ცეცხლის მილებში
კანარის კუნძულებზე ამოფრქვეულმა ვულკანმა ლავის მდუღარე მდინარეები მიწისქვეშ ჩაიტანა და გვირაბები წარმოქმნა. დღეს მეცნიერები და მკვლევრები გაგრილებულ მიწისქვეშეთში მიიკვლევენ გზას და იძიებენ ცოცხალი ორგანიზმების შესახებ ინფორმაციას დედამიწასა და, შესაძლოა, სხვა პლანეტებზეც.
ცეცხლის მილებში
კანარის კუნძულებზე ამოფრქვეულმა ვულკანმა ლავის მდუღარე მდინარეები მიწისქვეშ ჩაიტანა და გვირაბები წარმოქმნა. დღეს მეცნიერები და მკვლევრები გაგრილებულ მიწისქვეშეთში მიიკვლევენ გზას და იძიებენ ცოცხალი ორგანიზმების შესახებ ინფორმაციას დედამიწასა და, შესაძლოა, სხვა პლანეტებზეც.
თითქოს სხვა პლანეტაზე ვართ.
არასტუმართმოყვარე, უსწორმასწორო რელიეფი იქამდეა გადაჭიმული, სადამდეც თვალი მისწვდება და შავი ფერფლის ფერდობებითაა გარშემორტყმული. ეს ახალწარმოქმნილი ლავური ნაკადებია ვულკანური წარმოშობის კანარის არქიპელაგის კუნძულ ლა-პალმაზე. ისინი 2021 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა, როდესაც ამ კუნძულზე ტახოგაიტეს ვულკანმა სამი თვის განმავლობაში 190 მილიარდ ლიტრზე მეტი გამდნარი მაგმური ქანი ამოანთხია.
ლავური პლატოს უმეტეს ნაწილში გადაადგილება ამ დრომდეც მხოლოდ მეცნიერებისთვისა და გარემოს დაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვისაა ნებადართული. მე თან ვახლავარ კანარის კუნძულების სპელეოლოგიის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ოქტავიო ფერნანდეს ლორენცოს. ესპანეთის გეოლოგიური და სამთო მრეწველობის ინსტიტუტის (IGME) მკვლევრებთან ერთად, ფერნანდესი პასუხისმგებელია გვირაბების შესწავლაზე, რომლებიც ლავამ ამოფრქვევის შედეგად დატოვა. სამეცნიერო ლიტერატურაში მათ უმეტესწილად ლავური მილების სახელით მოიხსენიებენ, თუმცა აქ, ლა-პალმაზე, უფრო პოეტური სახელწოდება შეურჩიეს: canos de fuego – ცეცხლის მილები.
ფერნანდესი ჩაფხუტს მაწვდის, წყლის მარაგებს ამოწმებს და თეთრი ღობისკენ მიემართება, რომელზე აღმართული აბრაც გვაფრთხილებს, რომ ეს ხაზი არ გადავკვეთოთ. გზა, რომელმაც ამ ადგილამდე მოგვიყვანა, უეცრად წყდება და ლავის საფარქვეშ უჩინარდება. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ცივილიზაციას ვტოვებთ.

ცეცხლის მილები ნებისმიერ ისეთ ადგილას შეიძლება შეგვხვდეს, სადაც ვულკანური აქტივობა დაფიქსირებულა. ტიპური მღვიმეებისგან განსხვავებით, რომელთა ჩამოყალიბებას მილიონობით წელიწადი დასჭირდა, ეს ღრმულები გეოლოგიური დროის ათვლით წამში იქმნება. თუმცა, ყველა ვულკანი ლავურ მილებს არ წარმოქმნის. ამოფრქვევა საკმარისად უნდა გახანგრძლივდეს, რათა შესაბამისი რაოდენობის ლავა ამოინთხეს. ლავა, თავის მხრივ, საკმარისად ცხელი უნდა იყოს და სათანადო ნივთიერებებისგან შედგებოდეს, რომ თხევადი მდგომარეობა შეინარჩუნოს. გარდა ამისა, იგი ფერდობზეც სათანადო სიჩქარით უნდა დაეშვას.
