ჩასაყლაპი პრობლემა
ლომთევზა, კუძუ და სხვა ინვაზიური სახეობები გარემოსთვის საზიანოა, თუმცა ისინი შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ.
სიტყვები „ჭაობი“ და „ვირთაგვა“ რესტორნის მენიუში მიმზიდველად არ ჟღერს?
მზარეულებიც ასე ფიქრობდნენ, როდესაც COVID-19-ის პანდემიამდე გემით ლუიზიანის ჭაობებისკენ დაიძრნენ. ექსკურსია ეკოლოგების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებსაც მზარეულების დახმარება სჭირდებოდათ ლუიზიანის წყალ-ჭაობიანი ტერიტორიების გადასარჩენად. „ჭაობის ვირთაგვა“ ინვაზიური ნუტრიაა, რომელიც ერთ დროს სამხრეთ ამერიკიდან ბეწვის წარმოებისთვის შემოიყვანეს. ის ველურ ბუნებაში სწრაფად გამრავლდა და მთელი ეკოსისტემა შთანთქა. შედეგად, ლუიზიანის შტატში ერთ მოკლულ ნუტრიაზე 6 აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო დაწესდა.
„აქ, ჩვენთან, შეფ-მზარეულები სახელგანთქმული ხალხია“, – ამბობს ჟაკ ებერი, კოალიციის „მისისიპის დელტის აღდგენისათვის“ წარმომადგენელი. „ჩვენი კულტურა კვებას ეფუძნება“, – იქნებ კონსერვაციაც კვებას დაეფუძნოს?
აშშ-ის სამხრეთმა ინვაზიური ცხოველებისგან დიდი დარტყმა მიიღო, თუმცა ეს პრობლემა სხვაგანაც არის. აშშ-ში 6500-მდე არაადგილობრივი, ინვაზიური სახეობაა; ისინი სწრაფად მრავლდებიან, თრგუნავენ ადგილობრივ სახეობებს, ანადგურებენ ჰაბიტატს და გადააქვთ დაავადებები. შეიძლება ნუტრია კულინარიაში არც ისე პოპულარულია, თუმცა ბოლო დროს არაერთმა ინვაზიურმა მცენარემ თუ ცხოველმა მიიქცია მზარეულთა ყურადღება.
მოძრაობა invasivore ეფუძნება კულინარიას და, ამავე დროს, კონსერვაციას. წარმოიდგინეთ კულინარიაში ისეთ ცხოველთა ხორცის გამოყენება, რომლებიც ველურ ბუნებაში იზრდებიან და მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მცენარეებით იკვებებიან. მოძრაობა Invasivore-ის მხარდამჭერების აზრით, ამ „ინგრედიენტების“ გამოყენებით გარემოსაც დავიცავდით.
ავიღოთ ლომთევზა, რომელიც ზიანის მომტანია, თუმცა გემრიელი. წარმოშობით ინდოეთის და წყნარი ოკეანის სამხრეთიდანაა. პირველად ის ატლანტის ოკეანეში 1980 წელს შენიშნეს; მას შემდეგ ისე სწრაფად გამრავლდა, რომ მთელი რიფები გადაფარა. „არც არაფრის ეშინიათ“, – ამბობს ბიოლოგი და შუბით მეთევზე ალექს ფოგი. როდესაც თხელ ცომში ამოვლებულ, კარამელიზებულ შემწვარ თევზს შევექცეოდით, ფოგი გვიხსნიდა, თუ როგორი შხამიანია ლომთევზას ნაკბენი, თუმცა საკვებად მომწამვლელი არ არის.
არიან ასევე ტახები, რომლებსაც შეშფოთებული ტეხასელი სახელმწიფო მოხელეები „კანონგარეშე ოთხფეხებს“ უწოდებენ, ხოლო მზარეულები – გარეულ ღორს.
„არსებობენ ადამიანები, რომლებიც არასოდეს შეჭამენ ხორცს, – გვიამბობს ფოგი, – თუმცა ლომთევზა შესაძლოა მათთვისაც გამონაკლისად იქცეს, რადგან ამით გარემოს ეხმრებიან“. როგორც ერთმა ვეგანმა თქვა, ლომთევზა ერთადერთი ცხოველია, რომელსაც „ამ მოტივით“ შეჭამდა.
