
„ჩაკრულო” – დედამიწის სავიზიტო ბარათი!
გასულ თვეს საზარელი ტრაგედია დაგვატყდა თავს. სტიქიამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენი რედაქციის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და მოგახსენებთ, რომ ივლისის განმავლობაში და შემდეგაც, ჩვენი ვებსაიტის (nationalgeographic.ge) საშუალებით, მოგაწოდებთ სხვადასხვა ანალიტიკურ მასალას და ფოტოამბებს მომხდართან დაკავშირებით.
წელს, 14 ივლისი განსაკუთრებული დღე იქნება კაცობრიობის ისტორიაში. არა მარტო იმიტომ, რომ ეს ბასტილიის აღების თარიღია, რომელმაც 225 წლის წინ შეცვალა ადამიანის მსოფლმხედველობა, არამედ იმიტომაც, რომ უცნაური დამთხვევით, ეს თარიღი ასეთივე მნიშვნელობის ღრმა ცვლილებების საფუძველი გახდება მომავლისთვის. ოღონდ, ამჯერად, საქმე მეცნიერებას ეხება.
ამ დღეს NASA-ს მიერ გაშვებული ხომალდი „ნიუჰორაიზონსი” ყველაზე ახლოს მივა პლუტონთან, მზის სისტემის ყველაზე შორეულ ობიექტთან და პირველად დედამიწის ისტორიაში პასუხი გაეცემა ბინდით მოცულ კითხვებს. რა კითხვებს? ამას ნადია დრეიკის მიერ პლუტონის კვლევაზე დაწერილ საინტერესო სტატიაში გაეცნობით, რომელიც საუცხოოდაა ილუსტრირებული დანა ბერის მიერ. ამ ოდისეას თავისი წინაისტორიაც აქვს. 38 წლის წინ, ორი სხვა უპილოტო კოსმოსური ხომალდი, “ვოიაჟერ 1” და „ვოიაჟერ 2” ყველაზე ხანგრძლივ მოგზაურობაში გაეშურა. ისინი თვალუწვდენელი სივრცეებისკენ მიქრიან და ვარსკვლავთშორისი გზავნილი მიაქვთ. ეს არის ოქროს დისკი, სადაც უცხო ცივილიზაციებისთვის დედამიწის სავიზიტო ბარათებია ჩაწერილი. მათ შორის ჩვენი დიდი მომღერლების, როსტომ საგინაშვილის და ილია ზაქაიძის მიერ შესრულებული „ჩაკრულო”, რომლის ნაკლებად ცნობილ დეტალებს, ისევ და ისევ, წინამდებარე ნომერში გთავაზობთ.