დაახლოებით 985°C-ს რომ მიაღწევს, დინებას იწყებს და ლავის გავარვარებული, ბლანტი ზღვა ფერდობზე ეშვება. გარე ფენა ჰაერთან შეხებისას გრილდება და გამყარებას იწყებს, ყალიბდება ქერქი, რომელიც მილის სახურავად გვევლინება. თერმულად იზოლირებული საფარის ქვეშ ლავა კილომეტრების მანძილზე დაუბრკოლებლად მიედინება. როდესაც ამოფრქვევა მინელდება და არხები დაიცლება, გვირაბების მიწისქვეშა ლაბირინთი გვრჩება.
ლავურ მილამდე მისაღწევად ჩვენ ერთი საათი ვლაშქრობთ ციცაბო, ცოცხალი ქანის ფერდობზე. ნელა მივაბიჯებთ. ფერნანდესი პაწაწინა, ქათქათა პიროკლასტური ქანის ფრაგმენტს იღებს და მაწვდის. მას ადგილობრივმა მკვლევრებმა რესტინგოლიტი უწოდეს – 2011 წელს მეზობელ კუნძულ ელ-იეროზე ლა-რესტინგას რეგიონში მომხდარი ამოფრქვევის შემდეგ, როდესაც ოკეანეში მოტივტივე მოთეთრო ქანის ასობით ნატეხი იპოვეს, რამაც სამეცნიერო დავა გამოიწვია. ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ეს ორი მილიონი წლის ოკეანის ფსკერიდან შემორჩენილი უძველესი დანალექებია – იმ საძირკვლის ნაწილები, რომელზეც ლა-პალმა აღმოცენდა. დავიდ სანს მანგასი, ინჟინერ-გეოლოგი, რომელიც IGME-ში ექსტრემალურ ბუნებრივ მოვლენებსა და მემკვიდრეობას შეისწავლის, ამ ქანებზე დაკვირვებას ასე აფასებს: „თითქოს სარკმლიდან ვიხედებით და ჩვენს წარსულს ვხედავთ“.
ლა-პალმაზე ვულკანის ამოფრქვევიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ მეცნიერებმა ლავური მილები აღმოაჩინეს. ისინი შეუიარაღებელი თვალისთვის შეუმჩნეველია; ამოფრქვევის დროს დრონით გადაღებული სურათები მეცნიერებს მათი შესაძლო მარშრუტების პროგნოზირებაში დაეხმარა. ერთ-ერთი მილი 2022 წლის ივნისში აღმოაჩინეს, ვულკანის მიწყნარებიდან ექვს თვეში, როდესაც გამყარებული ნაკადის თავზე ახალი გზის მშენებლობას იწყებდნენ. მღვიმისმაგვარ სივრცეს რომ გადააწყდნენ, სამუშაოების შეჩერება მოუწიათ და სწორედ ამ დროს სანსიც შეუერთდა გუნდს.
„ჰავაის არქიპელაგზე მოპოვებულ საველე მონაცემებზე დაყრდნობით, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ვულკანური ღრმულებია, ვივარაუდეთ, რომ მილების შესწავლის დაწყებას ამოფრქვევიდან დაახლოებით ორ წელიწადში შევძლებდით“, – ამბობს იგი. მაგრამ აქ „ვიხილეთ, რომ, სირთულეების მიუხედავად, ეს უკვე შესაძლებელი იყო“.
დრონებს საველე სამუშაოებში გადამწყვეტი როლი აქვთ. „პირველ რიგში, ლავურ პლატოებზე ღია ხვრელების მონიტორინგისთვის თერმული სენსორებით აღჭურვილი დრონები უნდა გაგვეშვა“, – ამბობს იგი, – „და ნელ-ნელა მათი შესწავლა დაგვეწყო“.