სანაოსნო გზებში აზიური კობრიც მასობრივად გავრცელდა. ბატონ-რუჟელმა მზარეულმა ფილიპ პაროლამ კობრისგან გემრიელი წასახემსებელი მოამზადა: შესაწვავად გამზადებული, თევზის გაყინული ბურთულები. ფილიპი გეგმავს, ეს კერძი კოლეჯის კაფეტერიებსა და სტადიონებზე დიდი რაოდენობით შეიტანოს. ფილიპი ასევე მართავს ვებგვერდს, სახელად: Can’t Beat ’Em, Eat ’Em (ვერ ერევი? შეჭამე).
ინვაზიურ მცენარეთა შორის ყველაზე აგრესიულია კუძუ. მას ეძახიან „ხვიარას, რომელმაც სამხრეთი შეჭამა“. პირველად ის 1876 წელს იაპონელებმა გააცნეს ამერიკელებს ფილადელფიაში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე. შეფ-მზარეული მეტ მარკუსი ატლანტაში კუძუს მრავალნაირად ამზადებს: მარინირებულს, ფერმენტირებულს, ჩირის სახით, კარაქში დაბრაწულს.
„მზარეულებს ამ პროდუქტებისგან უამრავი კერძი შეუძლიათ მოამზადონ“, ამბობს მეტი და თან პესტოს ამზადებს. „კუძუ გზის პირას მოვიპოვე, სადაც პესტიციდები არავის დაუსხამს, ნაწილი სატელეფონო ბოძიდან ჩამოვხსენი, დავაქუცმაცე ზეთისხილთან, მოხალულ რკოსთან, ნიორთან, ტკბილ ხახვსა და პარმეზანთან ერთად“.
არიან ასევე ტახები, რომლებსაც შეშფოთებული ტეხასელი სახელმწიფო მოხელეები „კანონგარეშე ოთხფეხებს“ უწოდებენ, ხოლო მზარეულები – გარეულ ღორს. ოსტინის რესტორნებში ტახის ქონისგან დამზადებულ ეკოლოგიურად სუფთა საპონს იყენებენ და სასადილო დარბაზის კედლები ნილგაუს თავის ქალებით აქვთ მორთული. ნილგაუ ანტილოპაა, რომელიც 1930-იან წლებში ინდოეთიდან ჩამოიყვანეს სპორტული ნადირობისთვის. ახლა იგი დომინირებს ადგილობრივ ბუნებაში და სხვა რქოსან საქონელს ბალახში ეცილება. მთავარი მზარეული ჯეს გრიფითსი გარეული ღორის დანაწევრებას ასწავლის, ასევე ნადირობს იმ ადგილებში, რომლებიც ტახმა, ნილგაუმ და აქსისმა – სანადირო მეურნეობისთვის იმპორტირებულმა ირემმა – დაიკავეს.
„ახლა სწორედ ის დროა, კერძებს სულ ინვაზიური ცხოველებისა და მცენარეებისგან ვამზადებდეთ“, – ამბობს გრიფითსი, თან გარეული ტახის კერძს და ნილგაუს სალიამის მივირთმევთ, – „ტახს ძლიერი არომატი აქვს და მისგან ბევრნაირი კერძის მომზადება შეიძლება“. ტეხასში მათ ხშირად წამლავენ, რაც გარემოსთვის უფრო საზიანოა, ვიდრე ნადირობა. „ყოველი ტახი, რომლისგანაც სადილს მოამზადებთ, ერთით ნაკლები საქონელია, რომელსაც ინდუსტრიული ფერმიდან იყიდდით“. გრიფითსი აცნობიერებს, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის; „როგორც ერთმა ეკოლოგმა მითხრა – პრობლემას მწვადების შეწვით ვერ მოვაგვარებთ“, – მაგრამ საკმაოდ მიმზიდველად ჟღერს. ინვაზიური სახეობები „დიდი ზიანის მომტანი, თუმცა საკვებად არაჩვეულებრივია“.
ივ კონანტი National Geographic-ის ავტორი და რედაქტორია.
ველური არომატები
ინვაზიური სახეობებისგან მომზადებული კერძები სულ უფრო ხშირად ამშვენებს სასადილო მაგიდას ამერიკის სამხრეთში. ქვეყნის სხვა მხარეებშიც არ აკლებენ ძალისხმევას, მაგალითად, ორეგონის შტატში ხშირად ტარდება მზარეულთა შეჯიბრებები ნუტრიისგან კერძების მომზადებაში, დიდი ტბების რეგიონში კი ხშირად იხარშება ინვაზიური მდინარის კიბორჩხალა.

ფოტო: მარტინ დემელი / GETTY IMAGES

ფოტო: ტონი ლ. მური / GETTY IMAGES

ფოტო: ფედერიკო კაბეიო / GETTY IMAGES