშნული კოლექცია ეკუთვნოდა ქართული ნუმიზმატიკის ფუძემდებელს, მიხეილ ბარათაშვილს (ბარათაევს). მონეტები ბერლინის მუზეუმმა 1874 წელს შეიძინა და ამ დღიდან მოყოლებული, 2012 წლამდე არც ერთ ქართველ მეცნიერს არ მისცემია საშუალება პირადად გასცნობოდა აღნიშნულ ნუმიზმატიკურ ძეგლებს. იმ წელს სწორედ მათ შესასწავლად გავემგზავრე ბერლინში გერმანიის საერთაშორისო სტიპენდიით.
ბერლინის საგანძურიდან გამორჩეულია მონეტების ჯგუფი, რომლებიც მსოფლიო ნუმიზმატიკურ საზოგადოებაში ქართულ-სასანური მონეტების სახელითაა ცნობილი. ეს მონეტები, რომლებიც VI-VII საუკუნეების საქართველოს პოლიტიკური ისტორიის შესწავლისთვის ყველაზე მეტყველ წყაროდ გვევლინება, კიდევ იმ ნიშნითაა საყურადღებო, რომ ქართული ფულის მოჭრის ისტორიაში პირველი ნუმიზმატიკური ძეგლებია, რომლებზეც ქართული წარწერები ჩნდება.


ფოტო: ბერლინის სახელმწიფო მუზეუმი, მიუნცკაბინეტი
საქართველოს პოლიტიკური ისტორია აღნიშნულ პერიოდში ჩამოყალიბდა მსოფლიოს ორი უზარმაზარი იმპერიის ძალაუფლების გადანაწილების ფონზე. 532 წელს ბიზანტიასა და სასანურ ირანს შორის „საუკუნო ზავი“ დაიდო, რომლის თანახმადაც ბიზანტიამ ცნო ირანელთა უფლება აღმოსავლეთ საქართველოზე, სადაც ირანელებმა მეფობა გააუქმეს. ბიზანტიასა და ირანს შორის ბრძოლებმა ეს უკანასკნელი დაასუსტა, რითაც ისარგებლეს ქართველებმა და მალევე ფაქტობრივი ხელისუფლება ადგილობრივი დიდი ფეოდალური საგვარეულოს ხელში მოაქციეს. მათ შექმნეს ერისმთავრობის ინსტიტუტი, რაც ხელისუფლების ცენტრალიზებას ისახავდა მიზნად. ქვეყნის მართვა გადავიდა ქართველი ერისმთავრის ხელში, რამაც საფუძველი დაუდო ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ ორგანიზებულ ბრძოლას. ქართლის ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ და თანდათანობით გამოსვლა ირანელთა კონტროლიდან მკაფიოდ აისახა ადგილობრივ ფულად ნიშნებზე.
ქართლში პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენის გამო ადგილობრივ ბაზარზე სასანიანთა დრაქმები ბრუნავდა, რომელთა განძის სახით აღმოჩენის არაერთი შემთხვევაა დადასტურებული აღმოსავლეთ საქართველოში. სასანიანთა დრაქმების იკონოგრაფიული სიუჟეტი ასე გამოიყურებოდა: ავერსზე გამოსახულია ირანის შაჰის ბიუსტი, ხოლო რევერსზე – ზოროასტრელ სასანელთა ემბლემა – საკურთხეველზე აგიზგიზებული ცეცხლი, რომელსაც ორი შეიარაღებული მცველი დარაჯობს. ქართლში ირანელების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებისთანავე ერისმთავრები იღებენ ადგილობრივ ბაზარზე გავრცელებულ სასანურ სამონეტო ტიპს და მცირე იკონოგრაფიულ დეტალებს ამატებენ, კერძოდ, ქრისტიანობის სიმბოლოს – ჯვარს. დასაწყისში მას შაჰის ბიუსტთან, მხართან ახლოს ათავსებენ, საკურთხეველზე ისევ ცეცხლს ტოვებენ. მალე მონეტის კიდეზე ერისმთავრის, გურგენის სახელის მონოგრამასაც სვამენ. გურგენის მონეტებზე ჩნდება ქართული ასომთავრული გრაფემები. შეფარვით, მონეტის კიდეზე დასმული მონოგრამა ქართული წერა-კითხვის უცოდინარი სპარსელებისთვის შეუმჩნეველი დარჩებოდა, თუმცა ქართველებისთვის გარკვეული გზავნილი იყო. მონეტაზე ერისმთავრის სახელის დატანა იმაზე მიანიშნებდა, რომ ბრძოლა ქართლის ირანელებისგან გასათავისუფლებლად დაწყებული იყო. გურგენის მონეტები სავარაუდოდ 586 წლიდან 590 წლამდეა მოჭრილი.


ფოტო: ბერლინის სახელმწიფო მუზეუმი, მიუნცკაბინეტი
ქართლის ირანელებისგან გათავისუფლების შემდეგ სტეფანოზ ერისმთავარი მონეტაზე სრულად ათავსებს ქართულად (ასომთავრულით) თავის სახელს – „სტეფანოს“, ხოლო ცეცხლს ანაცვლებს ქრისტიანული სიმბოლოთი – ჯვრით.
ცეცხლთაყვანისმცემლობის სიმბოლოს დემონსტრაციული მოშორება უმაღლესი იურიდიული დოკუმენტიდან – ფულიდან, ქართლის ირანელებისგან გათავისუფლების ოფიციალური დეკლარირებაა. ქართლის გათავისუფლების სიმბოლოა სტეფანოზის ეპოქაში აგებული მცხეთის ჯვრის არქიტექტურული შედევრიც, მაგრამ ფულს მედიასაშუალების როლიც აქვს – ის ქვეყნის გარეთაც გადის და, შესაბამისად, ამცნობს სხვა სახელმწიფოებს, რომ ქართლს ქრისტიანული აღმსარებლობის მმართველი ჰყავს. ამიტომაც, მონეტების ამ ჯგუფის, როგორც საისტორიო წყაროს მნიშვნელობა, გამორჩეულია საქართველოს ისტორიისთვის.