ე.წ. წითელი მილი იმ ლავის მდინარეებმა წარმოქმნეს, რომლებმაც სამი წლის წინ პატარა ქალაქ ტოდოკეს გადაუარეს. დღეს მილის ორი შესასვლელი, ერთმანეთისგან 60-იოდე მეტრის დაშორებით, ჰაერის ცირკულაციის საშუალებას იძლევა. „იმის ნაცვლად, რომ ცხელი ჰაერი გარეთ გამოდიოდეს, მილის „ხახა“ სუფთა ჰაერს გარედან ისრუტავს“, – ამბობს ფერნანდესი. „ეს საუკეთესო ლაბორატორიაა იმის შესასწავლად, თუ როგორ გრილდება ლავის ნაკადები“. შუბლის ფარნებს ვრთავთ, შიგნით ვძვრებით და ვეჩეხებით კედლების მოულოდნელ მოწითალო ფერს. ჭერზე ვხედავთ მუქ ყავისფერ, წვეთებივით ჩამოკიდებულ ლავის სტალაქტიტებს, რომლებიც ჩამოვარდნამდე გამყარდნენ და ახლა სამუდამოდ ჰაერში გაქვავებულან.
მილის შიგნით მოძრავი ჰაერი უფრო გრილია, ვიდრე კედლები – და, ზონდის მონაცემების მიხედვით, მათი ტემპერატურა 50°C-დან 100°C-მდე მერყეობს. წონასწორობის შესანარჩუნებლად ცხელ კედლებს ხელთათმანიანი ხელებით ვეყრდნობით და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ. ტენიანობა და ტემპერატურების ნაზავი მღვიმეს თურქული აბანოს სასიამოვნო ატმოსფეროს სძენს.
თერმული სენსორებით აღჭურვილი დრონის საშუალებით ფერნანდესი ტემპერატურის მაჩვენებელს ამოწმებს. შესასვლელიდან 90-იოდე მეტრის მოშორებით მყოფებს გვეუბნება, რომ შევჩერდეთ: სითბო საგრძნობლად მატულობს. ჩვენ წინ, არც ისე შორს, მილი ვიწროვდება და 250°C-ზე მაღალ ტემპერატურას გამოყოფს. ვიდეოკადრებში ჰაერი მირაჟივით კრთის.

ეს მხოლოდ ერთ-ერთია ასზე მეტი გვირაბის პირიდან, რომლებიც აქამდე აღმოუჩენიათ, თუმცა ზოგიერთი მეტისმეტად შენიღბულია, რომ ზემოდან გამოჩნდეს. მათი ძალიან მცირე რიცხვია შესწავლილი. მილში შესვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ტემპერატურა იძლევა ამის საშუალებას. 20 მეტრამდე სისქის ლავური ნაკადების გაგრილების პროცესი შეიძლება ორწელიწადნახევარი გაგრძელდეს; 45-60 მეტრის სისქის ნაკადებს კი, შესაძლოა, 20 წელიც დასჭირდეს.
მეცნიერების აზრით, ეს ქსელი შესაძლოა სამამდე დონისგან შედგებოდეს. სანსი მიიჩნევს, რომ ეს ევროპაში ყველაზე ვრცელი მილების სისტემაც შეიძლება იყოს. ამ ტიტულს ამჟამად მეზობელ კუნძულ ტენერიფეზე მდებარე ტეიდეს ვულკანის ქვეშ არსებული ვიენტო-სობრადოს მღვიმური სისტემა ფლობს. 18 კილომეტრზე უფრო გრძელი გვირაბებით, იგი სულ ცოტა ხნით მსოფლიოში უდიდეს ვულკანურ მილად ითვლებოდა, სანამ 1995 წელს ჰავაის კუნძულზე ერთმა კაცმა, ჰარი შიკმა, თავის უკანა ეზოში მღვიმის შესასვლელი არ აღმოაჩინა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თურმე ის მიგვიძღოდა 65 კმ-ზე მეტი სიგრძის მილებისკენ, რომლებიც კილაუეას ვულკანიდან იტოტებოდა.
ამ გვირაბებისგან მრავალი რამის სწავლა შეგვიძლია და, შესაძლოა, არა მხოლოდ ჩვენს სამყაროზე. ანა სელია მილერი, რომელიც სევილიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრობიოლოგიის ინსტიტუტის გეომიკრობიოლოგია, თავისი მიკროსკოპის ლინზას ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველი პატარა ცოცხალი ორგანიზმებისკენ მიმართავს. მისი პირველი აღმოჩენები ლა-პალმის ცეცხლის მილებს უკავშირდება, სადაც იგი ლავური გვირაბების უჩვეულო, ჟელატინისებრ სპელეოთემებს, მინერალური დანალექის წარმონაქმნებს, შეისწავლიდა.


