
ჩავხედოთ სიბრმავეს თვალებში
როგორც ჩვენი მთავარი სტატიის ავტორმა, დევიდ დობსმა და ფოტოგრაფმა, ბრენტ სტირტონმა გამოავლინეს, დღეს მსოფლიოში 39 მილიონი ადამიანია ბრმა. ამის გარდა, 246 მილიონ ადამიანს აწუხებს სერიოზული ან საშუალო სიმძიმის დაქვეითებული მხედველობა.
სწრაფად ვითარდება ამ პრობლემასთან ბრძოლის განსხვავებული მიდგომები. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ღეროვანი უჯრედებისა და ბიოსამედიცინო, ანუ „ბიონიკური” იმპლანტატების სფეროში ჩატარებულმა სამუშაომ, გარკვეული დოზით, ასევე დაუბრუნა მხედველობა უსინათლო ადამიანებს. ღეროვანი უჯრედები სულ უფრო მეტად იძლევიან იმედს ბადურას იმ დეფექტური უჯრედების ჩანაცვლებისა თუ აღდგენის თვალსაზრისით, რომლებიც სიბრმავის მრავალი მიზეზის საფუძველია. ბიონიკური ბადურების პირველი თაობა (მიკროჩიპები, რომლებიც ბადურას უჯრედებს ჩაანაცვლებენ სინათლის შეგროვებით თუ გაძლიერებით) დაბალი გარჩევადობის მხედველობის ვარიანტს სთავაზობს უსინათლო ადამიანებს. ამ მიღწევების გამო, დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რაზეც 1020 წლის წინ ფიქრიც წარმოუდგენელი იყო: ადამიანის სიბრმავის დასრულებაზე – თან უახლოეს მომავალში.
მაგრამ რჩება სხვა პრობლემა – იქნება ეს ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი? საილუსტრაციოდ კატარაქტა გამოდგება. ის, ე. წ. ღარიბების დაავადებაა და დედამიწაზე ყველა სახის სიბრმავის ნახევრის მიზეზია. როგორც წესი, განვითარებულ სამყაროში კატარაქტის მქონე ადამიანებს მაშინვე მკურნალობენ, როგორც კი ტელევიზორის ყურებისას პრობლემები უჩნდებათ. განვითარებად ქვეყნებში კი, კატარაქტიანი ადამიანები ბრმავდებიან. არადა, მკურნალობა უმარტივესია: პაციენტის საოპერაციოდ მომზადება, 1520 წუთში შემღვრეული ბუნებრივი ბროლის გამჭვირვალე ხელოვნური ბროლით შეცვლა, პოსტოპერაციული შემოწმება… მორჩა! და მაინც, მსოფლიოში 20 მილიონამდე ადამიანი კატარაქტის გამო, კვლავ ბრმაა! უცნაურია, მაგრამ აქაც მთავარი პრობლემა განათლების არქონა მგონია. ადამიანებმა რომ იცოდნენ, რამდენად მარტივად შეუძლიათ კატარაქტის მკურნალობა თუნდაც ყველაზე ღარიბ მთავრობას, მოითხოვდნენ და მიეცემოდათ! თითქოს, სად განათლება და სად კატარაქტა, მაგრამ აჰა! ფაქტი სახეზეა – მეცნიერება წინ მიდის, ადამიანმა კი ამ წინსვლაზე არაფერი იცის და არც ის იცის, რომ უფლება აქვს მოითხოვოს.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ბანალურ ჭეშმარიტებაში – თითქმის ყველა პრობლემის გადაჭრა ხარისხიანი განათლების შემაფერხებელი პრობლემების ამოძირკვით იწყება.