ჩაბნელებული კუნძული
აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი უსინათლო პერიოდის შემდეგ
პუერტო-რიკო ჯერ კიდევ ცდილობს, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს


ჩაბნელებული კუნძული
აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი უსინათლო პერიოდის შემდეგ პუერტო-რიკო ჯერ კიდევ ცდილობს, ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს
ჩ.გ. 18°01’34”, დ.გ. 65°49’58”
„აქაურ მეთევზეებს ძალიან უჭირთ“, – ამბობს 41 წლის იამარი მორალეს ტორესი, რომელიც საკუთარ ეზოში დგას და პუერტო-რიკოს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ზღვის ღელვას გაჰყურებს. მას და მის მეზობელ 14 მეთევზე მამაკაცს ნავებისა და სათევზაო აღჭურვილობის მომზადება ღამით უწევთ, გათენებამდე რომ მოასწრონ ზღვაში გასვლა. „დაჭერილი თევზის შესანახი მაცივრები არ გვაქვს, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გავყიდოთ ყველაფერი“, – განმარტავს ქალი.
2017 წლის 20 სექტემბერს ციკლონი მარია იაბუკოაში, პლაია-ელ-ნეგროს მახლობლად დაატყდა თავს ხმელეთს, იქ, სადაც იამარი და მისი დიდი ოჯახი ცხოვრობს. შტორმმა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა მთელი კუნძული – აშშ-ის ტერიტორია, სადაც 3,3 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს. ამ 14-სახლიან უბანს ხუთი თვის შემდეგაც არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და არც ის იცოდნენ – როდემდე.
მესამე თაობის მეთევზე, იამარი, ხნიერ მშობლებთან ერთად ცხოვრობს ნახევრად დანგრეულ, ბეტონის სახლში. მისი ტყუპი და, იასმინი, ორი სახლის მოშორებით, ძმის ოჯახის მეზობლად ცხოვრობს. შტორმამდე ყველას ევაკუაცია მოუხდა, თუმცა სხვა არჩევანი რომ არ ჰქონდათ, ოჯახის ყველა წევრი საკუთარ სახლებში დაბრუნდა. „ცხოვრება ძალიან სევდიანი გახდა“, – ამბობს იამარი, – მაგრამ ფეხს არ მოვიცვლი. აქ ვრჩები“.

პუერტო-რიკოს გამძლეობა ხელს უწყობს, მასობრივი ნგრევის შემდეგ კვლავ დაიწყოს შენება. ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება რამდენიმე კვირაში აღუდგა კუნძულის მთავარ ურბანულ ზონებს, მაგრამ 100 000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც ძირითადად სოფლად, პლაია-ელ-ნეგროს მსგავს ღარიბულ ადგილებში ცხოვრობს, სიბნელეში დარჩა.
ქარიშხალი მარია იყო ბოლო 89 წლის განმავლობაში უძლიერესი შტორმი, რომელმაც ტორნადოს ძალით დაარტყა პუერტო-რიკოს. წვიმამ კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია. წლების განმავლობაში მოუვლელი კუნძულის ისედაც მოშლილი ინფრასტრუქტურა სრულიად განადგურდა.
წყლის მიწოდება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეუწყდა. პუერტო-რიკოსთან კომუნიკაციის დამყარება თითქმის შეუძლებელი იყო რამდენიმე დღე. აეროპორტები დაიხურა, რამაც კიდევ უფრო გააჭიანურა დახმარების გაწევის შესაძლებლობა, რადგან მარაგი ან საჰაერო, ან საზღვაო გზით უნდა შემოსულიყო, საგანგებო სიტუაციათა მართვის ფედერალური სააგენტო კი, რომელსაც სტიქიით დაზარალებულთა დახმარება ევალება, უკვე უსახსროდ იყო დარჩენილი ბოლო ერთ თვეში აშშ-ს თავს დატეხილი ორი დიდი ქარიშხლის შემდეგ.

ამას მოჰყვა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ელექტროენერგიის გარეშე, კუნძულის მოსახლეობის დიდი ნაწილი კი უწყლოდაც დარჩა თვეების განმავლობაში. მოსახლეობა ბოთლის წყალზე იყო დამოკიდებული, რომლის მარაგიც ასევე იყო შეზღუდული. უსარგებლოდ დარჩენილი ელექტროქურები გაზქურებით ჩანაცვლდა. მაცივრების გარეშე საკვებიც გაფუჭდა და სასიცოცხლო მნიშვნელობის წამლებიც. ვისაც გენერატორი ჰქონდა, მხოლოდ მათ შეეძლოთ მზის ჩასვლის შემდეგ სიბნელის გაფანტვა – ისიც მხოლოდ რამდენიმე საათით. უკან დარჩა თანამედროვეობის ყველა კომფორტი, რომელსაც ელემენტარულად მივიჩნევთ.
როგორც იქნა, 19 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა კუნძულის ჩრდილო-ცენტრალურ მთიანეთში მდებარე დაბის, მოროვისის გარეუბანს.
მთელ კუნძულზე ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების აღდგენის შემდეგაც კი ხალხი სტიქიის შედეგებს მაინც ეჯახება. „შტორმი საზოგადოებრივი გარემოს შეგრძნებას გართმევს. ყველაფერი, რაც სიმტკიცის შეგრძნებას გაძლევდა, აღარ არის“, ამბობს 39 წლის ფსიქოლოგი დომინგო მარკესი, სან-ხუანის ალბისუს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. „ხალხი აღელვებული, დეპრესიული და შეშინებულია“. მარკესის ვარაუდით, მოსახლეობის 30-50%-ს პოსტტრავმული აშლილობა, დეპრესია ან შფოთვა ექნება.
და მაინც, მარკესი თავშეკავებულად ოპტიმისტურადაა განწყობილი: „ჩვენ დიდი სიცოცხლისუნარიანობა გამოვიჩინეთ. არსად არ მივდივართ. თავიდან ავაშენებთ ყველაფერს, – ამბობს იგი, – კარგად ვიქნებით, თუმცა ჩვეულებრივი მდგომარეობის დაბრუნებას არ უნდა ვეცადოთ, რადგან ყველაფერი ჩვეულებრივად ვეღარ იქნება“.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.