Oxyopes-ის გვარის ობობას (ქვემოთ) სახეობები ადრეული რეკოლონიზატორები არიან. მეცნიერები იკვლევენ, თუ როგორ ვითარდება ლავაში სიცოცხლე და რამდენად შესაძლებელია ამგვარი ექსტრემალური ვულკანური გარემო პირობები სხვა პლანეტებისას ჰგავდეს.
ფოკუსის კომბინირებით მიღებული 29 გამოსახულებისა (გოგირდი) და ფოკუსის კომბინირებით მიღებული 20 გამოსახულების (ობობა) კომპოზიტები
ექსტრემოფილ სახეობებზე ჩატარებული მისი კვლევების შემდეგ, კერძოდ, ბაქტერიებზე, რომლებიც განვითარებისთვის საჭირო ენერგიას არაორგანული ნივთიერებებისგან მოიპოვებენ, მილერი ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ პროექტ Pangaea-X-ზე სამუშაოდ მიიწვია. მისია მიზნად ისახავდა ასტრონავტების მომზადებას ახლომდებარე ლანსაროტეს კუნძულიდან მიკრობული ნიმუშების შეგროვებასა და ანალიზში; კერძოდ, ისეთი ლავური მილიდან, რომლის პირობები მთვარესა და მარსზე არსებულ ლავური მილებისას შეგვიძლია შევადაროთ.
2009 წლიდან მოყოლებული, როდესაც იაპონიის კოსმოსურმა ზონდმა აღმოაჩინა მარიუსის ბორცვების სარკმელი – მთვარის ერთ-ერთი ვულკანური გვირაბის შესაძლო შესასვლელი – სამეცნიერო საზოგადოება დედამიწის ვულკანურ მილებსა და მათ კოსმოსურ ანალოგებს შორის მსგავსებებს შეისწავლის.
„მარსისა და მთვარის მღვიმეები ჩვენისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება გარემო პირობებიდან და გრავიტაციიდან გამომდინარე, რაც მათ ზომასა და სტაბილურობაზე ზემოქმედებს. თუმცა, მათი ჩამოყალიბების პროცესსა და გარემოს უფრო მეტი რამ აქვთ საერთო დედამიწაზე არსებულებთან, ვიდრე ვიფიქრებდით“, – ამბობს ფრანჩესკო საურო, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერი და National Geographic-ის მკვლევარი. თუკი ამ არამიწიერ ლავურ მილებში არის ან ოდესმე ყოფილა სიცოცხლის ნიშან-წყალი, ის შესაძლოა იყოს მიკრობული წარმოშობის, როგორც ლა-პალმის ცეცხლის მილებშია.
„ლა-პალმაზე მომხდარი უკანასკნელი ამოფრქვევა ამ ახალჩამოყალიბებული ლავური მილების პიონერული მიკრობიოტის შესწავლის განსაკუთრებულ შესაძლებლობას გვაძლევს“, – ამბობს მილერი. კუნძულის ვულკანური მილები უკვე „დასახლებულია“. მილერის გუნდმა აღმოაჩინა როგორც ჩვენთვის ნაცნობი ბაქტერიები, ისე სიცოცხლის სხვა ფორმები, რომლებიც ფსევდომონადოტასა და ბაქტეროიდოტას ტიპებს მიეკუთვნებიან და მომავალი კვლევებით შეიძლება ახალ სახეობებად კლასიფიცირდნენ.
კვლავ გაიხსნა ლა-პალმის ვულკანური მარშრუტი – ძველი სალაშქრო ბილიკი, საიდანაც კუნძულის უნიკალური ლანდშაფტი იშლება. აქედან საფეხმავლო ბილიკს, რომელიც ჯერაც ფერფლითაა მოფენილი, მივყავართ სხვა ნაწილობრივ გამოკვლეული მილისკენ, რომელსაც მეცნიერები „ორნიტო ბონიტოს“ – ლამაზ პატარა ღუმელს – უწოდებენ. გზად ტურისტების ჯგუფს შევხვდით; მათ მთავარი ვულკანური კონუსი დალაშქრეს, რომელსაც ახლახან ტახოგაიტე უწოდეს, რაც მკვიდრი ხალხის ენაზე „ნაპრალებიან მთას“ ნიშნავს. ტერიტორიის დანარჩენ ნაწილზე შესასვლელად ნებართვა, აირსაზომი და ნიღბებიც კი მოითხოვება, რადგან გარემო პირობები ნებისმიერ წამს შეიძლება შეიცვალოს.
ფერფლის ველი უდაბურია; ის ისეთივე ხელუხლებელია, როგორიც ამოფრქვევამ დატოვა და პატარა კრატერებითაა დაფარული. თითოეულ მათგანში მომრგვალებული ქვა ისეა ჩასმული, როგორც მარგალიტი ხამანწკის ნიჟარაში. ეს ქვები ვულკანის მიერ ამონთხეული ბლანტი ფრაგმენტებია, რომლებიც ჰაერთან ზემოქმედების შედეგად გლუვი გახდა, „ვულკანური ბომბები“, როგორც მათ ფერნანდესი უწოდებს.
„იდეალურ შემთხვევაში, შევქმნიდით მარკირებულ და მონიტორინგის ქვეშ მყოფ ბილიკების ქსელს, რათა ამ ახალი გეოლოგიური სიმდიდრით ტკბობა ყველას შეეძლოს, მისი დაზიანებისა და რამე საფრთხესთან გადაყრის გარეშე“, – ამბობს ფერნანდესი. იგი ყურადღებით აკვირდება ჩვენს ნაბიჯებს და ყოველ საეჭვო ჭრიალზე თავს აბრუნებს. გამაგრებული ლავის ფენა თხელი ბისკვიტივითაა, 5 სანტიმეტრი სისქისაც არაა. მის ქვეშ შესაძლოა იმალებოდეს ნაპრალი, რომელშიც ტემპერატურა 480°C-ს აჭარბებს.
„ორნიტო ბონიტო“ ისეა აღმართული, როგორც ხელნაკეთი ღუმელი ან ქვიშის სასახლე. „ორნიტოები მინივულკანებივითაა, – განმარტავს ფერნანდესი, – კონკრეტულად ეს სულ რაღაც სამ დღეში ჩამოყალიბდა“. ის მთავარი ვულკანური კონუსის ჩრდილოეთ ფერდობის ზემოთ წარმოიქმნა, როდესაც ლავა ჰაერში 30 მეტრის სიმაღლეზე ამოიტყორცნა. სიმძლავრის დაკარგვასთან ერთად აირებმა ბუყბუყი და შხეფების სროლა დაიწყო, რომლებიც იქამდე გროვდებოდა, სანამ წაკვეთილ კონუსურ კოშკს არ წარმოქმნიდა.
ახლომდებარე შესასვლელი უზარმაზარი ხვრელია, რომელსაც მილში ჩავყავართ და წარმოდგენას გვიქმნის აქ ჩავლილ ლავის ჩანჩქერზე. ყველაფერი თითქოს მსუბუქი თეთრი ფხვნილითაა დაფარული, რომელიც კონდენსირდება ნემსივით წვრილ, პაწაწინა თეთრ სტალაქტიტებად – მკვლევრები ჯერაც იკვლევენ მათ შემადგენლობას. ეს სათუთი, ეფემერული მინერალები შეიძლება ისე გაქრეს, რომ მათი შესწავლა ვერც მოვასწროთ.
აქ მოწიწების განცდა ჩნდება იმ ადგილების მიმართ, რომელთაც ბუნებრივი კატასტროფები შეეხო. ჩემს შუბლის ფარანს ვთიშავ, რათა სიბნელე შევიგრძნო. სიჩუმისა და სიმარტოვის შეგრძნება სუნთქვას მიკრავს. საბოლოოდ, ლავურ პლატოს კვლავ ვკვეთთ, რათა ჩვენი მანქანებისკენ დავბრუნდეთ. წვიმს და დაგუბებული წყალი ორთქლის ღრუბლებს წარმოქმნის. სულ გავილუმპეთ, მაგრამ არ მცივა. ცოცხალი ქანები კვლავ გამოყოფენ სითბოს.
მწერალ ემა ლირას პირველ წიგნში მოქმედება კანარის არქიპელაგზე ვითარდება. იგი ხშირად სტუმრობს კუნძულ ტენერიფეს.
სრული ვერსია იხილეთ ჟურნალის ბეჭდურ ვერსიაში